დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1129(კ-25) 27 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
მესამე პირი – შპს „ი...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს. მ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „სააგენტო“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „მერია“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანება ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი №..., ლოტი №...-ის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მერიის 07.04.2021 წლის №444 ბრძანება მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2021 წლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული იქნა შპს „ი...“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. ქ. თბილისში, ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო 248 კვ.მ ფართის (ს/კ ...) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. აღნიშნული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი მესაკუთრის გადაწყვეტილებით გაიმიჯნა/გაიყო ორ ნაკვეთად: 1) ს/კ: ..., 151 კვ.მ და 2) ს/კ: ..., 97 კვ.მ (ტ.2, ს.ფ. 178-183).
5.2. პირველი მოპასუხის 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (151 კვ.მ) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის პრივატიზების სააუქციონო პირობად განისაზღვრა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (ტ.2, ს.ფ. 119,120, 122).
5.3. 29.12.2020 წელს მოსარჩელემ №... განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანებით დანიშნული №... აუქციონის, ლოტი №...-ის სააუქციონო პირობის ცვლილება ან აუქციონის გაუქმება იმ მოტივით, რომ პირობადადებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მიმართ გააჩნდა ინტერესი, იგი მის სარგებლობაში იყო 2005 წლიდან და, ამასთანავე, მოთხოვნილი იყო აღნიშნული შენობის ლეგალიზაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისად, მისი დემონტაჟის მოთხოვნა იყო კანონშეუსაბამო და შეუძლებელი იქამდე, სანამ მიმდინარეობდა მისი ლეგალიზების პროცედურები (ტ.2, ს.ფ. 193).
5.4. სააგენტომ 30.12.2020 წლის №... წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018 წლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს დებულებით მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქონების განკარგვას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა, შესაბამისი საპრივატიზებო პირობების და აუქციონთან დაკავშირებული სხვა დეტალების განსაზღვრა, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს მიეკუთვნება. აღნიშნული ქონების პრივატიზება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ უძრავი ქონების უნებართვოდ, თვითნებურად დაკავების ფაქტი, რასაც განმცხადებელი აღნიშნავდა განცხადებაში, არ წარმოადგენდა №... ელექტრონულ აუქციონზე გამოქვეყნებული ლოტი №...-ის შეჩერების/შეცვლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 194).
5.5. სააგენტოს 31.12.2020 წლის №... აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) თანახმად, ქ. თბილისში ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, ... (151 კვ.მ) ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის (აუქციონი №...; ლოტ №...) გამარჯვებული გახდა შპს „ი...“. 11.02.2021 წელს სააგენტოს მიერ შპს „ი...ზე“ გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. 18.02.2021 წელს აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ი...ს“ სახელზე (ტ.2, ს.ფ. 187,192, 149,150).
5.6. 2021 წლის 2 თებერვალსა და 12 მარტს მოსარჩელემ მერიაში წარადგინა №19/0121033620-01 და №19/01210713296-01 ადმინისტრაციული საჩივრები და მოითხოვა სააგენტოს 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანების ბათილად ცნობა ქ. თბილისში ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, ... ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის ნაწილში (აუქციონი №...; ლოტი №...).
5.7. მეორე მოპასუხის 07.04.2021 წლის №444 ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააგენტოს 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანება ქ. თბილისში ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, ... ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის (აუქციონი №...; ლოტი №...) ნაწილში (ტ.2, ს.ფ. 92-99).
5.8. მოსარჩელის ძირითადი მოტივაცია სადავო აქტების უკანონობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ არსებობს მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) მისი საკუთრების უფლების აღიარების მყარი სამართლებრივი გარანტიები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების მოპოვების/რეგისტრაციის 3 შემთხვევას: 1). სახელმწიფოს მიერ მიწის განაწილების შედეგად გაცემული მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განიხილება სარეგისტრაციო დოკუმენტად და მის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს დაინტერესებული ქონების ფიზიკური პირის საკუთრებას რეგისტრაციას; 2) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ქონების აუქციონის ან პირდაპირი წესით განკარგვის შემთხვევაში გადაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე; 3) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკუთრების უფლების მოპოვებით.
5.9. საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ უძრავ ნივთზე (ს/კ: ...) საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების მოპოვების საკითხს, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში „აღიარების კომისია“) 05.04.2019 წლის №553 განკარგულებით კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება (ტ.3, ს.ფ. 72,73). აღიარების კომისიის 21.07.2020 წლის №1944 განკარგულებით განცხადების განუხილველად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 102-ე მუხლზე მითითებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 254 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.3, ს.ფ. 75,76). კომისიის 05.08.2022 წლის №1887 განკარგულებით, სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე განცხადების განუხილველად, მოსარჩელეს უარი ეთქვა 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.3, ს.ფ. 78-80).
5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სხვადასხვა დროს მიმართა აღიარების კომისიას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რა დროსაც შეცვლილი იყო მხოლოდ უძრავი ქონების ფართობი, ვერ იქნება შეფასებული, როგორც ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება და დაუსრულებლად მესაკუთრის უფლებების შეზღუდვა ვერ მოხდება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღიარების კომისიის 05.04.2019 წლის №553 განკარგულებით, ერთხელ უკვე იქნა არსებითად განხილული მოსარჩელის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მას მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. №5-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31 კვ.მ) უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის. საგულისხმოა, რომ სააგენტოს 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანების გამოცემისას აღნიშნული განკარგულება (05.04.2019წ. №553) კანონიერ ძალაში იყო შესული (მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არასდროს წარმოშობია, ხოლო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული განკარგულებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინის საფუძველი არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულს არ ცვლის ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი აღიარების კომისიის 05.08.2022 წლის №1887 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც, სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, განცხადების განუხილველად, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამრიგად, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების „ლეგიტიმური მოლოდინის“ არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მესაკუთრის უფლებების უგულებელყოფას (შეზღუდვას) და სადავო აქტების ბათილად ცნობას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სააგენტოს ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მერიის ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება.
10. კასატორი სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემობას, რომ იმ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...), რომელზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟიც სააგენტოს 17.12.2020 წლის ბრძანებით განისაზღვრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პრივატიზების სააუქციონო პირობად, არსებობს მისი საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).
12. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავ ნივთზე (ს/კ: ...) საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ გააჩნია. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების მოპოვების საკითხს, საქმის მასალებით დგინდება, რომ აღიარების კომისიის 05.04.2019 წლის №553 განკარგულებით კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის (ტ.3, ს.ფ. 72,73).
13. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აღიარების კომისიის 05.04.2019 წლის №553 განკარგულება მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და სააგენტოს 17.12.2020 წლის №ბ61.01203525 ბრძანების გამოცემისას იგი კანონიერ ძალაში იყო შესული.
14. აღიარების კომისიის 21.07.2020 წლის №1944 და 05.08.2022 წლის №1887 განკარგულებებით აღიარების კომისიამ სზაკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, განცხადების განუხილველად, მოსარჩელეს კვლავ უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.3, ს.ფ. 75-80).
15. რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლო დავაზე, რომლითაც მან სადავო გახადა აღიარების კომისიის 05.08.2022 წლის №1887 განკარგულება, მასზე წარმოება დასრულებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2025 წლის განჩინებით კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2024 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კასატორის სარჩელი აღიარების კომისიის 05.08.2022 წლის №1887 განკარგულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.11.2025 წლის განჩინება საქმეზე №ბს-972(კ-25)).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინება.
3. ს. მ-ეს (პ/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს გ. კ-ეის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #4784, გადახდის თარიღი: 01.09.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე