დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1197(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1197(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ი (მოსარჩელის ნ. ა-ეის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2024 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ეის სარჩელი მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 109 486 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2023 წლის განჩინებით ნ. ა-ეის უფლებამონაცვლედ დადგინდა ნ. ც-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №518 გადაწყვეტილებით ...ში მდებარე 44,26 კვ.მ ფართის სამოთახიანი ბინა გაუფორმდა ნ. შ.-ს ძე ა-ეს. სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საცხოვრებელი ბინის შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, ბინის საერთო ფართია 84,35 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 44,26 კვ.მ, სამომხმარებლო ფართი 24,66 კვ.მ, ხოლო აივნის ფართი 15,43 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.06.2015 წლის №... გადაწყვეტილების მიხედვით ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...-ში, ... მ/რ-ში, №... კორპუსის მეორე სადარბაზოს მეოთხე სართული არ გააჩნია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 13.08.2021 წლის №... წერილის მიხედვით, ნ. ა-ეემ განცხადებით მიმართა გამგეობას საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. გამგეობამ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საცხოვრებელი ბინა დღემდე არ არის აშენებული. ამდენად, ნ. ა-ეისათვის გადაცემული ბინა აშენებული არ არის, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №518 გადაწყვეტილებით ნ. ა-ეისთვის ბინის გადაცემის ვადა არ არის განსაზღვრული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 365-ე, 394-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს კრედიტორისაგან ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების ოდენობით, ვინაიდან №... გადაწყვეტილებით ვალდებულების შესრულების ვადა არ იყო განსაზღვრული და ბინა არ აშენებულა, ამასთან, მოსარჩელემ არა ერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.12.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეესაბამება სადავო ტერიტორიაზე არსებული ბინების საბაზრო ღირებულებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2007 წლის (საქმე №ბს-62-60(კ-07)) და 06.03.2008 წლის (საქმე №ბს-28-28(კ-08)) განჩინებებზე, რომლითაც საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოების პოზიცია მოპასუხეებისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საცხოვრებელი ბინის ღირებულების დაკისრების თაობაზე. პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ ვალდებულება იკისრა აღმასკომმა, რომელიც წარმოადგენდა აღმასრულებელ ორგანოს, შესაბამისად ხსენებულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელია აღმასკომის სამართალმემკვიდრე - მერია (სუსგ №ბს-28-28(კ-08), 06.03.2008წ.).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დგინდებოდეს სადავო ფართის ნ. ც-ისადმი (ნ. ა-ეის უფლებამონაცვლისადმი) კუთვნილება და გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამო მისი გადაცემის შეუძლებლობა. აღნიშნული კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №... გადაწყვეტილებას, აღნიშნული აქტის კანონიერად მიჩნევა, საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილებიდან გამომდინარე, შესაბამისი რაიონის გამგეობის კომპეტენციაა, ხოლო მოსარჩელეს ამ დადგენილების საფუძველზე არ მიუმართავს შესაბამისი გამგეობისთვის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა აღმასკომის გადაწყვეტილების შესრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსით (ძალადაკარგულია 25.11.1997 წლიდან) უზრუნველყოფილი იყო საქართველოს სსრ მოქალაქეთა ბინის უფლება. საქმის მასალებში დაცული თბილისის მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №... გადაწყვეტილებით აღმასკომმა გადაწყვიტა ...ში მდებარე 44,26 კვ.მ ფართის სამოთახიანი ბინის ნ. შ.-ს ძე ა-ეისთვის გაფორმება სამ სულზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.02.2011 წლის გადაწყვეტილებით დადგინდა აღმასრულებელი კომიტეტის მითითებული გადაწყვეტილების ნ. ა-ეისადმი კუთვნილების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღმასკომის 20.03.1991 წლის გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი იყო ადმინისტრაციული აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები თავის თავში აერთიანებს ცალმხრივ და მრავალმხრივ მოწესრიგებებს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ცალმხრივად სავალდებულო მოწესრიგება, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში 20.03.1991 წლის გადაწყვეტილება არ არის მხარეთა შეთანხმების შედეგი, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივად გამოვლენილი, სავალდებულო ნება, რომელიც მხარის მოსაზრებების მიუხედავად, მის მიმართ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამდენად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ადმინისტრაციული აქტი (სუსგ საქმე №ბს-417-417(კ-18), 29.09.2022წ.).

მოსარჩელის მითითებით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მისი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რაც არ შესრულებულა. აღნიშნულის გამო მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ ბინის ღირებულების დაკისრებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინის ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, ფაქტობრივად აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, ამასთანავე, თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს საცხოვრებელი ბინის გადაცემით აღმასკომის 20.03.1991 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა, რადგან უკეთუ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია, გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც ფაქტობრივად შესრულებას ანაცვლებს (სუსგ საქმე №ბს-417-417(კ-18), 29.09.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ნ. ა-ეისათვის გადასაცემი ბინა არ არის აშენებული, შესაბამისად საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება მითითებული აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების 1991 წლიდან დღემდე შესრულების ფაქტი, აგრეთვე არ დასტურდება აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. სამგორის რაიონის გამგეობის 13.08.2021 წერილის თანახმად გამგეობა მოკლებულია მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესაძლებლობას, ვინაიდან აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №518 გადაწყვეტილებით ნ. ა-ეეს გამოეყო ბინა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ჯერ არ იყო აშენებული და დღემდე არ აშენებულა (ს.ფ. 97). საჯარო რეესტრის 20.04.2015 და 11.06.2021 წლის წერილების თანახმად ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ... მიკრო/რაიონში, ...-ე კორპუსში (საკადასტრო კოდი ...), ... სადარბაზოში, მე-4 სართულზე 84.35 კვ.მ. ფართზე, როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, ხოლო 04.06.2015 წლის გადაწყვეტილების თანახმად ... საკადასტრო კოდის მქონე №... კორპუსის ... სადარბაზოს მეოთხე სართული არ გააჩნია. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ფაქტი ან ამ აქტით ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადის განსაზღვრის არარსებობის მიუხედავად მისი შესრულების გონივრული მოლოდინი, შესაბამისად დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე.

ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საცხოვრებელი ბინის შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, ბინის საერთო ფართია 84,35 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 44,26 კვ.მ, სამომხმარებლო ფართი 24,66 კვ.მ, ხოლო აივნის ფართი 15,43 კვ.მ.. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.12.2021 წლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, ...-ში, ...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე 84,35 კვ.მ. გარემონტებული, საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 40 065 აშშ დოლარს, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით საორიენტაციოდ 119 065 ლარია (ს.ფ. 121-132). კასატორს დასკვნაში ასახული, ბინის ღირებულებასთან დაკავშირებული გარემოების საპირისპირო და გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლორებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულატიურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ამდენად, საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „წესით“ კანონიერი მოსარგებლისთვის მოთხოვნილი ფართის პრივატიზების პროცესში კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს ზემოაღნიშნული „წესით“ განსაზღვრული მეორე წინაპირობაც - ფართით ფაქტობრივი სარგებლობა (სუსგ №ბს-880(კ-24), 27.08.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ აღმასრულებელი კომიტეტის 20.03.1991 წლის №518 გადაწყვეტილებაში მითითებული, მოსარჩელისთვის გადასაცემი ბინა არ აშენებულა, რაც გამორიცხავს მისი ფაქტობრივად დაუფლებისა და სარგებლობის შესაძლებლობას, შესაბამისად დასაბუთებელი არ არის კასატორის პრეტენზია საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი გამგეობისთვის მიმართვის სავალდებულობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელემ არა ერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მოპასუხის მიჩნევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ბინის გადაფორმება დადგინდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით. მართალია, დღეის მდგომარეობით კონკრეტული სუბიექტი აღარ არსებობს, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულების მქონე სუბიექტის უფლებამონაცვლეა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ბს-417-417(კ-18), 29.09.2022წ., №ბს-695(3კ-21) 26.04.2023წ.), რადგან ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელსაც სწორედ თბილისის მერია წარმოადგენს (ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 72-ე, 73-ე მუხ.).

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გენადი მაკარიძე