დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 07.05.2026
საქმის ნომერი
ბს-431(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-431(კ-26) 7 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ო-ი

მესამე პირი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ო-იმა 2025 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2025 წლის 1 ივლისის № ... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2025 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისა და დ. ო-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიად რეგისტრაციის სააგენტოსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; 2025 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, სააგენტოს 2025 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, ... ქუჩაზე, №25-ში (ს/კ ...), დ. ო-ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ცვლილების თაობაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 23 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე უარი განაცხადა წარდგენილ საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. განცხადებას ხელს აწერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - ნ. კ-ე, რომლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში არსებული, 2025 წლის 25 სექტემბერს გაცემული №... მინდობილობით, რომლის მიხედვით წარმომადგენელს გააჩნია სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებული არ არის, შესაბამისად საკასაციო საქმისწარმოება არ დაწყებულა, რაც, პროცესუალური თვალსაზრისით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლების რეალიზების პირობებში, სამართლებრივი შედეგის შეუქცევადი ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 378-ე მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 272-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე