დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1371 (2კ-25) 11 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ.ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე თ.ძ-ა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი - მ.ჩ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ძ-ამ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავ ნივთზე ს.კ ... საკუთრების უფლება აღირიცხა ს.ჩ-ის სახელზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის - ა.წ-ის მიერ 2017 წლის 13 მარტს შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №....
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ს.ჩ-ი და დ.ს-ი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ძ-ას მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ს.ჩ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჩ-ი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ძ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ძ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. დანარჩენ ნაწილში თ.ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ.ს-ის მიერ.
6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის ,,ე’’ და ,,ე1’’’ პუნქტებით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთან, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, 2016 წლის 27 დეკემბერს ს.ჩ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა მცხეთის რაიონში, ...ის საკრებულო, სოფელი ...ში 1500 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსია და საარქივო ცნობა №AA2015027826-05. 2017 წლის 3 იანვარს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის კორექტირებული ელ-ვერია. აღნიშნული დოკუმენტი სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 10 იანვარს. 2017 წლის 16 იანვარს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 16 იანვრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, დუშეთის რეგიონული არქივიდან. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 16 იანვრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. 2017 წლის 26 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/10239 წერილი, რომლის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ის (...) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში - 2002, 2007, (მებაღეობა) 2003 წლებში - ს.ჩ-ი არ ფიქსირდება. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 16 იანვრის №682 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მოქალაქე - ს.ჩ-ი არ ირიცხება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 30 იანვრის №31/10135 წერილით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986 - 2001 წწ., 1997 - 2006 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, ...ის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის ნაკვეთები მიღება - ჩაბარების აქტებსა და სარეფორმო სიაში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წ. საკომლო წიგნი, 1992 - 2007 წწ. გადასახადების გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 20 თებერვლის №31/19105 წერილით დასტურდება, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულია მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ის მოსახლეობის სია, რომლებიც ექვემდებარებიან მიწის რეფორმას (II ეტაპი). აღნიშნულ სიაში აღრიცხულია: 45. ჩ-ი ს.ო-ის ძე - III კატეგორია, გამოეყო - 0,15, სულ გაუხდა - 0,15. შენიშვნა: სოფელ ...ის 1986 - 2001წწ. და 1997 - 2006წწ. საკომლო წიგნებში და მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007წწ. საკომლო წიგნები, 1992 - 2007წწ. მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №... წერილით, იმ საფუძვლით, რომ ს.ჩ-ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდებოდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №07/1/4113 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს გაეგზავნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №... (13.03.2017წ.), რომლითაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მდებარე მცხეთა, სოფელი ... (ს.კ....). 2017 წლის 30 მარტს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) განხორციელდა ს.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (28.04.2017წ.) გადაწყვეტილებით, მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ....), ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა დ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, მცხეთაში, სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №112 აქტის (29.01.1997წ.) საფუძველზე რეგისტრირებული იყო ა.ძ-ას საკუთრების უფლება (რეგისტრაციის ნომერი:...; თარიღი: 11.06.2001წ.). აღნიშნული მიწის ნაკვეთის (ს.კ....) მესაკუთრედ სამკვიდროს მოწმობის საფუძველზე 2007 წელს დარეგისტრირდა ა.ძ-ას მეუღლე - დ.ბ-ა, ხოლო 2014 წელს, ასევე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - დ.ბ-ას შვილი თ.ძ-ა. თ.ძ-ამ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სამკვიდრო მოწმობასთან ერთად წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს დააზუსტა მიწის ნაკვეთის (წინა კოდი: ..., ახალი:...) კონფიგურაცია და საზღვრებიც. რეგისტრაციის შესახებ ... (06.02.2023წ.) გადაწყვეტილებით, გაუქმდა თ.ძ-ას მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საზღვრების რეგისტრაცია ვინაიდან ამ ტერიტორიაზე დადგინდა გ.ჩ-ის (ს.კ....) საკუთრების უფლება, ხოლო თ.ძ-ას №... განცხადების ფარგლებში ეცნობა, რომ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება. ოქმით დადგინდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რომელზეც ადგილმდებარეობა დადასტურებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამდენად, მას უნდა წარმოედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი ზედდების ნაწილში ან რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. ადგილზე დათვალიერების დროს დადგინდა, რომ ნაკვეთზე (ს.კ. ...), რომელთანაც თ.ძ-ას მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგვმით/აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემებს უდგინდება ზედდება, დგას საცხოვრებელი სახლი, რომლის პროექტი თარიღდება 2017 წლით. №... განცხადებასთან დაკავშირებით 2023 წლის 14 ივნისს სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის - ა.წ-ის მიერ 2017 წლის 13 მარტს შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (13.03.2017წ.) ოქმის კანონიერებას. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №07/1/4113 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს გადაეგზავნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №... (13.03.2017წ.), რომლითაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მდებარე მცხეთა, სოფელი ... (ს.კ. ...). მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ს.ჩ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, უფლების დამდგენი დოკუმენტის (საარქივო ცნობისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის №... (13.03.2017წ.)) საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება და ამავდროულად ადგილზე დათვალიერების ოქმი ძალაში დატოვა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, ვინაიდან აღნიშნული დავის ფარგლებში აპელანტს (მოსარჩელეს) გასაჩივრებული არ ჰქონია საარქივო ცნობა, რომლითაც განხორციელდა სადავო რეგისტრაცია, აპელანტი (მოსარჩელე) სადავოდ ხდიდა რეგისტრაციასა და ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომლითაც დადასტურდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამდენად, მოცემულ შემთხევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, მესამე პირს გამოეყო თუ არა მიწის ნაკვეთი, არამედ სადავო იყო ის, თუ რამდენად სწორად გამოეყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი რეგისტრაცია განხორციელდა. სწორედ აღნიშნული გარემოება იყო დადასტურებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილზე დათვალიერების ოქმით, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია. ადგილზე დათვალიერების ოქმის ძალაში დატოვებით, სასამართლომ, ერთი მხრივ ვერ, უარყო/გააბათილა სადავო ნაკვეთის სწორ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო მიწის ნაკვეთზე ს.ჩ-ის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და სააგენტოს ხელახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა, რაც წინააღმდეგობაშია თავად სასამართლოს მსჯელობასთან. თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 მარტის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი გამოცემულ იქნა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ხოლო აპელანტს არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელიც მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა’’. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია იმ პირობებში, როდესაც იგი ძალაში ტოვებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით და ამასთან, საჯარო რეესტრს ავალდებულებს იგივე საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. გაუგებარია რატომ არ გააუქმა სასამართლომ ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუ მისი სისწორე ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნული ოქმის ძალაში ყოფნის პირობებში რამდენად, სწორია სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება იმავე საკითხზე, რაზეც არსებობს ძალაში მყოფი იდენტურობის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია სადავო ნაკვეთის სწორ ადგილზე, სწორი მდებარეობით რეგისტრაციის ფაქტი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისტემური აღწერის დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემებზე ე.წ. ყვითელ ფენაზე და აღნიშნავს, რომ აპელანტისა და მესამე პირის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებს და მარეგისტრირებელ ორგანოში არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არის უზუსტობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (შემდგომ - „ბრძანებულება“) თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შეგროვებული გრაფიკული ინფორმაცია წარმოადგენს დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემებს. დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი განმარტებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით. კერძოდ, ეს არის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. ამდენად, ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი გრაფიკული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული, როგორც უტყუარი მტკიცებულება - მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დასადგენად. ამ ინფორმაციის მიმართ არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სწორედ ამიტომ, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მდებარე - მცხეთა, სოფელი ... (ს/კ ...). ამასთან, საყურადღებოა, რომ სადავო ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრეა დ.ს-ი, რომლის რეგისტრაციის საფუძველი - ჩუქების ხელშეკრულება ძალაშია და არ გაუქმებულა. მას კი, სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა იმ კონფიგურაციით და იმ ტერიტორიაზე, როგორც ის წინა მესაკუთრეს ს.ჩ-ის ჰქონდა რეგისტრირებული.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის შესახებ №... (06.02.2023წ.) გადაწყვეტილებით, გაუქმდა თ.ძ-ას მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული საზღვრების) რეგისტრაცია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე დადგინდა გ.ჩ-ის საკუთრების უფლება. ამდენად, იმ ტერიტორიაზე სადაც ადრე თ.ძ-ას ნაკვეთი იყო რეგისტრირებული დაზუსტებული მონაცემებით, დარეგისტრირდა გ.ჩ-ის (ს.კ. ...) საკუთრების უფლება, ხოლო თ.ძ-ას ახალი №... განცხადების ფარგლებში ეცნობა, რომ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება. ოქმით დადგინდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რომელზეც ადგილმდებარეობა დადასტურებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ცალსახაა, რომ აპელანტისთვის თავიდანვე უცნობი იყო მისი ნაკვეთის ზუსტი ადგიმლდებარეობა, რასაც მოწმობს მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე დადგინდა სხვისი საკუთრების უფლება, ხოლო რაც შეეხება ს.კ. ... რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდებას, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ აპელანტმა ამჯერად აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოადგინა ახალი აზომვითი ნახაზი, რაც უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენს.
6.2. კასატორის - დ.ს-ის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებულ იქნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №33, რომლითაც დადგენილია, რომ მცხეთის რაიონში, სოფ. ...ში 1997 წლის 3 თებერვალს გ.ჩ-ის გადაეცა 0.15 ჰა ერთ ნაკვეთად. №33 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ გ.ჩ-ის ნაკვეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარეობს გზა, სამხრეთით ა.ჩ-ის, ხოლო დასავლეთით ქ.გ-ის ნაკვეთები. სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემებით სადავო უძრავ ნივთს ნამდვილად ესაზღვრება დასავლეთით ქ.გ-ის მიწის ნაკვეთი (ამჟამინდელი მესაკუთრე კ.ქ-ე, ს.კ....) და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გზა, სამხრეთით კი, ტ.ჩ-ის, ე.ჩ-ის, ი.ჩ-ის მიწის ნაკვეთი (ს.კ. ..., ამჟამინდელი მესაკუთრე - ე.გ-ი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის საფუძველი გახდა ა.ჩ-ის სახელზე 1996 წლის 4 ივნისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი №41. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებით დგინდება ასევე „ყვითელი ფენების“ ჩანაწერების გათვალისწინებითაც, რადგან სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის მიხედვით განაცხადზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს უფიქსირდება ჩანაწერი „ჩ-ი გია გურამის ძე“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველმხრივ იქნა გამოკვლეულ მიწის რეგისტრაციის საფუძვლები, იდენტურობა და შესაბამისობა. კერძოდ: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის №... (30.05.2022) გადაწყვეტილებით დაინიშნა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, რის საფუძველზეც 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა შესაბამისი ოქმი №317523. 2023 წლის 30 იანვარს წარმოდგენილ იქნა ასევე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის მესაკუთრეების: ნ.ღ-ის, ბ.ჩ-ის და გ.ჩ-ის ხელმოწერილი განცხადებები მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გარემოებები არ იქნა შეფასებული.
მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დღეის მდგომარეობით მოსარჩელის/აპელანტის თ.ძ-ას საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, თავდაპირველად ა.ძ-ას საკუთრების უფლება დარეგისტრირდა №112 (29.01.1997წ) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც სამხრეთით მითითებულია გზა, ხოლო აღმოსავლეთით გივი ბენდუქიძე, დასავლეთით ნ.ბ-ი. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მესაკუთრეები არ ემთხვევა რეგისტრირებულ მესაკუთრეთა მონაცემებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის გ.ჩ-ის №33 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება მისი ურთიერთშესაბამისობა რეესტრში დაცულ მონაცემებთან. გარდა ამისა, საყურადღებოა „ყვითელი ფენები“, სადაც ასევე მითითებულია გ.ჩ-ი და არა ა.ძ-ა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, უნდა გაუქმდეს და უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ.ძ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ.ს-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ.ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.ძ-ას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
ა) №... საკადასტრო კოდის მქონე (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 1997 წლის 29 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №112 აქტის თანახმად, სოფ. ...ის საკრებულოს 1997 წლის 24 იანვრის №1 დადგენილების და №1 ოქმის საფუძველზე, ა.ძ-ას მცხეთის რაიონის სოფ. ...ში გადაეცა 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ერთ ნაკვეთად (ტ.1. ს.ფ 20). ...ის სოფლის გამგეობის 1997 წლის 28 მარტის №28 გადაწყვეტილებით ა.ძ-ას ნება დაერთო სათანადო პროექტის მიღების შემდეგ, კუთვნილ მიწის ნაკვეთში აეშენებინა სახლი (ტ.1. ს.ფ 19); 2. სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 0,15 ჰა, 2001 წლის 11 ივნისს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა.ძ-ას სახელზე (ტ.1. ს.ფ. 21); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (№2-237) საფუძველზე (დამოწმების თარიღი 23.03.2007წ.), №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ.ბ-ას საკუთრების უფლებით (ტ. 1. ს.ფ. 22-24, 25); 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით, 1500 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე მცხეთა, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (დამოწმების თარიღი 01.07.2014წ.) დარეგისტრირდა თ.ძ-ას საკუთრების უფლებით (ტ. 1. ს.ფ. 26-29, 30);
ბ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2016 წლის 27 დეკემბერს ს.ჩ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში 1500 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, AA2015027826-05 საარქივო ცნობა, აღიარებაზე თანხმობა, მედიატორის დანიშვნაზე თანხმობა, ელექტრონული ვერსია (ტ.2. ს.ფ. 14-25); 2. 2017 წლის 3 იანვარს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის კორექტირებული ელ.ვერია (ტ.2. ს.ფ. 26); 3. 2017 წლის 10 იანვარს ს.ჩ-ის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია (ტ.2, ს.ფ. 21); 4. 2017 წლის 16 იანვარს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და დუშეთის რეგიონული არქივიდან, 2017 წლის 16 იანვრის №... წერილით სარეგისტრაციო სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ს.ჩ-ის შესახებ. შესაბამისად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 16 იანვრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 27); ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 16 იანვრის №682 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მოქალაქე ს.ჩ-ი არ ირიცხება (ტ.2. ს.ფ. 54); 5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №21-02-1/10239 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ის (...) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში - 2002, 2007, (მებაღეობა) 2003 წლები - ს.ჩ-ი სიაში არ ფიქსირდება (ტ.2. ს.ფ. 55); 6. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 30 იანვრის №31/10135 წერილით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986 - 2001წწ. 1997 - 2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, ...ის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებსა და სარეფორმო სიაში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007წ. საკომლო წიგნი, 1992 – 2007წწ. გადასახადების გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ.2. ს.ფ. 52); 7. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 20 თებერვლის №31/19105 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულია მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ს მოსახლეობის სია, რომელნიც ექვემდებარებიან მიწის რეფორმას (II ეტაპი). აღნიშნულ სიაში აღრიცხულია: 45. ჩ-ი ს.ო-ის ძე - III კატეგორია, გამოეყო - 0,15, სულ გაუხდა - 0,15. შენიშვნა: სოფელ ...ის 1986 - 2001წწ. და 1997 - 2006წწ. საკომლო წიგნებში და მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007წ. საკომლო წიგნები, 1992 - 2007წწ. მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ.2. ს.ფ. 51); 8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №... წერილით, იმ საფუძვლით, რომ ს.ჩ-ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდებოდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება (ტ.2. ს.ფ. 32); 9. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 14 მარტის №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონული არქივი არ ფლობს ინფორმაციას ...ის საკრებულოს სოფელ ...ს კომლთა და ქონების მესაკუთრეთა სიების წარმოებისა და შედგენის საფუძვლების შესახებ, ხოლო გაცემის წელი მითითებული არ არის (ტომი 1, ს.ფ. 48); 10. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №76/78683 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კარტოთეკასა და ერთიან მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ს.ო-ის ძე ჩ-ის რეგისტრაციის შესახებ არ იძებნება (ტომი 1, ს.ფ. 50); 11. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №07/1/4113 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს გადაეგზავნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №... (13.03.2017წ.) დაინტერესებული პირის - ს. ჩ-ის (პ/ნ ...) მიმართ, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მდებარე - მცხეთა, სოფელი ..., ს.კ. ... (ტ.2. ს.ფ. 49; 42-44); 12. 2017 წლის 30 მარტს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთა, სოფელი ..., ს.კ. ... დაზუსტებული ფართობი 1500.00 კვ.მ, დარეგისტრირდა ს.ჩ-ის საკუთრების უფლება (ტ.2. ს.ფ. 62-64); 13. 2017 წლის 26 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე - ს.კ. ..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა დ.ს-ის საკუთრების უფლება (ტ.2. ს.ფ. 66-71, 72, 73-74);
გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 8 ივნისს მომზადებული სისტემური აღწერის დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემების, ე.წ. ,,ყვითელი ფენის“ მონაცემების მიხედვით: 1. ს.კ. ... შეესაბამება ა.ჩ-ის სახელზე არსებულ მიღება-ჩაბარების აქტის (№41) 0.68 ჰა ნაკვეთს; 2. ს.კ. ... შეესაბამება ა.ჩ-ის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტის (№18) 0.72 ჰა ნაკვეთს; 3. ს.კ. ... შეესაბამება ა.ჩ-ის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტის (№18) 0.35 ჰა ნაკვეთს; 4. ს.კ. ... შეესაბამება ა.ჩ-ის სახელზე არსებული მიღება-ჩაბარების აქტის (№18) 0.18 ჰა ნაკვეთს (ტომი 4, ს.ფ. 76-79);
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1997 წლის 29 იანვრის №112 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ა.ძ-ას მცხეთის რაიონის სოფ. ...ში გადაეცა 0,15 ჰექტარი ერთ ნაკვეთად, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთზე ს.კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 0,15 ჰა, 2001 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა ა.ძ-ას საკუთრების უფლება. მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილი ინფორმაციის თანახმად, ა.ძ-ას მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება გზა, აღმოსავლეთით გ.ბ-ის, ხოლო დასავლეთით - ნ.ბ-ის მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ. 20). დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს თ.ძ-ა.
საქმის მასალებში დაცულია ასევე გ.ბ-ისა და ნ.ბ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები. გ.ბ-ის მიწის ნაკვეთს მიღება-ჩაბარების აქტზე (№109, გაც. 29.01.1997წ.) დატანილი ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთით ესაზღვრება გ-ი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ა.ჩ-ი, ხოლო დასავლეთით - ა.ძ-ა (ტ. 3. ს.ფ. 50). ნ.ბ-ის მიწის ნაკვეთს (მიღება-ჩაბარების აქტი №77, გაც. 29.01.1997წ.) - ჩრდილოეთით ესაზღვრება გ-ი, სამხრეთით - გზა, ხოლო აღმოსავლეთით - ა.ძ-ა (ტ. 3. ს.ფ. 151). პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია ურთიერთშესაბამისია.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ასევე დგინდება, რომ გ.ბ-ის მიწის ნაკვეთი 29.01.1997წ. №109 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ... საკადასტრო კოდზე (ტ.3 ს.ფ. 44). საჯარო რეესტრიდან 17.10.2005წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, მითითებული უძრავი ქონება 10.10.2005წ. №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია ბ-ე. ლ-ის სახელზე - ს.კ. ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) (ტ.3. ს.ფ. 29), ხოლო საჯარო რეესტრიდან 05.06.2014წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ 31.05.2014წ. №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია ნ.ბ-ი ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ნომერი - ...(ტ.3. ს.ფ.35).
ნ.ბ-ის უძრავი ქონება 29.01.1997წ. №77 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ... საკადასტრო კოდზე (ტ.3 ს.ფ. 149), საჯარო რეესტრიდან 08.11.2005წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, მითითებული უძრავი ქონება 08.11.2005წ. №1-5534 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია ბ-ე.ლ-ის სახელზე (ტ.3 ს.ფ. 5), ხოლო საჯარო რეესტრიდან 09.06.2014წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ 04.01.2012წ. №120001711 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია ნ.ბ-ი ს.კ. ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) (ტ.3. ს.ფ. 25).
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თ.ძ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ №... განცხადებაზე 30.08.2019წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რომლითაც დადგინდა ზედდება ს.კ.... რეგისტრირებულ მონაცემებთან, სადავო ტერიტორიის აღმოსავლეთით დატანილია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც ე.წ. „ყვითელ ფენაში“ უფიქსირდება ..., ბ-ე.გ, ხოლო დასავლეთით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც „ყვითელ ფენაში“ უფიქსირდება ..., ბ-ი. ნ. ასევე საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ სიტუაციურ ნახაზზე სადავო უძრავი ქონების „ყვითელ ფენაში“ ფიქსირდება ჩანაწერი - ძ-ა.ა(ტ. 3, ს.ფ. 155).
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 4 ივლისს მომზადებულ ინფორმაციაზე, სადაც მითითებულია, რომ №... განაცხადით წარმოდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა შეესაბამება მიღება-ჩაბარებაზე ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას (ტ.4, ს.ფ. 80).
პალატა ასევე მიუთითებს 04.06.1996წ. გაცემულ №41 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის საფუძველზე ა.ჩ-ის მცხეთის რაიონში, სოფ. ...ში გადაეცა 1.25 ჰა მიწა - 4 ნაკვეთად. აქტზე დატანილი ინფორმაციის თანახმად, 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს სამხრეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა, ხოლო დასავლეთით - ს.ჩ-ი (ტ.3. ს.ფ. 58). მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საჯარო რეესტრიდან 14.05.2008წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, 1486 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ე.ჩ-ის, ი.ჩ-ის და ტ.ჩ-ის თანასაკუთრება (ტ.3 ს.ფ. 60, 67).
დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ს.ჩ-მა (პ/ნ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში 1500 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 იანვრის №... წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და დუშეთის რეგიონული არქივიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ს.ჩ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით (ტ.2. ს.ფ. 28). მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 16 იანვრის №682 წერილის თანახმად საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მოქალაქე ს.ჩ-ი არ ირიცხება (ტ.2. ს.ფ. 54). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №21-02-1/10239 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ის (...) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში - 2002, 2007, (მებაღეობა) 2003 წლები - ს.ჩ-ი არ ფიქსირდება (ტ.2. ს.ფ. 55). სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 30 იანვრის №31/10135 წერილით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ს 1986 - 2001წწ. 1997 - 2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, ...ის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებსა და სარეფორმო სიაში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წ. საკომლო წიგნი, 1992 – 2007წწ. გადასახადების გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ.2. ს.ფ. 52).
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 20 თებერვლის №31/19105 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულია მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს სოფელ ...ს მოსახლეობის სია, რომელნიც ექვემდებარებიან მიწის რეფორმას (II ეტაპი). სიაში აღრიცხულია: 45. ჩ-ი ს.ო-ის ძე - III კატეგორია, გამოეყო - 0,15, სულ გაუხდა - 0,15. შენიშვნა: სოფელ ...ს 1986 - 2001წწ. და 1997 - 2006წწ. საკომლო წიგნებში და მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტებში ჩანაწერი ს.ჩ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007წ. საკომლო წიგნები, 1992 - 2007წწ. მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა (ტ.2. ს.ფ.51).
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №... წერილით, იმ საფუძვლით, რომ ს.ჩ-ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდებოდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება (ტ.2. ს.ფ.32). სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №76/78683 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კარტოთეკასა და ერთიან მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ს.ო-ის ძე ჩ-ის რეგისტრაციის შესახებ არ იძებნება (ტომი 1, ს.ფ. 50). მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №07/1/4113 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს გადაეგზავნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №... (13.03.2017წ.) დაინტერესებული პირის - ს. ჩ-ის (პ/ნ...) მიმართ, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა უფლების დამდგენი დოკუმენტით (2017 წლის 20 თებერვლის საარქივო ცნობა №31/19105) გათვალისწინებული და წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მდებარე მცხეთა, სოფელი ..., ს.კ. ... (ტ.2. ს.ფ. 49; ტ.2. ს.ფ.42-44), რის საფუძველზეც 2017 წლის 30 მარტს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და უძრავი ქონება, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ.მ, 2017 წლის 20 თებერვლის №31/19105 საარქივო ცნობის საფუძველზე დაარეგისტრირა ს.ჩ-ის სახელზე (ტ.2. ს.ფ. 62-64).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ, 2017 წლის 20 თებერვლის №31/19105 საარქივო ცნობაში ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მითითებული არ არის და მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციისას დაეყრდნო მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 მარტს მომზადებულ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაციის გამოთხოვამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაემოწმებინა ს.ჩ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტები, მათში მითითებული ინფორმაცია მომიჯნავე ნაკვეთებისა და მესაკუთრეების შესახებ, რათა გამორიცხულიყო სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების არსებობის ფაქტი და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ს.ჩ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა თავად მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირის მიერ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციამდე სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგინდებოდა სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა, მარეგისტრირებელი ორგანო მესამე პირს უარს ეტყოდა მოთხოვნილი მდებარეობით სადავო რეგისტრაციის განხორციელებაზე. გადამოწმების გარეშე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელის საკუთრების უფლება გახდა ფიქტიური.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. თავის მხრივ, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ ... (06.02.2023წ.) გადაწყვეტილებით, გაუქმდა თ.ძ-ას მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საზღვრების რეგისტრაცია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე დადგინდა გ.ჩ-ის საკუთრების უფლება და სადაც ადრე თ.ძ-ას ნაკვეთი იყო რეგისტრირებული დაზუსტებული მონაცემებით, დარეგისტრირდა გ.ჩ-ის (ს.კ....) საკუთრების უფლება. შესაბამისად, თ.ძ-ას სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დაედგინა ასევე თ.ძ-ას უფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც მან არ გააკეთა და რამაც გამოიწვია მოსარჩელე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, სხვა დაინტერესებულ პირთან შედარებით მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ვინაიდან თ.ძ-ა ვერ ახერხებს საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციას საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე №ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება) განმარტებით „დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო საკითხთან მიმართებით გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს თ.ძ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობას. ს.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების არსებობა, რათა არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება მასთან დაცული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის თაობაზე, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობას, რამდენადაც კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია გამოიკვლიოს ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 62 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. საქმე №ბს-1017(კ-20) 21 ოქტომბერი, 2021 წელი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
პალატა ამასთანავე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ.ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.11.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი №300773150;
4. დ.ს-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2025წ. №1762856210/GEL საგადასახადო დავალებით ს.ბ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა