დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1128(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1128(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მესამე პირები) - ნ. ფ-ი, ა. ჩ-ი, გ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ნ-ი

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2025 წლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ნ-იმა 28.01.2022 წელს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 28.12.2021 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების მის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის დადგენის უფლებამოსილებით აღჭურვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანების და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების თაობაზე №... ოქმის ბათილად ცნობა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.02.2022 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ი. ნ-ის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6001 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ..., მდებარე - გურჯაანი, სოფელი ..., „...“) სპორადული რეგისტრაციის დავალება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.02.2022 წლის განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ფ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 13.10.2022 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ თ. ჩ-ი, გ. ჩ-ი და ა. ჩ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 12.12.2024 წლის სხდომის ოქმით თ. ჩ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. ჩ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.02.2025 წლის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების მის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის დადგენის უფლებამოსილებით აღჭურვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანება და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების თაობაზე №... ოქმი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 28.12.2021 წლის №... გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.02.2022 წლის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.10.2023 წლის №007497123 დასკვნის გათვალისწინებით, ი. ნ-ის №... განცხადების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2025 წლის განჩინებით ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.02.2025 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ი. ნ-ის გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში, ე.წ. „...ში“ 2000 წლიდან აღრიცხული აქვს 6599,84 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (ს/კ ...). ასევე დადგენილია, რომ თ. ჩ-ის საჯარო რეესტრში წარდგენილი ჰქონდა განცხადება სწორედ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პრეტენზიას ი. ნ-ი აცხადებდა. 03.12.2021 წელს მარეგისტრირებელმა ორგანომ №... წერილით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. 27.12.2021 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - გ. მ-იმა საჯარო რეესტრს გადაუგზავნა №186 ბრძანება და ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2021 წლის 23 ნოემბრით და მას ხელს აწერენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფ. ...სა და ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - ზ. რ-ე. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ გ. ჩ-ი და ა. ჩ-ი. აღნიშნული ბრძანებით და ოქმით მიწის ნაკვეთის იდენტობა ვერ დადგინდა. ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი არიან თ. ჩ-ის ოჯახის წევრები - შვილიშვილები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანება და №... ოქმი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების თაობაზე, წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.07.2023 წლის №007497123 დასკვნასთან, რომელიც ადგენდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ე.წ. „...ში“ მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, №... მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი და შპს „პ...“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობები შეესაბამებოდა ერთმანეთს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული სადავო აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, შესაბამისად, არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან არსებობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რომლებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს, მართებული იყო ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეში დაცული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007497123 დასკვნის სათანადოდ შეფასების და გამოკვლევის შემდეგ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ი. ნ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც პრეტენზია ჰქონდა ი. ნ-ის, მათი ოჯახი საკუთრების უფლებით ფლობდა ჯერ კიდევ 1990 წლებიდან. სააღრიცხვო ბარათი გაცემულია ნ. ფ-ის მეუღლეზე, გარდაცვლილ ვ. ლ.-ს ძე ჩ-ის სახელზე. ამ ნაკვეთებში 1995 წელს, დაახლოებით 25 წელზე მეტი ხნის წინ, გააშენეს ატმის ბაღი, რომლის ნაწილი წლების შემდეგ გაკაფეს. კასატორები მიუთითებენ, რომ ი. ნ-ის ამ ნაკვეთებთან დაკავშირებით არასოდეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, არცერთ მეზობელს ი. ნ-ი აქ არ უნახავს და არც სმენიათ, რომ მას ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი შეიძლება ჰქონოდა. კასატორების მოსაზრებით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ი. ნ-ის უწერია 0,59 ჰა მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდზე კი რეგისტრირებულია 6599.84 კვ.მ. ფართის მიწა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტთან და არ შეესაბამება სინამდვილეს.

კასატორები თვლიან, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის №186 ბრძანება და ადგილზე დათვალიერების ოქმი კანონშესაბამისია. აღნიშნული აქტებით ი. ნ-ის უარი ეთქვა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე. კასატორები აღნიშნავენ, რომ გ. ჩ-ის და ა. ჩ-ის, რომლებიც არიან ნ. ფ-ის შვილები, დათვალიერების ოქმზე ხელი არ მოუწერიათ, ისინი სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის დროს ბაღში სასხლავად იმყოფებოდნენ, ამიტომ ოქმში მითითებულნი არიან როგორც დათვალიერებაში მონაწილე პირები. ამასთან, კასატორების მოსაზრებით ზემოაღნიშნული ბრძანების და დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღად დეკემბრის ნაცვლად 23 ნოემბრის მითითება იყო მექანიკური შეცდომა და არა ტენდენციურობა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი რომელ კვარტალში მდებარეობდა სადავო მიწის ნაკვეთი ზუსტად, დასკვნა ვერ ადასტურებს მიწის ნაკვეთის იდენტურობას, ხოლო ვარაუდით მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდება. კასატორების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანებით არ დადასტურდა №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების იდენტურობა, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ოქმისა და გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის, გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ი. ნ-ის, გურჯაანში, სოფელ ...ში, ე.წ. „...ში“ დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში 6599,84 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ი. ნ-იმა 15.10.2021 წელს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა კახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 6599.84 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული იყო 6020 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის №... მიღება-ჩაბარების აქტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კახეთის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... სარეგისტრაციო განცხადებით წარმოებაში მყოფ მონაცემებს შორის (დაინტერესებული პირი თ. ჩ-ი) დადგინდა ზედდება. მოსარჩელეს განემარტა, რომ მას შეეძლო წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თავის მხრივ, თ. ჩ-ის №... განაცხადი, რომლითაც მას მოთხოვნილი ჰქონდა სწორედ იმ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაცია, რომელზეც ი. ჯ-ი აცხადებდა პრეტენზიას, შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თ. ჩ-ის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უკვე რეგისტრირებული ჰქონდა რამდენიმე ნაკვეთი, შესაბამისად, რეგისტრირებული და დასარეგისტრირებლად წარდგენილი მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი 1 %-ზე მეტად აღემატებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ ფართს, ამასთან, განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო წარმოებაში მყოფ ი. ნ-ის №... განაცხადთან. საბოლოოდ, თ. ჩ-ის მოთხოვნით №... განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. რაც შეეხება ი. ნ-ის №... სარეგისტრაციო განაცხადს, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, ი. ნ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანებით და ამავე თარიღის ადგილზე დათვალიერების №... ოქმით მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დადგინდა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 28.12.2021 წლის №... გადაწყვეტილებით, ი. ნ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ი. ნ-იმა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.02.2022 წლის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში ი. ნ-ის სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოების დასრულებამდე ნ. ფ-იმა (თ. ჩ-ის რძალმა) მოითხოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში 1505 კვ.მ. და 1565 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნ. ფ-იმა მოითხოვა სწორედ ი. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ტერიტორიაზე. ნ. ფ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა მისი მეუღლის - ვ. ჩ-ის ოჯახის სახელზე 11.11.1999 წელს გაცემული №... და №... სააღრიცხვო ბარათები, თუმცა საბოლოოდ ნ. ფ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთები ემთხვეოდა ი. ნ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის (ე.წ. ყვითელი ფენის) მდებარეობას (ს.კ. №...).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

განსახილველ შემთხვევაში, ი. ნ-ის სპორადული რეგისტრაციის წესით აქვს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანებას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ამავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი ნაკვეთისა. აღსანიშნავია, რომ დათვალიერებაში მონაწილეობდნენ გ. ჩ-ი და ა. ჩ-ი, რომლებიც არიან ნ. ფ-ის შვილები (თ. ჩ-ის შვილიშვილები). საბოლოოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სადავო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა (იხ. სუსგ 28.02.2013 წლის საქმე №ბს-367-363(კ-12)).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში („...“) მდებარე 6599.84 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) რეგისტრირებულია ვა. (ი.) ზ.-ს ძე ჩ-ის ოჯახის საკუთრების უფლება (განაცხადის ნომერი: ..., თარიღი 15.09.2000წ.), უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №.... მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია საკადასტრო რუკა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მითითებით. მითითებული რუკის თანახმად, ი. ნ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... და №... ნაკვეთებს შორის. ამასთან, №... მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი. ნ-ის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება მ-ე თ.. საქმის მასალებით დასტურდება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი დაზუსტებული სახით რეგისტრირებულია თ. მ-ეის ოჯახის მიერ, ხოლო №... საკადასტრო კოდის მქონე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა გ. ქ-ის სახელზე. საქმეში დაცული სიტუაციური ნახაზით დასტურდება, რომ ი. ნ-ის №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი აქვს დაზუსტებული რეგისტრაცია სწორედ ზემოაღნიშნულ ნაკვეთებს შორის.

კასატორების მითითება ი. ნ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელის საკუთრებაში უფლებადამდგენი დოკუმენტით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მის მიერ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის უარსაყოფად. ამასთან, კასატორების აპელირება იმაზე, რომ ი. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნაკვეთზე რეალურად მათ უდგინდებათ საკუთრების უფლება არ არის გამყარებული საქმეში დაცული მტკიცებულებებით. მართალია საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახითაა აღრიცხული ასევე ვ. ჩ-ის საკუთრების უფლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ვ. ჩ-ის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებული ნაკვეთების ნაწილი დაზუსტებული სახით რეგისტრირებულია არა სადავო ტერიტორიის მომიჯნავედ, არამედ მისგან მოშორებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ნ. ფ-ის უარი ეთქვა მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთების დაზუსტებაზე და მიეთითა, რომ მის მიერ წარდგენილი ნაკვეთები არ ემთხვეოდა რეესტრში დაცულ ე.წ. ყვითელი ფენის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც სადავო ტერიტორიაზე რეგისტრირებული იყო ი. ნ-ის უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში დაცულ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.07.2023 წლის №007497123 დასკვნაზე, რომლის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ე.წ. „...ში“ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მიღება-ჩაბარების №... აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი და შპს „პ...“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობები შეესაბამება ერთმანეთს, თუმცა განსხვავდება კონფიგურაცია და ფართობი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულები იყვნენ სრულყოფილად შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირის მიერ არასათანადო გამოკვლევის შედეგად იქნა მიღებული სადავო ადმინისტრაციული აქტები, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.11.2021 წლის №186 ბრძანება და №... ოქმი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების თაობაზე. აღნიშნული სადავო აქტები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან და საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღსანიშნავია, №... ოქმის მიხედვით დათვალიერებაში მონაწილეობდნენ სადავო ტერიტორიით დაინტერესებული პირები - კასატორები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი, რაც ქმნის მათი მხრიდან ფაქტის სუბიექტურად შეფასების საფუძველს, ხოლო დათვალიერების ოქმზე მათი ხელმოწერების არარსებობაზე კასატორების მითითება არარელევანტურია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რა დროსაც გასათვალისწინებელია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი და სადავო ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვაზე უარი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის მოტივით, რადგანაც რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების გაუქმება. კოორდინატთა სისტემაში საკადასტრო აღწერის შედეგის ასახვა არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის, დანიშნულების შეცვლას. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.07.2023 წლის დასკვნის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მის ხელთ არსებული სათანადო საპროცესო საშუალებების გამოყენების გზით, უნდა უზრუნველყოს საგანთა ნამდვილი მდგომარეობის და რეგისტრირებული მონაცემების თანხვედრაში მოყვანა, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ 17.01.2023 წლის საქმე №ბს-945(კ-21)).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ფ-ის მიერ 09.02.2026 წელს უზენაესი სასამართლოსთვის წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც იგი შუამდგომლობს ადგილზე დათვალიერების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ნ. ფ-ის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.ნ. ფ-ის შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2025 წლის განჩინება;

4. გ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 07.11.2025 წლის №3857 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

გიორგი მიქაუტაძე