დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2026
საქმის ნომერი
ბს-233(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-233(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ.ლ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის შემცირება, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ.ლ-იმა 2024 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ლ.ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი 2023 წლის 04 სექტემბრის დეკლარაციისა და ოჯახისთვის 129 730 ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების, ასევეა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელე ლ.ლ-ისთვის 39 210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით, ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, ლ.ლ-ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2011 წლიდან. ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 39 210 სარეიტინგო ქულა და შესაბამისად, ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. 2018 წლის 08 ივნისის გადამოწმების მიზნით შევსებული დეკლარაციის შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 61 730 ქულა, რაც გასაჩივრდა ლ.ლ-ის მიერ და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ოჯახისთვის ძველი - 39 210 სარეიტინგო ქულის აღდგენა.

2020 წლის 05 თებერვლის გადამოწმების შედეგად ლ.ლ-ის ოჯახმა ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ამასთან, 2020 წლის 05 ივლისის განმეორებითი გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა 76 700 სარეიტინგო ქულა და ასევე ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 05 თებერვალს შევსებული დეკლარაცია და ასევე 2020 წლის 05 ივლისის განმეორებითი გადამოწმების შედეგად ლ.ლ-ის ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა. ამავე გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის ოჯახს მიენიჭა 39 210 სარეიტინგო ქულა.

2022 წლის 23 აგვისტოს გენერირებული სიის (გარდაცვლილები) საფუძველზე, ლ.ლ-ის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2022 წლის 30 სექტემბერს და შეივსო დეკლარაცია. გადამოწმების შედეგად ლ.ლ-ის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 90 350 ერთეულით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2022 წლის 23 აგვისტოს განხორციელდა ლ.ლ-ის სარეიტინგო ქულის კორექტირება და მას განესაზღვრა ახალი ქულა - 88 310 ერთეულის ოდენობით.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილა იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 სექტემბრის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (90 350) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ.ლ-ის ოჯახის მონაცემების კორექტირებისა და მის საფუძველზე 2022 წლის 23 ნოემბრიდან 88 310 ერთეული სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებები.

2023 წლის 19 ივლისს ლ.ლ-ის მეუღლის გარდაცვალების გამო განხორციელდა მისი ოჯახის ხელახალი გადამოწმება და 2023 წლის 12 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მიენიჭა - 129 730 ერთეული სარეიტინგო ქულა. აღნიშნული მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ლ.ლ-იმა მიიჩნია, რომ მისთვის მაღალი ქულის მინიჭება არ შეესაბამებოდა ოჯახის რეალურ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, წინა პერიოდთან შედარებით, როცა ოჯახი იყო შემწეობის მიმღები, მისი ოჯახის მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სოციალური სააგენტოს მსგავსი მიდგომა უკიდურესად აუარესებდა მისი ოჯახის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 12 სექტემბრის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე 2023 წლის 19 ოქტომბერს სარეიტინგო ქულის (129 730) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ამასთან მოპასუხეს დაევალა ლ.ლ-ის სარეიტინგო ქულისა და მისთვის შესაბამისი შემწეობის დანიშვნის თაობაზე საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთვის კანონით დადგენილ ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი „ლ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA 9 23 01360623 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 12 სექტემბრის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე 2023 წლის 19 ოქტომბერს სარეიტინგო ქულის (129 730) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ლ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA 9 23 01360623 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ლ.ლ-ისთვის 39 210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მასვე დაევალა ზიანის სახით, 2023 წლის 01 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით, მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეგერირების წესზე“, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის 2023 წლის 05 ოქტომბრის ბრძანებასა და სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 28 მარტის №04-73/ო ბრძანებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტოს საინფორმაციო ბანკის მართვისა და სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტიდან მიწოდებული „ბაზის გაწმენდის სიაში“ დაფიქსირებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ლ.ლ-ის ოჯახის დეკლარაციის E1 (კომუნალური ხარჯი) გრაფაში უნდა დაფიქსირებულიყო - 556.59 ლარი, E2 (ბუნებრივი აირი) გრაფაში - 216 ლარი, E3 (წყლის წლიური გადასახადი) გრაფაში - 36.08 ლარი, E4 (დასუფთავების წლიური გადასახადი) გრაფაში - 20 ლარი, C4 გრაფის 7 პუნქტში - 800 ლარი. თუმცა მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, ლ.ლ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ შეცვლილა და მას კვლავ განესაზღვრა 129 730 ერთეული.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ლ.ლ-ისთვის 39 210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრების არსებობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე, მოცემული საკითხის არაერთი სასამართლო დავისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირობებში, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო არსებითად, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ჭრილში. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ სადავო აქტების უკანონობის პირობებში, არსებობდა მოსარჩელისთვის 2023 წლის 01 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, მართალია, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა ის საკანონმდებლო აქტები, რომლებითაც რეგულირდება განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა არასწორად განმარტა იგი და მათი გამოკვლევისა და გაანალიზების გარეშე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა საკითხის სწორ შეფასებას. პალატამ ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა ლ.ლ-ისათვის განაცდური თანხის, 2023 წლის 01 ნოემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით, მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება. პალატამ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ამ პერიოდის თანხების ადმინისტრირება და არანაირ უკანონო ქმედებას და მით უფრო, პირისთვის ზიანის მიყენებას არ ჰქონია ადგილი.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესზე“, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიზნებისთვის, პირველ რიგში, უნდა განხილულიყო ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანონს და არსებითად იყო თუ არა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიუირების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ამდენად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“, ფიქსირდება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოკლებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობა, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე, გარდა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახებისა. ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას და დეკლარაციის „E“ ბლოკის შევსების დროს ოჯახი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით ჩაერიცხა ფულადი დახმარება, რაც დასტურდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული (ოჯახის ხელთ არსებული ან სააგენტოსათვის მიწოდებული) ინფორმაციით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა შესაძლებელია დაფიქსირდეს ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ ლ.ლ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას. ოჯახის რეიტინგი განსაზღვრული იყო 39 210 ქულით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2023 წლის 17 აგვისტოს ცნობის თანახმად, ლ.ლ-ის გამგეობის 2023 წლის 15 თებერვლის №ბ38.01230465 ბრძანების შესაბამისად გამოეყო მიზნობრივი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ხოლო გამგებლის 2023 წლის 29 ივნისის №ბ38.01231803 ბრძანების შესაბამისად, გამოეყო მიზნობრივი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2023 წლის 04 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ ლ.ლ-ის უფიქსირდებოდა დენის კომუნალური ხარჯი 1356.59 ლარი, ამასთან, მოქალაქემ წარადგინა გამგეობიდან კომუნალური ხარჯებისთვის გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ მან თებერვლის თვეში გამგეობისგან მიიღო - 300 ლარი, ხოლო ივნისში - 500 ლარი. ეს თანხა უნდა გამოაკლდეს დენის კომუნალურ ხარჯს, შესაბამისად E1 გრაფაში უნდა დაუფიქსირდეს - 556.59 ლარი, ბუნებრივი აირის გრაფაში (E2) ნაცვლად 0 ლარისა, დაუფიქსირდეს - 216 ლარი, წყლის წლიური გადასახადის (E3) გრაფაში ნაცვლად 0 ლარისა, დაუფიქსირდეს - 36.08 ლარი და დასუფთავების წლიური გადასახადის (E4) გრაფაში ნაცვლად 0 ლარისა, დაუფიქსირდეს - 20 ლარი. ხოლო, C4 გრაფის 7 პუნქტში ნაცვლად 0 ლარისა, დაუფიქსირდეს - 800 ლარი. დადგენილია, რომ მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, ლ.ლ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ შეცვლილა და მას კვლავ განესაზღვრა - 129 730 ერთეული.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ლ.ლ-ის ოჯახის 1 წევრი გარდაიცვალა, თუმცა, სხვა მხრივ, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები არსებითად არ შეცვლილა. ამ პირობებში, დაუსაბუთებელია მინიჭებული სარეიტინგო ქულის გასამმაგება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მიერ ლ.ლ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება, ვინაიდან, რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისთვის შესაბამისზე მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, ლ.ლ-ი მიიღებდა როგორც სოციალურ შემწეობას, ასევე კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა