დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1292(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ი-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2024წ. გადაწყვეტილებით დ. ი-ეის სარჩელი მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 19.04.2023 წლის №1211 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს ...ში, ...ს ...-ის მიმდებარედ 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (დ. ი-ეის მიერ საჯარო რეესტრში №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით) დ. ი-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.05.2023 წლის №...-07 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ დადგენის შედეგად ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.06.2023 წლის №... გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2025წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2023 წლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა (სხდომის ოქმი №20) და მის საფუძველზე 19.04.2023 წელს გამოტანილი №1211 განკარგულებით დ. ი-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ...ში, ...ს ...-ის მიმდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დადასტურდა დ. ი-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) და უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ხსენებული კანონის ამოქმედებამდე არ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს - განთავსებული იყო ცხაურის ტიპის ავტოფარეხი, რომელმაც კაპიტალური იერსახე შეიძინა მითითებული კანონის ამოქმედების შემდეგ, ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება მასზედ, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა დროებით ნაგებობას. საქმის მასალებით დასტურდება დ. ი-ეის მიერ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ქ. თბილისში, ...ს ...ში, ...ს №1 კორპუსის მიმდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ამასთან, არ ირკვევა, რომ არსებობს განსახილველ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების უფლების გამომრიცხველი გარემოებები.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 19.04.2023 წლის №1211 განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 10.05.2023 წლის გადაწყვეტილებას, ბათილია. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 10.05.2023 წლის გადაწყვეტილება მიღებულია რა ბათილი აქტის საფუძველზე, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და მოპასუხეს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 28.06.2023 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოკვლევა და შეფასება არ განუხორციელებია, ამასთან, აღნიშნული დასკვნით დადგენილია მხოლოდ გარემოება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ. აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე არ დგინდება ხსენებული კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ისეთი ტიპის შენობა-ნაგებობის არსებობა, რომელიც შენობის კანონით განსაზღვრულ აუცილებელ ნიშნებს დააკმაყოფილებდა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს შენობა-ნაგებობის კაპიტალურ ხასიათს 2007 წლამდე. კომისიის მიერ ადგილზე გასვლის შედეგად ცალსახად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნაგებობა კაპიტალურად მოეწყო 2007 წლის შემდეგ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტო-მასალაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის მართლზომიერება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს აქტების კანონიერება არ არის საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მოცემულ შემთხვევაში დ. ი-ე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა. კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა (მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამასთან, ნორმა არ აკონკრეტებს შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და კედლების მასალებს.
სადავო განკარგულებით დ. ი-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სტატუსი გახდა, კერძოდ, მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ ნაკვეთზე განთავსებულმა შენობამ კაპიტალური იერსახე შეიძინა ზემოთ ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისად, კანონის ამოქმედებამდე შენობის მახასიათებლები არ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის მიწის ნაკვეთზე შენობის და არა დროებითი ნაგებობის არსებობის დადგენის მიზანია - პირის მიერ მიწის ნაკვეთის რეალურად დაკავების, ფლობის, მასზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების, ასევე პირის ნაკვეთის, როგორც საკუთარის, ფლობის და სარგებლობის ნების დადასტურება. კანონის მიზანია კერძო პირის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არა ყველა მიწის ნაკვეთის განკერძოება, არამედ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი, ნაკვეთის გამოყენება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, კერძო პირის მიერ ნაკვეთის „მისაკუთრება“, რაც დგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრებით ან/და საქმიანობით, ნაკვეთის დაუფლების არადროებითი ხასიათით, ნაკვეთის, როგორც საკუთარის ფლობით. უკეთუ უტყუარად დასტურდება კანონის ამოქმედებამდე პირის მიერ ნაკვეთის დაუფლება, სარგებლობა, მოვლა-პატრონობა, დაუსაბუთებელია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა (სუსგ საქმე №ბს-1008(კ-20), 16.03.2022წ.). საქმის მასალებში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.05.2024წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, ...ს ...ზე, №1 კორპუსის მიმდებარედ ინდმეწარმე შ...ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში 2005, 2006, 2010, 2014 და 2020 წლის ორთოფოტოებზე ფიქსირდება ნაგეგობა, შესაბამისად აღნიშნული ნაგებობა აშენებულია 2005 წელს ან 2005 წლამდე პერიოდში. მართალია ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი არ ყოფილა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი იყო მტკიცებულებად მიეღო და შეეფასებინა მათ შორის ადმინისტრაციულ წარმოებაში წარუდგენელი დოკუმენტები (სუსგ №ბს-179-179(კ-18), 01.11.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში არც საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარყოფს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით აღნიშნული შენობა კაპიტალურად 2007 წლის შემდგომ მოეწყო. კასატორი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება დადასტურდა კომისიის მიერ ადგილზე გასვლის შედეგად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით კომისიის მიერ ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება განხორციელდა 2023 წელს (კანონის ამოქმედების შემდგომ). ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად ნაკვეთზე დგას კაპიტალური ნაგებობა (ს.ფ. 164), ამდენად, შენობის დროებითი სტატუსის დასადასტურებლად კასატორის მითითება ადგილზე დათვალიერებაზე დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი ფოტო-სურათები აგრეთვე არ შეიცავს 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე) არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის შენობა-ნაგებობის სტატუსთან დაკავშირებით (კანონის ამოქმედებამდე) მისი დროებითი ხასიათის შესახებ დასკვნის გამოტანის საკმარის საფუძველს.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, უკეთუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, შენობის სტატუსის გარდა, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ სხვა რაიმე გარემოებაზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია. საქმის მასალებით, მათ შორის, ბმა „ა...ს“ 07.03.2018წ. №2 კრების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ორთოფოტოებითა და ფოტოებით დასტურდება ასაღიარებელ ნაკვეთზე შენობის არსებობა, მოსარჩელის მიერ ამ ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კომისია ვალდებული იყო განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული განკარგულება აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს დ. ი-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს აგრეთვე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება განმცხადებელს არ მოუთხოვია როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე