დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1324(კ-25) 22 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის
ცენტრის ვაკე- საბურთალოს სერვისცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 28 მარტს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2018 წლიდან იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას. 2023 წლის აპრილიდან შეუწყდა კომპენსაციის მიღება და ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსთხოვა მიღებული კომპენსაციის - 8001.2 ლარის დაბრუნება, საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო. მოსარჩელის მითითებით, იგი 2018 წლის 30 აპრილიდან დღემდე მუშაობს სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ...ს ...ად, რომელიც ითვლება პედაგოგიურ საქმიანობად, ხოლო სსიპ საქართველოს შსს აკადემია წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მუშაობა არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე.
მოსარჩელემ გ. გ-ეისათვის წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023/2 გადაწყვეტილების, ზედმეტად მიღებული გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში
დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2024 წლის 7 თებერვლის SSA 6 24 00149805 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 13 მარტის SSA 5 24 00292003 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 ივნისის SSA 1 23 00592764 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ. გ-ეისათვის 2023 წლის 1 აპრილიდან - სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის პერიოდიდან სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023/2 გადაწყვეტილება გ. გ-ეისათვის წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2024 წლის 7 თებერვლის SSA 6 24 00149805 გადაწყვეტილება ზედმეტად მიღებული გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 13 მარტის SSA 5 24 00292003 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 ივნისის SSA 1 23 00592764 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ეისათვის 2023 წლის 1 აპრილიდან - სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის პერიოდიდან სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის N975 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის წესდებიდან გამომდინარე, აკადემიის სტატუსის, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით აკადემია მიეკუთვნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რიცხვს და მხოლოდ ის გარემოება, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არ არის მითითებული სიტყვა ,,სპეციალური“, არ გამორიცხავს აკადემიის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, სსიპ - საქართველოს შსს აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა პროფესიულ (სპეციალურ პროფესიულ) საგანმანათლებლო საქმიანობას და ასეთი საქმიანობა კანონის დანაწესიდან გამომდინარე არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ე (მოსარჩელე) საქმიანობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მისი საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების სპეციალურ ნორმატიულ აქტს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის 2023 წლის მარტში (სადავო სამართლებრივი აქტის - სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის დროისთვის) მოქმედი რედაქციის თანახმად კი, კანონის მიზნებისათვის, საჯარო საქმიანობას წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
კასატორის მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სააგენტომ შეისწავლა აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის საკითხები. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. აღნიშნული კანონის თანახმად, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში აკადემია). მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ, შეღავათიანი პირობებით მოსარგებლე დაწესებულებების ჩამონათვალში მითითებულია „პროფესიული“ საგანმანათლებლო დაწესებულება. კასატორის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს შსს აკადემია, რომელიც ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზებას, არ უნდა იქნეს განხილული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გ. გ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის, მიღებული პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნის, მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გ. გ-ეის მიმართ შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. გ-ე დაიბადა ... წლის ...ს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 25 მაისის SSA 6 23 00549406 კორესპონდენციის თანახმად, სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის 2023 წლის 1 მაისის მონაცემებით, გ. გ-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად რეგისტრირებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში. გასაცემელი მას დანიშნული ჰქონდა 2018 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2024 წლის 7 მარტის MIA 0 24 00705377 ცნობის თანახმად, გ. გ-ეს 2009 წლის 10 აგვისტოდან 2017 წლის 5 ივნისამდე სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებები სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში. იგი 2018 წლის 30 აპრილიდან დღემდე მუშაობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ...ს ...ის უფლება-მოვალეობების შემსრულებლად.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023/2 გადაწყვეტილებით გ. გ-ეს წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაცია შეუწყდა 2023 წლის პირველი აპრილიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 30 მარტის SSA 2 23 00337128 წერილით გ. გ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2023 წლის 29 მარტის №334551 წერილით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რაც კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად არ უცნობებია სააგენტოსთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი. ამავე წერილით განესაზღვრა წერილის ჩაბარებიდან 30 დღე, რათა მიემართა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის და წარედგინა ინფორმაცია (დოკუმენტაცია) საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფდა სახელმწიფო გასაცემლის უზრუნველყოფას განცხადებისა და საჯარო საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან გასული პერიოდის თანხების ანაზღაურების გარეშე. ასევე ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ საჯარო საქმიანობის დაწყება/დასრულების თარიღის დადასტურების შემდეგ შესაძლოა დაკისრებოდა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 22 მაისს წარედგინა გ. გ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2023 წლის 29 მარტის №2023/2 გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 6 ივნისის SSA 1 23 00592764 გადაწყვეტილებით გ. გ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 22 მაისის №532609 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 7 თებერვლის SSA 6 24 00149805 წერილით გ. გ-ეს ეცნობა, რომ დაეკისრა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე. ეთხოვა უზრუნველეყო 8001,02 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 მარტს წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც გ. გ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 13 მარტის SSA 5 24 00292003 გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ წარდგენილ საჩივარში არ იყო დასახელებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, შესაბამისად, მასში დასმული საკითხის ხელახლა განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.
საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
2025 წლის 6 თებერვალს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2025 წლის 10 მარტიდან) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ახორციელებს თუ არა გ. გ-ე საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა შეფასდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია - სადაც ამჟამად მუშაობს გ. გ-ე – წარმოადგენს თუ არა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. მოცემული დავის საგანს სწორედ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ფორმა და მისი პროფილი იწვევს, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის საფუძვლებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. ამავე წესდების მე-5 მუხლის თანახმად, აკადემიის საქმიანობის საგანია: ბ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა, ასევე პოლიციის სისტემის კადრების მომზადება, გადამზადება და მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება; დ) საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა; ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) საგამომცემლო საქმიანობა; ზ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; თ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ი) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი1) სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება არის საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
,,სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი, დაადგინოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციალური პროფესიული განათლება არის განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება; ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ − აკადემია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი/დაწესებულება: ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას; ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის განხორციელებად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევს პროფესიულ დაწესებულებაში მუშაობას. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მისი წესდებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულებაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნეს მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემის ადმინისტრირების მიზნებისათვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმება, საშეღავათო პირობებით მოსარგებლე დაწესებულებების ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში მოიაზრებს, როგორც „სპეციალურ პროფესიულ“, ასევე „პროფესიულ საგანმანათლებლო“ დაწესებულებებს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა აღნიშნული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება ამ დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას (სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მისი წესდებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით, საგამომცემლო, საარქივო საქმიანობას. ამდენად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებულ საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არ არსებობდა გ. გ-ეისათვის პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე