გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-682(2კ-24) 6 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №155/ო ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი; დ) დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დ. ჯ-ეის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში, ... სპეციალისტის პოზიციაზე აღდგენა; ე) დაეკისროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დ. ჯ-ეისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ. ჯ-ე დასაქმებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სპეციალისტის პოზიციაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის მიზნით, შეიქმნა კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში, მათ შორის, შედიოდა დ. ჯ-ე - სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სპეციალისტი, კომისიის წევრი (პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი). ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, დანართის სახით დამტკიცდა კომისიის საქმიანობის წესი; ბ) 2022 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის უფროსმა №2675-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ 2022 წლის 11 ივლისის N112/ო ბრძანებით, შპს ,,ს...აში“ მიმდინარეობს 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა. კომისიაში მონაწილეობას იღებენ სამინისტროს ...ის დეპარტამენტის თანამშრომლები და მათთვის კომპანიის შენობაში გამოყოფილია სამუშაო ოთახი სტაციონარული კომპიუტერებით, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით პერიოდულად ტარდება სამუშაო შეხვედრები (ონლაინ ან პირადი), როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე შიდა სათათბირო მიზნებისათვის. ...ის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ამ შეხვედრების მიმდინარეობის პროცესში, სხვა რაიმე სივრცე კომპანიის მიერ გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, ...ის დეპარტამენტის თანამშრომლები ამ პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ სამინისტროში, თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ამავე მოხსენებით ბარათში ...ის დეპარტამენტის უფროსმა მიუთითა, რომ მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს ...ის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამუშაო დროის შესაძლო გაცდენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეთხოვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თანამშრომელთა მიერ სავარაუდო გადაცდომის ფაქტების შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი დისციპლინარული კომისიის შექმნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 23 სექტემბრის №2675-01 მოხსენებით ბარათს თან დაერთო შპს ,,ს...ის“ დირექტორთან განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, სადაც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანებით მიმდინარე 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფისთვის, კერძოდ, სამინისტროს ...ის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კომპანიის შენობაში გამოყოფილი იქნა საკონფერენციო დარბაზი. კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, აღნიშნული დარბაზი პერიოდულად გამოიყენება სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად, როგორც კომპანიის შიდა სათათბირო მიზნებისთვის, ასევე კომპანიასთან მომუშავე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებისათვის (როგორც ონლაინ, ასევე პირადი). აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიზნისათვის (საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებისათვის) კომპანიამ გამოიყენა საკონფერენციო დარბაზი მიმდინარე წლის 22 და 28 ივლისს, 2, 9 და 11 აგვისტოს და 14 სექტემბერს. ამავე წერილში კომპანიის დირექტორმა მიუთითა, რომ სამინისტროს ...ის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რაიმე სხვა სივრცის გამოყოფის საშუალება კომპანიას არ გააჩნია; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით, დაწყებულ იქნა დისციპლინური წარმოება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიმართ და შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია; დ) 2022 წლის 3 ოქტომბერს შედგა ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №1 სხდომის ოქმში. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება წერილობით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით, ეცნობებინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირებისთვის მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე და მათთვის განესაზღვრა არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადა წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით. ამავე სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; ე) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2754-01 წერილით მიმართა დ. ჯ-ეს, აცნობა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების, მისი საფუძვლის თაობაზე და განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრისა, წერილობითი ახსნა-განმარტების და მტკიცებულებების წარმოსადგენად. აღნიშნული წერილის საფუძველზე, დ. ჯ-ემ 2022 წლის 7 ოქტომბერს №2834-01 წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს. ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ 2022 წლის 22 და 28 ივლისს, ასევე, 9 აგვისტოს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად როგორც სავალდებულოა გამოცხადდა კომპანიაში დილით და იმუშავა 11 საათამდე, რის შემდგომაც დატოვა საკონფერენციო დარბაზი, ვინაიდან 11 საათისთვის დაგეგმილი იყო საკონფერენციო დარბაზის გამოყენება სხვა მიზნებისთვის და მცირე დროით გადაინაცვლა იმ დეპარტამენტის კუთვნილ ოთახში, რომლის შემოწმებასაც ატარებდა. დ. ჯ-ე ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საკონფერენციო დარბაზი თავისუფლდებოდა ვადაზე ადრე და თუ ეს შესაძლებელი იყო, იგი უბრუნდებოდა სამუშაო ადგილს ან ამთავრებდა სამუშაოს, თუმცა სამუშაოს დამთავრების ზუსტ დროს ვერ ასახელებს იმ მიზეზით, რომ გასულია თითქმის სამ თვეზე მეტი. ამასთან, მისივე განმარტებით, მას დეპარტამენტის უფროსისგან სიტყვიერად ჰქონდა მიღებული უფლება სამუშაოს შესრულების თავისუფალი გრაფიკის შესახებ, ოღონდ სამუშაო უნდა შესრულებულიყო დათქმულ ვადებში. 2022 წლის 2 აგვისტოსთან დაკავშირებით, დ. ჯ-ე აღნიშნავს, რომ ამ დღეს იგი, ჩვეულებისამებრ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად წავიდა შპს ,,ს...ში“ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა დროსაც გაახსენდა, რომ საკონფერენციო დარბაზი იმ დღეს დაკავებული იყო, რის გამოც მოუწია უკან დაბრუნება და სამინისტროში გამოცხადდა 09:49 საათზე, სადაც იმყოფებოდა 15:46 საათამდე, რის შემდგომაც დაბრუნდა კომპანიაში, ვინაიდან დარჩენილი ჰქონდა გარკვეული მცირე სახის ინფორმაციის მიღება. ასევე, 2022 წლის 11 აგვისტოსთან დაკავშირებით, დ. ჯ-ე აღნიშნავს, რომ დილით იგი გამოცხადდა ...ის კომპანიაში, იმუშავა გარკვეული დრო და დაბრუნდა სამინისტროში 10:29 საათზე, სადაც იმყოფებოდა 16:24 საათამდე. ამასთან, 2022 წლის 14 სექტემბერთან დაკავშირებით, დ. ჯ-ე აღნიშნავს, რომ ამ დღეს იგი 09:39 საათზე გამოცხადდა სამინისტროში, სადაც იმყოფებოდა 12:51 საათამდე, შეასრულა გარკვეული საქმიანობა და დაბრუნდა ...ის კომპანიაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, სადაც იმყოფებოდა 15:00 საათამდე; ვ) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2762-01 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება ...ის დეპარტამენტის ... სპეციალისტის დ. ჯ-ეის შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ 2022 წლის 22 და 28 ივლისს, 2, 9 და 11 აგვისტოსა და 14 სექტემბერს სამუშაო ადგილზე ყოფნის თაობაზე (ინფორმაცია პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ). აგრეთვე, ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია აღნიშნულ თარიღებში მითითებული პირის მიერ შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან დამატებითი დასვენების დღით (day off) სარგებლობის თაობაზე ან ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №47/ო ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს შინაგანაწესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადებისა და სამსახურის გაცდენის დროს შეტყობინების წესის გათვალისწინებით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გაკეთებული შეტყობინება (ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების/ზარის მეშვეობით). ასევე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის თაობაზე ან/და შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ; ზ) აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2022 წლის 7 ოქტომბრის №2835-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, დანართის სახით გადაუგზავნა დ. ჯ-ეის დასწრების შესახებ ინფორმაცია (პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია) და აცნობა, რომ მითითებულ პერიოდში იგი ანაზღაურებად შვებულებაში, სამსახურებრივ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე არ იმყოფებოდა. ამასთან, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №47/ო ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს შინაგანაწესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადებისა და სამსახურის გაცდენის დროს შეტყობინების წესის გათვალისწინებით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გაკეთებული შეტყობინება (ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების/ზარის მეშვეობით) დ. ჯ-ეის მხრიდან არ განხორციელებულა, იგი არ სარგებლობს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათებით; თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 7 ოქტომბრის №2835-01 მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაციის (პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია) თანახმად, დ. ჯ-ეს 2022 წლის 22 ივლისს, 28 ივლისს და 9 აგვისტოს არ უფიქსირდება სამსახურში გამოცხადება. ასევე, მითითებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 2 აგვისტოს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 09:49 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 05:24 საათი - ადრე გასვლა. ამასთან, 2022 წლის 11 აგვისტოს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 10:29 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 05:26 საათი - ადრე გასვლა. ასევე, 2022 წლის 14 სექტემბერს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 09:39 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 03:02 საათი - ადრე გასვლა; ი) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2760-01 წერილით მიმართა შპს ,,ს...ის“ დირექტორს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება ...ის დეპარტამენტის ... სპეციალისტის დ. ჯ-ეის შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ 2022 წლის 22 და 28 ივლისს, 2, 9 და 11 აგვისტოსა და 14 სექტემბერს შპს ,,ს...აში“ შესვლის/გასვლის თაობაზე, მათ შორის, კამერის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნულ თარიღებში რა ხანგრძლივობით იყო დაკავებული კომპანიის შენობაში არსებული საკონფერენციო დარბაზი, რომელიც თავის მხრივ კომპანიის მიერ გამოყოფილი იქნა მითითებული პირისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე განსახორციელებელი საქმიანობისთვის. ასევე, მიაწოდა თუ არა კომპანიამ აღნიშნულ პირს წინასწარ ინფორმაცია მითითებულ თარიღებში, შესაბამისი ხანგრძლივობით საკონფერენციო დარბაზის დაკავების თაობაზე; კ) აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ს...ის“ დირექტორმა 2022 წლის 6 ოქტომბერს, №2082-04 წერილით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა კომისიის წევრების შესვლა/გასვლის მონიტორინგი, რადგან იმ საოფისე შენობაში, სადაც კომპანია ქირაობს ფართს, შენობაში დამონტაჟებულ კამერებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი კვირის პერიოდის ჩანაწერების შენახვის შესაძლებლობა. ასევე, სამინისტროს აუდიტის შესაბამის თანამშრომლებზე არ გაცემულა კომპანიაში შემოსასვლელად დასარეგისტრირებელი ბარათები, ვინაიდან ეს კომპანიის ოფისში თავისუფლად შესვლა/გასვლისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამავე წერილში მიეთითა, რომ საკონფერენციო დარბაზი აღნიშნულ თარიღებში დაკავებული იყო შემდეგი ხანგრძლივობით: 22 ივლისი, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 28 ივლისი, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 2 აგვისტო, 13:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 9 აგვისტო, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 11 აგვისტო, 15:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 14 სექტემბერი, 15:00 - სამუშაო დღის ბოლომდე. წერილში ასევე აღინიშნა, რომ კომპანიამ კომისიის წევრებს დარბაზის დაკავების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა; ლ) 2022 წლის 12 ოქტომბერს შედგა ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №2 სხდომის ოქმში. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვისა და კონკრეტული პირებისთვის დამაზუსტებელი კითხვებით მიმართვის თაობაზე. კერძოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დ. ჯ-ეისგან გამოეთხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის პერიოდში უშუალო ხელმძღვანელთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების თაობაზე, კერძოდ, როდის და რა ფორმატით განხორციელდა შეთანხმება. ასევე, ვინ ესწრებოდა აღნიშნულს და რა პირობები იქნა შეთანხმებული. ამასთან, კომისიამ გადაწყვიტა დამატებითი ინფორმაცია გამოეთხოვა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის უფროსისგანაც. კერძოდ, ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის ფარგლებში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა რაიმე დოკუმენტი (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა), რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ძირითადი სამუშაო ადგილი მის მიერ შესწავლის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. ასევე, ინფორმაცია აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებების პერიოდში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების/შეუთანხმებლობის თაობაზე (მათ შორის, როდის, რა ფორმატით, რა პირობებით განხორციელდა შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); მ) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 12 ოქტომბერს №2888-01 წერილით მიმართა დ. ჯ-ეს და მოითხოვა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის პერიოდში უშუალო ხელმძღვანელთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების თაობაზე. კერძოდ, როდის და რა ფორმატით განხორციელდა შეთანხმება, ასევე, ვინ ესწრებოდა აღნიშნულს და რა პირობები იქნა შეთანხმებული. აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად დ. ჯ-ეს განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 17 ოქტომბრისა; ნ) აღნიშნული წერილის საფუძველზე, დ. ჯ-ემ 2022 წლის 13 ოქტომბერს №2905-01 წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანებით განსაზღვრულ სამუშაოს იგი ახორციელებდა ს...აში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სადაც გამოყოფილი ჰქონდა სამუშაო ფართი. აღნიშნულ მისამართზე იგი ცხადდებოდა სამუშაო საათების დაწყებისას და სამუშაო ადგილს ტოვებდა სამუშაო საათების დასრულებისას. იყო გამონაკლისი დღეები, როდესაც შესამოწმებელი ორგანიზაცია გამოყოფილ ფართს მას ატოვებინებდა ვიდეო კონფერენციების გამართვის დროს და უწევდა სამუშაოს შეწყვეტა, დოკუმენტაციის წამოღება და სახლში მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან კომისიას განსაზღვრული ჰქონდა სამუშაოს შესრულების ვადა. დ. ჯ-ეის განმარტებით, სამუშაო კომისიის შექმნის შესახებ მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანებაში კონკრეტულად არ არის მითითებული კომისიის სამუშაოს შესრულების ადგილი, მაგრამ ის, რომ კომისია თავის სამუშაოს ასრულებდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, დასტურდება დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 23 სექტემბრის №2675-01 მოხსენებითი ბარათით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ კომისია თავის სამუშაოს ასრულებდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. უშუალო ხელმძღვანელთან თავისუფალი რეჟიმის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დ. ჯ-ე აღნიშნავს, რომ თავისუფალ გრაფიკში მან იგულისხმა ის გარემოებები, რომ სამუშაოს ასრულებდა როგორც მუდმივ სამუშაო ადგილზე, ასევე კომპანიაში გამოყოფილ ოთახში და თუ ამას საჭიროება მოითხოვდა, სახლის პირობებში, ონლაინ რეჟიმში. ამასთან, დ. ჯ-ემ წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ შპს ,,ს...აში“ კომისიის მუშაობის დაწყებამდე ალბათ 10-15 დღით ადრე მას ჰქონდა შეხვედრა ...ის დეპარტამენტის უფროსთან, პირადი საკითხების გარკვევის მიზნით, ვინაიდან გასულ წელს იგი არადამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული. დ. ჯ-ეის განმარტებით, საუბრის დროს მან დაუსვა კითხვა დეპარტამენტის უფროსს თუ როგორ უნდა ემუშავა კომპანიის შემოწმების ჩატარების დროს, სამინისტროს შენობაში თუ კომპანიის შენობაში და სამუშაოს შესრულების შემდგომ უნდა დაბრუნებულიყო თუ არა მუდმივ სამუშაო ადგილზე, რაზეც დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, რომ შეეძლო ემუშავა სამინისტროს შენობაში, კომპანიის შენობაში და თუ ეს საჭირო გახდებოდა სახლის პირობებშიც, ონლაინ რეჟიმში, ოღონდ სამუშაოს შესრულების ხარისხი უნდა ყოფილიყო მაღალი და ასეთ რეჟიმს სამუშაოს ხარისხსა და ვადებზე არ უნდა ემოქმედა. ამასთან, დ. ჯ-ე აღნიშნავს, რომ მითითებულ საუბარს არავინ არ ესწრებოდა და ეს იყო პირადი შეთანხმება; ო) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 12 ოქტომბერს №2891-01 წერილით მიმართა ...ის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის ფარგლებში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა რაიმე დოკუმენტი (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა), რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ძირითადი სამუშაო ადგილი მის მიერ შესწავლის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. ასევე, ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებების პერიოდში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების/შეუთანხმებლობის თაობაზე (მათ შორის, როდის, რა ფორმატით, რა პირობებით განხორციელდა შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ...ის დეპარტამენტის უფროსს განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 17 ოქტომბრისა; პ) აღნიშნული წერილის საფუძველზე, ...ის დეპარტამენტის უფროსმა 2022 წლის 13 ოქტომბერს №2902-01 სამსახურებრივი ბარათით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს, დანართის სახით გადაუგზავნა შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების სამოქმედო გეგმა და აცნობა, რომ აღნიშნული შემოწმების ფარგლებში, მის მიერ ...ს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ძირითადი სამუშაო ადგილის განსაზღვრის და ,,თავისუფალი სამუშაო რეჟიმის“ შესახებ წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმება არ მომხდარა; ჟ) ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი იქნა დასკვნა. დასკვნის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტისთვის - დ. ჯ-ეისთვის, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენდა - გაფრთხილება; რ) აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს მიღებული იქნა №155/ო ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტს - დ. ჯ-ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება; ს) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად; ტ) აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, კერძოდ, შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. ამასთან, მითითებული წესის მე-11 მუხლი ადგენს, რომ შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: დონე 4 - საუკეთესო შეფასება, მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 3.5 - 4.0; დონე 3 - კარგი შეფასება, მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 2.5 - 3.4; დონე 2 - დამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 1.5 - 2.4; დონე - 1, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 1.0 - 1.4; უ) აღნიშნული დანართი N1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, შესაძლებლობა აქვს სისტემურად, eHRMS სისტემაში დააფიქსიროს ,,გასაჩივრება“ შესაბამის ღილაკზე დაჭერით. გასაჩივრების პროცესის eHRMS სისტემის გარეთ გასაგრძელებლად, eHRMS სისტემაში ,,გასაჩივრების“ ღილაკის დაჭერის დღესვე, მოხელემ წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიას და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება ტარდება არსებული პროცედურის დაცვით, კომისიის ჩართულობით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს კომისია; ფ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 22 ნოემბრის №173/ო ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შეიქმნა საპრეტენზიო კომისია; ქ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე 2022 წელს შეფასებული იქნა 1 ქულით, არადამაკმაყოფილებელი შეფასება; ღ) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის 2022 წლის წლიური გეგმით განსაზღვრული შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის საბოლოო (25.10.2022წ. მდგომარეობით) შეფასება. შეფასებაში კომპანიის სტრატეგიულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ანგარიშის ტექსტი მთლიანად გადმოტანილია კომპანიის 2020-2025 წლების სტრატეგიის მიზნებიდან, ამოცანებიდან და გასატარებელი ღონისძიებებიდან, კომპანიის 2020-2021 წლების წლიური ანგარიშებიდან, №39 დანართიდან, რომელიც შედგენილია შემმოწმებლის მხრიდან დასმულ კითხვებზე დეპარტამენტის მიერ გაცემული პასუხებიდან. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, მოსაზრება და გაცემული რეკომენდაცია არარელევანტურია. ამავე შეფასებაში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების, პროექტების მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიშებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ანგარიშის ტექსტი გადმოტანილია გერმანიისა და საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით შედგენილი 2020-2021 წლების ,,სკოპინგების“ ანგარიშებიდან, რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული კომპონენტები და გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებები, ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად და სხვა შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად ასევე, გათვალისწინებულია სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ინვესტიციები. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, მოსაზრება და გაცემული რეკომენდაცია არარელევანტურია. ამასთან, აღნიშნულ შეფასებაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ზედამხედველობასა და კოორდინაციასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ წარმოდგენილი საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად. სამუშაო დოკუმენტები არ მოიცავენ მაღალი ხარისხის ინფორმაციას და მტკიცებულებებს, რაც უზრუნველყოფს მათ სანდოობას. არ არის დაცული შემოწმებით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს დაგეგმილი შემოწმებების და ანალიტიკური პროცედურების განხორციელებას, ინფორმაციის იდენტიფიკაციას, შეგროვებას, ანალიზს და შეფასებას. ამავე შეფასების ფორმაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ანგარიში წარმოდგენილია 25.10.2022 წელს. როგორც კომპანიის 16.11.22 წლის წერილობითი შეტყობინებით ირკვევა, კომპანია არ ეთანხმება ანგარიშში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, მოსაზრებებს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს და წარმოდგენილი აქვთ ბევრად მყარი არგუმენტირებული შეპასუხება. აღნიშნული შეფასების ფორმა ხელმოწერილია აუდიტის სუბიექტის კომპეტენტური თანამშრომლის - თ. კ-ის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - კ. დ-ას მიერ, 2022 წლის 22 ნოემბერს. ამასთან, შეფასების თითოეულ კომპონენტში შემფასებლების მიერ დ. ჯ-ეის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებულია 1 ქულით. შესაბამისად, მისი საბოლოო შეფასება განსაზღვრულია 1 ქულით; ყ) 2022 წლის 25 ნოემბერს, დ. ჯ-ემ №3378-01 განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ იგი არ ეთანხმება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, მისი, როგორც საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა დოკუმენტური მასალის (შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდის, გასაუბრების წესის, შეფასების ქულების მინიჭების და საბოლოო შედეგების გამოთვლის) შეფასებისა და გასაუბრების განმეორებით ჩატარება; შ) 2022 წლის 1 დეკემბერს, დ. ჯ-ემ №3465-01 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს და მიუთითა შეფასებასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიის ძირითადი არგუმენტების თაობაზე. კერძოდ, დ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ იგი 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით მონაწილეობას იღებდა ...ში აუდიტორული ანგარიშის დოკუმენტის მომზადებაში, რაც საბოლოოდ დადასტურდა ...ს დეპარტამენტის უფროსის მიერ, იმ კორექტირებული ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების საბოლოო აუდიტორულ ანგარიშში ასახვაში და დოკუმენტზე ხელმოწერით, რომელიც წარდგენილი იქნა მინისტრთან, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს აუდიტორული დასკვნის სრულყოფილებას. დ. ჯ-ემ ასევე მიუთითა, რომ შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც კომპანიის საქმიანობის კომისიური წესით შემოწმება, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია და შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ცვლილებები კომისიის მუშაობაში, ხოლო კომისიის დასრულებამდე მის მიერ შესწავლილი საკითხები უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამაკმაყოფილებელი. ამავე წერილში დ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ შეფასებაზე ხელს აწერს თ. კ-ი, რომელსაც არ ჰქონდა მისი შეფასების უფლება, ვინაიდან იგი არ არის სერტიფიცირებული აუდიტორი, ის არის აუდიტის თანამშრომელი და მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ...ის შემოწმებაში, იგი ასევე მონაწილეობს შპს ,,ს...ის“ შემოწმებაში. ამ ნაწილში დ. ჯ-ემ მიუთითა ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების 4.1 პუნქტის დებულებებზე; ჩ) 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №8 ოქმში. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისიამ არ გაიზიარა მოხელის პრეტენზია 2022 წლის შეფასებაში სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების გათვალისწინების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების პროცესში განხორციელებული ღონისძიებების უმეტესი ნაწილი საფუძვლად დაედო მოხელის 2021 წლის შეფასებას. ამავე ოქმში, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული 2022 წლის 16 ნოემბერს ...ს დეპარტამენტის უფროსისათვის შესამოწმებელი ობიექტის - შპს ,,ს...ის“ მიერ წარდგენილი პოზიცია დ. ჯ-ეის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, ვინაიდან მიუხედავად შესამოწმებელი ობიექტის პოზიციისა, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება ეფუძნება მოხელის მიერ მომზადებული ანგარიშის შინაარსს. კომისიამ მიიჩნია, რომ მოხელის მიერ უშუალო ხელმძღვანელისთვის შესამოწმებელი ობიექტის პოზიციის წარდგენა/წარუდგენლობა, ხელმძღვანელის მხრიდან უშუალოდ ანგარიშის შეფასებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ არ გაითვალისწინა დ. ჯ-ეის პოზიცია და მისი საბოლოო შეფასება დატოვა უცვლელად - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება); ც) 2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ №3645-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ 2021 და 2022 წლებში შესრულებული სამუშაო დეპარტამენტის უფროსის მიერ შეფასებული იქნა ,,არადამაკმაყოფილებლად“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელი - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დ. ჯ-ე ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას შეფასების შედეგის გამოვლენის დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან; ძ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2022 წლის 16 დეკემბრიდან; წ) საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის უფროსის მიერ 2021 წლის 11 თებერვალს დამტკიცებული ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ,,საქართველოს ...ის“ 2019-2021 წლების აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, მასში განხორციელებული ცვლილებით და მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ ...ს დეპარტამენტმა 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით პერიოდში სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩაატარა აუდიტორული შემოწმება. დამტკიცებული წლიური გეგმით აუდიტორული შემოწმების დასრულება დაგეგმილი იყო 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა შემოწმება გადავადდა 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. ამასთან, გეგმის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში შემოწმების განხორციელება ორი საკითხის ნაწილში დავალებული ჰქონდა დ. ჯ-ეს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, 86-ე, 88-ე, 89-ე, 90-ე და 91-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დ. ჯ-ე დასაქმებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის პოზიციაზე და შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. 2022 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის უფროსმა №2675-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანებით, შპს ,,ს...აში“ მიმდინარეობს 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა. კომისიაში მონაწილეობას იღებენ სამინისტროს ...ს დეპარტამენტის თანამშრომლები და მათთვის კომპანიის შენობაში გამოყოფილია სამუშაო ოთახი სტაციონარული კომპიუტერებით, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით პერიოდულად ტარდება სამუშაო შეხვედრები (ონლაინ ან პირადი), როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე შიდა სათათბირო მიზნებისათვის. ...ს დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ამ შეხვედრების მიმდინარეობის პროცესში, სხვა რაიმე სივრცე კომპანიის მიერ გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, ...ს დეპარტამენტის თანამშრომლები ამ პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ სამინისტროში, თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ამავე მოხსენებით ბარათში ...ს დეპარტამენტის უფროსმა მიუთითა, რომ მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს ...ს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამუშაო დროის შესაძლო გაცდენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეთხოვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თანამშრომელთა მიერ სავარაუდო გადაცდომის ფაქტების შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი დისციპლინარული კომისიის შექმნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით, დაწყებულ იქნა დისციპლინური წარმოება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიმართ და შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 3 ოქტომბერს შედგა ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №1 სხდომის ოქმში. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წერილობით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით, ეცნობებინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირებისთვის მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე და მათთვის განესაზღვრა არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადა წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით.
ამავე სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2754-01 წერილით მიმართა დ. ჯ-ეს, აცნობა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების, მისი საფუძვლის თაობაზე და განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრისა, წერილობითი ახსნა-განმარტების და მტკიცებულებების წარმოსადგენად. აღნიშნული წერილის საფუძველზე, დ. ჯ-ემ 2022 წლის 7 ოქტომბერს №2834-01 წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს. ასევე, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2762-01 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის დ. ჯ-ეის შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ 2022 წლის 22 და 28 ივლისს, 2, 9 და 11 აგვისტოსა და 14 სექტემბერს სამუშაო ადგილზე ყოფნის თაობაზე (ინფორმაცია პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ). აგრეთვე, ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია აღნიშნულ თარიღებში მითითებული პირის მიერ შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან დამატებითი დასვენების დღით (day off) სარგებლობის თაობაზე ან ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის N47/ო ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს შინაგანაწესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადებისა და სამსახურის გაცდენის დროს შეტყობინების წესის გათვალისწინებით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გაკეთებული შეტყობინება (ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების/ზარის მეშვეობით). ასევე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის თაობაზე ან/და შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2022 წლის 7 ოქტომბრის №2835-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, დანართის სახით გადაუგზავნა დ. ჯ-ეის დასწრების შესახებ ინფორმაცია (პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია) და აცნობა, რომ მითითებულ პერიოდში იგი ანაზღაურებად შვებულებაში, სამსახურებრივ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე არ იმყოფებოდა. ამასთან, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №47/ო ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს შინაგანაწესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადებისა და სამსახურის გაცდენის დროს შეტყობინების წესის გათვალისწინებით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გაკეთებული შეტყობინება (ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების/ზარის მეშვეობით) დ. ჯ-ეის მხრიდან არ განხორციელებულა, იგი არ სარგებლობს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 7 ოქტომბრის №2835-01 მოხსენებით ბარათზე თანდართული ინფორმაციის (პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია) თანახმად, დ. ჯ-ეს 2022 წლის 22 ივლისს, 28 ივლისს და 9 აგვისტოს არ უფიქსირდება სამსახურში გამოცხადება. ასევე, მითითებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 2 აგვისტოს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 09:49 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 05:24 საათი - ადრე გასვლა. ამასთან, 2022 წლის 11 აგვისტოს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 10:29 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 05:26 საათი - ადრე გასვლა. ასევე, 2022 წლის 14 სექტემბერს დ. ჯ-ე სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, 09:39 საათზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა - 03:02 საათი - ადრე გასვლა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 3 ოქტომბერს №2760-01 წერილით მიმართა შპს ,,ს...ის“ დირექტორს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის დ. ჯ-ეის შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული პირის მიერ 2022 წლის 22 და 28 ივლისს, 2, 9 და 11 აგვისტოსა და 14 სექტემბერს შპს ,,ს...აში“ შესვლის/გასვლის თაობაზე, მათ შორის, კამერის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნულ თარიღებში რა ხანგრძლივობით იყო დაკავებული კომპანიის შენობაში არსებული საკონფერენციო დარბაზი, რომელიც თავის მხრივ კომპანიის მიერ გამოყოფილი იქნა მითითებული პირისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე განსახორციელებელი საქმიანობისთვის. ასევე, მიაწოდა თუ არა კომპანიამ აღნიშნულ პირს წინასწარ ინფორმაცია მითითებულ თარიღებში, შესაბამისი ხანგრძლივობით საკონფერენციო დარბაზის დაკავების თაობაზე. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ს...ის“ დირექტორმა 2022 წლის 6 ოქტომბერს, №2082-04 წერილით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა კომისიის წევრების შესვლა/გასვლის მონიტორინგი, რადგან იმ საოფისე შენობაში, სადაც კომპანია ქირაობს ფართს, დამონტაჟებულ კამერებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი კვირის პერიოდის ჩანაწერების შენახვის შესაძლებლობა. ასევე, სამინისტროს აუდიტის შესაბამის თანამშრომლებზე არ გაცემულა კომპანიაში შემოსასვლელად დასარეგისტრირებელი ბარათები, ვინაიდან ეს კომპანიის ოფისში თავისუფლად შესვლა/გასვლისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამავე წერილში მიეთითა, რომ საკონფერენციო დარბაზი აღნიშნულ თარიღებში დაკავებული იყო შემდეგი ხანგრძლივობით: 22 ივლისი, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 28 ივლისი, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 2 აგვისტო, 13:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 9 აგვისტო, 11:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 11 აგვისტო, 15:00 - სამუშაო დღის ბოლომდე; 14 სექტემბერი, 15:00 -სამუშაო დღის ბოლომდე. წერილში ასევე აღინიშნა, რომ კომპანიამ კომისიის წევრებს დარბაზის დაკავების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა. ამასთან, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 12 ოქტომბერს №2888-01 წერილით მიმართა დ. ჯ-ეს და მოითხოვა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის პერიოდში უშუალო ხელმძღვანელთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების თაობაზე. კერძოდ, როდის და რა ფორმატით განხორციელდა შეთანხმება, ასევე, ვინ ესწრებოდა აღნიშნულს და რა პირობები იქნა შეთანხმებული. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად დ. ჯ-ეს განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 17 ოქტომბრისა. აღნიშნული წერილის საფუძველზე, დ. ჯ-ემ 2022 წლის 13 ოქტომბერს №2905-01 წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მას შეეძლო ემუშავა სამინისტროს შენობაში, კომპანიის შენობაში და თუ ეს საჭირო გახდებოდა სახლის პირობებშიც, ონლაინ რეჟიმში, ოღონდ სამუშაოს შესრულების ხარისხი უნდა ყოფილიყო მაღალი და ასეთ რეჟიმს სამუშაოს ხარისხსა და ვადებზე არ უნდა ემოქმედა. მითითებულ საუბარს არავინ არ ესწრებოდა და ეს იყო პირადი შეთანხმება. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის 12 ოქტომბერს №2891-01 წერილით მიმართა ...ს დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის ფარგლებში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა რაიმე დოკუმენტი (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა), რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ძირითადი სამუშაო ადგილი მის მიერ შესწავლის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. ასევე, ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებების პერიოდში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირთან თავისუფალი სამუშაო რეჟიმის შეთანხმების/შეუთანხმებლობის თაობაზე (მათ შორის, როდის, რა ფორმატით, რა პირობებით განხორციელდა შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ...ს დეპარტამენტის უფროსს განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 17 ოქტომბრისა. დასახელებული წერილის საფუძველზე, ...ს დეპარტამენტის უფროსმა 2022 წლის 13 ოქტომბერს №2902-01 სამსახურებრივი ბარათით მიმართა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარეს, დანართის სახით გადაუგზავნა შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების სამოქმედო გეგმა და აცნობა, რომ აღნიშნული შემოწმების ფარგლებში, მის მიერ ...ს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ძირითადი სამუშაო ადგილის განსაზღვრის და ,,თავისუფალი სამუშაო რეჟიმის“ შესახებ წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმება არ მომხდარა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე და 94-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი იქნა დასკვნა. დასკვნის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტისთვის - დ. ჯ-ეისთვის, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენდა - გაფრთხილება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა №155/ო ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტს - დ. ჯ-ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე პირველი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №155/ო ბრძანების კანონიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ პუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №155/ო ბრძანების თანახმად, მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა დ. ჯ-ეის მიერ სამუშაო საათების გაცდენის ფაქტი. კერძოდ, კონკრეტულ დღეებში სამსახურში გამოუცხადებლობა ან დაგვიანება/ადრე გასვლის ფაქტები. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას ...ს დეპარტამენტის უფროსთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება მუშაობის თავისუფალი რეჟიმის განსაზღვრის თაობაზე, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, არც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანება და არც ამ ბრძანებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესი არ შეიცავს მითითებას კომისიის ან მისი რომელიმე წევრის მიერ შემოწმების ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების მიზნით, მუდმივი სამუშაო ადგილისგან - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განსხვავებული სამუშაო ადგილის განსაზღვრის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, შპს ,,ს...აში“ კომისიის წევრებისთვის გამოყოფილი იყო საკონფერენციო დარბაზი, რომელიც კონკრეტულ თარიღებში, განსაზღვრული დროით იყო დაკავებული და ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ მიწოდებული. კერძოდ, დარბაზი 2022 წლის 22 ივლისს, 28 ივლისს და 9 აგვისტოს დაკავებული იყო 11:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, მითითებულ თარიღებში დ. ჯ-ე სამინისტროში, მის მუდმივ სამუშაო ადგილზე არ გამოცხადებულა. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 22 ივლისს, 28 ივლისს და 9 აგვისტოს იგი 11:00 საათამდე მუშაობდა საკონფერენციო დარბაზში, ხოლო შემდეგ მცირე დროით გადავიდა სხვა ოთახში სამუშაოდ, თუმცა საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ თარიღებში საკონფერენციო დარბაზი 11:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე იყო დაკავებული. ამ დროის მანძილზე კი უცნობია სად იმყოფებოდა დ. ჯ-ე. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, საკონფერენციო დარბაზი დაკავებული იყო 2022 წლის 2 აგვისტოს 13:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე. მითითებულ დღეს დ. ჯ-ე 09:49 საათზე, დაგვიანებით გამოცხადდა სამინისტროში და სამუშაო ადგილი დატოვა ადრე - 15:46 საათზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ დღეს იგი დილით წავიდა კომპანიაში, თუმცა გაახსენდა, რომ დარბაზი დაკავებული იყო და ამიტომ სამინისტროში გამოცხადდა დაგვიანებით, სადაც იმუშავა 15:46 საათამდე და შემდეგ წავიდა კომპანიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მითითებულ დღეს საკონფერენციო დარბაზი დაკავებული იყო 13:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე. შესაბამისად, სამინისტროდან გასვლის შემდეგ უცნობია სად იმყოფებოდა დ. ჯ-ე. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, საკონფერენციო დარბაზი დაკავებული იყო 2022 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე. პერსონალური ელექტრონული საშვის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიხედვით კი, მითითებულ დღეს დ. ჯ-ე სამინისტროში გამოცხადდა დაგვიანებით, 10:29 საათზე და სამუშაო ადგილი დატოვა 16:24 საათზე. მოსარჩელის განმარტებით, იგი დილით გამოცხადდა კომპანიაში და 10:29 საათზე მივიდა სამინისტროში, სადაც იმყოფებოდა 16:24 საათამდე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს სად იმყოფებოდა მითითებული დროის შემდეგ სამუშაო დღის დასრულებამდე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დროის ამ მონაკვეთში დაკავებული იყო საკონფერენციო დარბაზიც. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, საკონფერენციო დარბაზი დაკავებული იყო 2022 წლის 14 სექტემბერს 15:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე. მითითებულ დღეს დ. ჯ-ე სამინისტროში გამოცხადდა დაგვიანებით, 09:39 საათზე და სამუშაო ადგილი დატოვა 12:51 საათზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი წავიდა კომპანიაში, სადაც 15:00 საათამდე მუშაობდა, თუმცა უცნობია სად იმყოფებოდა დ. ჯ-ე აღნიშნული დროიდან სამუშაო დღის დასრულებამდე. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ არსებობს სამუშაო დროის გარკვეული მონაკვეთები, რომლის მანძილზეც დ. ჯ-ე არ იმყოფებოდა არც მის მუდმივ სამუშაო ადგილზე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და არც შპს ,,ს...აში“. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასახელებს სად იმყოფებოდა აღნიშნული დროის მონაკვეთებში.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, დ. ჯ-ეისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება წარმოადგენდა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომას. ამდენად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №155/ო ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობების“ მე-11, მე-13, მე-14 და მე-16 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი, დანართი N1-ის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართი N1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, კერძოდ, შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. ამასთან მითითებული წესის მე-11 მუხლი ადგენს, რომ შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: დონე 4 - საუკეთესო შეფასება, მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 3.5 - 4.0; დონე 3 - კარგი შეფასება, მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 2.5 - 3.4; დონე 2 - დამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 1.5 - 2.4; დონე - 1, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 1.0 - 1.4.
ამასთან, აღნიშნული დანართი N1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, შესაძლებლობა აქვს სისტემურად, eHRMS სისტემაში დააფიქსიროს ,,გასაჩივრება“ შესაბამის ღილაკზე დაჭერით. გასაჩივრების პროცესის eHRMS სისტემის გარეთ გასაგრძელებლად, eHRMS სისტემაში ,,გასაჩივრების“ ღილაკის დაჭერის დღესვე, მოხელემ წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიას და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება ტარდება არსებული პროცედურის დაცვით, კომისიის ჩართულობით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს კომისია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 22 ნოემბრის №173/ო ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შეიქმნა საპრეტენზიო კომისია. დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე 2022 წელს შეფასებული იქნა 1 ქულით, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რაც დ. ჯ-ემ გაასაჩივრა 2022 წლის 25 ნოემბერს და მოითხოვა დოკუმენტური მასალის (შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდის, გასაუბრების წესის, შეფასების ქულების მინიჭების და საბოლოო შედეგების გამოთვლის) შეფასებისა და გასაუბრების განმეორებით ჩატარება. 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №8 ოქმში. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისიამ დ. ჯ-ეის საბოლოო შეფასება დატოვა უცვლელად - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება).
დადგენილია, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ №3645-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ 2021 და 2022 წლებში შესრულებული სამუშაო დეპარტამენტის უფროსის მიერ შეფასებული იქნა ,,არადამაკმაყოფილებლად“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელი - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დ. ჯ-ე ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას შეფასების შედეგის გამოვლენის დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2022 წლის 16 დეკემბრიდან.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება გამოცემული იქნა გასაჩივრებული ოქმის შესაბამისად, დ. ჯ-ეის საბოლოო შეფასების უცვლელად დატოვებისა და ამდენად, მის მიმართ ზედიზედ ორი წლის მანძილზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების განსაზღვრის საფუძველზე. საყურადღებოა, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, დ. ჯ-ე არ ეთანხმებოდა მის მიმართ განხორციელებულ შეფასებას სამი ძირითადი გარემოებიდან გამომდინარე: 1) შეფასებისას არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ სსიპ ...ის შემოწმებისას შესრულებული სამუშაო; 2) შეფასებისას გათვალისწინებული იქნა მოსარჩელის მიერ შპს ,,ს...ის“ შემოწმებისას შესრულებული სამუშაო იმ პირობებში, როდესაც შემოწმება დღემდე არ არის დასრულებული; 3) შეფასებას ხელს აწერს თ. კ-ი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, არ არის შეფასებაზე უფლებამოსილი პირი.
სასამართლოს განმარტებით, შპს ,,ს...ასთან“ დაკავშირებით, საყურადღებოა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანების დანართი N1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, კერძოდ, შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, მითითებული ბრძანებით ცალსახად არის დადგენილი, რომ შეფასებას ექვემდებარება მოხელის მიერ შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაო. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე აკრძალვას ან დათქმას, კონკრეტული შემოწმების დასრულებამდე, პერიოდის მიხედვით, მოხელის შეფასებისას მის მიერ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის თაობაზე. ობიექტის შემოწმება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდეს, მოხელე კი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება შეფასებას წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, მის მიერ შესრულებული სამუშაოც უნდა შეფასდეს შესრულების პერიოდის მიხედვით და არა საბოლოო დასკვნის არსებობა/არარსებობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მითითებული არგუმენტაცია სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება შეფასების ფორმაზე თ. კ-ის ხელმოწერის საკითხს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანების დანართი N1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. ამასთან, არც ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება შეიცავს მითითებულისგან განსხვავებულ წესს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ. კ-ი დასაქმებულია ...ს დეპარტამენტში, პირიქით, თავადვე მიუთითებს, რომ იგი მასთან ერთად იყო ჩართული შემოწმების პროცესში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შეფასების ფორმა ხელმოწერილია არამხოლოდ თ. კ-ის, არამედ ...ს დეპარტამენტის უფროსის კ. დ-ას მიერაც. შესაბამისად, მოხელე შეფასებულია მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ, დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით, როგორც ეს ზემოაღნიშნულ ბრძანებაშია მითითებული. ამდენად, მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული.
სსიპ ...ის შემოწმებისას მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ...ს დეპარტამენტმა 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით პერიოდში სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩაატარა აუდიტორული შემოწმება. დამტკიცებული წლიური გეგმით აუდიტორული შემოწმების დასრულება დაგეგმილი იყო 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა შემოწმება გადავადდა 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. ამასთან, გეგმის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში შემოწმების განხორციელება ორი საკითხის ნაწილში დავალებული ჰქონდა დ. ჯ-ეს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის შეფასების პერიოდი მოიცავდა პერიოდს 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. შესაბამისად, შეფასების პერიოდი მოიცავს სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩატარებული შემოწმების პერიოდს, რომელშიც დ. ჯ-ეც იყო ჩართული. საყურადღებოა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმის თანახმად, კომისიამ არ გაიზიარა მოხელის პრეტენზია 2022 წლის შეფასებაში სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების გათვალისწინების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების პროცესში განხორციელებული ღონისძიებების უმეტესი ნაწილი საფუძვლად დაედო მოხელის 2021 წლის შეფასებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ თუნდაც მცირე პერიოდის მანძილზე განხორციელებული სამუშაოს მოხელის შეფასების პროცესში გაუთვალისწინებლობა, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჩატარებას, რისი ვალდებულებაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა სადავო ოქმის საფუძველზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არსებობს მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე მხარისთვის დ. ჯ-ეის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტში, ... სპეციალისტის პოზიციაზე აღდგენისა და დ. ჯ-ეისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე დავალების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით კი, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მოთხოვნები წარმოადგენენ გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის თანმდევ სასარჩელო მოთხოვნებს, პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვასთან და მთლიანად არის დამოკიდებული მის შედეგზე. ამდენად, მოცემულ ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიაჩნია, რომ დ. ჯ-ეის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით. ამასთან, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ჯ-ეისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დ. ჯ-ეისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგა დასკვნა. დასკვნის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტისთვის - დ. ჯ-ეისთვის, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენდა - გაფრთხილება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს მიღებული იქნა №155/ო ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტს - დ. ჯ-ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-60 მუხლზე, 72-ე მუხლზე, 93-ე მუხლზე, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს (მოსარჩელე დ. ჯ-ეს) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება შეეფარდა იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო საათების გაცდენის ფაქტს, კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტულ დღეებში სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების/ადრე გასვლის ფაქტები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანება და არც ამ ბრძანებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესი არ შეიცავს მითითებას კომისიის ან მისი რომელიმე წევრის მიერ შემოწმების ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების მიზნით, მუდმივი სამუშაო ადგილისგან - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განსხვავებული სამუშაო ადგილის განსაზღვრის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ არსებობს სამუშაო დროის გარკვეული მონაკვეთები, რომლის მანძილზეც დ. ჯ-ე არ იმყოფებოდა არც მის მუდმივ სამუშაო ადგილზე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და არც შპს „ს...აში“. უსაფუძვლოა აპელანტის - დ. ჯ-ეის არგუმენტაცია ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით (...ს დეპარტამენტის უფროსთან არსებულ შეთანხმებაზე და კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის ოთახის გამოყენების თაობაზე), ვინაიდან, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული არ არის და ეფუძნება მხოლოდ ზეპირ განმარტებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დ. ჯ-ესთან მიმართებაში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, კერძოდ, შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. ამასთან, მითითებული წესის მე-11 მუხლი ადგენს, რომ შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: დონე 4 - საუკეთესო შეფასება, მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 3.5 - 4.0; დონე 3 - კარგი შეფასება, მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 2.5 - 3.4; დონე 2 - დამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 1.5 - 2.4; დონე - 1, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 1.0 - 1.4.
დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე 2022 წელს შეფასებული იქნა 1 ქულით, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რაც დ. ჯ-ემ გაასაჩივრა 2022 წლის 25 ნოემბერს და მოითხოვა დოკუმენტური მასალის (შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდის, გასაუბრების წესის, შეფასების ქულების მინიჭების და საბოლოო შედეგების გამოთვლის) შეფასებისა და გასაუბრების განმეორებით ჩატარება. 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №8 ოქმში. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისიამ დ. ჯ-ეის საბოლოო შეფასება დატოვა უცვლელად - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება). დადგენილია ასევე, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ №3645-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ 2021 და 2022 წლებში შესრულებული სამუშაო დეპარტამენტის უფროსის მიერ შეფასებული იქნა ,,არადამაკმაყოფილებლად“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელი - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დ. ჯ-ე ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას შეფასების შედეგის გამოვლენის დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2022 წლის 16 დეკემბრიდან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული სადავო აქტების კანონშეუსაბამობის თაობაზე აპელანტის - დ. ჯ-ეის ძირითადი არგუმენტაცია არის ის, რომ შეფასებისას გათვალისწინებული იქნა მის მიერ შპს „ნ...ის“ შემოწმებისას შესრულებული სამუშაო იმ პირობებში, როდესაც შემოწმება დღემდე არ არის დასრულებული. მითითებულ სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ობიექტის შემოწმება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდეს, მოხელე კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება შეფასებას წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, მის მიერ შესრულებული სამუშაოც უნდა შეფასდეს შესრულების პერიოდის მიხედვით და არა საბოლოო დასკვნის არსებობა/არარსებობის მიხედვით. შესაბამისად, აპელანტის მითითებული არგუმენტაცია არ არის დასაბუთებული და ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება შეფასების ფორმაზე თ. კ-ის ხელმოწერის საკითხს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოხელე შეფასებულია მისი უშუალო ხელმძღვანელის (კ. დ-ა) მიერ, დეპარტამენტის წარმომადგენლის (თ. კ-ი) ჩართულობით. საგულისხმოა, რომ სწორედ ამგვარ რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანების დანართი №1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ,,...ს მეთოდოლიგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაზე, ვინაიდან მითითებულისგან განსხვავებულ წესს დადგენილება არ ითვალისწინებს.
სადავო აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე აპელანტის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტაცია არის ის, რომ ვინაიდან, დ. ჯ-ეის შესაფასებელი საქმიანობის პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის ოქტომბერი, ხოლო ...-ის აუდიტორული შემოწმება დასრულდა 2022 წლის პირველ კვარტალში (ახალი შეთანხმების გაფორმებამდე), აღნიშნული ვერ იქნებოდა შეფასების საფუძველი 2022 წლისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ...ს დეპარტამენტმა სსიპ ,,საქართველოს ...ში“ აუდიტორული შემოწმება ჩაატარა 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო აუდიტორული შემოწმების ანგარიში და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 2022 წლის 6 მაისს წარედგინა. დადგენილია ასევე, რომ დამტკიცებული წლიური გეგმის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში შემოწმების განხორციელება ორი საკითხის ნაწილში დავალებული ჰქონდა დ. ჯ-ეს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დ. ჯ-ეის შეფასების პერიოდი (2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდი) მოიცავს სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩატარებული შემოწმების პერიოდს, რომელშიც დ. ჯ-ეც იყო ჩართული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დ. ჯ-ემ ...ს დეპარტამენტის უფროსს სსიპ ,,საქართველოს ...ში“ მის მიერ ჩატარებული აუდიტის ანგარიშის პროექტი 2022 წლის მარტის თვეში წარუდგინა, არ უნდა იქნეს მიჩნეული შეფასებისას შემოწმების საბოლოო შედეგების გათვალისწინებაზე უარის თქმის საფუძვლად. აღნიშნული წარმოდგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის დ. ჯ-ეის შეფასება განხორციელდა სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული პირველ ნოემბრამდე წარდგენილი შემოწმების მასალების საფუძველზე, ხოლო შემდგომ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო (დასრულებული შემოწმების საბოლოო შედეგი) შეფასებას არ დაექვემდებარა (2022 წლის შეფასების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული). შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დ. ჯ-ეის მიერ მისი შეფასების პერიოდში, თუნდაც მცირე პერიოდის მანძილზე განხორციელებული სამუშაოს მოხელის შეფასების პროცესში გაუთვალისწინებლობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჩატარებას, რისი ვალდებულებაც მას კანონით აქვს დაკისრებული.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დ. ჯ-ეის მიერ სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩატარებული შემოწმებისას შესრულებული სამუშაოს ნაწილი 2022 წლის შეფასებაში არ გაუთვალისწინებია, არ შეუფასებია, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და ამ მიზნით ინკვიზიციის გარკვეული ფარგლებით სარგებლობს, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს საკითხის გადაწყვეტაზე უფლების მქონე ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის სრულ გადაკისრებას, ადმინისტრაციული წარმოების სრულ ჩანაცვლებას. შეცილებითი სარჩელის წარდგენისას სასამართლო არ არის სადავო საკითხის გადამწყვეტი პირველადი ორგანო. ამდენად, აპელანტის მითითება სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის წინაპირობების არსებობაზე, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების - დ. ჯ-ეის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ჯ-ეისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3.1. კასატორის - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლე) განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ემყარება ერთადერთ არგუმენტს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დ. ჯ-ეის 2022 წლის შეფასების პროცესში მის მიერ სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გაუთვალისწინებლობას. საყურადღებოა, რომ ერთი მხრივ, სასამართლო არ იზიარებს დ. ჯ-ეის არგუმენტაციას შპს „ნ...აში“ მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოხელის შეფასების მიზნებისათვის გამოყენების არაკანონიერებასთან დაკავშირებით და უთითებს, რომ სამუშაოს შესრულების პერიოდის (შესაბამისად, განხორციელებული სამუშაოს) მნიშვნელობაზე და არა საბოლოო დასკვნის არსებობა/არარსებობის ფაქტზე, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე საჯარო მოხელის მიერ სსიპ „საქართველოს ...ის“ აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შეფასებისას, მთავარ აქცენტს სწორედ საბოლოო დასკვნის - აუდიტორული შემოწმების ანგარიშისა და რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმის მინისტრისათვის წარდგენის თარიღზე (2022 წლის 6 მაისი) აკეთებს.
ამდენად, სასამართლომ საჯარო მოხელის შეფასების აუცილებელ კომპონენტად აქცია არა მოხელის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაო, არამედ აღნიშნული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტში ასახვის ფორმალური მხარე, რომელშიც არანაირი სახით მონაწილება მხარეს არ მიუღია. ამ მხრივ, საკითხის შესწავლისას სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ...ს განხორციელების მეთოდოლოგიის სპეციფიკა, რაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა დ. ჯ-ეის შეფასების მიზნებისათვის, მის მიერ სსიპ „საქართველოს ...ის“ აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ვალიდურობის დასადგენად. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აუდიტის დაგეგმვა, აუდიტის განხორციელება, ანგარიშგება, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. თავის მხრივ, თითოეული ეტაპი მოიცავს კონკრეტული სპეციფიკის მქონე მოქმედებების განხორციელებას. სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა აუდიტორული შემოწმების კონკრეტულ ეტაპებში მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობა და აღნიშნულ ეტაპებში მის მიერ სამუშაოს შესრულების თარიღი. ამავე კონტექსტში თავად სასამართლოც ადასტურებს, რომ აუდიტორული შემოწმების ფარგლებში დ. ჯ-ეისათვის დავალებული ორი საკითხის შემოწმება გათვალისწინებული იყო 2022 წლის პირველ კვარტალში. აღნიშნული დასტურდება ...ს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათითაც. ამავე ბარათში მითითებულია უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ (2022 წლის 2 მარტის შემდგომ პერიოდში) განხორციელებული მოქმედებები. საყურადღებოა, რომ დ. ჯ-ეს უშუალოდ მის მიერ შესრულებული აუდიტის ანგარიშის მომზადების შემდეგ არც ერთ შემდგომ ეტაპზე განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო საკითხის შეფასებისას აუცილებელია, ერთი მხრივ, საჯარო მოხელის შეფასებისთვის კანონმდებლობით დადგენილი კომპონენტების გამოყოფა და, მეორე მხრივ, აღნიშნულ კომპონენტებთან მიმართებით, უშუალოდ დ. ჯ-ეის მიერ სამუშაოს შესრულების თარიღის განსაზღვრა. სასამართლო აქცენტს აკეთებს 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში მოხელის შეფასებისას დ. ჯ-ეის მიერ სსიპ „საქართველოს ...ის“ აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, ამასთან, იმ მოცემულობით, რომ მხედველობაში არ იღებს დ. ჯ-ეის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების თარიღს. ამ მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ...ს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათში მითითებული აუდიტორული შემოწმების განხორციელების კონკრეტული თარიღის (2022 წლის პირველი კვარტალი) გაუთვალისწინებლობის პირობებშიც კი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამუშაოს სწორედ ამ პერიოდში შესრულება დასტურდება თავად მოწინააღმდეგე მხარესა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის განხორციელებული ელექტრონული მიმოწერით, რომელიც ადასტურებს დ. ჯ-ეის მიერ მისი უშუალო ხელმძღვანელისათვის აუდიტის ანგარიშის 2022 წლის 2 მარტს წარდგენის ფაქტს (რომელიც ასახული იყო აუდიტორული შემოწმების ჯგუფის უფროსის მიერ 2022 წლის 23 მარტს წარდგენილ საბოლოო ანგარიშის პროექტში). ამავე დოკუმენტაციით, მოწინააღმდეგე მხარე ასევე ადასტურებს, რომ აუდიტის ობიექტი გაცნობილი იყო მის მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტს და შენიშვნები არ გააჩნდა.
ამდენად, შეფასების პერიოდში (2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე) დ. ჯ-ეის შეფასების მიზნებისათვის, შესაფასებელ ობიექტს წარმოადგენდა სწორედ აღნიშნულ პერიოდში მის მიერ განხორციელებული სამუშაოები. სსიპ „საქართველოს ...ის“ აუდიტორული შემოწმების ფარგლებში დ. ჯ-ეის მიერ განხორციელებული სამუშაოების ფინალური ნაწილი 2022 წლის 2 მარტს მის მიერ უშუალო ხელმძღვანელისთვის აუდიტის ანგარიშის პროექტის წარდგენით დასრულდა. შიდა აუდიტორული შემოწმების სხვა ეტაპებში, მათ შორის, აუდიტორული შემოწმების ჯგუფის უფროსის მიერ საბოლოოს ანგარიშის პროექტის წარდგენის, აუდიტის ობიექტისათვის აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტის წარდგენისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისათვის აუდიტორული შემოწმების ანგარიშისა და რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის პროცესში, მოწინააღმდეგე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, იმ სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, რაც შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში გულისხმობს სამ ეტაპად განსაზღვრული მოქმედებების შესრულების ვალდებულებას და ხორციელდება სხვადასხვა ფუნქციისა თუ სტატუსის მქონე პირების ჩართულობით, სრულიად უმართებულოა სასამართლოს მიდგომა, თითოეული ეტაპის ფარგლებში განხორციელებული მოქმედების შედეგების მოწინააღმდეგე მხარისათვის მიკუთვნება, მხოლოდ იმ ლოგიკით, რომ შიდა აუდიტორული შემოწმების საბოლოო შედეგი დადგა 2022 წლის 6 მაისს.
3.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა დ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება (ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი (აღნიშნული ოქმით მოსარჩელის საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელად - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება)) და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით კი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა დ. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხოლოდ სამინისტროს საკასაციო საჩივრის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებას შეამოწმებს სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში - დ. ჯ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო პალატა შეაფასებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმს, რომლითაც დ. ჯ-ეის საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელად - 1 ქულა („არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება) და მის საფუძველზე გამოცემულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების კანონშესაბამისობას. ამასთან საყურადღებოა, რომ შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საკითხი - გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თუ არა კასატორის მიერ დ. ჯ-ეის 2022 წლის შეფასების პროცესში ამ უკანასკნელის მიერ სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შესრულებული სამუშაო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) დ. ჯ-ე დასაქმებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის პოზიციაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 11 ივლისის №112/ო ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის მიზნით, შეიქმნა კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში, მათ შორის, შედიოდა დ. ჯ-ე - სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი, კომისიის წევრი (პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი). ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, დამტკიცდა კომისიის საქმიანობის წესი მოცემული ბრძანების დანართის სახით (ტ. 1, ს.ფ. 81-84); ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით, დაწყებულ იქნა დისციპლინური წარმოება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიმართ და შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია (ტ.1, ს.ფ. 69-70); გ) ,,დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 სექტემბრის №140/ო ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი იქნა დასკვნა. დასკვნის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტისთვის - დ. ჯ-ეისთვის, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენდა - გაფრთხილება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს მიღებული იქნა №155/ო ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტს - დ. ჯ-ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (ტ.1, ს.ფ. 114-127, 42); დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, კერძოდ, შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით. ამასთან, მითითებული წესის მე-11 მუხლი ადგენს, რომ შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: დონე 4 - საუკეთესო შეფასება, მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 3.5 - 4.0; დონე 3 - კარგი შეფასება, მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 2.5 - 3.4; დონე 2 - დამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით, ქულა 1.5 - 2.4; დონე - 1, არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ქულა 1.0 - 1.4. აღნიშნული დანართი №1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, შესაძლებლობა აქვს სისტემურად, eHRMS სისტემაში დააფიქსიროს ,,გასაჩივრება“ შესაბამის ღილაკზე დაჭერით. გასაჩივრების პროცესის eHRMS სისტემის გარეთ გასაგრძელებლად, eHRMS სისტემაში ,,გასაჩივრების“ ღილაკის დაჭერის დღესვე, მოხელემ წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიას და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება ტარდება არსებული პროცედურის დაცვით, კომისიის ჩართულობით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს კომისია (ტ.1, ს.ფ. 225-258); ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 22 ნოემბრის №173/ო ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შეიქმნა საპრეტენზიო კომისია (ტ.1, ს.ფ. 259-260); ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე 2022 წელს შეფასებული იქნა 1 ქულით, არადამაკმაყოფილებელი შეფასება (ტ.2. ს.ფ. 16). ზ) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის 2022 წლის წლიური გეგმით განსაზღვრული შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის საბოლოო (25.10.2022წ. მდგომარეობით) შეფასება. შეფასებაში კომპანიის სტრატეგიულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ანგარიშის ტექსტი მთლიანად გადმოტანილია კომპანიის 2020-2025 წლების სტრატეგიის მიზნებიდან, ამოცანებიდან და გასატარებელი ღონისძიებებიდან, კომპანიის 2020-2021 წლების წლიური ანგარიშებიდან, №39 დანართიდან, რომელიც შედგენილია შემმოწმებლის მხრიდან დასმულ კითხვებზე დეპარტამენტის მიერ გაცემული პასუხებიდან. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, მოსაზრება და გაცემული რეკომენდაცია არარელევანტურია. ამავე შეფასებაში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების, პროექტების მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიშებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ანგარიშის ტექსტი გადმოტანილია გერმანიისა და საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით შედგენილი 2020-2021 წლების ,,სკოპინგების“ ანგარიშებიდან, რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული კომპონენტები და გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებები, ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად და სხვა შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად ასევე, გათვალისწინებულია სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ინვესტიციები. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, მოსაზრება და გაცემული რეკომენდაცია არარელევანტურია. ამასთან, აღნიშნულ შეფასებაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ზედამხედველობასა და კოორდინაციასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ წარმოდგენილი საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად. სამუშაო დოკუმენტები არ მოიცავენ მაღალი ხარისხის ინფორმაციას და მტკიცებულებებს, რაც უზრუნველყოფს მათ სანდოობას. არ არის დაცული შემოწმებით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს დაგეგმილი შემოწმებების და ანალიტიკური პროცედურების განხორციელებას, ინფორმაციის იდენტიფიკაციას, შეგროვებას, ანალიზს და შეფასებას. ამავე შეფასების ფორმაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ანგარიში წარმოდგენილია 25.10.2022 წელს. როგორც კომპანიის 16.11.22 წლის წერილობითი შეტყობინებით ირკვევა, კომპანია არ ეთანხმება ანგარიშში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, მოსაზრებებს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს და წარმოდგენილი აქვთ ბევრად მყარი არგუმენტირებული შეპასუხება. აღნიშნული შეფასების ფორმა ხელმოწერილია აუდიტის სუბიექტის კომპეტენტური თანამშრომლის - თ. კ-ის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - კ. დ-ას მიერ, 2022 წლის 22 ნოემბერს. ამასთან, შეფასების თითოეულ კომპონენტში შემფასებლების მიერ დ. ჯ-ეის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასებულია 1 ქულით. შესაბამისად, მისი საბოლოო შეფასება განსაზღვრულია 1 ქულით (ტ. 2, ს.ფ. 55); თ) 2022 წლის 25 ნოემბერს, დ. ჯ-ემ №3378-01 განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ იგი არ ეთანხმება 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, მისი, როგორც საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა დოკუმენტური მასალის (შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდის, გასაუბრების წესის, შეფასების ქულების მინიჭების და საბოლოო შედეგების გამოთვლის) შეფასებისა და გასაუბრების განმეორებით ჩატარება. ასევე, 2022 წლის 1 დეკემბერს, დ. ჯ-ემ №3465-01 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს და მიუთითა შეფასებასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიის ძირითადი არგუმენტების თაობაზე. კერძოდ, დ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ იგი 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით მონაწილეობას იღებდა ...ში აუდიტორული ანგარიშის დოკუმენტის მომზადებაში, რაც საბოლოოდ დადასტურდა ...ს დეპარტამენტის უფროსის მიერ, იმ კორექტირებული ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების საბოლოო აუდიტორულ ანგარიშში ასახვაში და დოკუმენტზე ხელმოწერით, რომელიც წარდგენილი იქნა მინისტრთან, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს აუდიტორული დასკვნის სრულყოფილებას. დ. ჯ-ემ ასევე მიუთითა, რომ შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც კომპანიის საქმიანობის კომისიური წესით შემოწმება, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია და შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ცვლილებები კომისიის მუშაობაში, ხოლო კომისიის დასრულებამდე მის მიერ შესწავლილი საკითხები უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამაკმაყოფილებელი. ამავე წერილში დ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ შეფასებაზე ხელს აწერს თ. კ-ი, რომელსაც არ ჰქონდა მისი შეფასების უფლება, ვინაიდან იგი არ არის სერტიფიცირებული აუდიტორი, ის არის აუდიტის თანამშრომელი და მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ...ის შემოწმებაში, იგი ასევე მონაწილეობს შპს ,,ს...ის“ შემოწმებაშიც. ამ ნაწილში დ. ჯ-ემ მიუთითა ,,შიდა აუდიტის მეთოდოლიგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების 4.1 პუნქტის დებულებებზე (ტ.2, ს.ფ. 32, ტ.3, ს.ფ. 322-333); ი) 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის სხდომა, რომლის შედეგებიც აისახა კომისიის №8 ოქმში. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისიამ არ გაიზიარა მოხელის პრეტენზია 2022 წლის შეფასებაში სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების გათვალისწინების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების პროცესში განხორციელებული ღონისძიებების უმეტესი ნაწილი საფუძვლად დაედო მოხელის 2021 წლის შეფასებას. ამავე ოქმში, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული 2022 წლის 16 ნოემბერს ...ს დეპარტამენტის უფროსისათვის შესამოწმებელი ობიექტის - შპს ,,ს...ის“ მიერ წარდგენილი პოზიცია დ. ჯ-ეის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, ვინაიდან მიუხედავად შესამოწმებელი ობიექტის პოზიციისა, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება ეფუძნება მოხელის მიერ მომზადებული ანგარიშის შინაარსს. კომისიამ მიიჩნია, რომ მოხელის მიერ უშუალო ხელმძღვანელისთვის შესამოწმებელი ობიექტის პოზიციის წარდგენა/წარუდგენლობა, ხელმძღვანელის მხრიდან უშუალოდ ანგარიშის შეფასებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ არ გაითვალისწინა დ. ჯ-ეის პოზიცია და მისი საბოლოო შეფასება დატოვა უცვლელად - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება) (ტ.1, ს.ფ. 221-223); ი) 2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ №3645-01 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და აცნობა, რომ ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ 2021 და 2022 წლებში, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო დეპარტამენტის უფროსის მიერ შეფასებული იქნა ,,არადამაკმაყოფილებლად“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი საბოლოო შეფასება დარჩა უცვლელი - 1 ქულა (,,არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დ. ჯ-ე ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას შეფასების შედეგის გამოვლენის დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2022 წლის 16 დეკემბრიდან (ტ.1, ს.ფ. 220, 152); კ) საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის უფროსის მიერ 2021 წლის 11 თებერვალს დამტკიცებული ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ,,საქართველოს ...ის“ 2019-2021 წლების აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. ასევე, წარმოდგენილია შემოწმებასთან დაკავშირებით სამინისტროს ...ს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ ...ს დეპარტამენტმა 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით პერიოდში სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩაატარა აუდიტორული შემოწმება. დამტკიცებული წლიური გეგმით აუდიტორული შემოწმების დასრულება დაგეგმილი იყო 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა შემოწმება გადავადდა 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. ამასთან, გეგმის თანახმად, შემოწმების განხორციელება ორი საკითხის ნაწილში დავალებული ჰქონდა დ. ჯ-ეს (ტ.1, ს.ფ. 293-299, 300-301, ტ.3. 314).
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმი ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების” თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ეს წესი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებს, შეფასების პროცედურას, შეფასების სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს, შეფასების შედეგების გასაჩივრებისა და ანგარიშგების წესებს (მუხ. 2); შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის, ნდობის, საჯარო დაწესებულებისა და მოხელის ინტერესთა თანაზომიერების პრინციპების დაცვით (მუხ. 4).
დასახელებული წესისა და პირობების მე-11 მუხლის თანახმად, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში (1); მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით (2); დოკუმენტური მასალა მოიცავს შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში შეფასების კომპონენტებთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეფასების მეთოდის განსაზღვრასთან ერთად, დაადგინოს შესაფასებელი დოკუმენტური მასალის შექმნის წესი (3); გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირები და რომლის საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა (4); შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი აცნობებს მას მოხელეს, ასევე განუმარტავს შეფასების მეთოდს, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესს (5); მიმდინარე შეფასება უნდა დასრულდეს ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე მაინც (6).
ამავე წესისა და პირობების მე-14 მუხლის შესაბამისად, შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე წესისა და პირობების მე-16 მუხლი არეგულირებს შეფასების შედეგის გასაჩივრებასა და განმეორებით გასაუბრებას ზემდგომ თანამდებობის პირთან. დასახელებული მუხლის თანახმად, მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება (1); განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება უნდა ჩატარდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ჩართულობით ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც (2).
დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 28 მარტის №44/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, შეფასების ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად, რომლითაც შესაფასებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასების სისტემის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასებას ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით.
დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე 2022 წელს შეფასებულ იქნა 1 ქულით (არადამაკმაყოფილებელი შეფასება). დ. ჯ-ე არ დაეთანხმა შეფასებას, შესაბამისად, მოითხოვა დოკუმენტური მასალის (შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდის, გასაუბრების წესის, შეფასების ქულების მინიჭების და საბოლოო შედეგების გამოთვლის) შეფასებისა და გასაუბრების განმეორებით ჩატარება. ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 16 დეკემბრის №8 სადავო სხდომის ოქმით კომისიამ არ გაითვალისწინა დ. ჯ-ეის პოზიცია და მისი საბოლოო შეფასება დატოვა უცვლელად - 1 ქულა („არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება).
დ. ჯ-ეის პრეტენზია ძირითადად შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: - 1) შეფასებაზე ხელს აწერს თ. კ-ი, რომელსაც არ ჰქონდა მისი შეფასების უფლება; 2) შპს ,,ს...ის“ 2020-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება არ იყო დასრულებელი და შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ცვლილებები კომისიის მუშაობაში, ხოლო კომისიის დასრულებამდე მის მიერ შესწავლილი საკითხები უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც დამაკმაყოფილებელი; 3) მოსარჩელე 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით მონაწილეობას იღებდა სსიპ ,,საქართველოს ...ის“ აუდიტორული ანგარიშის დოკუმენტის მომზადებაში, რაც საბოლოოდ დადასტურდა ...ს დეპარტამენტის უფროსის მიერ, იმ კორექტირებული ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების საბოლოო აუდიტორულ ანგარიშში ასახვაში და დოკუმენტზე ხელმოწერით, რომელიც წარდგენილი იქნა მინისტრთან, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს აუდიტორული დასკვნის სრულყოფილებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოხელის მიერ შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს შესრულების პერიოდის მიხედვით და არა საბოლოო დასკვნის არსებობა/არარსებობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორულ შემოწმება ჩატარდა 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო აუდიტორული შემოწმების ანგარიში და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 2022 წლის 6 მაისს წარედგინა. დადგენილია ასევე, რომ დამტკიცებული წლიური გეგმის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში შემოწმების განხორციელება ორი საკითხის ნაწილში დავალებული ჰქონდა დ. ჯ-ეს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დ. ჯ-ეის შეფასების პერიოდი (2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე) მოიცავს სსიპ ,,საქართველოს ...ში“ ჩატარებული შემოწმების პერიოდის ნაწილსაც, რომელშიც დ. ჯ-ეც იყო ჩართული.
2022 წლის 16 დეკემბრის №8 სადავო სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ არ გაიზიარა მოხელის პრეტენზია 2022 წლის შეფასებაში სსიპ საქართველოს ...ის აუდიტორული შემოწმების გათვალისწინების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების პროცესში განხორციელებული ღონისძიებების უმეტესი ნაწილი საფუძვლად დაედო მოხელის 2021 წლის შეფასებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ მოცემული არგუმენტი ბუნდოვანია, ამასთან, გაუგებარია, „განხორციელებული ღონისძიებების უმეტეს ნაწილში“ შესრულებული სამუშაოს რა ნაწილი იგულისხმება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა დ. ჯ-ეის მიერ 2021 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით ...ში განხორციელებული სამუშაო, რა მოცულობისაც არ უნდა ყოფილიყო ის, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ დ. ჯ-ეის მიერ მისი შეფასების პერიოდში, თუნდაც მცირე პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს მოხელის შეფასების პროცესში გაუთვალისწინებლობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჩატარებას, რისი ვალდებულებაც მას კანონით აქვს დაკისრებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმთან მიმართებით საქმეზე დამდგარ შედეგს და აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილში არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც მოცემულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
რაც შეეხება დ. ჯ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ჯ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის, 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ვალდებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყოს ფორმალურად გამართული, მასში აისახოს შესაბამისი რეკვიზიტები, ასევე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს აქტი, მათ შორის, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლად მიუთითებს დასახელებული კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასებას. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი კი, გულისხმობს არადამაკმაყოფილებელი შეფასებას. დ. ჯ-ეის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის ერთ-ერთი საფუძველია ასევე კანონის 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების გამოვლენის დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №3645-01 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტის - დ. ჯ-ეის მიერ 2021 და 2022 წლებში, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო დეპარტამენტის უფროსის მიერ შეფასებულ იქნა ,,არადამაკმაყოფილებლად“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ს დეპარტამენტის ... სპეციალისტი - დ. ჯ-ე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2022 წლის 16 დეკემბრიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ადგენს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს სამსახურში (118-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები კი, ადგენს განაცდური თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის და წოდებრივი სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაციის ანაზღაურების წესს (118-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში). განსახილველ საქმეზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 16 დეკემბრის №8 ოქმის სსკ-ის 32.4-ის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხეს ევალება მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ არის დაკმაყოფილებული. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მითითებული მოთხოვნები წარმოადგენენ გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის თანმდევ სასარჩელო მოთხოვნებს, პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვასთან და მთლიანად არის დამოკიდებული მის შედეგზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე მას არ გააჩნია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე, არსებითად ბათილად ცნობის პირობებში იქმნება წინააღმდეგობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებულ განმარტებებს, სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე დამდგარ შედეგსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლს შორის, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, უნდა მოხდეს არა სასკ-ის 32.1 მუხლით, არამედ სასკ-ის 32.4 მუხლით, ანუ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, რა დროსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი რეგულირება არ გამოიყენება. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დ. ჯ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, სრულად დამოკიდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მიღებულ უნდა იქნას ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული ნორმატიული ტერმინი „მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება“ გულისხმობს სადავო აქტის სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას, მასში არაა ნაგულისხმევი სადავო აქტის ბათილად ცნობა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მისი გამოყენების შემთხვევაში საქმე არსებითად არ წყდება, ადგილი არ აქვს გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერების, მისი არსებითი მხარის შემოწმებას, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა ეფუძნება ერთგვარ პრეზუმირებას, რომ სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება საჭიროებს საქმის გარემოებათა საფუძვლიან გამოკვლევას. უკვე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად თავდაპირველთან იდენტური სამართლებრივი შედეგის დადგომა განაპირობებს ახალი აქტის მოქმედებას ex tunc (მისი თავდაპირველად გამოცემიდან) პრინციპით, ვინაიდან პრეზუმირებულია, რომ პირის გათავისუფლება გათავისუფლების მომენტშივე კანონიერი იყო, შესაბამისად ახალი სადავო აქტი მოქმედებს ex tunc პრინციპით, პირის გათავისუფლება ხდება თავდაპირველი თარიღით, უკეთუ დასტურდება თავდაპირველად გამოცემული სადავო აქტის არსებითი, მატერიალური („შედეგობრივი“) კანონშესაბამისობა (სასკ-ის 32.1 მუხ.) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1118 (კ-23)).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება დ. ჯ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნება ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება და მოპასუხეს დაევალება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება დ. ჯ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №444/კ ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა