დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1343(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1343(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზ.ჭ-ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 24 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ზ.ჭ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ზ.ჭ-ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2022 წლის 28 იანვარს დაიდო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე” ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე” მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს” ჯარიმის სახით 3000 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე 2023 წლის 6 ოქტომბერს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებული იყო კონტრაქტის შეწყვეტიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადაეხადა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. თუმცა აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ აქვს გადახდილი.

ამდენად, მოსარჩელემ ზ.ჭ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ზ.ჭ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 28 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.ჭ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად; ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხი) წელს.

ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან(სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 ლარი.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 28 იანვრის MOD 3 23 01181111 ბრძანებით ზ.ჭ-ე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... ქვეითი ასეულის ... ქვეითი ოცეულის ... ქვეითი ათეულის ... ...ის მსროლელად (საშტატო კატეგორია ... კლასის რიგითი, შტატი №..., გვარეობის კოდი..., დუგ კოდი:...) .

2023 წლის 28 სექტემბერს ზ.ჭ-ემ პირადი პატაკის საფუძველზე ითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მიუთითა, რომ სამსახურის გაგრძელება სამოქალაქო და უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში სურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 6 ოქტომბრის MOD 7 23 01186480 ბრძანებით ზ.ჭ-ის თხოვნა დაკმაყოფილდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ... ქვეითი ასეულის ... ქვეითი ოცეულის ... ქვეითი ათეულის ... ...ის ... (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი, შტატი №..., გვარეობის კოდი..., დუგ კოდი: I004), რიგითი ზ.ჭ-ე (სსსკ ძირითადი:...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

ზემოაღნიშნულ ბრძანებას ზ.ჭ-ე პირადად გაეცნო 2023 წლის 9 ოქტომბერს.

საქმეში წარმოდგენილი ფინანსსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის ცნობის მიხედვით დასტურდება, რომ მოპასუხის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 8 თვე და 4 დღე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზ.ჭ-ეს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით მოსარჩელისთვის ცნობის გაცემის დროისთვის არ ჰქონდა გადახდილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (3 000 ლარი) არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა აშკარად შეუსაბამო იყო და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებდა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები არ დარღვეულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 1 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პრინციპულია შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და მნიშვნელოვანია განიმარტოს, განსახილველი დავის ფარგლებში, რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის 11 ქვეპუნქტის ,,დ’’ქვეპუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა; ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზ.ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 1 500 ლარის გადახდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.ჭ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2022 წლის 28 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ზ.ჭ-ე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკის საფუძველზე), 2023 წლის 6 ოქტომბრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის MOD 7 23 01186480 ბრძანების შესაბამისად გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. 2023 წლის 11 ოქტომბრის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად ზ.ჭ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი 8 თვე და 4 დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.ჭ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 1 500 - ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის №505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ ზ.ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2022 წლის 28 იანვარს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის №ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის №ბს-993(კ-21) განჩინებები).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა