დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1049(2კ-25) 22 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჭ-ეის (მოსარჩელე) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 6 აპრილს ა. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, ა. ჭ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, ა. ჭ-ეის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“, ,,კ“, ,,ლ“, ,,ო“ ქვეპუნქტებზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი კუნქტის „ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. ჭ-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო ტერიტორია მდებარეობდა სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მიწის ნაკვეთები გაიცემოდა მებაღეობის ამხანაგობის წევრების სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი უფლებადამდგენი დოკუმენტის მოძიების მიზნით. საქმის განხილვის ამ ეტაპზე მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ა. ჭ-ეის მამა - ვ. ჭ-ე ნამდვილად იყო ...ის თანამშრომელი 1962-1988 წლებში, თუმცა მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე რაიმე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. ამ თვალსაზრისით, მხარეთა შორის დავას არ იწვევს არც ის გარემოება, რომ მართლზომიერი მფლობელობის უფლებადამდგენი დოკუმენტი მხარეს არ გააჩნია, ამგვარი ვერ მოიძია ვერც მარეგისტრირებელმა ორგანომ და საქმის წარმოების ვერცერთ ეტაპზე (მათ შორის სასამართლოში საქმის განხილვის დროს) ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი შინაარსის მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ჭ-ე მისი წარმომადგენლის მეშვეობით, უფლებადამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნის ძირითადი არსი მიმართულია სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებისკენ და მოითხოვს სადავო საკითხი სწორედ ამ ჭრილში იქნეს შეფასებული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 371 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებზე, 375 მუხლის პირველ, მე-4 პუნქტებზე, 378 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ჟ“ ქვეპუნქტზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტების დასაბუთება კონცენტრირებულია მართლზომიერი მფლობელობის უფლებადამდგენი დოკუმენტის არარსებობაზე და პრაქტიკულად გამორიცხავს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის მებაღეობებისთვის განაწილებული ტერიტორია, შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარება არის კანონით იმპერატიულად დაუშვებელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დასაბუთებით მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე/აღიარებაზე უარის თქმის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი არის მებაღეობებისთვის განაწილებული ტერიტორია, შესაძლოა არსებობდეს ვინმეს მართლზომიერი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის და შესაძლოა მომავალში რეგისტრაცია ამ საფუძვლით გახდეს სადავო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის საპირისპიროდ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმზე, ორთოფოტოებზე და იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს უძრავი ნივთის ფაქტობრივ ფლობას უდასტურებენ სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი შეფასებულია მხოლოდ იმ ჭრილში, სახეზე იყო თუ არა უფლებადამდგენი დოკუმენტი და მებაღეობისთვის მიწის ნაკვეთების გაცემის საფუძვლით, ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ არ შესულა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობის კვლევაში. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი წარმოებისას უნდა გამოიკვლიოს შესაძლებელია თუ არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ჩაატაროს შესაბამისი წარმოება სწორედ ამ მიმართულებით. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ N487 ინსტრუქციის 378 მუხლის „ე.ჟ“ ქვეპუნქტი, როგორც ზოგადი ხასიათის ნორმა, კონკრეტულად არ უთითებს თუ რა შემთხვევებშია დაუშვებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული ამგვარი აღიარების გამომრიცხავი გარემოებები. ამასთან, მართალია მოცემულ შემთხვევაში გამოთქმული ვარაუდი, სავარაუდო მესამე პირისათვის უფლებრივი და ქონებრივი ზიანის მიყენების რისკის თვალსაზრისით მართლაც არსებობს, თუმცა დაუშვებელია გადაწყვეტილება დაეყრდნოს სავარაუდო რისკზე მითითებას იმგვარად, რომ სრულყოფილად არ იყოს გამოკვლეული ამგვარი საფრთხის რეალურობა და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს უძრავი ქონებით მოსარგებლე პირის უფლებები, თუკი მას წარმოეშვა საკუთრების უფლების ლეგიტიმური რეალიზაციის მოლოდინი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ და სრულყოფილად არ გამოიკვლია №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა ა. ჭ-ეის დაინტერესებაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება და ადმინისტრაციული წარმოება ამ მიმართულებით არ ჩაუტარებია. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა შეისწავლოს №... სარეგისტრაციო განაცხადით მითითებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების და ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, ა. ჭ-ეის საკუთრების უფლების ფარგლები და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა და ასევე ბლოკში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძლად არსებული დოკუმენტების გამოკვლევით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჭ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი - ა. ჭ-ე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია დამატებით რა ფაქტობრივი გარემოება უნდა დაადგინოს საჯარო რეესტრმა, მაშინ როცა ა. ჭ-ე აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობებს და სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა სარჩელი. კერძოდ, კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ ფლობის ფაქტი; დათვალიერების ოქმის თანახმად, მიმდებარე ნაკვეთების მესაკუთრეები ადასტურებენ ნაკვეთის მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ ფლობის ფაქტს. ასევე, არ არის დადგენილი სადავო ნაკვეთზე სხვა პირის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და არც ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სადმე არსებობის ვარაუდი არსებობს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ორი უახლოესი მიმდებარე ნაკვეთის მფლობელებს - ც. რ-ას და თ. ს-ას, რომლებიც იმავე ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომლის წევრიც იყო მოსარჩელის მამა, 2016 და 2019 წლებში საკუთრების უფლება ეღიარათ, როგორც თვითნებურად დაკავებული ნაკვეთების მფლობელებს, თუმცა მათ მიმართ დღემდე სავარაუდო მესამე პირს სამართლებრივი დავა არ დაუწყია.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააგენტო საერთოდ არ შესულა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობის კვლევაში. კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების საკითხი შეფასებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აზომილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება აღიარებას, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე დადგინდა, რომ N022 სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მებაღეობის ამხანაგობის წევრების სახელზე გაცემულ ტერიტორიას. აღნიშნული გულისხმობს, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მოხდა როგორც სადავო მიწის ნაკვეთის, აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიის განკერძოება მებაღეთა ამხანაგობის წევრებზე. ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც რეგისტრირებულია უძრავი ნივთები, რომელთა პირველადი რეგისტრაციის საფუძველია მებაღეობის/მებოსტნეობის კოლექტიური ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკები/მიღება-ჩაბარების აქტები/სააგარაკო სახლის პროექტები. აღნიშნული კი, ავტომატურად გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, ვინაიდან ნაკვეთები განკერძოებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ეის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 9 ივნისს ა. ჭ-ემ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, ..., კვარტალი ..., ბლოკი ..., ნაკვეთი ....
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 9 ივნისის N... ოქმის თანახმად, საველე სამუშაოების დაწყებამდე მიწის ნაკვეთზე ვერ იქნა მოძიებული და არც ა. ჭ-ეს არ წარმოუდგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც დაინტერესებული პირი თანახმაა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით იხელმძღვანელოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით. ამავე ოქმში მითითებულია, რომ დაინტერესებული პირი ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს და საველე სამუშაოებისას სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით სხვა პირს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმების მონაცემების 2022 წლის 7 აგვისტოს შემაჯამებელი ბარათის თანახმად, საკადასტრო კოდით: ..., ფართობით: 830 კვ.მ. აზომილ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ აზომილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა დაინტერესებული პირის მამას ვ. ჭ-ეს, რომელიც გარდაცვლილია. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა. აზომილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ვერ დგინდება დაინტერესებული პირის ვ. ჭ-ეის უფლება. აზომილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დედანი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოება გაგრძელდება აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების თანხმობა/დადასტურება, რომ დაინტერესებული პირი აზომილ ნაკვეთს ფლობს ოქმით განსაზღვრული ადგილმდებარეობით და ამასთანავე, ოქმით აზომილი მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
დადგენილია, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს ა. ჭ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დამატებით წარუდგინა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თ. ს-ას, ნ. ბ-ის და გ. ბ-ეის 2022 წლის 2 სექტემბრის თანხმობები. აღნიშნულ თანხმობებში მითითებული პირები აცხადებენ, რომ გაეცნენ N022 სარეგისტრაციო ბლოკის გეგმას, მასში შემავალი მიწის ნაკვეთების მდებარეობას, ამ ბლოკში ა. ჭ-ეის მფლობელობაში აგეგმილი უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს, აღნიშნული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას შედგენილ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმს და ადასტურებენ, რომ ა. ჭ-ე და მისი კომლი N... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ და N... ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულ მიწის ნაკვეთს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, ა. ჭ-ეს უარი ეთქვა რეგისტრაციის განხორციელებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე დადგინდა, რომ N022 სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მებაღეობის ამხანაგობის წევრების სახელზე გაცემულ ტერიტორიას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კი საკუთრების უფლების აღიარება არ ხდება. აგრეთვე, დაინტერესებული პირის მიერ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი/მისი დედანი. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე პირობითი რეგისტრაციის საფუძველზე, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილება ა. ჭ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2022 წლის 30 დეკემბერს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილებით, ა. ჭ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც რეგისტრირებულია უძრავი ნივთები, რომელთა პირველადი რეგისტრაციის საფუძველია მებაღეობის/მებოსტნეობის კოლექტიური ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკები/მიღება-ჩაბარების აქტები/სააგარაკო სახლის პროექტები. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების №10/5662 (17.02.2023) და №10/6311 (21.02.2023) წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადმოეგზავნა თბილისის ...ის მებაღეობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ საერთო სახის ჩანაწერები. მასალებში არ არის დაცული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ჭ-ეის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული ვ. ჭ-ეის საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არც თავად დაინტერესებულ პირს წარმოუდგენია, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქმის მასალებში წარმოდგენილია N... განცხადებით ა. ჭ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მიმდებარედ არსებული ორი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2017 და 2020 წელს ც. ც-ასა და თ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ნივთების რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებები და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... და 2023 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილებების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოსარჩელის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მებაღეობის ამხანაგობის წევრების სახელზე გაცემულ ტერიტორიას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კი მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარება არ ხდება. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი და ვერც საჯარო რეესტრის მიერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 371 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო/ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია; ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები; გ) მიღება-ჩაბარების აქტები; დ) საკომლო წიგნების ჩანაწერები; ე) საგადასახადო სიები; ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები; ზ) მიწის განაწილების სიები; თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ინსტრუქციის 375 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთან, აღნიშნული ინსტრუქციის 378 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ჟ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.)
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის განხორციელების საკითხი შეფასებულია მხოლოდ იმ ჭრილში, სახეზე იყო თუ არა უფლებისდამდგენი დოკუმენტი და მებაღეობისთვის მიწის ნაკვეთების გაცემის საფუძვლით, ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ არ შესულა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობის კვლევაში. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას კი არა უფლებისდამდგენი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაცია, არამედ საკუთრების უფლების აღიარების საფუძველზე რეგისტრაცია წარმოადგენს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც რეგისტრირებულია უძრავი ნივთები, რომელთა პირველადი რეგისტრაციის საფუძველია მებაღეობის/მებოსტნეობის კოლექტიური ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკები/მიღება-ჩაბარების აქტები/სააგარაკო სახლის პროექტები, მასზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება არ ხდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთი განკერძოებულია და მასზე გაცემულია უფლებისდამდგენი დოკუმენტი. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ N... განცხადებით ა. ჭ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მიმდებარედ (შესაბამისად, იმავე ბლოკში) არსებული ორი უძრავი ნივთი ფიზიკურმა პირებმა დაირეგისტრირეს არა უფლებისდამდგენი დოკუმენტის, არამედ საკუთრების უფლების აღიარების საფუძველზე. ამასთან, რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას სავარაუდო მესამე პირისათვის უფლებრივი და ქონებრივი ზიანის მიყენების რისკის შესახებ, დაუშვებელია გადაწყვეტილება დაეყრდნოს სავარაუდო რისკზე მითითებას იმგვარად, რომ სრულყოფილად არ იყოს გამოკვლეული ამგვარი საფრთხის რეალურობა და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს უძრავი ქონებით მოსარგებლე პირის უფლებები, თუკი მას წარმოეშვა საკუთრების უფლების ლეგიტიმური რეალიზაციის მოლოდინი. გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი და აღნიშნულ ოქმზე სამი პირის მიერ წერილობით დადასტურებული თანხმობები, მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივ ფლობაზე მიუთითებენ. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით სხვა პირის მართლზომიერი მფლობელობის არსებობის ფაქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ, სადავო უძრავი ნივთი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირობითი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილად არ აქვს შეფასებული და გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაფასებელია წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის საფუძვლიანობა საკუთრების უფლების აღიარების კუთხით, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია. სასამართლო კი შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე არ არის უფლებამოსილი თავად გადაწყვიტოს სადავო საკითხი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ჭ-ეის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ა. ჭ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მ. ღ-ის მიერ 2025 წლის 29 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 11 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჭ-ეის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. ა. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მ. ღ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 29 ოქტომბერს N30077413233 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 11 აგვისტოს N40638 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე