დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 31.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1334(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1334(კ-25) 31 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ბ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 08.02.2024 წლის №SSA 1 24 00152167 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის სახელზე გასცეს ჯ.ბ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელის მამა“) მიუღებელი პენსია (01.09.2023 წლიდან 19.12.2023 წლის ჩათვლით, რაც შეადგენს 1500 ლარს).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.10.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 08.02.2024 წლის №SSA 1 24 00152167 გადაწყვეტილება; სააგენტოს დაევალა გასცეს მოსარჩელის მამის მიუღებელი პენსია მოსარჩელის სახელზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს არ უნდა წაერთვას უფლება მიიღოს მამის კუთვნილი და მის სიცოცხლეში მიუღებელი პენსია, ვინაიდან შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ მოთხოვნა პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ პენსიონერის სიცოცხლეში განხორციელებული არ იყო სათანადო ინფორმირებისა და მოსარჩელის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო მეორე პირობა (პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში მიმართვა) მოსარჩელის მხრიდან დაცულია. ამასთან, არ არის გამოვლენილი რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მოსარჩელის მამის მიერ პენსიის მიღებაზე უარის თქმაზე. მიუღებელი პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებიდან შეწყვეტამდე პერიოდის მიუღებელი პენსიის ოდენობის განსაზღვრა მოპასუხის კომპეტენციას განეკუთვნება.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააგენტოს კასპის სერვის ცენტრის 31.08.2023 წლის შეტყობინებით მოსარჩელის მამას ეცნობა სააგენტოს 30.08.2023 წლის №912575 გადაწყვეტილებით სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის 01.09.2023 წლიდან შეჩერების შესახებ. მასვე განემარტა, რომ გასაცემლის აღდგენის მიზნით უნდა მიმართოს სააგენტოს კასპის ტერიტორიულ ერთეულს. 31.08.2023 წლის შეტყობინება მოსარჩელის მამას ვერ ჩაჰბარდა, მიზეზი - მისამართზე ადრესატი ვერ მოიძებნა.

4.2. სააგენტოს კასპის სერვის ცენტრის 03.02.2024 წლის №383 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამის მიმართ 01.01.2024 წლიდან შეწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა მისი გარდაცვალების გამო (გარდაცვალების თარიღი - 19.12.2023 წელი).

4.3. მოსარჩელემ 11.01.2024 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს მამის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით.

4.4. მოპასუხის 08.02.2024 წლის №SSA 1 24 00152167 მიმართვის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ, კასპის სერვის ცენტრის ინფორმაციით, მის მამას გარდაცვალებამდე შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს, რის გამოც სახელმწიფო პენსიის შეჩერებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის (01.09.2023 წლიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით) თანხის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

4.5. პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-16, მე-17, მე-18 მუხლებზე, ასევე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე.

4.6. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო გასაცემელის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პენსიის მიმღებისთვის, მის სიცოცხლეში ცნობილი არ იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელემ მამის კუთვნილი პენსიის მიღების თაობაზე მოთხოვნა შესაბამის ორგანოში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ერთწლიანი ვადის ფარგლებში წარადგინა, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გარდაცვლილი მამის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე. მიუღებელი პენსიის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ აღნიშნული საკითხი მოპასუხის კომპეტენციას წარმოადგენს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია მოსარჩელისთვის მისი მამის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის მართლზომიერება.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, კერძოდ, მისი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

11. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28).

12. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას (შდრ. სუსგ №ბს-1176(2კ-22), 11.07.2023წ.). ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები (სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).

13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად და მისი შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს ქონებით შეუფერხებლად სარგებლობაში ჩარევას, რაც დასაბუთებას საჭიროებს (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Grudić v. Serbia, №31925/08, 17.04.2012წ., §72; Philippou v. Cyprus, №71148/10, 14.06.2016წ., §59).

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

15. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესით“ (შემდეგში „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“).

16. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, ხოლო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია ამავე კანონის მე-16-მე-17 მუხლებით, აგრეთვე სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8-მე-9 მუხლებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პენსიის შეჩერება/შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისთვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის მიღებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ; №ბს-1061(კ-18), 17.01.2019წ.).

17. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა იყო პენსიონერი. მოპასუხის 30.08.2023 წლის №912575 გადაწყვეტილებით, მას სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პენსია შეჩერდება, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება) 01.09.2023 წლიდან შეუჩერდა (ს.ფ.41), ხოლო 03.02.2024 წლის №383 გადაწყვეტილებით, ამავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (გარდაცვალების გამო, გარდაცვალების თარიღი - 19.12.2023 წელი), 01.01.2024 წლიდან შეუწყდა პენსიის გაცემა (ს.ფ.42). მამის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ 11.01.2024 წელს, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, მიმართა მოპასუხეს. მოპასუხის 08.02.2024 წლის №SSA 1 24 00152167 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მამას გარდაცვალებამდე შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით სააგენტოსთვის არ მიუმართავს, რის გამოც არ არსებობდა მიუღებელი თანხის ანაზღაურების საფუძველი (ს.ფ.17).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.1 მუხლი). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (სუსგ №ბს-365-360(კ-16), 25.05.2017წ; №ბს-1265(კ-22), 24.05.2023წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ პენსიის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მოსარჩელის მამას არ ჩაჰბარებია (ს.ფ. 61,62). წარმოდგენილი არ არის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის/დაინტერესებული პირისათვის მისი ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, რადგან პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, იგი არც ძალაში შესულა. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული (შდრ. სუსგ №ბს-78-78(კ-18), 19.07.2018წ.). ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის მამას კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე და არ მიეცა დროული რეაგირების მოხდენის საშუალება, მას არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი (შდრ. სუსგ №ბს-1154(კ-25), 16.12.2025წ.). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გარდაცვლილი მამის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

21. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას არ ქმნის კასატორის მითითება, რომ პენსიის შეჩერების თაობაზე პირისთვის ცნობილი იყო, რამდენადაც მას აღარ ეძლეოდა გასაცემელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ხდება აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისთვის მისი კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ. სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების ფორმა შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ (იხ. ს.ფ. 41). შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირისთვის გაუცნობლობის შემთხვევაში, მას ერთმევა პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შესაძლებლობა. შესაბამისად, პირს ვერ მოეთხოვება მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება (შდრ. სუსგ №ბს-937(კ-25), 27.10.2025წ.).

22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე