გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2026
საქმის ნომერი
ბს-858(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-858(2კ-25) 20 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე.ლ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 7 აპრილს ე.ლ-ემ სარჩელით, ხოლო 2023 წლის 20 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 აპრილის განჩინებით №3-208/2020 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. ამავე სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

განსახილველ საქმეზე საბოლოო მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; ხოლო, სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა: „ა.ლ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების ბათილად ცნობა; ა.ლ-ის სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10/297 მიმართვის და მიმართვის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების, ამავე ნაწილში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების და მის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილების და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №25/21879 წერილის და მის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთზე ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღდგენა. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით კი განისაზღვრა, რომ ვინაიდან ა.ლ-ე იყო გარდაცვლილი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა მომხდარიყო მისი მემკვიდრის და უფლებამონაცვლის - ე.ლ-ის სახელზე.

სარჩელის თანახმად, ა.ლ-ეს ...ის დასახლებაში მდებარე, სადავო 218 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 123.9 კვ.მ შენობა-ნაგებობა, 2004 წელს გადაეცა იჯარით. 2007 წლის 13 დეკემბერს, მან განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ წლების განმავლობაში უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა როგორც საკუთარს. კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა ა.ლ-ის საკუთრების უფლება მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე. აღნიშნულის შემდგომ, კომისიის 2010 წლის 29 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ე.ლ-ეს ეცნობა მხოლოდ 2014 წელს, როდესაც გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის საოქმო გადაწყვეტილების ასლი, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიწყო სასამართლო დავა.

მოსარჩელის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ლ-ის სააპელაციო საჩივარი (უფლებამონაცვლე - ე.ლ-ე); ა.ლ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ...ის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერებასთან დაკავშირებით. შედეგად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულებით იმსჯელა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მიღებული განკარგულებით, კვლავ ბათილად ცნო ა.ლ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2008 წლის 20 თებერვალს ა.ლ-ის სახელზე გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა. კომისიის ზემოაღნიშნული განკარგულება ე.ლ-ეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.

მოსარჩელის მითითებით, №818 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა ა.ლ-ის საკუთრების უფლების მოწმობა შესაბამის ოქმთან ერთად, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ფაქტობრივად იდენტურია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, რომელიც გაუქმებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების მიუხედავად, კომისიამ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება კანონით დადგენილი წესით, არ მიიწვია დაინტერესებული პირი წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. სადავო 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-10-297 მიმართვის (დამოწმების თარიღი: 27/01/2011) საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 4 თებერვალს №... გადაწყვეტილებით სრულიად უკანონოდ მოახდინა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ა.ლ-ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სადავო იყო და ის არ იყო შესული კანონიერ ძალაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება საკუთრება დაერეგისტრირებინა სადავო მიწის ნაკვეთზე. ამასთან, სარჩელის თანახმად, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს №02/452 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მოახდინა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის №25/21879 საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილებით №... დაარეგისტრირა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების ცვლილება სადავო მიწის ნაკვეთზე.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო მუნიციპალიტეტის და არა სახელმწიფოს საკუთრება, რის გამოც ვერ მოხდებოდა მასზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა ამის მიუხედავად, მოპასუხემ თავად აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2011 წელს აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად და 2012 წელს მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ანუ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გააუქმა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება ა.ლ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. სადავო მიწის ნაკვეთზე ა.ლ-ის საკუთრების უფლება 2008 წელს იქნა აღიარებული და 2010 წელს ადმინისტრაციულმა ორგანომ იგი დაინტერესებული მხარის შეუტყობინებლად გააუქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის განკარგულება №818; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10/297 მიმართვა და მიმართვის საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება ა.ლ-ის სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ა.ლ-ის სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №25/21879 წერილი და მის საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ა.ლ-ის სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 ოქმის საფუძველზე, ა.ლ-ეს საკუთრებაში გადაეცა 218 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 132.9 კვ.მ შენობა/ნაგებობა, მდებარე: ხელვაჩაური, ... ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 20 თებერვალს ა.ლ-ის სახელზე გასცა №6189 საკუთრების მოწმობა და 2008 წლის 8 მარტს იგი საჯარო რეესტრში აღირიცხა მიწის ნაკვეთის და შენობა/ნაგებობის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით: ... თუმცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 ოქმის თანახმად, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ა.ლ-ის სახელზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განცხადება და გაუქმდა ა.ლ-ის საკუთრების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ....

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ა.ლ-ის სარჩელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3/ბ-430-14წ. გადაწყვეტილებით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილება, ა.ლ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობის, ასევე ა.ლ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილების და ამ დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის №ბს-285-281(2კ-15) განჩინებით, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 4 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10-297 მიმართვის საფუძველზე, 3 931.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ... საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (საკადასტრო კოდი: ...). რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მითითებული მიწის ნაკვეთი, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს №02/452 (04.09.2012) ბრძანების საფუძველზე აღირიცხა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის საკუთრებად (საკადასტრო კოდი: ...).

2016 წლის 18 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს №... განცხადებით მიმართა ე.ლ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე. №... განცხადებას ერთოდა შპს „...“-ის მიერ, 2016 წლის 16 ნოემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (218.3 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, შენობა-ნაგებობ(ებ)ის აზომვითი ნახაზი (საერთო ფართი 128,92 კვ.მ) და სამკვიდრო მოწმობა (ნოტარიუსი, ნ.ტ-ე, რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 10 ნოემბერი, რეგისტრაციის ნომერი...), რომლის თანახმად, ე.ლ-ე წარმოადგენდა 2016 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ა.ლ-ის (დაბ. ... წ. პირადი ნომერი...) კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო ა.ლ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წლის 25 ნოემბერს №... წერილით მიმართა ხელვაჩაურის არქივსა და შემოსავლების სამსახურს და გამოითხოვა ამ უწყებებში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, მოქალაქე ა.ლ-ის, ასევე, კომლის სავარაუდო წევრის ე.ლ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მათზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, ასევე, გამოითხოვა ამ უწყებებში დაცული და გაცემული სხვა დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვ.). სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის №... (25.11.2016წ.) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 25 ნოემბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ამასთან, განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 ნოემბრის №21-02-1/130331 წერილზე, რომლის თანახმად, ა.ლ-ის გასწვრივ ფიქსირდებოდა 0,25ჰა-2005 წელი, ხოლო, ე.ლ-ე სიაში არ ფიქსირდებოდა. სასამართლოს მითითებით, 2016 წლის წელს 30 ნოემბერს, სააგენტოში დამატებით წარდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის №ბს-285-281(2კ-15) განჩინების ასლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი, შპს „... -ის“ მიერ, 2016 წლის 28 ნოემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია. ხოლო, დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიმდინარეობის შესახებ №... (06.12.2016) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 25 ნოემბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი უძრავი ნივთის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები.

დადგინდა, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს, სააგენტოში დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების დამოწმებული ასლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, შპს „... ”-ის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია. 2016 წლის 28 ნოემბრის სარეგისტრაციო №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 25 ნოემბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. 2017 წლის 10 იანვარს, სააგენტოში დამატებით წარდგენილ იქნა შპს „გ...”-ის მიერ 2017 წლის 9 იანვარს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 10 იანვრის №01-20/56 წერილის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 1997-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ლ-ე.ა არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ლ-ე.ა- ოჯახის უფროსი; 2. ე.ა-ის ასული - ცოლი; 3. კ.ა-ის ძე - შვილი; 4. ი.ა-ის ძე - შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 0.25 ჰა. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1983 წელს 47 კვ.მ ფართის ოდენობით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 16 იანვარს №... წერილით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია მასზედ, ხელვაჩაურის რაიონში არის ან/და იყო თუ არა რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარი იყო კ.ლ-ე (დაბადების თარიღი და მამის სახელი არ იყო განსაზღვრული). სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის №... (16.01.2017წ.) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 16 იანვრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარდგენილი იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №76/14754 წერილი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 იანვრის №... წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აღდგენილი იყო თუ არა საკუთრების მოწმობა №618 (გაცემული: 20.02.2008წ.), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოწმობის გაცემის საფუძველთან დაკავშირებით. აჭარის რეგიონული ოფისის დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 24 იანვრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. 2017 წლის 1 თებერვლის №11/137 წერილის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს მოქალაქე ა.ლ-ეზე გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა, 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით იყო გაუქმებული და არ აღდგენილა. აჭარის რეგიონული ოფისის დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან პასუხის მიღებისთანავე.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 17 მარტს, სააგენტოში დამატებით წარდგენილი იქნა ე.ლ-ის განცხადება №... სარეგისტრაციო განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის მოთხოვნით. 2017 წლის 23 მარტის №126388/17 წერილით საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია №... განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესახებ, კერძოდ, რეგისტრირებული იყო თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილი იყო თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. აჭარის რეგიონული ოფისის დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 23 მარტის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

2017 წლის 24 მარტის №130663/17 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის სააგენტოში არსებულ საარქივო მასალებში, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მარტს №... წერილით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაეგზავნა ე.ლ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ბათუმი, დასახლება ... აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილებით დაინტერსებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მარტს №... წერილი გაიგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერების შედეგად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს „ ა...ის“ ტერიტორიას, ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში. კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი დასახლება ...ში მდებარე 218.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 132.9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და მის საფუძველზე 2008 წლის 20 თებერვალს ა.ლ-ის სახელზე გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №25/21879 მიმართვის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3/ბ-43-14წ. გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობაზე სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე მიუთითა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის სადავო განკარგულებაზე და აღნიშნა, რომ დასახელებული განკარგულებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით განხორციელდა მხოლოდ საკუთრების უფლების ასაღიარებლად მოთხოვნილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ „უძრავი ნივთი მდებარეობდა ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. თუმცა, ამგვარი მტკიცების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (წარმომადგენელი) მიერ, ვერც საქმის განხილვისას იქნა წარმოდგენილი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები და მიწის განკარგვის ტერიტორიული გეგმა, რაც არსებითად საფუძვლად დაედო სადავო განკარგულების მიღებას. ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად, მოპასუხის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაითვალა კანონიერად ა.ლ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ მიწის ნაკვეთზე, რა არსებითი გარემოებები (მათ შორის უძრავი ნივთის სამართლებრივი რეჟიმი/სტატუსი) შეიცვალა, საქმეზე უდავოდ ცნობილი/დადგენილი გარემოებების შემდგომ, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებზე, რომ ა.ლ-ის მიერ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ის ცენტრში 1999 წელს მოწყობილი იქნა სეზონური ..., რაზეც მას სათანადო ნებართვა არ გააჩნდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 18 აგვისტოს №59 გადაწყვეტილებით ა.ლ-ეს დროებით სარგებლობაში დაურჩა მის მიერ ...ის ცენტრში მოწყობილი სეზონური ..., არსებულ კონტურში. 2007 წლის 13 დეკემბერს ა.ლ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელშიც მიუთითა, რომ სოფელ ...ის ტერიტორიაზე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებული იქნა ..., რომელიც დროებით ჰქონდა დაკანონებული და იხდიდა გადასახადებს. ამ გარემოებებზე მითითებით, ა.ლ-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილებით ა.ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება სოფელ ...ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 132.9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს ა.ლ-ეზე გაიცა საკუთრების უფლების №6189 მოწმობა, რომლის თანახმად, მას საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 123.9 კვ.მ შენობა-ნაგებობა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ა.ლ-ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სოფელ ...ზე მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 123.9 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ა.ლ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კომისიის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იყო მოცემული დასაბუთება, ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის შესწავლის შესახებ საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სხვა რა კონკრეტული გარემოებები და ფაქტები გამოიკვლია კომისიამ, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული შესაბამისი დასკვნა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება და არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიღებული სახელმწიფოს, შემდგომ კი მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები, არსებითად უკანონო აქტებს წარმოდგენდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არასწორი და კანონშეუსაბამო ანალიზისა და შეფასების შედეგად, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეს კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც არ მისცა მას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე-99-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე არც ზეპირ განხილვაზე იქნა მიწვეული, რაც ასევე ევალებოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიამ ა.ლ-ეს (უფლებამონაცვლე - ე.ლ-ე) არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და რაც 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების (განკარგულება) გამოცემის პროცედურული წესის არსებით დარღვევად იქნა მიჩნეული.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, სადავო მიწის ნაკვეთზე ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე და მითითებას, რომ ვინაიდან იგი დღეის მდგომარეობით იყო გარდაცვლილი, მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა მომხდარიყო მისი მემკვიდრის და უფლებამონაცვლის ე.ლ-ის სახელზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტების, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილობის პირობებში აღდგებოდა ა.ლ-ის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც მოსარჩელეს, როგორც მემკვიდრეს, შესაძლებლობა ექნებოდა მოეპოვებინა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე და აღერიცხა ის თავის სახელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ ა.ლ-ის მიერ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ის ცენტრში 1999 წელს მოწყობილი იქნა სეზონური ..., რაზეც მას სათანადო ნებართვა არ გააჩნდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 18 აგვისტოს №59 გადაწყვეტილებით ა.ლ-ეს დროებით სარგებლობაში დაურჩა მის მიერ ...ის ცენტრში მოწყობილი სეზონური ..., არსებულ კონტურში. 2007 წლის 13 დეკემბერს ა.ლ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელშიც მიუთითა, რომ სოფელ ...ის ტერიტორიაზე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებული იქნა ..., რომელიც დროებით ჰქონდა დაკანონებული და იხდიდა გადასახადებს. ამ გარემოებებზე მითითებით, ა.ლ-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილებით ა.ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება სოფელ ...ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 132.9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. თუმცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ა.ლ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3/ბ-43-14წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამოყენებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ იმსჯელა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშრებით და 2017 წლის 29 სექტემბერს გამოსცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება №818, რომლითაც კვლავ ბათილად ცნო 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და მის საფუძველზე ა.ლ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობა იგივე საფუძვლებით, რაც თავდაპირველად ჰქონდა მითითებული ადმინისტრაციულ ორგანოს 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილების გაუქმებისას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ №818 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით განხორციელდა მხოლოდ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უძრავი ნივთი მდებარეობდა ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. თუმცა, ამგვარი მტკიცების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ვერც საქმის განხილვისას იქნა წარმოდგენილი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები და მიწის განკარგვის ტერიტორიულ გეგმა, რაც არსებითად საფუძვლად დაედო სადავო განკარგულების მიღებას. საქმის არსებითი განხილვის შედეგად, მოპასუხის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაითვალა კანონიერად ა.ლ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ მიწის ნაკვეთზე, რა არსებითი გარემოებები (მათ შორის უძრავი ნივთის სამართლებრივი რეჟიმი/სტატუსი) შეიცვალა საქმეზე უდავოდ ცნობილი/დადგენილი გარემოებების შემდგომ, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები. სადავო კომისიის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მოცემული დასაბუთება, ა.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის შესწავლის შესახებ საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სხვა რა კონკრეტული გარემოებები და ფაქტები გამოიკვლია კომისიამ, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული ასეთი დასკვნა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე არც ზეპირ განხილვაზე იქნა მიწვეული, რაც ასევე ევალებოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიამ ა.ლ-ეს (უფლებამონაცვლე - ე.ლ-ე) არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და რაც 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების (განკარგულება) გამოცემის პროცედურული წესის არსებით დარღვევად უნდა მიჩნეულიყო.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის №ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე მითითებით არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტი, რომ საკუთრების უფლების აღიარება მხოლოდ სახელმწიფოს სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებს შეეხებოდა. სააპელაციო სასამართლომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება. აღნიშნულიდან გამოდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. მან ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არასწორი და კანონშეუსაბამო ანალიზისა და შეფასების შედეგად, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეს კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც არ მისცა მას. ამდენად, პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებაა საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს მიწის კოდექსის (მიღებულია 1971 წლის 13 ივლისს) თანახმად, საქართველოში არსებული ყველა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, „სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და მისი გადაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით“. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბერს) 1505-ე მუხლში მოცემულ ძალადაკარგულ კანონთა ნუსხაში მიწის კოდექსი არ შესულა. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიწა, რომელზედაც დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ამისათვის სახელმწიფო არ საჭიროებს რაიმე დამატებითი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და რეგისტრაციით მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება და არა მიწის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა.

კასატორმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“ დებულების (იმ დროს მოქმედი რედაქციით, დამტკიცებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უფლებამოსილი იყო მიემართა საჯარო რეესტრისათვის სახელმწიფო ქონების პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10/297 მიმართვით დაზუსტებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 3931 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიენიჭა ს/კ №.... ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საზღვრების შემოერთების შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღირიცხა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №... .

კასატორმა მიუთითა სსრ მიწის კოდექსის მე-5, მე-13, 76-ე მუხლებზე, აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტზე და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-4 პუნქტზე, რომელიც ადგენდა იმ მიწების ჩამონათვალს, რომელიც არ შედიოდა მიწის რეფორმის ფონდში და ყურადღება გაამახვილა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ არეალში (ზღვის სანაპირო ზოლში) მდებარე მიწის ნაკვეთს, ის არ შეიძლება მიჩნეულიყო მიწის რეფორმის ფონდში რიცხულ მიწად, გამოყოფილიყო საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მათ შორის დაქვემდებარებოდა აღიარებას. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სს „ა...ის“ ტერიტორიას. ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში.

ამდენად, კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ ე.ლ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

კასატორები - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ კომისიამ არ გამოიკვლია წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საკურორტო ზონას. კასატორები აღნიშნულის საპირისპიროდ აღნიშნავენ, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით დადასტურებული იყო, რომ ... წარმოადგენდა საქართველოს კურორტების ნუსხაში შემავალ ტერიტორიას. სასამართლომ კი არ გამოიყენა აღნიშნული კანონი, რომლის გამოყენების შემთხვევაში გაქარწყლდებოდა ყოველგვარი ეჭვი ...ის საკურორტო ტერიტორიისა და საკურორტო ზონის თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა მიწის რეფორმის ისტორიული კონტექსტი, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და მოქალაქეებს გადაეცემოდათ სარგებლობის უფლებით.

კასატორებმა ასევე მიუთითეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-4 პუნქტზე და აღნიშნეს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ არეალში (ზღვის სანაპირო ზოლში) მდებარე მიწის ნაკვეთს, ის არ შეიძლება მიჩნეულიყო მიწის რეფორმის ფონდში რიცხულ მიწად მიწის ძველი კანონმდებლობითაც და ამდენად, გამოყოფილიყო საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მათ შორის დაქვემდებარებოდა აღიარებას.

კასატორები ხაზს უსვამენ, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან თავის თავში გულისხმობს, სწორედ ასაღიარებლად მდებარე მიწის ნაკვეთის მდებარეობის გათვალისწინებას, ზონებს და საკურორტო სივრცის გათვალისწინებას. შესაბამისად, ვინაიდან ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკურორტო ზონაში, მეტიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით - სანაპირო ზოლში, მიზანშეუწონელი და დაუშვებელი იყო კომისიის მიერ მოცემული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება. ამასთან, კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ტერიტორიის სტატუსიდან გამომდინარე, სადაც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთი, იგი ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას (ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებას), რადგან საკურორტო ზონის გათვალისწინებით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს მოქალაქეებზე, ორგანიზაციებზე გასცემდა მხოლოდ და მხოლოდ სარგებლობის ფორმით ისიც ძირითადად სეზონურად, გარკვეული საქონლის/მომსახურეობის რეალიზების მიზნით. იდენტური შემთხვევა იყო მოსარჩელის შემთხვევაში - მის გარდაცვლილ მეუღლეს სახელმწიფოსგან იჯარის წესით ჰქონდა აღებული მოცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კონსტრუქცია- სეზონური ...

კასატორების მითითებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №02/452, რომელიც საფუძვლად დაედო თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადასვლას (რეგისტრაციას), არის კანონიერი და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის აუცილებელი ფორმალური და მატერიალური კანონიერების დაცვით, შესაბამისად არ არსებობს ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ქ. ბათუმში ...ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების ს/კ... კეთილსინდისიერ შემძენს, რომლისთვისაც უძრავი ქონების შეძენა განხორციელდა კანონიერად და შესაბამისი პროცედურის დაცვით. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, არ არსებობს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, იგი ვერ დაექვემდებარება კერძო პირის საკუთრებაში აღიარებას, ხოლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი უკვე განკარგულია და რეგისტრირებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება ამგვარ მიწაზე.

კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ აღიარების კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებას. კანონმდებლობა არაფერს ამბობს არც მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე და არც ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების აღიარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვერ გასცდებოდა კანონიერების პრინციპს და კანონის საწინააღმდეგოდ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

კასატორები ხაზს უსვამენ, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული ფოტოსურათები და ორთოფოტოს მონაცემები, რომელიც თანდართული იყო აგრეთვე სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აღიარებაზე უარის თქმის დამადასტურებელი გარემოებები. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღეს და არ გაითვალისწინეს ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სწორედ ...ის შესასვლელ მხარეს, იქ სადაც ადამიანები გადაადგილდებიან, იგი მოიცავს გზის ნაწილს, ტროტუარის მხარეს, საზოგადოებრივი სივრცის ნაწილს, რომლის აღიარება და მსგავსი პრეცედენტის დაშვება არის დაუშვებელი. სწორედ კანონდარღვევით მიწის ნაკვეთის აღიარება იყო 2010 წელს საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი, ხოლო წინამდებარე სასამართლო გადაწყვეტილებები ქმნის მანკიერ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც შესაძლებელია საკურორტო ზონაში (დასახლებაში), სანაპირო ზოლში აღიარების გზით კერძო საკუთრებაში გაიცეს ისეთი ტიპის მიწის ნაკვეთი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე მეტრით არის დაშორებული ზღვის სანაპიროდან, წარმოადგენს გზის ნაწილს და არის საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ე.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოედგინათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს „ა.ლ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების, ა.ლ-ის სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10/297 მიმართვის და მიმართვის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილების, ამავე ნაწილში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების და მის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილების და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №25/21879 წერილის და მის საფუძველზე მიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების მიღების დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დაინტერესებული პირს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ლ-ის მიერ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... ის ცენტრში 1999 წელს მოწყობილი იქნა სეზონური ..., რაზეც მას სათანადო ნებართვა არ გააჩნდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 18 აგვისტოს №59 გადაწყვეტილებით ა.ლ-ის დროებით სარგებლობაში დარჩა მის მიერ ...ის ცენტრში მოწყობილი სეზონური ..., არსებულ კონტურში. 2007 წლის 13 დეკემბერს ა.ლ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელშიც მიუთითა, რომ სოფელ ...ის ტერიტორიაზე იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებული იქნა ..., რომელიც დროებით ჰქონდა დაკანონებული და იხდიდა გადასახადებს. ამ გარემოებებზე მითითებით, ა.ლ-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილებით ა.ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება სოფელ ...ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 132.9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს ა.ლ-ეზე გაიცა საკუთრების უფლების №6189 მოწმობა, რომლის თანახმად, მას საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 218 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 123.9 კვ.მ შენობა-ნაგებობა და იგი საჯარო რეესტრში აღირიცხა მიწის ნაკვეთის და შენობა/ნაგებობის მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით ... .

ასევე დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ა.ლ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განცხადება და გაუქმდა ა.ლ-ის საკუთრების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ... .

რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 27 იანვრის №01-10-297 მიმართვის საფუძველზე, 3 931.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (საკადასტრო კოდი: ... ). რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, მითითებული მიწის ნაკვეთი, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების საფუძველზე, აღირიცხა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის საკუთრებად (საკადასტრო კოდი: ... ).

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაიწყო სამართალწარმოება, რომლის ფარგლებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3/ბ-430-14წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილება, ა.ლ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული №6189 საკუთრების უფლების მოწმობის, ასევე ა.ლ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილების და ამ დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ კომისიის 2008 წლის 12 თებერვლის №10 საოქმო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ა.ლ-ის საკუთრებად აღიარებული ნაკვეთი მდებარეობდა სანაპიროსთან ახლოს, ...ის მიმდებარედ, სოფელ ...ში მდებარე პარკის და შესაბამისად, ხეივნის (სკვერის) ტერიტორიაზე, რომ სოფელი ... წარმოადგენდა კურორტს და რომ საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ვერ იქნა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას არ გამოუკვლევია ა.ლ-ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთის ტერიტორია, მისი დანიშნულება, არ დაუდგენია აღნიშნული მიწის ნაკვეთი კონკრეტულად პარკის ტერიტორიას წარმოადგენდა, ხეივნის თუ სკვერის, რის გამოც კომისიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას და რომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის ტერიტორიულ გეგმას - საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას და შეფასებას. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მარტოოდენ 2010 წლის 18 იანვარს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ კომისიის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, მით უფრო მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტში მითითებული იყო, რომ როგორც ა.ლ-ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, აღნიშნული ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა თავისუფალ სამეურნეო ეზოს, ნაწილზე კი განთავსებული იყო შენობა, ხოლო გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნული იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფელ ...ში მდებარე პარკის და შესაბამისად, ხეივნის (სკვერის) ტერიტორიაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტი გამოცემული იყო ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

დადგენილია, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ იმსჯელა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშრებით და 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულებით ბათილად ცნო 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და მის საფუძველზე ა.ლ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულების შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერების შედეგად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს „ა...ის“ ტერიტორიას, ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №25/21879 მიმართვის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს კასატორების განმარტებაზე, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებას და კანონმდებლობა არ მიუთითებს არც მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე და არც ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელშიც აღნიშნულია სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაზე და დამატებით განმარტებულია რომ: „კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თანაბრად ავრცელებდა მის მოქმედებას როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება“ (სუსგ №ბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.).

დამატებით აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილი შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას. შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ აბრკოლებდა, საერთო წესების დაცვით განეხილა ლ.ც-ის განცხადება“ (სუსგ №ბს-521(3კ-21), 25.11.2021წ.). ამასთან, საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ: „მიუხედავად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას“ (სუსგ №ბს-89(კ-22), 11.07.2023წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხვა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დაუშვებლობა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ცალსახა წინაპირობას. ახალი აქტის გამოცემისთვის, აუცილებელია სრულად და ობიექტურად იყოს შესწავლილი/გამოკვლეული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობა, დანიშნულება და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა/არ არსებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილების და 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების ის ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამავე კანონის დასახელებული რედაქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განსაზღვრულია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 20.07.2018, №3213) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სივრცითი მოწყობა არის ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილების და 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი გამოკვლეულ უნდა იქნეს და შეფასდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილების და 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო) და დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი, დაცული ტერიტორია). მსგავსი შინაარსის სამართლებრივ რეგულირებას შეიცავს აგრეთვე დასახელებული კანონის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების მიღების დროს მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ... ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმავე შინაარსის საკუთრების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს ასევე ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (ძალადაკარგულია - 04.08.2016, №191) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულების მიღების დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და კაფებარი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4 პუნქტში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, „მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფოდა შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე ის მიწები, რომლებზეც პერსპექტივაში გათვალისწინებულია ახალი კურორტების აგება ან საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო კომუნიკაციების მოწყობა, არსებული კურორტების გენერალური გეგმით გათვალისწინებული მიწები, აგრეთვე ფართობები, რომელთაც ზღვის ნაპირდაცვითი მნიშვნელობა აქვთ და მოსახლეობისათვის მათი გადაცემა გარემო დაცვის თვალსაზრისით გაუმართლებელია, ასევე ის მიწები, რომლებზეც მოწყობილია მელიორაციული სისტემები. შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე დანარჩენი მიწებიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოფოდა სარგებლობის უფლებით დამატებითი საკარმიდამო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად, მათზე კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით“. ამდენად, აღსანიშნავია, რომ მიწის რეფორმის ფონდში მიწათა გამოყოფის ხელშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა მხოლოდ შავი ზღვის სამკილომეტრიან ზოლში მათი მოქცევა. ნიშანდობლივია, რომ დათქმა ითვალისწინებდა დამატებით პირობებსაც, მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენდა ახალი კურორტის აგების გათვალისწინება პერსპექტივაში (სუსგ №ბს-1069(კ-24); 27.02.2025წ.).

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №818 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 12 თებერვალს №10 საოქმო გადაწყვეტილება ა.ლ-ის ნაწილში და მის საფუძველზე ა.ლ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 20 თებერვლის №6189 საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულების შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერების შედეგად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს „ა...ის“ ტერიტორიას, და იგი მდებარეობდა ...ის შესასვლელში, ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკი და ქარსაცავი ზოლის მომიჯნავედ, საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საერთო სარგებლობის სივრცეში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ. აღნიშნული გარემოებები კი ადასტურებს, რომ არ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე ა.ლ-ის და შესაბამისად მისი მემკვიდრის ე.ლ-ის საკუთრების უფლების აღდგენის წინაპირობები, რამდენადაც გასაჩივრებული აქტები არის კანონიერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზე არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ლ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა