გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-193(კ-25) 30 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები - რკ „...“ (მოსარჩელე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები - მ.თ-ე (ასკ-ის 16.1 მუხლით), შპს „ ...“ (ასკ-ის 16.2 მუხლით)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: რკ „...-ს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 31 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის „საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ ამავე მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანაზე, ამასთანავე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აკრძალვოდა მის საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვა.
სარჩელის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გ.ე-ის მიერ 2017 წლის 21 აპრილს მიღებული სადავო №345 ბრძანების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება. მანამდე მითითებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებოდა ქალაქ ..., რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ: 1998 წლის 2 სექტემბრის ქალაქ ბათუმის მერის №288 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც, ...ის გამგეობას დაევალა, ...ის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით აეღო ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე მდებარე, ...ის ბალანსზე არსებული, ...ის ..., ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელშიც ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონება ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს და მის მიმართ მერიას არანაირი ინტერესი არ გააჩნია.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ...ის გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა „...ის“ №6 ...ის ...ის - მ.თ-ის განცხადება პირდაპირი შესყიდვის წესით, 6 700 ლარად, ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქ. №.../...-ში მდებარე შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული №... ...ის მიყიდვის შესახებ. ...ის 2006 წლის 31 მარტის №4-ა დადგენილებით კი, დამტკიცდა ზემოაღნიშნული დადგენილება ...ის გაყიდვის შესახებ. მ.თ-ის მიერ სრულად იქნა გადახდილი უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა - 6 700 ლარი. აღსანიშნავია, რომ იგი 1998 წლიდან ამავე ...ში მუშაობდა, ...ის პოზიციაზე და იხდიდა ყოველთვიურად ქირის გადასახადს 140 ლარის ოდენობით, ...ის ...ში, ვიდრე თავად არ შეისყიდა ობიექტი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია ამ ქონებასთან დაკავშირებით, ვიდრე არ გამოიცა სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი ბრძანება ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო აქტის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში/...ის (...ის) ქ. №...-ში (დღევანდელი ...ის ქ. .../...ის ქ. №...) მდებარე ლიტ. „ბ“ (ფართობი - 42,09 კვ.მ) 1939 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ირიცხება ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე (აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ - მერია), თუმცა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასარკვევი იყო მითითებული დოკუმენტის ნამდვილობა, ასევე ის გარემოება 1939 წლის შემდგომ ფლობდა თუ არა მერია აღნიშნულ ფართს, ან საუბარია თუ არა ერთსა და იმავე ფართზე მაშინ, როდესაც სადავო ფართი 1969 წლიდან იყო ...ის ბალანსზე.
დასახელებული გარემოებები, მოსარჩელის მტკიცებით, მიუთითებდა იმაზე, რომ ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მიღებული იყო არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით, რკ „...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება კი საჩივრით გაასაჩივრა რკ „ ...მა“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით რკ „...ის“ საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და იგი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, რკ „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინება და რკ „...ის“ შუამდგომლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკმაყოფილდა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ.თ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით რკ „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.კ „...იმა“ და მ.თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მესამე პირის - მ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.თ-ემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. თავის მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით მ.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით რკ „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რკ „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ.თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ.თ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით კი, რკ „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელი იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების კანონიერება, თუმცა მის შეფასებამდე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებების დადგენას, თუ რა სტატუსის მატარებელი იყო რკ „...“ და სახელმწიფოს მიერ მის ბალანსზე გადაცემული ქონება მოიცავდა თუ არა იმ უძრავ ქონებას, რომლის რეგისტრაციაც სადავო აქტით 2017 წელს განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე. სწორედ მითითებული საკითხების დადგენას უკავშირდებოდა დავის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტა. ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით უნდა დადგენილიყო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერება.
საკასაციო პალატის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ვერ გამორიცხა „...ის“ არსებობა, რომელსაც 1969 წლიდან ბალანსზე ჰქონდა სადავო ... სააპელაციო პალატამ, ასევე, ვერ გამორიცხა ის ფაქტი, რომ „...მა“ კანონით დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ...ის .... საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ, ზედაპირულად, მოცემული გარემოებების გამოუკვლევლად მიიღო გადაწყვეტილება. მართალია, იგი დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებულ გარემოებებს, თუმცა მათში მოცემული მსჯელობებიც არ გამორიცხავს „...ს“ ბალანსზე, შემდგომში შპს „...ის“ ბალანსზე აღნიშნული ...ის არსებობას.
საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის გარდა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება - საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანაზე. სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელება კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს არ ჰყავდა სათანადო მოპასუხე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემსჯელა ამ ნაწილში საქმეში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათანადო მოპასუხედ ჩაბმის საჭიროებაზე. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა შპს „...ის“ აღნიშნულ სამართალწარმოებაში სავალდებულოდ მიწვევის აუცილებლობაზე, რადგან იგი ამ სამართალურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხედ ჩაერთო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ის“ სამართალმემკვიდრე - შპს „...“.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას, კერძოდ, 2024 წლის 2 დეკემბერს, რკ „...მა“ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ, მხარემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების საფუძველზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; 3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (მიწის დაზუსტებული ფართობი 58.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი: 41,60 კვ.მ, ს/კ...) არსებული სადავო უძრავი ქონება დაარეგისტრიროს მესამე პირის - მ.თ-ის საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლოში განსახილველ დავაზე გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე დაყრდნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2024 წლის 23 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რკ „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რკ „...ის“ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ (მიწის დაზუსტებული ფართობი 58.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი: 41,60 კვ.მ, ს/კ ...) არსებული სადავო უძრავი ქონების მესამე პირის - მ.თ-ის საკუთრებად დარეგისტრირების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულების ნაწილში, რკ „...ის“ დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის - „...ის“ ბათუმის სავაჭრო გაერთიანების ბალანსზე 1969 წლიდან ირიცხებოდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №...-ში/...-ში არსებული 58.04 კვ.მ №... ...ის შენობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლი (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს სათანადო ბეჭედი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 იანვრის №... წერილი (წერილით მოქალაქე მ.თ-ეს ეცნობა, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, ქონებაზე: მდებარე ...ის და ...ის ქუჩის №...-ში/...-ში, რომლის მესაკუთრეა შპს „...“, ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ არის რეგისტრირებული), რომელთა თანახმად, სადავო ქონება ირიცხებოდა რკ „...ის“ მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „...ის“ ბალანსზე, რომელიც შემდგომ ასევე განიკარგა მესამე პირზე - მ.თ-ზე. საქმეში, ასევე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ქალაქ ბათუმის მერიის 1998 წლის 2 სექტემბრის №288 გადაწყვეტილება, რომლითაც ...ის გამგეობას დაევალა 5 დღის ვადაში უზრუნველეყო ...ისა და ...ის კვეთაზე მდებარე ...ის ...ის აღება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქალაქ ბათუმის მერიამ აღნიშნული წერილით თავადვე დაადასტურა სადავო ქონების „...ის“ მიერ დაფუძნებული შპს-ს ბალანსზე არსებობის ფაქტი. ამრიგად, სააპელაციო პალატის განმარტებით, დასახელებული დოკუმენტები ცხადყოფდნენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გამორიცხული ვერ იქნა სადავო ქონების რკ „...ის“ მიერ დაფუძნებული შპს „...ის“ ბალანსზე არსებობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი, არ გაითვალისწინა ის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რაც საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის მხრიდან აქტის გამოცემას, ასევე, გამოიყენა კანონი, რომელიც მას არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო მოსარჩელეს სარჩელში და სააპელაციო სასამართლოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ აქვთ მითითებული აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები, იმ პირობებში, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებიდან უტყუარად დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №.../... ...ის ქ. №...(...)-ში, დღევანდელი ...ის ქ. №.../...ის ქ. №...-ში მდებარე ლიტ „ბ“, ფართობით 42.09 კვ.მ 1939 წლიდან ირიცხება ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად. ეს ფაქტობრივი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით და ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე მ.თ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმით, რასაც პროცესზე დაეთანხმა მოსარჩელეც - რკ „...“.
კასატორის მოსაზრებით, ასევე ვერ დგინდება რკ „...ის“ იურიდიული ინტერესი სადავო აქტის ბათილობის მიმართ, ვინაიდან არ დასტურდება ამ აქტით მასზე მიყენებული ზიანი, კერძოდ, სადავო ქონების განკარგვა ამ დავაში მყოფ მ.თ-ეზე განხორციელდა სხვა სუბიექტის - შპს „...ის“ მიერ, შესაბამისად, შპს „...ის“ 100%-იანი წილით დამფუძნებელ რკ „...ის“ ვერ ექნება გასხვისების პერიოდში სადავო აქტის ბათილობის მიმართ იურიდიული ინტერესი იქიდან გამომდინარე, რომ ის არის შპს „...ის“ წილის მფლობელი და არა სადავო ქონების განმკარგველი სუბიექტი, ამასთან საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელმა წილი შპს „...ში“ (დღეს მოქმედი შპს „ ...“) 2006 წელს დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ და დღეისათვის ის არანაირ სამართლებრივ კავშირში არ არის ქონების განმკარგავ შპს „...სთან“. აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულყოფილია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო პალატის მითითებების უგულებელყოფით მოხდა საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ საკუთარი ინიციატივით, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, არ გამოითხოვა და არ შეისწავლა სამეწარმეო რეესტრში დაცული მასალები, რომლებიც მოგვცემდა სრულყოფილ ინფორმაციას 1969 წლიდან ამ სახელწოდებით არსებული პირის შესახებ და დაადგენდა კავშირს მასა და მოგვიანებით შექმნილ და დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს - რკ „...ის“ შორის, გამოიკვლევდა მათ ბალანსზე, როგორც საკუთრებაში არსებულ, ისე ამ პირებს შორის (შპს „ ...“) სარგებლობით გადაცემულ ქონებებს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების დასაბუთებას აღიარებისა და სპორადული კანონმდებლობის გამოყენების ნაწილში, კასატორის მითითებით, ამ მხრივ, გაურკვეველია რა კავშირი აქვს მითითებულ ნორმატიულ აქტებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტთან, ანუ დავის საგანთან მაშინ, როდესაც მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი 2017 წლის 15 აპრილის მერის №345 ბრძანების გამოცემის კანონიერების საკითხი.
კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე ის, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობით რამდენად არის შესაძლებელი ქონების რკ „...ის“ სახელზე, როგორც კერძო სამართლის სუბიექტზე, აღრიცხვა მაშინ, როდესაც აღიარების კანონმდებლობის გარდამავალი დებულებების საფუძველზე 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ამავე საკასაციო საჩივრით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რამდენადაც იგი, თავისი შინაარსით, რთული კატეგორიის იშვიათი სამართლებრივი დავაა. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ქონებაზე დავა, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ეს უკანასკნელი 1998 წლიდან გეგმავს ამ ქონებიდან მიწის ნაკვეთის გათავისუფლების საფუძველზე გზის გაფართოება-რეაბილიტაციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
რკ „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა შპს „...ის“ №... ...ის ...ის - მ.თ-ის განცხადება პირდაპირი შესყიდვის წესით 6 700 ლარად, ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩის №...-ში/...-ში მდებარე შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული №... ...ის მიყიდვის შესახებ. რკ „...ის“ 2006 წლის 31 მარტის №4-ა დადგენილებით კი, დამტკიცდა რკ „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის დადგენილება შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული ...ის გაყიდვის შესახებ;
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წელს განსახილველ საქმეში მე-3 პირად ჩართულმა მ.თ-ემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №.../...-ში მდებარე №... ...ზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ფართის მის სახელზე დარეგისტრირება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის №3/ბ-5062012წ. გადაწყვეტილებით კი, დავა გადაწყდა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და სააგენტომ მ.თ-ეს მოსთხოვა სადავო ფართზე უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენა. საჯარო რეესტრმა წარდგენილი დოკუმენტები არ მიიჩნია უფლებადამდგენ დოკუმენტებად და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება;
მ.თ-ემ 2014 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება იმის თაობაზე, რომ 1969 წლიდან №... ... ირიცხებოდა „...ის“ ბალანსზე და მას შეძენილი ჰქონდა ეს ..., ასევე, მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული საქმის წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2016 წელს მ.თ-ემ კვლავ მიმართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით და მოითხოვა №... ... აღიარებული ყოფილიყო „...ის“ საკუთრებად, შესაბამისი ცვლილება განხორციელებულიყო ტექნიკური აღრიცხვის მასალებში და „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის სხდომის დადგენილება აღიარებულიყო რეგისტრაციის საფუძვლად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით კი, მ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი მოთხოვნის ნაწილში მ.თ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;
2017 წლის 21 აპრილს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №345 ბრძანება „ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, დასახელებული ბრძანების საფუძველზე 58 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მიეთითა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში/...ის (...ის) ქ. №...(...)-ში (დღევანდელი ...ის ქ. №.../...ის ქ. №...) მდებარე ლიტერი „ბ“ (ფართობი 42.09 კვ.მ) 1939 წლიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხულია ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე;
განსახილველი დავის ფარგლებში რკ „...ის“ მიერ სადავოდ არის გამხდარი ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ის/...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 58 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ამავე მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელე სადავო ბრძანების ბათილად ცნობას მიიჩნევს დარღვეული უფლების რეალიზაციის საშუალებად, რადგან, მისივე მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა გამოიწვევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების შესახებ ჩანაწერის გაუქმებას და მხარეს მიეცემა საშუალება მოიპოვოს უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ მოსაზრებას მოსარჩელე ამყარებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მანამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებოდა შპს „...“.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 იანვრის №... წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ქონება ირიცხებოდა რკ „...ის“ მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „...ის“ ბალანსზე, რომელიც შემდგომ ასევე განიკარგა მესამე პირზე - მ.თ-ეზე. საქმეში ასევე დაცულია რკ „...ის“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის და ამავე რკ-ის 2006 წლის 31 მარტის დადგენილებები, რომელშიც საუბარია შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული ...ის მ.თ-ეზე მიყიდვის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „...“ 1996 წლის 22 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში (რეგისტრაციის №01/04-52), რომლის დამფუძნებელი პარტნიორი 100 %-იანი წილით არის „...“, რომელმაც საკუთარი წილი 2006 წელს სრულად დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ (ტ. IV, ს.ფ.70-82), თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ წილი გასხვისებულია მესამე პირზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის კანონიერების შეფასებამდე, უნდა შემოწმდეს მოსარჩელე რკ „...ის“ იურიდიული ინტერესის არსებობა სადავო აქტის მიმართ იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონების განკარგვა, მისივე მითითებით, განხორციელდა სხვა სუბიექტის შპს „...ის“ და არა რკ „...ის“ მიერ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ს) იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამ ნორმათა ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ იურიდიული პირი დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობის მატარებელი სამართალსუბიექტია, რომელიც საკუთარი სახელით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში და უფლება-მოვალეობებს იძენს დამოუკიდებლად, მით უფრო საინტერესოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებრივი დამოუკიდებლობა (იხ. სუს-ს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1215-1140-2015 ). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ რკ „...“ შპს „...ის“ დამფუძნებელია, მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, რკ „...ის“ იურიდიული ინტერესი გააჩნია სადავო აქტის მიმართ და მიმდინარე სამართალწარმოებაში იგი მოსარჩელის სტატუსით უნდა სარგებლობდეს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, შპს „...“ წარმოადგენს სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მისი პარტნიორებისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი ქონებით აგებს პასუხს საკუთარი ვალდებულებებისათვის და შესაბამისად, პარტნიორისაგან დამოუკიდებლად აღიჭურვება საკუთარი უფლება-მოვალეობებით. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, რკ „...მა“ მოახდინა საკუთარი ქონების განკერძოება და ქონება გადასცა შპს „...ას“. ამ მოცემულობით, შპს „...“, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი, იქცა მისთვის გადაცემული ქონების მესაკუთრედ და ამ ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ სუბიექტად, რასაც ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მ.თ-ეს, სამომხმარებლო კოპერატივების კავშირი ,,...ის“ 2005 წლის 23 ივნისის დადგენილებით (ტ.1. ს.ფ.52-53), ,,...ის ღირებულების თანხის“ შეტანა დაევალა შპს „...ის“ სალაროში. ამავე საქმეში (ტ.2. ს.ფ. 35) წარმოდგენილია შპს „...ის“ დირექტორის 18.01.2006 წ. განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ № ... ირიცხება შპს-ს ბალანსზე და წარმოადგენს მისსავე საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს (სზაკ - 2.1.ვ.), რაც ნიშნავს იმას, რომ აქტის ბათილობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს დასაშვებობის წინაპირობებს. ასკ-ის 22.2 მუხლი ადგენს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მითითებული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დებულებები განასხვავებს სასამართლოს კომპეტენციას ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციისგან, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით და კანონით განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად - ვალდებულებით, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაინტერესებულ პირს არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი ან ასეთი პირის არსებობა საერთოდ არ იკვეთება საქმის გარემოებებით, მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ შეცილებითი სარჩელის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო კრიტერიუმი სადავო აქტით მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესისათვის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება ან მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვაა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციის მომწესრიგებელი ნორმები ემსახურება პირის პერსონალური, ინდივიდუალური, ნამდვილი უფლების დაცვას, და შესაბამისად, ისეთი სარჩელების გამორიცხვასა და აღკვეთას, როდესაც სახეზე არ არის მოსარჩელის მხრიდან „თავისი“ უფლების დაცვა. აღნიშნული შეზღუდვა ასევე გამომდინარეობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება იმ „დავების“ განხილვით, რომელშიც მოსარჩელე თავის ნამდვილ უფლებას იცავს და სასამართლოს როლს არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონიერების პრინციპის დაცვის აბსტრაქტული კონტროლი.
„დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-383-377(კს-15) განჩინება). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება). მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობა, არამედ ამ აქტით მისთვის, მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის, ზიანის მიყენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდგომ გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოებას წყვეტს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იმავე მუხლის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ქონება, რომელზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, გასხვისების მომენტში წარმოადგენდა - შპს „...ის“ საკუთრებას. შესაბამისად, არათუ დავის განხილვის ეტაპზე, არამედ ქონების გასხვისების პერიოდში შპს „...ის“ 100%-იანი წილის დამფუძნებელ რკ „...ის“ ვერ ექნებოდა სადავო აქტის ბათილობის მიმართ იურიდიული ინტერესი, რამეთუ ქონების შპს-ს საწესდებო კაპიტალში შეტანის შემდეგ, მან დაკარგა ქონებაზე საკუთრების უფლება და სადავო აქტის ბათილობის პირობებშიც ქონება ვერ დარეგისტრირდება მის სახელზე. ამავე სამართლებრივი ინტერესის ჭრილში საგულისხმოა ის გარემოება, რომ რკ „...მა“ შპს „...ში“ (დღეს მოქმედი შპს „...“) 100 % წილი დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ და ამ გზით, სამართლებრივი კავშირი სრულად შეწყვეტილი შპს „...სთან“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი მოსარჩელეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და არ ლახავს მის კანონიერ ინტერესს. მოსარჩელეს მითითებული სადავო აქტის მიმართ არ გააჩნია კანონიერი უფლება ან ინტერესი, რაც წარმოადგენს საქმის დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძველს.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ - დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში შუამდგომლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რკ „...ის“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე