დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბ-505-8(ა-26) 28 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ე.თ-ი, ლ.ნ-ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
განმცხადებლების მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლება, გადაწყვეტილების აღშრულების შეჩერება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 22 აპრილს ე.თ-იმა და ლ.ნ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 2014 წლის 11 ივლისს უკანონოდ ჩატარებული იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად, უძრავი ქონების შეძენისათვის მათ მიერ გადახდილი ფულადი თანხის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება, აუქციონის ჩატარების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის. მოსარჩელეთა შეფასებით, ზიანის თანხა შეადგენდა 25 969 ლარს, საიდანაც 4000 ლარი იყო იურიდიული მომსახურების ხარჯები, ხოლო დანარჩენი იყო იყო ძირითადი, აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი და სხვა დამატებით ხარჯები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.თ-იმა და ლ.ნ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ე.თ-ის და ლ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე.თ-იმა და ლ.ნ-იმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით ე.თ-ისა და ლ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2024 წლის 24 ოქტომბერს მიღებული განჩინებით, ე.თ-ის და ლ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე.თ-იმა და ლ.ნ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.თ-ისა და ლ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე.თ-ისა და ლ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ე.თ-ისა და ლ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 21 969 (ოცდაერთი ათას ცხრაას სამოცდაცხრა) ლარის ანაზღაურება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ე.თ-ის და ლ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა ე.თ-ისა და ლ.ნ-ის სასარგებლოდ მათ მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 851 (ორი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება.
2026 წლის 21 აპრილს საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გამოვლინდა ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ 2026 წლის 15 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა №... განცხადება ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების მოთხოვნით. 2026 წლის 15 აპრილს კი, მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში/... ქ. №...-ში მდებარე 318 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1, №2, №3, №4 შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა გ.რ-ის, ე.თ-ის, თ.რ-ის, ლ.ნ-ისა და მ.რ-ის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, ლ.ნ-ისა და ე.თ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობა №1-ში არსებული 46.17 კვ.მ ფართი. შესაბამისად, სააგენტოს მითითებით, აღდგა მათი საკუთრების უფლება სადავო ფართზე და ე.თ-ისა და ლ.ნ-ის დღეის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებული აქვთ საკუთრების უფლება აუქციონზე შეძენილ უძრავ ნივთზე. აღსანიშნავია, რომ განცხადებას თან ერთვის 2026 წლის 15 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ს/კ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 318.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი:...; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4) უძრავი ქონების მესაკუთრეებად ფიქსირდებიან გ.რ-ი, ე.თ-ი, თ.რ-ი, ლ.ნ-ი და მ.რ-ი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, განცხადებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა №... განცხადება ... საკადასტრო კოდზე სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2026 წლის 15 აპრილს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №...- გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ ... საკადასტრო კოდზე არსებული სადავო ფართის ნაწილზე გ., თ. და მ. რ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს №A13059476-025/001 (15.07.2014) განკარგულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
განმცხადებლის მოსაზრებით, შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტისთვის. საჯარო რეესტრის მიერ 2026 წლის 15 აპრილს მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით აღდგა ე.თ-ისა და ლ.ნ-ის საკუთრების უფლება კუთვნილ ფართზე და მათ რეგისტრირებული აქვთ საკუთრების უფლება აუქციონზე შეძენილ უძრავ ნივთზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი მაინც აღასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას №ბს-82(კ-25) საქმეზე, აღნიშნული გამოიწვევს მოსარჩელეების უსაფუძვლო გამდიდრებას, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი ოდენობის მატერიალური ზიანის მიყენებას.
განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 426-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 432-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ სახეზეა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რაც წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი ოდენობის მატერიალური ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით, იკვეთება საქმეზე არსებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძველი, განცხადებასა და სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლება ყოფილიყო ცნობილი არც განმცხადებლის და არც სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა... საყურადღებოა ისიც, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები განსხვავდება იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტებისაგან, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რომლებიც წარმოადგენენ ახლად გამოვლენილ გარემოებებს. სასამართლო გადაწყვეტილება კი უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოტანის მომენტში არსებულ ფაქტებს და შემდგომში წარმოშობილმა ფაქტებმა არ შეიძლება დაადასტუროს გადაწყვეტილების უკანონობა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის №ბს-82(კ-25) გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებაზე ე.თ-ის და ლ.ნ-ის საკუთრების უფლება აღდგა, არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის არც „ვ“ ქვეპუნქტით და არც სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას. საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სადავო აქტების კანონიერება შეაფასა იმჟამად არსებული მდგომარეობით, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, რაც რეალურად ვერ იარსებებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ამასთან, სააგენტო წარმოდგენილ განცხადებაში თავად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გამოვლინდა ახალი გარემოება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 15 აპრილს დაარეგისტრირა №... განცხადება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს აღსრულება უკვე დასრულებულ საქმეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის №ბს-82(კ-25) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, აგრეთვე საქმეზე არსებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის გამო.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ... უნდა დაუბრუნდეს განცხადებაზე 20.04.2026წ. №... საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის №ბს-82(კ-25) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ... დაუბრუნდეს 20.04.2026წ. №... საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა