დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-786(კ-25) 27 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ა-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „სააგენტო“), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებები: №... (16.11.2020წ.) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, №... (17.12.2020წ.) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 18.01.2021 წლის გადაწყვეტილება №19319 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელის საკუთრებად უძრავი ქონების - ქ. მცხეთაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ხუთსართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასის და 1500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2021 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ:
5.1. 10.08.2020 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქალაქ მცხეთაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1500 კვ.მ უძრავ ნივთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2020 წლის 14 და 29 სექტემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020წ.) წერილით, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოდან და საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან №... (14.09.2020წ.), №... (14.09.2020 წ.) წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია. ამასთან ერთად, დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და ... საკადასტრო კოდით სახელწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება. 16.11.2020 წელს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ს“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივს. 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა, ამასთან, გამოსყიდული და მიკუთვნებული ქონების მახასიათებლები (მდებარეობა, ფართობი, მისამართი), ან შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა დაინტერესებულ პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. 17.12.2020 წელს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
5.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოტივების გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დაედგინა, იდენტიფიცირებული იყო თუ არა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა, ამასთან, გამოსყიდული და მიკუთვნებული ქონების მახასიათებლები (მდებარეობა, ფართობი, მისამართი). ზემოაღნიშნული თვალსაზრისით პალატამ მიუთითა, რომ მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №231 (24.09.1986წ.) გადაწყვეტილებით, აღმასკომმა გადაწყვიტა, ქ. მცხეთაში, ...ს დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი საშუალო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის შენობების ირგვლივ გამოეყო ორი 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის 1500-1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი თითოეულისათვის, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით - ...ს ქუჩა, დასავლეთით - ...ს ქუჩა, ჩრდილოეთით - ყოფილი ..., სამხრეთით 1-სართულიანი, ამორტიზებული კომუნალური ბინა და თავისუფალი ეზო.
5.3. საქართველოს რესპუბლიკის საძიებო ...ის მოპოვების სამმართველოს - „ს...ის“ ...ს კოლექტივის 21.01.1992 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის საძიებო ...ის მოპოვების სამმართველოსთან - „ს...სთან“ შეიქმნა მცირე საწარმო „გ...“. მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 30.04.1992 წლის №75 გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა სახელმწიფო საწარმო „გ...“, რომლის დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე. საქართველოს საძიებო ...ის მოპოვების სამმართველოს - „ს...ს“ და მცირე საწარმო „გ...ს“ შორის, 11.01.1993 წელს დაიდო ხელშეკრულება მასზე, რომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, „ს...ის“ სამმართველო თანახმაა თავისი მუშა-მოსამსახურეებისათვის ქ. მცხეთაში, ...ს ქუჩაზე მშენებარე ხუთსართულიან 30-ბინიან საცხოვრებელ სახლზე დამკვეთის ფუნქცია გადასცეს მცირე საწარმო „გ...ს“. თავის მხრივ, მცირე საწარმო „გ...“ იღებს ვალდებულებას, დაამთავროს აღნიშნული 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საკუთარი სახსრებით. მცირე საწარმო „გ...“ იღებს ვალდებულებას, ჩაურიცხოს თბილისის ტერიტორიულ კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს დავალიანებაზე რიცხული თანხა 512 491 მანეთის ოდენობით.
5.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილებით, მცირე საწარმო „გ...“ დარეგისტრირდა სახაზინო საწარმო „გ...დ“. მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ს“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივს.
5.5. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ვერცერთ სტადიაზე ვერ იქნა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 24 ფიზიკური პირის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული „გ...ს“ ქონებაზე უფლების დათმობის განცხადებები წარმოადგენს ,,გ...ს“ 25 კაციანი კოლექტივის წევრების განცხადებებს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ,,გ...ს“ 25 კაციან კოლექტივს წარმოადგენდნენ სწორედ დასახელებული პირები. თავის მხრივ, მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის რეგისტრაციით მიზნით, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020 წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია იჯარით გადაცემული ფართობის ოდენობის/მდებარეობისა და საწარმოს კოლექტივის წევრთა (25-კაციანი) სიის დასადგენად, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მითითებაზე, რომ უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნას შპს „წ...-ის“ ამონაწერი და აუდიტორული კომპანია შპს „მ...ს“ აუდიტორული დასკვნა, რამდენადაც შპს „წ...“ დაფუძნდა მცირე საწარმო „გ...ს" ქონების ბაზაზე, სადაც წარდგენილია კოლექტივის წევრების განცხადებები, დამოწმებული სანოტარო წესით. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მცხეთის რაიონული სასამართლოს 19.04.2002 წლის დადგენილება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ. დადგენილების თანახმად, მოსამართლემ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, განახორციელა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერებით: სამეწარმეო სახელწოდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წ...“; ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) - საქართველო, მცხეთის რ/ნ სოფ. ...; საქმიანობის საგანი - ...ის დამზადება, ... და სხვა საქმიანობა, რაც საზოგადოების წესდებით არის განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული; საწარმოს კაპიტალი - 26 290 (ოცდაექვსი ათას ას ორას ოთხმოცდაათი) ლარი ქონებრივი შენატანის სახით; საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები - მოსარჩელე, მისი წილი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა 100% -ით; საზოგადოების დირექტორი - მოსარჩელე; დამფუძნებელი საბჭო საზოგადოებას არ ჰყავს. აუდიტორული ფირმა შპს „მ...ს“ 2002 წლის პირველი აპრილის საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის შეფასების თაობაზე N50 დასკვნის თანახმად, აუდიტორულმამ ფირმა შპს „მ...მ“ შპს „წ...-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეაფასა შპს „წ...-ის“ საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონება. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს „წ...“ ჩამოყალიბდა მცირე საწარმო „გ...ს“ ბაზაზე ქონებრივი საკუთრების უფლებით. 25-მა მუშა-მოსამსახურემ, რომელთაგანაც შედგენილია სანოტარო აქტი შპს „წ...ს“ ერთპიროვნული დამფუძნებლის უფლებით წილის 100%-ით გადაცემაზე მოსარჩელის სახელზე, შპს „წ...-ის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანება მ/საწარმო „გ...ს“ საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის დღევანდელი საბაზრო ღირებულება შეადგენს: 1) ა/მანქანა ... N... - 456 ლარს, გამოშვების წელი 1985წ; 2) ა/მანქანა ... ... – 3270 ლარს, გამოშვების წელი 1986წ.; 3) ა/მანქანა ... N...- 5286 ლარს, გამოშვების წელი1987წ.; 4) ... N... - 1387 ლარი, გამოშვების წელი 1988წ.; 5) ... N02-73 – 1721 ლარი, გამოშვების წელი 1986წ.; 6) ექსკავატორი ... 1126-21 - 538 ლარი, გამოშვების წელი 1991წ.; 7) ტერიტორიის კეთილმოწყობა - 248 ლარი, 1991წ.; 8) ბლოკის საამქრო - 3318 ლარი, 1982 წ.; 9) სამსხვრევი დამხმარე დანადგარი ... 186/127 – 6263 ლარი, 1990წ.; 10) ტრანსპორტიორი - 158 ლარი, 1990წ.; 11) აგრეგატი ... -121 – 1160 ლარი, 1990წ.; 12) საბურღი დანადგარი - 1850 ლარი, 1989წ.; 13) ... N... -150 ლარი, 1982 წ.; 14) ... N...- 150 ლარი, 1985 წ.; 15) ... N... – 130 ლარი, 1986 წ.; 16) ტრაქტორი ... – 205 ლარი, 1987 წ.; სულ შპს „წ...-ის“ საწესდებო კაპიტალში შესატანმა ქონებამ შეადგინა 26 290 (ოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარი. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების თვალსაზრისით პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით არამც თუ არ ხდება ,,გ...ს“ 25-კაციანი კოლექტივის წევრების იდენტიფიცირება, არამედ საერთოდ არ დასტურდება მოსარჩელისთვის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
5.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული მსჯელობით დადგენილია მეორე მოპასუხის 16.11.2020 წლის N... და 17.12.2020 წლის N... გადაწყვეტილებების კანონიერება, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი მოპასუხის 18.01.2021 წლის N19319 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2024 წლის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
7.1. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ს“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული, 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივს. მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მცირე საწარმო „გ...ს“ 25-კაციანმა კოლექტივმა 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით საქართველოს საძიებო ...ის მოპოვების სამმართველოსგან გამოისყიდა ქონება და გახდა მისი მესაკუთრე. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული ქონების ნუსხითა და 02.12.1992 წლის საგადასახადო დავალებით მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ ს...ის სამმართველოს ანგარიშზე გამოსყიდული ქონების ღირებულების გადარიცხვითა და ქონების საბოლოოდ გამოსყიდვით. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებაში მითითებული ჩანაწერისა, სააპელაციო პალატას არ გამოუთხოვია იმ საქმის დოკუმენტები, რომელზეც მიღებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილება.
7.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სასამართლო არქივიდან უნდა გამოითხოვოს საქმის მასალები, რომელზეც მიღებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილება. როგორც დასახელებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, აღნიშნულ საქმეს თან ერთვის 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის გამოკვლევაც საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვინაიდან, შესაძლოა, სწორედ აღნიშნულ საქმეში წარდგენილი დოკუმენტები გახდეს „გ...ს“ 25-კაციანი კოლექტივის იდენტიფიცირების საშუალება, ასევე იმისა, თუ რა უძრავი ქონება გადაეცა საწარმოს. ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სათანადო შეფასება მისცეს მათ.
საქმის ხელახლა განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2025 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
8.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის სადავო გარემოება, რომ 24 ფიზიკური პირის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული „გ...ს“ ქონებაზე უფლების დათმობის განცხადებები წარმოადგენს ,,გ...ს“ 25 კაციანი კოლექტივის წევრების განცხადებებს, ასევე ის ფაქტი, გადაეცა თუ არა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში), საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული სამოქალაქო საქმის (№2/423-2001, გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 26.11.2001 წელი) მასალებში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის და №... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართით 140 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტის უფლებით) საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდება ზედდება. თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივაზიტების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს 24.11.2011 წლის №ტ-5/93 ბრძანება, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული. კერძოდ, არსებული მდგომარეობით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მისი სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივაზიტების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს 24.11.2011 წლის №ტ-5/93 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ესაჭიროება „ობიექტური ფუნდამენტი“, რომელსაც ქმნის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება (იხ.: inter alia, Khan v. The United Kingdom). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები არ ქმნიდა საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს, ხოლო თავის მხრივ, მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის რეგისტრაციით მიზნით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდებოდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა და ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მოძიებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
8.3. იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული მსჯელობით დადგენილია ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებების კანონიერება, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 18.01.2021 წლის №19319 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა (№... (16.11.2020წ.)) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (№... (17.12.2020წ)) გადაწყვეტილებების, ასევე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (№19319 (18.01.2021წ.)) კანონიერება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის სახელზე ქ. მცხეთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ხუთსართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასის და 1500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შემდეგში ტექსტში „სადავო უძრავი ქონება“) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველი.
13. მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილებით, მცირე საწარმო „გ...“ დარეგისტრირდა სახაზინო საწარმო „გ...დ“. მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ს“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივს (ტ.3, ს.ფ.373-380). მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს როგორც მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივის უფლებამონაცლე, რომელსაც კოლექტივის 24-მა წევრმა დაუთმო თავისი უფლება.
14. 10.08.2020 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია. ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, ასევე, მცხეთის რაიონული სასამართლოდან და საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. სამსახურმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და ... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება.
15. 16.11.2020 წელს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა შემდეგი: გათვალისწინებით იმისა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ს“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.08.1996 წლის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივს, 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო:
- ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა;
- გამოსყიდული და მიკუთვნებული ქონების მახასიათებლები (მდებარეობა, ფართობი, მისამართი), ან შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა დაინტერესებულ პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (ტ.1, ს.ფ. 29.30).
16. 17.12.2020 წელს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ.31). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მოსარჩელემ გაასაჩივრა საჩივრით. პირველი მოპასუხის 18.01.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ.43-51).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.10.2024 წლის განჩინებით საქმის სააპელაციო ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას მიეთითა, რომ: სასამართლო არქივიდან უნდა გამოთხოვილიყო საქმის მასალები, რომელზეც მიღებული იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2001 წლის გადაწყვეტილება (ტ.3, ს.ფ.245-258). გადაწყვეტილებიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნულ საქმეს თან ერთვოდა 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის გამოკვლევაც საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვინაიდან, შესაძლოა, სწორედ აღნიშნულ საქმეში წარდგენილი დოკუმენტები გამხდარიყო „გ...ს“ 25-კაციანი კოლექტივის იდენტიფიცირების საშუალება, ასევე იმისა, თუ რა უძრავი ქონება გადაეცა საწარმოს.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა შესაბამისი საქმე (ტ.3, ს.ფ.279-282) და გამოიკვლია მისი მასალები. 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტითა და თანხის გადახდის მტკიცებულებით დგინდება, რომ მცირე საწარმო „გ...ს“ მიერ გამოსყიდულ აქტივებში არ შედიოდა სადავო უძრავი ქონება (ტ.3, ს.ფ. 307-314). ასევე, საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები მცირე საწარმო „გ...ს“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობის შესახებ (ტ.3, ს.ფ.285-380). ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს წინამდებარე საქმის სხვა მასალებიც.
19. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ/კასატორმა ვერ დაასაბუთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების ან გამოცემის წესის არსებითი დარღვევა.
20. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მოსარჩელემ არ წარადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება (შდრ. სუსგ-ებები: №ბს-927(კ-23), 24.09.2024წ.; №ბს-342(კ-22), 07.06.2023წ.; Nბს-606(კ-20), 10.02.2022წ.) ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება სააპელაციო საჩივრის უარყოფის თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2025 წლის განჩინება.
3. მ. ა-ის (პ/ნ ...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 28198525060), გადახდის თარიღი 08.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე