გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-432 (კ-25) 12 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.მ-ნ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2025 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.მ-ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. სააგენტოს 16.08.2016 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 17.08.2016 წლიდან 17.08.2017 წლამდე.
2.2. სააგენტოს 08.05.2017 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 08.05.2018 წლამდე.
2.3. სააგენტოს 16.04.2018 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 16.04.2019 წლამდე.
2.4. სააგენტოს 17.03.2019 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 18.03.2020 წლამდე.
2.5. სააგენტოს 12.02.2020 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
2.6. სააგენტოს 19.10.2022 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 19.10.2023 წლამდე.
2.7. მოსარჩელემ, რომელიც არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 05.09.2023 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
2.8. მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №..., სართული ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი №... (ს.ფ.66,67). შპს „...ის“ მიერ 27.04.2017 წელს შედგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 96 000 ლარი, 39 000 აშშ დოლარი.
2.9. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 05.07.2023 წელს გაცემული ნასამართლობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
2.10. მოსარჩელე დასაქმებულია შპს „...ის“ ...ის აფილირებული ასოცირებული პროფესორისა (...ის მიმართულებით) და ...ის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ...ის თანამდებობაზე.
2.11. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 22.03.2023 წლის MES 8 23 0000327538 ბრძანებით შეიქმნა ... და ...ის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო და აღნიშნული საბჭოს ერთ-ერთ წევრს წარმოადგენს მოსარჩელე.
2.12. მოპასუხემ 06.09.2023 წლის №... წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №... წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
2.13. სააგენტოს 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
2.15. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
2.16. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო, ბათილად ცნო მოპასუხის 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და მისი გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა მოპასუხის მიერ სათანადოდ იყო დასაბუთებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
4.2. სასამართლოს შეფასებით, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად მოძიებული და გამოკვლეული სათანადო ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
4.3. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“).
8. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკანონმდებლო ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკის საკვანძო ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ მიზნებს. ბინადრობის ნებართვის გაცემა კომპლექსური პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი და დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფოს ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით (შდრ. სუსგ Nბს-814 (კ-22), 15.04.2025წ.).
9. კანონის მე-15 მუხლში ჩამოთვლილია ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახეები. მითითებული მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება კანონით განსაზღვრულ ოდენობას (თავდაპირველი რედაქციით - 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში/ 30.05.2019 წლის N4741-IIს ცვლილებით (ძალაში შევიდა 05.07.2019 წელს) - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში/ 26.06.2025 წლის N863-IIმს-XIმპ ცვლილებით (ამოქმედდა 01.03.2026 წლიდან) - 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში), აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ძირითადი არსი ფუნდამენტურად იდენტურია. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს გაგრძელების მოთხოვნისას მოქმედი ახალი კანონის საფუძველზე განსაზღვრული ოდენობით დადგენილი უძრავი ქონების პირის საკუთრებაში ფლობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიხედვით. იმავე პირობებით გაგრძელება უკავშირდება მოქმედი საკანონმდებლო ვითარების უცვლელობის დროს აღნიშნული კატეგორიის ბინადრობის მოქმედების ვადის იმავე ფაქტობრივი პირობების შესაბამისად გაგრძელების საკითხს (შდრ. სუსგ Nბს-814 (კ-22), 15.04.2025წ.).
11. კანონის მე-18 მუხლი ადგენს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. მისი პირველი პუნქტით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა; გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
12. ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, კერძოდ, სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა, როგორებიცაა: უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, სააგენტოში განცხადების კანონით დადგენილი ფორმით შეტანა, ასევე, ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახის გაცემისთვის საჭირო კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენა. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს, აღნიშნული დამოუკიდებლად ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (კანონის 18.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი) ისე, რომ შემოწმებას აღარ საჭიროებს განცხადების შინაარსობრივი მხარე, კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობა, ბინადრობის ნებართვის გაცემის გავლენა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის დაცვაზე (იხ. სუსგ Nბს-814(კ-22), 15.04.2025წ.). უკეთუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა და არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ფორმალური საფუძვლები, მეორე ეტაპზე მოწმდება კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს.
13. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება. საქმეზე დადგენილია შემდეგი გარემოებები: - მოსარჩელე არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე;
- სააგენტოს 16.08.2016 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 17.08.2016 წლიდან 17.08.2017 წლამდე (ს.ფ. 79,80);
- შპს „...ის“ 27.04.2017 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასებულ იქნა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №..., სართული .., ბინა ..., ს/კ №..., რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 96 000 ლარი, 39 000 აშშ დოლარი ((ს.ფ. 45-63; 66,67) საქმეში არ მოიპოვება სადავო აქტის გამოცემის დროს ქონების საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულება);
- სააგენტოს 08.05.2017 წლის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას და მის მიმართ არ არსებობდა ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის 28.04.2017 წლის განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 08.05.2018 წლამდე (ს.ფ.81,82);
- სააგენტოს 16.04.2018 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 16.04.2019 წლამდე (ს.ფ.83,84);
- სააგენტოს 17.03.2019 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 18.03.2020 წლამდე (ს.ფ.85);
- სააგენტოს 12.02.2020 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო (ს.ფ.87,88);
- სააგენტოს 19.10.2022 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 19.10.2023 წლამდე (ს.ფ.90);
- მოსარჩელე დასაქმებულია შპს „...ის“ ...ის აფილირებული ასოცირებული პროფესორისა (...ის მიმართულებით) და ...ის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ...ის თანამდებობაზე (ს.ფ. 73).
14. მოსარჩელემ 05.09.2023 წელს განცხადებით მიმართა სააგენტოს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. მოპასუხემ 06.09.2023 წლის №... წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №... წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება (ს.ფ. 76,77). სააგენტოს 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 78).
15. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ბს-233(კ-22), 27.05.2022წ.). უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააგენტომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც მოითხოვს ყველა ინფორმაციის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას და შეფასებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. სზაკ-ის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სუსგ №ბს-429(კ-21), 28.09.2021წ.).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1131(კ-22), 16.02.2023წ.).
18. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands, №10730/84, 21.06.1988წ., §28). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Leander v. Sweden, №9248/81, 26.03.1987წ., §67). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania, №10337/04, 08.06.2006წ., §38). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები ((Khasanov and Rakhmanov v. Russia [GC], №28492/15, №49975/15, 29.04.2022წ., §93), შდრ. სუსგ №ბს-1367(კ-24), 25.03.2025წ.).
19. სააგენტოს მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ გარემოებათა გამოკვლევის, სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას. აღნიშნული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (შდრ. სუსგ Nბს-369(კ-25), 12.06.2025წ.). ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა. აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, მეორე ეტაპზე სააგენტომ უნდა შეამოწმოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარი უნდა დაეკისროს სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსსკ-ის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა.მ-ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2025 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.მ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.09.2023 წლის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202307404) ა.მ-ნის (დაბ. ... ... ... წელს, პასპორტი N....) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი 100 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე