დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1208(კ-25) 5 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ 2022 წლის 27 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის შპს „...-ს“ მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №50 დადგენილების შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურებისთვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. მოსაკრებლის გადახდა აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო და მუნიციპალურ ნარჩენებს. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. შპს ,,...-" (საქმიანობის სფერო: ... , რკინიგზის სადგური, ..., ოფისი, შერეული საქონლის მაღაზია) სრულად იღებს დასუფთავების მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა არ გადაუხდია დასუფთავების მოსაკრებელი. 2022 წლის 7 მარტს, შპს ,, ...-ს" ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2022 წლის მარტის თვისათვის - 9613,65 ლარი, ხოლო 2023 წლის 27 აპრილის №... ქვითრით ეცნობა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2023 წლის აპრილის თვისთვის - 13275,59 ლარი იყო. თანხის ნებაყოფლობით გადახდისთვის საზოგადოებას განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. აღნიშნული ქვითრები ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, რაც დასტურდება ქვითარზე აღნიშნული ხელმოწერით. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე სუბიექტი პერიოდულად იხდის დავალიანების გარკვეულ ნაწილს, მისი დავალიანება 2024 წლის დეკემბრისთვის შეადგენდა 12081,63 ლარს, რისი გადახდაც სარჩელის წარდგენის დროისთვის არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების - 12081,63 ლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „...-ს“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების - 12081,63 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით შპს ,,...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დავალიანების ოდენობის გამოთვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შპს ,,...-ს“ 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პერიოდის დასუფთავების მოსაკრებელს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ აღნიშნულ წლებში მას მესამე პირთან ჰქონდა დადებული ნარჩენების გატანის ხელშეკრულება და ამ წლებზე არ უნდა დაერიცხოს დასუფთავების მოსაკრებელი, რადგან შპს ,,...-ს“ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საგამონაკლისო წესის შესაბამისად, გამოყენებული აქვს უფლება, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით, თუმცა ნარჩენების წარმომქმნელს (მოპასუხეს) შესრულებული არ აქვს კანონით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევა. ქ. ქუთაისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე, ... აშენდა და ფუნქციონირებს 2013 წლიდან დღემდე, სადაც განთავსებულია ... და საოფისე ფართი. დანარჩენი ფართი არ ფუნქციონირებს, გაცემულია იჯარით ან ფართებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებია დარეგისტრირებული. 2019 წლიდან შპს ,,ი...ის" მიერ იჯარით არის აღებული ...სთვის განკუთვნილი ფართი. შპს ,,...-" ფლობს მხოლოდ საოფისე ფართს მეორე სართულზე, შესაბამისად, მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ობიექტზე დასუფთავების მოსაკრებელი უნდა გაანგარიშდეს შემდეგი სახით: 2013 წლიდან 2018 წლის 28 მარტის ჩათვლით: ... (40 კვ.მ. X 0,03 X 63 თვე)=75,6 ლარი + საოფისე ფართი (50 კვ.მ. X 0,06 X 63 თვე=189) = 264,6 ლარი; 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით: ... (40 კვ. მ. X 0,03 X 16 თვე)=19.2 ლარი; საოფისე ფართი (2018 წლის აპრილიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით) (40 კვ.მ. X 0,06 X 57 თვე) =136,8 ლარი; საოფისე ფართი 2023 წლის იანვრიდან დღემდე (40 კვ.მ. X 0,11 X 24 თვე)=105.6 ლარი. ამდენად, ჯამში მითითებულ მისამართზე შპს „...-მა“ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს 526,20 ლარი.
რაც შეეხება შპს ,,...-ს" მიერ გადასახდელ მოსაკრებელს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №...-ის დასავლეთით, კასატორის მითითებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდა აღნაგობის უფლება. 2017 წლის მორიგების აქტის შესაბამისად, მითითებულ მისამართზე მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა 1 300 კვ.მ.-ზე, სადაც ფუნქციონირებდა ... ა, ხოლო 2019 წლის 02 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა შპს „ ქ...ს", რომელიც ამ ეტაპზე ახორციელებს მშენებლობას მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, მოსაკრებელი უნდა დაანგარიშდეს შემდეგი სახით: 2017 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 28 მარტის ჩათვლით (880 კვ.მ. X 0,58 X 5 თვე) = 2 552 ლარი + (138 კვ.მ. X 0,50 X 5 თვე) =345ლარი; 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის იანვრამდე კი (880 კვ.მ. X 0,18 ხ 21 თვე) 326,40 ლარი + (138 კვ.მ. X 0,5 X 21 თვე) =1 449 ლარი. ჯამში მითითებულ მისამართზე შპს „...-ს“ დავალიანება უნდა შეადგენდეს 4 775,40 ლარს; 2020 წლის იანვრიდან 2024 წლამდე შპს „...-ს“ ამ მისამართზე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ა(ა)იპ „... ის“ სამსახურთან და ორგანიზაცია იხდის შესაბამისი მომსახურების თანხას. ჯამში ორგანიზაციის კუთვნილი მოსაკრებელი შეადგენს 5 301,60 ლარს. დაანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული პანდემიის დროს დადგენილი შეღავათი. შპს-ს მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 9 149,16 ლარს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა განმარტება, რომ ხელშეკრულებებში მითითებული ოდენობა ფაქტობრივად განსხვავდება ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მითითებული ოდენობისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...-ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს ,,...-სათვის“ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის სახით 12081,63 ლარის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო პალატის განმარტებით, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასა და მის ზოგად ჩარჩოს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “...-” რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2007 წლის 7 მაისიდან, მისი საიდენტიფიკაციო ნომერია - ..., იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №....
შპს ,,...-" ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების მოსაკრებლის ერთიან მონაცემთა ბაზაში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის დეკემბრიდან - ...ის გამზ. №...-ში (ოფისი - 40 კვ.მ, ... - 50 კვ.მ, ასევე ... - 35 კვ.მ, რომლის ფუნქციონირებაც კომპანიის დირექტორის დ.ფ-ის განცხადების საფუძველზე შეწყვეტილია 2017 წლის 21 მარტიდან და ...ის გამზირი №...-ის დასავლეთით მდებარე ობიექტზე 2024 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულია ... 700 კვ.მ-ზე, 2019 წლის 17 ნოემბრიდან ...ის ფართის მოცულობა 880 კვ.მ და ასევე მაღაზია 138 კვ.მ.
შპს ,,...-ს" დირექტორის 2017 წლის 20 თებერვლის წერილით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს აცნობა, რომ 2013 წლიდან ...ის გამზირის №...-ში მდებარე ...ში არ ფუნქციონირებს ..., ფუნქციონირებს მხოლოდ ავტო-სადგური და ოფისი, შესაბამისად, მოითხოვა დაკისრებული დასუფთავების მოსაკრებლის თანხაში კორექტირების შეტანა. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №01/6266 წერილით დადგენილია, რომ მოსაკრებლის ერთიან ბაზაში ცვლილება მოთხოვნისამებრ განხორციელდა.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №293 შეტყობინებით შპს ,,...-ს" ეცნობა ყოველთვიურად მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც შეადგენდა 230.1 ლარს. შპს ,,...-ს" მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა (ყოველთვიურად 230.1 ლარი) დაანგარიშდა შემდეგნაირად: 1. კლასიფიკაცია 15 - ტარიფი 0,006, ზომის ერთეული - 50 მ2 2.კლასიფიკაცია 14 - ტარიფი 0.06, ზომის ერთეული 40 მ2; 3. კლასიფიკაცია 1 - ტარიფი 0,50, ზომის ერთეული 138 მ2 (17.11.2019 წლიდან); 4. კლასიფიკაცია 6 - ტარიფი 0,18, ზომის ერთეული 880 მ2 (17.11.2019 წლიდან). მითითებულ შეტყობინებას ხელს აწერს შპს ,,...-ს" დირექტორი დ.ფ-ე; მის მიერ პრეტენზია/შენიშვნა მითითებულ შეტყობინებაზე აღნიშნული არ არის.
შპს ,,...-ს" დირექტორის - დ.ფ-ის 2022 წლის 06 იანვრის წერილით დადგენილია, რომ 06.01.2022 წლის მდგომარეობით კომპანიას დაკისრებული აქვს მოსაკრებლის თანხა 9153.45 ლარი, საიდანაც გამოიქვითა კოვიდპანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კარანტინის და ბაზრობების მუშაობის აკრძალვის პერიოდზე დარიცხული თანხა. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, შპს ,,...-ს" 2013 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით ორივე მისამართზე ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება ,ჯამში - 12081.63 ლარი.
შპს ,,...-ს" მიერ დასუფთავების მოსაკრებელი გადახდილია 2023 წლის მაისში -500 ლარი, 2023 წლის ოქტომბერში - 2000 ლარი, 2023 წლის დეკემბერში - 2273.12 ლარი, 2024 წლის მარტში - 400 ლარი, 2024 წლის აპრილში - 397.76 ლარი, 2024 წლის მაისში - 383.28 ლარი, 2024 წლის ივნისში - 408 ლარი, 2024 წლის აგვისტოში - 796 ლარი, 2024 წლის სექტემბერში - 390 ლარი, 2024 წლის ოქტომბერში - 405 ლარი, 2024 წლის დეკემბერში - 796 ლარი, აღნიშნული თანხები ასახულია და გამოკლებულია გადასახდელი თანხის ჯამს.
შპს ,,...-ს" და ა(ა)იპ ...ის სამსახურს შორის 2020 წელს (მოიცავდა 01.01.2020-31.12.2020 წ. პერიოდს), 2021 წელს (მოიცავდა 08.02.2021-28.02.2022 წ. პერიოდს), 2023 წელს (მოიცავდა 01.01.2023-31.12.2023 წ. პერიოდს) და 2024 წელს (მოიცავდა 01.01.2024-31.12.2024 წ. პერიოდს) დადებულ იქნა ტერიტორიიდან ნარჩენების გატანის მომსახურების (გარდა დიდგაბარიტიანი და მავნე ნივთიერების) ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების თაობაზე შპს ,,...-ს" ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და ა(ა)იპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისთვის" არ უცნობებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „მოსაკრებელი კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით, მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.07.2019წ. №1/23/1487 განჩინება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისთვის. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 1-ელი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად (21/02/2020წ. მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. აღნიშნული კანონის 121 მუხლი განსაზღვრავს მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, რომლის 1-ელი პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. ამავე კანონითაა განსაზღვრული თუ ვის ენიჭება ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება; კერძოდ, ამ პრეროგატივითაა აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო (3.1 მუხ.).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა, საკრებულოს სხვადასხვა პერიოდში მოქმედი დადგენილებებით განისაზღვრებოდა. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა კი განისაზღვრა დანართი №2-ის შესაბამისად.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის №138 დადგენილებით, შეიცვალა დადგენილების №2 დანართი და ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: ... ზომის ერთეული - ერთი ადგილი, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,94; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0,72 (კლასიფიკაცია №7); ... - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,23; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.18 (კლასიფიკაცია №8); ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,08; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.06 (კლასიფიკაცია №16); რკინიგზის სადგური, ..., აეროპორტი - ზომის ერთეული: ღია ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,008; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.006 (კლასიფიკაცია №17).
ისევე როგორც თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებით, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად; დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვრა №2 დანართის შესაბამისად. დადგენილების №2 დანართის (დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაწესების შესახებ) შესაბამისად, დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით - საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი, სამრეწველო მაღაზია; ზომის ერთეული: სამუშაო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,65; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.5 (კლასიფიკაცია №1); ... - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,23; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.18 (კლასიფიკაცია №6); ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,08; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.06 (კლასიფიკაცია №14); რკინიგზის სადგური, ..., აეროპორტი - ზომის ერთეული: ღია ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,008; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.006 (კლასიფიკაცია №15).
დღეს მოქმედი, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №50 დადგენილებით შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ახალი ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად; დაწესდა დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. №50 დადგენილების №2 დანართის (დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაწესების შესახებ) შესაბამისად, დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით - საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი, სამრეწველო მაღაზია; ზომის ერთეული: სამუშაო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,65; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.87 (კლასიფიკაცია №1); ... - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,23; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.31 (კლასიფიკაცია №6); ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია - ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,08; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.11 (კლასიფიკაცია №14); რკინიგზის სადგური, ..., აეროპორტი - ზომის ერთეული: ღია ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა: მ3 – 0,008; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი/№4/:12 თვე X 9,2 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი): 0.01 (კლასიფიკაცია №15).
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „...-ს“ მიერ გადასახდელი თანხების ოდენობა დაანგარიშებულია სწორედ ზემოთ დასახელებული დადგენილებებით გათვალისწინებული ტარიფების და განაკვეთების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დავალიანების ოდენობის გამოთვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება 2020, 2021, 2023 და 2024 წლების ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის მოპასუხისათვის დაკისრების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის, ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, მოხმობილი მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საგამონაკლისო წესს, კერძოდ, მოსახლეობის გარდა, სხვა მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთათვის - სურვილისამებრ, არ ისარგებლონ ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მათი მხრიდან წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად, დასამუშავებლად გადასცენ იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ გააკეთოს შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, შპს ,,...-ს" და ა(ა)იპ „...ას“ შორის 2020 წელს (მოიცავდა 01.01.2020 - 31.12.2020წ. პერიოდს), 2021 წელს (მოიცავდა 08.02.2021 - 28.02.2022წ. პერიოდს), 2023 წელს (მოიცავდა 01.01.2023-31.12.2023წ. პერიოდს) და 2024 წელს (მოიცავდა 01.01.2024 - 31.12.2024წ. პერიოდს) გაფორმებულია ნარჩენების გატანის მომსახურების (გარდა დიდგაბარიტიანი და მავნე ნივთიერების) ხელშეკრულებები, თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების თაობაზე მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი არ იყო. ამდენად, კასატორის პოზიცია, რომ მას მესამე პირთან ჰქონდა დადებული ნარჩენების გატანის ხელშეკრულება (2020, 2021, 2023 და 2024 წლებში), რის გამოც აღნიშნულ წლებში არ უნდა დაერიცხოს დასუფთავების მოსაკრებელი, უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც გააქარწყლებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,...-ს" საკასაციო საჩივარზე 05.11.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო10.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით 305 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,...-ს" (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.11.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, ხოლო 10.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 213,50 ლარი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. შპს ,,...-ს" (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.11.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი და 10.12.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 305 ლარის 70 პროცენტი - 213,50 ლარი, სულ - 423,50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე