დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.04.2026
საქმის ნომერი
ბს-2(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-2(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ჩ-ი

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ჩ-იმა 13.02.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „მიწის ნაკვეთზე თ.ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2023 წლის №3670 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №31-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 1431 კვ.მ.) აღიარებულ იქნება მოსარჩელე - თ.ჩ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2025 წლის გადაწყვეტილებით თ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე თ.ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2023 წლის №3670 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან დაკავშირებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2025 წლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2025 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2023 წლის №3670 განკარგულებით, თ.ჩ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №31-ის მიმდებარედ 1431 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო აქტით დასტურდება, რომ კომისიის უარი დაეფუძნა მცხეთის რაიონის .... მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმას, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიწათსარგებლობის გეგმიდან ამონაწერზე დატანილ შენიშვნაზე, რომლის თანახმად 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ასახავდა მიწათსარგებლობის გეგმის შედგენის პერიოდისათვის არსებულ სიტუაციას. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე საქმეში დაცულ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 04.09.2024 წლის წერილზე, რომლის თანახმად, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე (1427 კვ.მ.) ვრცელდებოდა ზოგადი სარეკრეაციო ზონა, ხოლო მცირე ნაწილზე (4 კვ.მ.) - სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ამასთან, სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) გავრცელების არეალში თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებული იყო სარეკრეაციო ზონა 3 (რზ 3).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხსენებული გარემოება არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია, უარი დააფუძნა იმ ფაქტს, რომ 1991 წლის მდგომარეობით მიწა საძოვარს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის (მოპასუხის) მითითება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების გამომრიცხველი გარემოების არსებობის შესახებ არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია. სადავო აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შესაბამისად, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილება არ მოიცავდა მიწის ნაკვეთის კატეგორიის თაობაზე ინფორმაციას. მიწის ნაკვეთის კატეგორია განსაზღვრული იყო მცხეთის რაიონის გლდანის მეცხოველეობის საზოგადო მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმით, რომელიც არ იყო ძალადაკარგულად გამოცხადებული. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდებოდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა საძოვრის სტატუსი, რაც კანონის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარებისათვის ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენდა.

კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 15.09.2020 წელს თ.ჩ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №31-ის მიმდებარედ (1431 კვ.მ.), უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.10.2020 წლის №... მიმართვით, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ქონების საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად გადაეგზავნა თ.ჩ-ის განცხადება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.11.2023 წლის №74 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 41-ე საკითხი), თ.ჩ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის ... მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. შესაბამისად, „საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.11.2023 წლის №74 სხდომის ოქმის საფუძველზე, კომისიამ, 14.12.2023 წლის №3670 განკარგულებით, თ.ჩ-ის უარი უთხრა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №31-ის მიმდებარედ 1431 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მე-2 მუხლის "გ" ქვ.პ.).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონის ... მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით სადავო ტერიტორია წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისიის გადაწყვეტილება. მართალია, 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის ნაკვეთს, თუმცა ამავდროულად საქმეში დაცულია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 04.09.2024 წლის წერილი, რომლის თანახმად, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე (1427 კვ.მ.) ვრცელდება ზოგადი სარეკრეაციო ზონა, ხოლო მცირე ნაწილზე (4 კვ.მ.) - სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ამასთან, სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) გავრცელების არეალში თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებულია სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3). საკასაციო პალატა მიუთითებს მიწათსარგებლობის გეგმიდან ამონაწერზე დატანილ შენიშვნაზე, რომლის თანახმად, 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმა ასახავს მიწათსარგებლობის გეგმის შედგენის პერიოდისთვის არსებულ სიტუაციას. ამდენად, ამჟამინდელი მდგომარეობით, სადავო მიწის ნაკვეთი სხვა ფუნქციური დანიშნულების მატარებელია, შესაბამისად, მითითება სადავო მიწის ნაკვეთის კატეგორიის გამო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ, ატარებს ფორმალურ ხასიათს.

ადმინისტრაციულმა ორგანომ გამომდინარე იქიდან, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მიიჩნია საძოვრად, არ შეისწავლა აგრეთვე განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი სხვა დოკუმენტაცია. საქმეში დაცულია ქ. თბილისში, ...ის ქ. №31-ის მიმდებარედ მცხოვრები მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თ.ჩ-ი 2000 წლიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ არსებული 1431 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს ადასტურებს ასევე საქმეში დაცული ორთოფოტო.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეისწავლა ზემოთ მოყვანილი საკითხები, რაც მოწმობს სადავო აქტების გამოცემას სზაკ-ის 53-ე, 96-97-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ამასთან, მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებით აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, აღნიშნული თავის მხრივ არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ 20.04.06წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.18წ. №ბს-368-368(კ-18); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18); 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18)). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ხელახლა ჩატარება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იმსჯელოს მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობაზე და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე