დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№17(კ-26) 28 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. კ-ე
მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. კ-ემ 2023 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2023 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ზ. კ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
სარჩელის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული №... მოწმობით, ზ. კ-ეს აღიარებული ჰქონდა საკუთრების უფლება ქ. ქობულეთში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 1 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თუმცა 2008 წლის 24 ნოემბრის საოქმო გადაწყვეტილებით აღნიშნული უფლება გაუქმდა.
2022 წლის 7 დეკემბერს ზ. კ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს 1893 კვ.მ მიწის ნაკვეთის სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 24 იანვრის №... და 2023 წლის 13 აპრილის №... წერილებით ინფორმაცია მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელმაც 2023 წლის 1 მაისის №01-01-10/2224 გადაწყვეტილებით და 18 მაისის №01-01-10/2567 წერილით გასცა პირობითი თანხმობა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა, პოზიციის დაფიქსირების მიზნით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 15 ივნისის №... წერილით და საბოლოოდ, 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით ზ. კ-ეს უარი თქვა რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 18 ივლისს გასაჩივრდა ზ. კ-ეის მიერ, რაც სააგენტოს 2023 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს სადავო მიწით, რომელიც მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ესაზღვრება და ნაწილობრივ განაშენიანებულია, ხოლო საჯარო რეესტრმა საქმის გარემოებები არასრულად და ფორმალურად შეაფასა, რის გამოც მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოდ მიაჩნია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქობულეთში, ...ს ქუჩის №...-ის მიმდებარე, 1893 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ზ. კ-ეის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციაზე უარის შესახებ საჯარო რეესტრის 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმის გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რაც არ გამოსწორებულა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზეც, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა განცხადებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგინდა, რომ ზ. კ-ეს უარი ეთქვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ დასაბუთებით, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სააგენტოს დადგენილ ვადაში არ წარედგინა. ადმინისტრაციული წარმოებისას ჩატარებული ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი ნაგებობები, ხოლო მისი მონაცემები ემთხვეოდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწას, რის გამოც საჭირო გახდა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა.
ქონების განკარგვაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრს აცნობა თანხმობა (პირობითი თანხმობა) ზედდების ნაწილში კორექტირების თაობაზე, თუ ზ. კ-ეის განცხადება სხვა მხრივ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, ხოლო იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქონება მდებარეობდა საჯარო ბლოკში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო რეესტრისთვის დადგენილ ვადაში პოზიცია არ წარუდგენია და აცნობა, რომ საკითხის შესწავლა საჭიროებდა დამატებით ვადებს. დადენილ ვადაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს პასუხის მიუღებლობა, საჯარო რეესტრმა მიიჩნია დაინტერესებულ პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად და მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა წარმოების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, სათანადოდ არ გამოიკვლია სარეგისტრაციო ბლოკის სტატუსი და საკითხი გადაწყვიტა ფორმალურად. ასევე გამოიკვეთა, რომ ბლოკში არსებული ნაკვეთების ნაწილი რეგისტრირებული იყი მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, რაც გამორიცხავდა ბლოკის ერთგვაროვან „საჯარო“ სტატუსს. შესაბამისად, სააგენტოსთვის სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან პასუხის გაუცემლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად იქნა მიჩნეული. სასამართლომ მიუთითა, რომ უარი ეფუძნებოდა მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიუღებლობას, მაშინ როდესაც თავად რეესტრს სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული საკითხი. ამასთან, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები არ იყო დადგენილი და თავად ადმინისტრაციული ორგანოც აღნიშნავდა მათ არარსებობას, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთის კორექტირებაზე თანხმობის საჭიროებისა, რაც სასამართლოს მოსაზრებით მიუთითებდა ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილებაზე და ქმნიდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ზ. კ-ემ №... (07.12.2022) განცხადებით მოითხოვა ქ. ქობულეთში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე 1893 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ჩატარებული დათვალიერებით (№...; 24.01.2023) დადგინდა მიწის ფაქტობრივი ფლობა და მასზე შენობა-ნაგებობების არსებობა, თუმცა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიძებნა, ხოლო ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საჯარო ბლოკში, სადაც მიწის ნაკვეთების ნაწილი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, ნაწილი კი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული იყო საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა, პოზიციის დაფიქსირების მიზნით, მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილებით: №... (30.01.2023), №... (24.05.2023), №... (15.06.2023) და №... (03.07.2023), ვინაიდან სარეგისტრაციო ბლოკში, რომელშიც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ნაკვეთები არ განკერძოებულა სახელმწიფოს მიერ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-01-10/3775 (13.07.2023) წერილის თანახმად, ზედდების მოხსნის საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ვინაიდან მსგავსი შინაარსის წერილები წარდგენილი იყო დიდი რაოდენობით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელი იყო საქმის წარმოების ვადის გაგრძელება.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონით დადგენილ ვადაში საბოლოო, შემაჯამებელი პასუხი არ გაცემულა, შესაბამისად, აღნიშნული დასაბუთებით საჯარო რეესტრმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (17.07.2023) გადაწყვეტილება.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა, რომ სარეგისტრაციო ბლოკში არ მოიპოვებოდა არც ერთი მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სარეგისტრაციო ბლოკის №... ფორმირების პრინციპიც, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განმარტა მისი არეალისა და საზღვრების განსაზღვრის კრიტერიუმები, განსაკუთრებით ქობულეთის მჭიდროდ დასახლებულ პირობებში.
აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება სააგენტო და განმარტავს, რომ სარეგისტრაციო ბლოკი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ერთეულს, რომლის საზღვრები დგინდება ბუნებრივი ან ხელოვნური ობიექტებით. სააგენტოს პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში ბლოკი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია საავტომობილო გზით, რაც ადასტურებს მისი ფორმირების პრინციპის კანონიერებას. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს კერძოდ, ბლოკში რეგისტრირებული მესაკუთრეების ამონაწერებს, რომელიც შეიცავს მითითებას საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებზეც.
კასატორის მითითებით, ბლოკში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირველად ვ. კ-ის საკუთრებაში 2012 წლის 29 ივნისს აღირიცხა ტექბიუროს მონაცემებით, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რა დოკუმენტის საფუძველზე აღირიცხა მიწის ნაკვეთი ტექნიკური აღრიცხვის არქივში. დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ასევე, №... საკადასტრო კოდით აღირიცხა ამხანაგობა „ა...ს“ საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ბინას ანუ მასზე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალური ერთეულები. ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით მითითებული ბინები, როგორც საუწყებო, განეკუთვნება სახელმწიფო საბინაო ფონდის ბინების კატეგორიას, კერძოდ ქობულეთის ... ბინას, შესაბამისად მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. აქედან გამომდინარე მითითებული რეგისტრაციები ვერ აქცევს ბლოკს ისეთ სარეგისტრაციო ბლოკად, სადაც მიწის ნაკვეთები განკერძოებულია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ძირითადი საკითხი, რომელიც ეხება სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობას. დადგენილია რომ 2008 წლის 16 მაისს სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო საკუთრების უფლების მოწმობა №..., რომელიც 2008 წლის 24 ნოემბრის №119 გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ ბათილად ცნობის საფუძველი გახდა თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობა, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობაც იმპერატიულად განსაზღვრავს. ამასთან, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, დაინტერესებული პირის მოთხოვნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როცა საკუთრების აღიარების კომისიამ საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მოსარჩელე მხარეს არ უქმნიდა უკეთეს პირობებს, ვინაიდან თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა დგინდებოდეს 2007 წლამდე. მოსარჩელეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, არ უდავია უფლებაზე, შესაბამისად, დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ, სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, უსაფუძვლოდ გააუქმა სააგენტოს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის არასწორი გამოყენებით საქმე უკან დააბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება უკვე დადგენილი იყო. აღნიშნულით, მოსარჩელეს შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური, თუმცა არარეალიზებადი მოლოდინი, რაც ეწინააღმდეგება ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპს და გადაწყვეტილების აღსრულებადობის მოთხოვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ქ. ქობულეთში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 1893 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ ზ. კ-ეს უარი უთხრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანების პირველი მუხლის ჰ10 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოხვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მთლიანად), სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ დასაბუთებით, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სააგენტოს დადგენილ ვადაში არ წარედგინა. შესაბამისად, სააგენტოსთვის სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან პასუხის გაუცემლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად იქნა მიჩნეული.
საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა, პოზიციის დაფიქსირების მიზნით, არაერთხელ მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს №... (24.01.2023წ.), №... (30.01.2023წ.), №... (24.05.2023წ.), №... (15.06.2023წ.) და №... (03.07.2023წ.) წერილებით, რადგანაც იმ სარეგისტრაციო ბლოკში, რომელშიც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ ნაკვეთები არ განკერძოებულა სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378-ე მუხლის მე-5-6 პუნქტებით განსაზღვრული წესის თანახმად, წერილებით მოთხოვნილ იქნა პოზიციის დაფიქსირება, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაკორექტირების შესახებ, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან და მისგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან ყველა პასუხის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის/უფლებამოსილი პირისთვის მოთხოვნის ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტო განმეორებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს/უფლებამოსილ პირს შესაბამისი დოკუმენტის/ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით. განმეორებით გაგზავნილი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტო 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს წესი არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ორგანოსთვის მიმართვაზე.
ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (უფლებამოსილი პირის) მიერ წერილის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო განმეორებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს (უფლებამოსილ პირს) შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოთხოვნით. განმეორებით გაგზავნილი წერილის ადრესატისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დადგენილია, რომ აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლის 01 მაისის №01-01-10/2224 გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა (პირობითი თანხმობა) ზ. კ-ეის სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით და სამინისტროს 2023 წლის 18 მაისის N01-01-10/2567 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კვლავ ეცნობა, რომ ზ. კ-ეის N... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, სააგენტოს საკითხი უნდა განეხილა სამინისტროს 2023 წლის 01 მაისის N01-01-10/2224 კორესპოდენციასთან ერთად. აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-01-10/3775 (13.07.2023წ.) წერილით კი სააგენტოს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთებზე ზედდების მოხსნის საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას და ვინაიდან მსგავსი შინაარსის წერილები წარდგენილი იყო დიდი რაოდენობით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის კი აუცილებელი იყო საქმისწარმოების ვადის გაგრძელება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობებოდა დამატებით.
როგორც უკვე აღინიშნა, 2023 წლის 17 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. როგორც თავად გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, უარის ერთადერთი საფუძველი სწორედ ის გარემოება გახდა, რომ კანონით დადგენილ ვადაში სააგენტოდან გაგზავნილ წერილზე უფლებამოსილი პირის (აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) მიერ პასუხი არ გაცემულა, რაც ზ. კ-ეის მოთხოვნაზე აქტის გამოცემასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად ჩაითვალა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (სუსგ №ბს-1285-1229(2კ-09), 22.04.2010წ.).
სასამართლოს მიერ აქტის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული“ (სუსგ №ბს-210-209(კ-16), 12.04.2017წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოსგან კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ გაცემულა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია სარეგისტრაციო ბლოკთან დაკავშირებული საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე არაერთი მტკიცებულებით მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ ჯერ კიდევ 2008 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, ის დღემდე უწყვეტად მის სარგებლობაშია, მიწაზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და რომ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ნაკვეთები განკერძოებულია მართლზომიერი მფლობელობით და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქობულეთში, ...ს ქუჩის №...-ის მიმდებარედ, 1893 კვ.მ მიწის ზ. კ-ეის მიერ ფაქტობრივი ფლობა და მისი სარგებლობა, სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან სადავო არ არის. ეს ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედეგებით, თუმცა საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღნიშნული გარემოება არ შეფასებულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების, ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს- 463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს- 974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება სადავო გადაწყვეტილების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღება, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორი დამატებით ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ202238621)დაუბრუნდეს 30.12.2025წ. №65318 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა