დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1364(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1364(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ.ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 04.08.2023 წლის №2559 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, სოფ. ...ში 1345 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 05.07.2021 წელს ბ.ჩ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 1345 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ბ.ჩ-ის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.08.2023 წლის №2559 განკარგულებით, რ.ჩ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. რ.ჩ-ე წარმოადგენს ბ.ჩ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რაც დადგინდა 20.06.2023 წლის №230812511 სამკვიდრო მოწმობით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-51 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას და მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებებსა და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ., №ბს-104(კ-24), 09.12.2024წ.). კანონმდებლობა გამორიცხავს კონკრეტულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განცხადება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა რ.ჩ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ, სარეკრეაციო ზონა 2-ში მოქცეულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკიხთის განხილვისას კანონი არასწორად განიმარტება. გარდა იმ კრიტერიუმებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, კანონმა დაადგინა ისეთი ფუნქციის მქონე მიწის ნაკვეთები, რომელთა განკარგვაც დაუშვებელია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გზით. აკრძალვა ეხება სამ ძირითად საჯარო ფუნქციას: საგზაო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური ფუნქცია და სოციალური თანაცხოვრების ფუნქცია. ამდენად, უნდა დასტურდებოდეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „შემზღუდავი“ და „საჯარო ინტერესის“ მატარებელი ფუნქცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და 24.05.2016წ. №14-39 ͏დადგენილებიდან გამომდინარე „სარეკრეაციო ზონა 2“ არ წარმოადგენს მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტის ან საზოგადოებრივი პარკის მკაცრი დაცვის არეალს, სადაც გამორიცხულია კაპიტალური განაშენიანება. მოქმედი კანონმდებლობა ამ ზონის ფარგლებში უშვებს მიწის ნაკვეთის ინსტენსიურ სამშენებლო განვითარებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებადართულია არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ წმინდა კერძო და კომერციული ხასიათის ობიექტების განთავსება, ამასთან, არსებობს სარეკრეაციო ზონა 2-სა და სარეკრეაციო ზონა 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების უამრავი შემთხვევა. კომისიის 17.10.2024 წლის წერილში აგრეთვე პირდაპირ მიეთითა მასზედ, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონა 2-სა და სარეკრეაციო ზონა 3-ში მდებარეობა. გარდა ამისა, კომისიის უარი არ ეფუძნება სარეკრეაციო ზონაში ნაკვეთის არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის განკარგულების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. საქმეში დაცული მასალებით ბ.ჩ-ემ 05.07.2021 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 1345 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა აგრეთვე განაცხადა თანხმობა აღნიშნული განცხადების თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიაში გადაგზავნაზე (ს.ფ. 82). თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტოს აკისრია შესაბამისი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართვის ვალდებულება („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხ.). ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ.ჩ-ის განცხადება 15.07.2021 წელს გაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 04.08.2023 წლის №2559 განკარგულებით ბ.ჩ-ის მემკვიდრეს (მოსარჩელეს) უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა მასზედ, რომ არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ფოტო-სურათებით და აეროფოტოგადაღებებით დგინდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობები განთავსებულია ზემოთ ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ, ასევე ასაღიარებელი ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას არ მოითხოვს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მოსაზღვრედ, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვისას შეფასებას საჭიროებს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტი. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. მოსარჩელე მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის დასადასტურებლად, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებისას, ასევე სარჩელში მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (სუსგ საქმე №ბს-1338(კ-18), 23.03.2020წ.). კასატორი წარმოდგენილი სარჩელით არ მიუთითებს ორთოფოტოზე, ექსპერტიზის დასკვნაზე ან შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტზე. უფროც მეტიც, საქალაქო სასამართლოში 25.09.2024 წელს გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა ორთოფოტოები (ს.ფ. 124-128) და მიუთითა, რომ ორთოფოტოებზე დაყრდნობით საკუთრების უფლების აღიარების მომენტისთვის ნაკვეთზე არსებული შენობები განთავსებულია კანონის ამოქმედების შემდგომ (11:14სთ-11:15სთ). როგორც უკვე აღინიშნა, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ადასტურებენ თვითნებურ ფლობას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში ასეთი სახის სხვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, მითითებული ნორმის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია (გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა) საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. მსგავს დანაწესს შეიცავს საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 3.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. ნაკვეთის სარეკრეაციო ზონის ფარგლებში არსებობას არ უარყოფს აგრეთვე კასატორი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარეკრეაციო ზონა (რზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 15.2 მუხ. „გ“ ქვ.პ., 15.5 მუხ. „დ“ ქვ.პ.). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.2 მუხლის მიხედვით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სტატუსი გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას (შდრ. იხ. სუსგ №ბს-576(კ-19), 04,07.2019წ., №ბს-1216(კ-19), 24.09.2020წ., №ბს-387(კ-21), 30.09.2021წ., №ბს-796(კ-24), 11.12.2024წ., №ბს-552(კ-24), 10.03.2025წ., №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ., №ბს-170(კ-25), 25.07.2025წ.).

უსაფუძვლოა კასატორის მითითება სარეკრეაციო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების სხვა შემთხვევებზე, ვინაიდან სასამართლოსათვის ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა არ არის სავალდებულო, ამასთანავე, განსახილველი დავის საგანია მოსარჩელის მიმართ მიღებული კომისიის გადაწყვეტილების და არა სხვა რომელიმე მიწის ნაკვეთზე არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტაციის მართლზომიერების შეფასება. გარდა ამისა, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ №ბს-576(კ-19), 04.07.2019წ., №ბს-256(კ-19), 29.10.2020წ.). მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სარეკრეაციო ზონა 2-ში დაიშვება სამშენებლო განვითარება, კერძო და კომერციული ობიექტების განთავსება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი არ შეეხება ნაკვეთზე კაპიტალურ განაშენიანებას. მოსარჩელის მიერ აღიარების კომისიისთვის მიმართვის მიზანი იყო საკუთრების უფლების აღიარება და არა აღნიშნული ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებით სახელმწიფომ გარკვეული პირობების არსებობის დადგენისას დაუშვა თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე პირის საკუთრებად აღიარების შესაძლებლობა, ქონების განსახელმწიფოებრიობა, ასევე დაადგინა საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებები. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნორმატიულად დაშვება, არ წარმოშობს თვითნებურად დაკავების საფუძვლით ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდს არ ქმნის.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). გასაჩივრებული აქტის არამართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კომისიის უარი არ ეფუძნება სადავო ნაკვეთის სარეკრეაციო ზონის ფარგლებში არსებობას. ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია ინკვიზიციურ საწყისებზე, შესაბამისად, ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძვლად სარეკრეაციო ზონის არსებობა არ არის მითითებული, არ გამორიცხავდა სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენასა და შეფასებას (სუსგ №ბს-147(კ-19), 18.05.2022წ., ბს-620(კ-21), 01.06.2022წ.).

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2025 წლის განჩინება.

3. რ.ჩ-ეს (პირადი ნომერი...) უკან დაუბრუნდეს ნ.მ-ის (პირადი ნომერი...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №30711351507, გადახდის თარიღი 04.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე