დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1(კ-26) 22 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ.ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 10 ივლისს ვ.ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2024 წლის 25 მაისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქ. სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N..., მე-... სართულზე მდებარე ბინის (66.8 კვმ) საკუთრებაში გადაცემა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 26.06.2024წ. წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენდა რკინიგზის ბალანსზე რიცხულ ქონებას, ხოლო ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა. მამას- გ.ჩ-ას გადაეცა ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული ფართი, რომელშიც ცხოვრობდა შვილთან (ვ.ჩ-ა) და ცოლთან - ლ.ჩ-ასთან ერთად. მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით კანონიერი სარგებლობის ფაქტი დასტურდება იმ გარემოებით, რომ იგი სადავო მისამართზე რეგისტრირებულა 1991 წლიდან.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 26/06/2024წ. N62-622417882 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მის მიმართ გასცეს საკუთრების უფლების დამდგენი მოწმობა ბინაზე, მდებარე ქ. სამტრედია, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა ..., მე-... სართულზე მარცხნივ მდებარე ბინა საცხოვრებელი ფართით 47,25 კვ.მ. დამხმარე ფართი 19,55 კვ.მ. სულ: 66,8 კვ.მ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ჩ-ას (პ.ნ...) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 26/06/2024 წლის N62-622417882 წერილი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ვ.ჩ-ას (პ.ნ...) კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და საკუთრების უფლების დამდგენი მოწმობის გაცემა ბინაზე, მდებარე ქ. სამტრედია, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N... (მე-... სართულზე მარცხნივ მდებარე ბინა) საცხოვრებელი ფართით 47,25 კვ.მ. დამხმარე ფართი 19,55 კვ.მ. სულ: 66,8 კვ.მ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.ჩ-ამ 25.05.2024 წელს განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, მე-... სართულზე მარცხნივ მდებარე ბინის, ფართით - 66.8 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი - 47.25 კვ.მ., დამხმარე -19.55 კვ.მ.) მისთვის საკუთრებაში გადაცემა..

სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 21.03.2024 წლის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ ვ.ჩ-ა (პ/ნ....) 27.08.1991 წლიდან რეგისტრირებულია ქ.სამტრედიაში, ...ას ქუჩა N...-ში, ხოლო 28.03.2001 წლიდან რეგისტრირებულია სამტრედია, ...ის ქუჩა N..., ბინა N...-ში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 26.06.2024 წლის N62-622417882 წერილით ვ.ჩ-ას ეცნობა, რომ სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობაში ფართი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...) არ ფიქსირდება მუნიციპალიტეტის (სამტრედიის მერიის) საკუთრებად. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ 25.05.2024წ. განცხადების განსახილველად ვ.ჩ-ას უნდა წარედგინა, "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმარიველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით გათვალისწინებული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამტრედიაში, ...ის ქუჩის (ყოფილი ..., იგივე ...ას ქუჩა) N...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში მდებარე საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეები - ლ.კ-ე (პ/ნ...), თ.ლ-ა (პ/ნ...) და ი.ლ-ო (პ/ნ...) ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით (24.04.2024წ. N...) ადასტურებენ, რომ ამავე კორპუსში მე-... სართულზე მარცხენა მხარეს მდებარე ბინაში ცხოვრობდა 2008 წელს გარდაცვლილი გ.ჩ-ა (პ/ნ...) მეუღლესთან - ლ.ჩ-ასთან (პ/ნ...) ერთად, და რომ ამჟამად ბინის მფლობელობა-სარგებლობას აგრძელებს ვ.ჩ-ა (პ/ნ...). ამავე განცხადებით ზემოაღნიშნულმა პირებმა თანხმობა განაცხადეს ვ.ჩ-ას (პ/ნ...) საკუთრების უფლებით გადაცემოდა მისი და მისი მშობლების სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა და დაერეგისტრირებია იგი საჯარო რეესტრში. N... გარდაცვალების მოწმობით ლ.ჩ-ა გარდაიცვალა 2007 წელს, ხოლო გ.ჩ-ა გარდაიცვალა 2008 წელს (N... გარდაცვალების მომწობა). 03.07.2020წ. N... სამკვიდრო მოწმობით ვ.ჩ-ა წარმოადგენს გ.ჩ-ას მემკვიდრეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (შემდეგში - წესის” მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტზე, 51 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, ანუ სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას. შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ.ჩ-ა აკმაყოფილებდა კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვინაიდან წარდგენილ განაცხადზე დართული ჰქონდა მითითებული საცხოვრებელი ბინის კანონიერ სარგებლობასთან კავშირში მყოფი დოკუმენტები, რაც მითითებულ ფართზე კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების მოპოვების საკმარის მტკიცებულებად უნდა შეფასებულიყო. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ე.წ. „ჩაწერის ინსტიტუტი“ ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას, შესაბამისად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 29.10.2015წ. №ბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. №ბს-257-254(კ-12)).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ქ. სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, 66,8 კვ.მ ფართთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო მისამართზე მოსარჩელის ჩაწერის ფაქტი არ წარმოშობს მოთხოვნილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალების სამართლებრივ საფუძველს. კასატორი მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 26.06.2024წ. N62-622417882 წერილის კანონიერება, ასევე ვ.ჩ-ასთვის ქ. სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, მე-... სართულზე მარცხნივ მდებარე ბინის (საცხოვრებელი ფართით 47,25 კვ.მ. დამხმარე ფართი 19,55 კვ.მ. სულ: 66,8 კვ.მ) საკუთრებაში გადაცემა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის - საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.ჩ-ამ 25.05.2024წ. განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, მე-... სართულზე მარცხნივ მდებარე ბინის, ფართით - 66.8 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი - 47.25 კვ.მ., დამხმარე -19.55 კვ.მ.) მისთვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულ განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ერთვოდა საქართველოს რკინიგზის 22.04.20024წ. N1787 წერილი, რომლითაც ვ.ჩ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ N... საკადასტრო კოდი და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი სახლი, ადგილმდებარეობით სამტრედია, ...ის (ყოფილი ...ას ქუჩის N...) არ იძებნება საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი აქტივების მოქმედ რეესტრში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1990-იანი წლების ბოლოს გაუქმდა სამოქალაქო ნაგებობების დისტანციასთან არსებული სახლმმართველობები. მათ ბალანსზე რიცხულ რკინიგზის საუწყებო საცხოვრებელი სახლები და ბინები ეტაპობრივად გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდს.

სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 21.03.2024 წლის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ვ.ჩ-ა (პ/ნ...) 27.08.1991 წლიდან რეგისტრირებულია ქ.სამტრედიაში, ...ას ქუჩა N...-ში, ხოლო 28.03.2001 წლიდან რეგისტრირებულია სამტრედიაში, ...ის ქუჩა N...-ში, ბინა N...-ში.

დადგენილია, რომ გ.ჩ-ა და მისი ოჯახი 1969 წლიდან, ხოლო მისი მემკვიდრე მოსარჩელე ვ.ჩ-ა დაბადებიდან - ... წლიდან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობდნენ სადავო უძრავი ქონებით. გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ლ.ჩ-ა გარდაიცვალა 2007 წელს, ხოლო გ.ჩ-ა გარდაიცვალა 2008 წელს (N... გარდაცვალების მომწობა). 03.07.2020 წლის N... სამკვიდრო მოწმობით ვ.ჩ-ა წარმოადგენს გ.ჩ-ას მემკვიდრეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 26.06.2024წ. N62-622417882 წერილის თანახმად, სამტრედიაში, ...ის (ყოფილი ...ას) ქუჩა N...-ში, უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობაში ფართი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...) არ ფიქსირდება მუნიციპალიტეტის (სამტრედიის მერიის) საკუთრებად. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მისი 25.05.2024წ. განცხადების განსახილველად წარსადგენი იყო "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმარიველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით გათვალისწინებული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იძლეოდა თუ არა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №261 დადგენილებით განხორციელდა ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატა 11 და 12 პუნქტები. მითითებული დადგენილების 11 პუნქტის თანახმად, ეს წესი აგრეთვე ადგენს სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე იმ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალურ საფუძვლებს, რომელთა შესახებ დოკუმენტაცია არ არის დაცული შესაბამისი მუნიციპალიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივებში. 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ნორმები, თუ ამავე წესის 51 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე დროს, დადგენილებას დაემატა 51 მუხლი (სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი), რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვის მიზნებისთვის წარსადგენ დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების თანდართულ დოკუმენტთა ნუსხა. მითითებული დადგენილების 51 მუხლის მე-8 პუნქტით კი დადგინდა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, კანონიერი მოსარგებლე კარგავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის, ამ მუხლის შესაბამისად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო ზოგადი წესის შესაბამისად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

მითითებული წესის დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებას ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უნდა დაერთოს: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). ზემოაღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

დასახელებული ნორმები ცხადყოფენ, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, ანუ სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას. შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დანაწესი, კერძოდ არასრული ჩამონათვალის მითითება განპირობებულია სწორედ მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, კერძოდ, გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ უშუალოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სიძველის გამო ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არ იყოს შემონახული საარქივო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს არა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული, არამედ სხვა დოკუმენტების საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი ფართის ქონას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, ქმნის თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძვლებს ქონების საკუთრებაში გადაცემისთვის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ვ.ჩ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა საცხოვრებელ ფართზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლება.

საბჭოური ჩაწერის ინსტიტუტი, ამჟამად მოქმედი რეგისტრაციის ინსტიტუტისაგან განსხვავებით, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას (იხ. სუსგ 18.07.2012წ. საქმე №ბს-257-254(კ-12), 17.11.2023წ. საქმე №ბს-250(4კ-23), სსრკ მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. №678 დადგენილება „მოქალაქეთა ჩაწერის ზოგიერთი წესის შესახებ“), ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ ...ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში ს. ი-ის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით მაშინ, როცა სადავო ფართზე არ არსებობს სხვის სახელზე გაცემული ბინის ორდერი და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ს. ი-ის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის Nბს-257-254(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ: „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის დედა - ლ.ჩ-ა 03.02.1969 წლიდან 06.03.2007 წლამდე (გარდაცვალებამდე) ჩაწერილი იყო ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩა N..., ბინა N...-ში. მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართს 27.06.1991 წლიდან წარმოადგენდა ქ. სამტრედია, ...ას ქ. N..., ხოლო 28.03.2001 წლიდან ქ. სამტრედია, ...ის ქუჩა N..., ბინა N... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩაწერა საკმარისი არ არის სადავო ფართთან დაკავშირებით პირის უფლებების წარმოსაშობად, არამედ უნდა დასტურდებოდეს სადავო ფართით სარგებლობის ფაქტიც.

საქმეში დაცული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ...ის ქუჩის (ყოფილი ..., იგივე ...ას ქუჩა) N...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში მდებარე საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეები - ლ.კ-ე, თ.ლ-ა და ი.ლ-ო ადასტურებენ, რომ ამავე კორპუსში მე-... სართულზე მარცხენა მხარეს მდებარე ბინაში ცხოვრობდა 2008 წელს გარდაცვლილი გ.ჩ-ა მეუღლესთან - ლ.ჩ-ასთან ერთად, ხოლო ამჟამად ბინის მფლობელობა-სარგებლობას აგრძელებს ვ.ჩ-ა. ამავე განცხადებით ზემოაღნიშნულმა პირებმა თანხმობა განაცხადეს ვ.ჩ-ას საკუთრების უფლებით გადაცემოდა მისი და მისი მშობლების სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა და დაერეგისტრირებია საჯარო რეესტრში. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა.

საგულისხმოა, რომ საქმეში დაცულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2020წ. წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო ბინაზე ვინმეს საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული არ არის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტის 27.03.2024წ. გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის უფლებათა რეესტრის არქივში ვერ იქნა მოძიებული უფლებადამდგენი დოკუმენტი ქალაქ სამტრედიაში, ...ას ქუჩა (ამჟამინდელი ...ის ქუჩა) N...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (ს/კ...) მიმართებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქალაქ სამტრედიაში ტექბიუროს არქივი დამწვარია, შესაბამისად, მასში დაცული მონაცემები განადგურებულია, რაც შეუძლებელს ხდის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტის მოძიებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებამ არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. ამასთან, დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენისა და აქტის გაუქმების საფუძველს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებებით (სადავო მისამართზე მოსარჩელის და მისი მშობლის "ჩაწერის" ფაქტი, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ფლობის თაობაზე) დასტურდებოდა, რომ ვ.ჩ-ა მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აკმაყოფილებდა კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა