დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1032(3კ-25) 6 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
კასატორი (მესამე პირი - 16.2 მუხ.) – 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...“; 2. შპს „ი...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბმა „გ...“
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბმა „გ...მა“ 2021 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შეთანხმებული 2019 წლის 25 ივლისის საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1829 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, სადავო საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც შეთანხმებულ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, უხეშად ხელყოფს ორი კორპუსის მაცხოვრებელთა ინტერესებს, კერძოდ, ზღუდავს მათ მიერ კერძო საკუთრებით (მათ შორის, ავტოსადგომებით) სარგებლობის ეფექტიან შესაძლებლობას, რამდენადაც მესამე პირთა (ბმა „ჟ...“, შპს „ი...“) ს/კ ... მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად, რომელზედაც შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის პროექტი, სპეც. სამშენებლო ავტომანქანებს უნდა გაევლოთ ბმა „გ...ს“ (ს/კ ...) და სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთები. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა გზის სივიწროვე და მისი გამტარუნარიანობა, ავტომანქანების ე.წ. ორზოლიან პარალელურ რეჟიმში მოძრაობის შეუძლებლობა, უგულებელყოფილია ასევე ხელოვნურად მოწყობილი გზის სავალი ნაწილის ზედაპირზე მსხვილ გაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობით გამოწვეული საფრთხეები. ამასთანავე, სადავო საგზაო მოძრაობის სქემის ორგანიზების პროექტირება ალტერნატიული ფორმითაც იყო შესაძლებელი, ბმა „ჟ...ს“ საკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთთან მოხვედრა განსხვავებული ოპტიმალური მარშრუტებითაც ხერხდებოდა. საბოლოოდ, აღნიშნული სქემით სარგებლობენ არამხოლოდ სამშენებლო, არამედ, სხვა სადისტრიბუციო ავტომობილებიც, რაც იწვევს მოძრაობის პარალიზებას და უქმნის არსებით საფრთხეს გზის მედეგობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, ბმა „გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შეთანხმებული 2019 წლის 25 ივლისის საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა და მოპასუხე სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ასევე შპს „ი...სა“ და ბმა „ჟ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გზა ემსახურება მიმდებარედ არსებული ორი კორპუსის მაცხოვრებლებს. ხოლო, დამატებითი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის შეთანხმება კი, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს, რომელიც გავრცელდება არამხოლოდ ამ გზის მონაკვეთზე, არამედ მთელ ...ს ქუჩაზე. სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ ტერიტორიის გზის ფუნქციით გამოყენება არ ათავისუფლებდა უფლებამოსილ ორგანოს მოვალეობისაგან პოტენციური შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნებისათვის ასეთი მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებისას შეეფასებინა მისი ზემოქმედების ინტენსივობა და მასშტაბი ტრანსპორტის მოძრაობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს კი, სათანადოდ არ შეუსწავლია განაშენიანების ინტენსივობისა და შესაბამისად, გზის გამტარუნარიანობა, არ არის შეფასებული უკვე არსებული გზის გადატვირთვის პერსპექტივა საცობების ან/და საგზაო უსაფრთხოების რისკების წარმოშობის თვალსაზრისით. ამასთან, გზის სივიწროვით გამოწვეული მოძრაობის შეფერხება რელევანტურობას იძენს აღნიშნული ერთზოლიანი გზის ნაწილით ორი სხვადასხვა კორპუსის მრავალი მაცხოვრებლის მიერ სარგებლობის პირობებში. ასევე, ყურადღების მიღმაა დატოვებული გზის მდგრადობის საკითხიც, რაც არ წარმოადგენს მოსარჩელის ვარაუდს. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მოხვედრის შესაძლებლობები, მხარეთა შეფასებები კი, აღნიშნული კუთხით განსხვავდება. მოსარჩელის შეფასებით, საპროექტო ტერიტორიასთან მოხვედრა ხერხდებოდა სამი ალტერნატიული შესასვლელით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა მითითებით, შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა ქმნიდა საპროექტო ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთ საშუალებას. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ ორგანოს არ შეუფასებია ს/კ ... საპროექტო ტერიტორიაზე ალტერნატიული შესასვლელების არსებობის საკითხი, მოძრაობის ორგანიზების სქემის განსხვავებული ვარიაციების შეთანხმების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავალი გზის არსებობის მიუხედავად, ამავე გზაზე ახალი ნაკადის მოძრაობის დამატება ქმნიდა ახალ სატრანსპორტო და ურბანულ რეალობას, რომელიც წარმოშობდა ორგანოს ვალდებულებას გამოეკვლია ცვლილების ზეგავლენა სავალი გზის გადატვირთვაზე, საცობების წარმოშობაზე, უსაფრთხოების გაუარესებასა ან/და მეზობელი ტერიტორიების ფუნქციური რეჟიმის დარღვევაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...ს“ და შპს „ი...ს“ მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მითითებით, ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაკვეთი, რაზედაც ფაქტობრივად გადაადგილდება ტრანსპორტი შეადგენს 7 მეტრს, რაც საკმარისია კერძო ტრანსპორტისა და დისტრიბუციისათვის განკუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქციული რუკის მონაცემებით დგინდება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საინჟინრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთს, მას უკავშირდება არანაკლებ ერთი მისასვლელი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. საპროექტო ტერიტორიაზე კი, (ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., ს/კ ...) სადავო საგზაო მოძრაობის ორგანიზების შეთანხმების მომენტში მიმდინარეობდა IV კლასის ობიექტის მშენებლობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციაც საჭიროებდა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ამდენად, საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სამშენებლო მიწის ნაკვეთს, სავალდებულო მისასვლელის მოწყობის მიზნით კი, ს/კ ... მიწის ნაკვეთზე დადგენილ იქნა სერვიტუტი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ს/კ ... შენობა-ნაგებობის მშენებლობას და აუცილებელი მისასვლელი გზის არსებობას. სწორედ ასეთმა კონტექსტმა განაპირობა სადავო საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმება, რომელიც უმართებულოდ იქნა შეფასებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
კასატორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქმის მასალებზე, გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მსჯელობაზე, აგრეთვე, კასატორის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ შეფასებებზე და აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. ამასთან, სადავო საკითხზე მისაღები გადაწყვეტილება, ზაკ-ის მე-6 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, განეკუთვნება ორგანოს დისკრეციის სფეროს. საქმის გარემოებების შესწავლისა და მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეაფასა გარემოებები და დაადგინა, რომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა არ გამოიწვევდა გზის გადატვირთვას, არ წარმოშობდა საცობებს ან უსაფრთხოების რისკებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამდგენი ცნობები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო ეყრდნობა მოწინააღმდეგე მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. უსაფუძვლოა მითითება ალტერნატიულ შესასვლელებთან დაკავშირებით, მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ამგვარ მითითებას. სასკ-ის 32.4 მუხლით სადავო აქტის ბათილად ცნობა არ არის დასაბუთებული, სასამართლო აქტი არ შეიცავს მითითებას გამოსაკვლევი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ოქტომბრის და 27 ოქტომბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბმა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავდროულად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორთა მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო შედავება დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მართებულად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივლისს თ. თ-ამ 19/01192052352-16 განცხადებით მიმართა ტრანსპორტის სამსახურს და აცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმდებარედ მიმდინარეობდა საპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები. ხსენებული განცხადებით თ. თ-ამ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით, ტრანსპორტის სამსახურის მიერ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 25 ივლისს, საპროექტო მიწის ნაკვეთამდე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ორგანიზების მიზნით, შეთანხმდა თ. თ-ას მიერ 2019 წლის 24 ივლისის №19/01192052352-16 განცხადებით მოთხოვნილი, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა. ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, დემონტაჟი უნდა გაუკეთდეს დროებით დამონტაჟებულ საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებებს და ქუჩის სავალი ნაწილი მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში. ასევე დადგენილია, რომ შეთანხმებული მოძრაობის ორგანიზების სქემის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებმა ... (მესაკუთრე შპს „ი...“) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საპროექტო მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად უნდა გაიარონ ბმა „გ...ს“ საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლის 27 იანვარს, სერვიტუტით დაიტვირთა, რათა №35-37 კორპუსის მაცხოვრებლებს შესძლებოდათ კორპუსის უკანა მხარეს არსებულ ავტოფარეხის შესასვლელებთან მოხვედრა. სატრანსპორტო საშუალებებმა, ასევე, უნდა გაიარონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზე მოხვედრაც საჯარო გზიდან შესაძლებელია მხოლოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილით, რომელიც დატვირთულია სერვიტუტით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N001488920 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებულ სამანქანო გზაზე ორზოლიანი საავტომობილო გზის განთავსება ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შეუძლებელია. ხოლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001715320 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გავაკებას, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლსა და ...ს ქუჩის მხარეს არსებულ მაღალი დახრილობის ფერდობს შორის. ნაკვეთის ზედაპირი გადაფარულია ხელოვნურად მოწყობილი გრუნტის ფენით (ნაყარი გრუნტი). ვიზუალური შეფასებით, გრუნტი წარმოადგენს ხრეშოვან-ღორღოვან გრუნტს თიხნარის შემავსებლით, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღნიშნული გრუნტით, ასევე, გადაფარულია ...ს ქუჩის მხარეს არსებული ფერდობის გარკვეული ნაწილი.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების ფონზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასკ-ის 32.4 მუხლის მიზნობრივ დანიშნულებასა და ძირითად ფუნქციაზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასკ-ის 32.1 მუხლის თანახმად, სადავო აქტის კანონთან შესაბამისობის (მატერიალური კანონიერება) შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის უკლებლივ ყველა ელემენტთან დაკავშირებით ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და ჯეროვნად შეფასების შემთხვევაში. სასამართლო მოკლებულია საკითხის ასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ უცნობია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აქტის ბათილობის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის კონკრეტული ელემენტები. ასკ-ის 32.4 მუხლი მიზნად ისახავს ასკ-ის 32.1 მუხლის გამოყენების იურიდიული საფუძვლების შექმნას. ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ხოლო, გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, რომელშიც იგულისხმება დავის მატერიალური კანონიერება, მისი არსებითი განზომილება, სასამართლო არსებითად არ განსაზღვრავს მხარეთა კანონიერ უფლებებსა და მოვალეობებს, საკითხს მასზედ, თუ რომელ მხარეს, რომელი უფლებით, რომელ სამართლებრივ სიკეთეზე უნდა ჰქონდეს წვდომა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო აქტის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას, რამეთუ ამ უკანასკნელმა შეძლოს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება და სადავო საკითხზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. გამოსაცემი აქტის შინაარსი ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებსა და შესაბამისი აქტის ჯეროვან დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ინკვიზიციურობის პრინციპი არ ქმნის ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლების საფუძვლებს, გარკვეული გარემოებები უნდა დადგინდეს მარტოოდენ საამისო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლება პირდაპირ ხელყოფს სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ სუბსიდიურობას, შლის ყოველგვარ მიჯნას, რომელიც არსებობს მართლმსაჯულებასა და გარემოებების სრულყოფილი შეფასება-გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას შორის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავებას უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემთხვევაში. მოცემული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებებს მასზედ, რომ სადავო გზა ემსახურება მის მიმდებარედ არსებული ორი კორპუსის მაცხოვრებლებს. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შეიცავს სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის, აგრეთვე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხელახალი განხილვის, ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება, ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას, ასევე ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სიღრმისეულად გამოიკვლიეს საქმეში დაცული მასალები, სასამართლოებმა სათანადოდ მიუთითეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების უშუალოდ რელევანტურ წრეზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შენიშნეს, რომ არ არის შესწავლილი განაშენიანების ინტენსივობისა და გზის გამტარუნარიანობის მიმართება, უგულებელყოფილია გზის გადატვირთვა, საცობების ან/და საგზაო უსაფრთხოების რისკების წარმოშობა, ერთზოლიანი გზის ნაწილით ორი სხვადასხვა კორპუსის მრავალი მაცხოვრებლის მიერ სარგებლობა, გზის მდგრადობა, ასევე საპროექტო მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ალტერნატიული, ოპტიმალური მარშუტის არსებობა. საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001488920 და №001715320 დასკვნები, რომელთა შინაარსიც გამორიცხავს კასატორთა მხოლოდ ზეპირსიტყვიერ, ჰიპოთეტურ შედავებებს, მათ შორის კი, ალტერნატიული, ოპტიმალური გზების მოძიების ირელევანტურობასთან, აგრეთვე, სავალი ნაწილის ტევადობასთან, მის გამტარუნარიანობასთან მიმართებით (სსკ-ის 102.3 მუხ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები განეკუთვნება ფაქტის და არა სამართლის საკითხებს. მაშასადამე, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასკვნები შეთანხმებული საგზაო მოძრაობის სქემის შედეგად ახალი სატრანსპორტო და ურბანული სინამდვილის წარმოშობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს იმას, რომ გამოსაკვლევი ფაქტობრივი გარემოებების მრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სახეზეა არა უბრალო ხარვეზით, არამედ მხოლოდ ფორმალურად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა თვით ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს სადავო აქტის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/ნ 205393689) მიერ 15.10.2025წ. №13023 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/ნ 205393689) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/ნ 205393689) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.10.2025წ. №13023 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე