დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1142(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1142(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები (ასკ 16.2) ე.მ-ი, ი.გ-ე; მესამე პირი (ასკ 16.1) ვ.ტ-ი);

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 08 ნოემბერს ა.ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ასევე ა.ხ-ის სახელზე (პ/ნ...) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის (2021 წლის 31 მაისის №... განცხადების შესაბამისად) დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის წარმოებაში მიღებასთან ერთად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად საქმეში ჩაბმულ იქნა ე.მ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად საქმეში ჩაბმულ იქნა ვ.ტ-ი, ხოლო ამავე კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.გ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით, ა.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით ა.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9 მუხლები, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-11 მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე, 27-ე, 32-ე მუხლები და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ №... (24.06.2021წ) ოქმზე და ვიდეო ფაილზე მითითებით განმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, მყარი სასაზღვრო მიჯნის უწყვეტობა (მთლიანობა) ვერ დადგინდა. ასევე, ადგილზე დათვალიერების საფუძველზე მომზადებულ სიტუაციის ამსახველ ნახაზზე მითითებით განმარტა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი სრულად არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. სასამართლოს მსჯელობით, დასახელებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე დოკუმენტი აპელანტს (მოსარჩელეს) სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთზე ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის ფაქტი და ამასთან, სადავო ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს მესამე პირი, მიიჩნია, რომ არ არსებობს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის ის მსჯელობა, რომ ვინაიდან მესამე პირს სადავო ტერიტორიაზე არ აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი რის გამოც მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი უთხრა საკუთრების რეგისტრაციაზე, აღნიშნულის საფუძვლით მის სახელზე უნდა განხორციელდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რამეთუ მოქცეული აქვს მყარ სასაზღვრო მიჯნაში და მითითებული ტერიტორიის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა მესამე პირისათვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ განმრტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ტერიტორიის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეც და ამასთან, ვერ დადგინდა იმ სახის მყარი სასაზღვრო მიჯნა, რომლის გათვალისწინებითაც მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მესამე პირისათვის საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმა არ წარმოშობს მოსარჩელისათვის უპირატეს უფლებას რეგისტრაციაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ხ-ის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 ივნისის N... ოქმით ცალსახად დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის სრულად მის მიერ ფლობა, ვინაიდან უძრავი ნივთი მთლიანად მოქცეულია მის მყარ საზღვრებში. მიუთითებს, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - ე.მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ასევე სრულად აქვს შემოსაზღვრული ღობით, რაც კასატორის მოსაზრებით ცალსახად ადასტურებს, მისი უფლება ვერ გავრცელდება ღობის მიღმა მიწის ნაკვეთზე, რომლითაც არასდროს უსარგებლია და არც სარგებლობს ე.მ-ი. ასევე აპელირებს 2021 წლის 05 აგვისტოს ჩატარებულ ადგილზე დათვალიერებაზე, რომლითაც დადგინდა ს/კ... ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და ფართობი (4948 კვ.მ) და მიიჩნევს, რომ ადგილზე დათვალიერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მიწის ნაკვეთის სრულად ფლობა რომელიც მოქცეულია მის მყარ საზღვრებში.

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-10 მუხლებზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-5, მე-7, 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა აირჩიოს მისაღებ ღონისძიებათაგან რომელიმე. კასატორის მსჯელობით, კანონი განსაზღვრავს რამდენიმე სამართლებრივ შედეგს და ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს შესაძლებლობით აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. კასატორის მსჯელობით, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. განმარტავს, რომ დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: მიწის (უძრავი ქონების) 2001 წლის 10 სექტემბრის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, N... სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა (...); სექტორი - ... (...); ნაკვეთი - ...; ფართობი 0,440 ჰექტარი (დაუზუსტებელი) 1993 წლის დეკემბერს გაცემული №26 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებულია მ.თ-ის საკუთრებაში (რეგისტრაციის ნომერი ...; თარიღი 10/09/2001), ხოლო 2001 წლის 02 ოქტომბრის №2-674 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია გ.თ-ის საკუთრებაში.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2013 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 4 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:..., ძველი საკადასტრო კოდი...; საფუძველი - 2013 წლის 19 ივლისს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება) დარეგისტრირდა ა.ხ-ის საკუთრების უფლება.

ა.ხ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიებისა და შენობის შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, რეგისტრაციის შესახებ №... (13.07.2016) გადაწყვეტილების მიღების შედეგად, განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და 4 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აისახა №1 შენობა - ნაგებობა (შენობის საერთო ფართი 41.57კვ.მ).

დადგენილია, რომ 2021 წლის 31 მაისს, ა.ხ-ის წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განმცხადებელმა მიუთითა, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები წარდგენილი იყო №... განცხადებაზე (შეწყვეტილი წარმოება). აღნიშნული ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი არის - 4951 კვ.მ და მასზე განთავსებულია №01/1 და №02/1 შენობა - ნაგებობები. №... განცხადებაზე დართული იყო უძრავი ნივთის ფოტოსურათები და წერილობითი განცხადება, რომელშიც ა.ხ-ის წარმომადგენელი უთითებდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით, რომელიც არსებობდა 2016 წლის პირველ აგვისტომდე მდგომარეობით. დადგენილია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი სასაზღვრო მიჯნა, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 16 ივნისს №... წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ივნისს, ე.მ-იმა საჯარო რეესტრში წარადგინა №... განცხადება და მიუთითა, რომ №... განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთს სრულად არ ჰქონდა მყარი მიჯნა (ღობე).

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 29 ივნისის №... წერილით, საჯარო რეესტრს გადაეგზავნა ფაქტების კონსტატაციის შესახებ №... (24.06.2021წ) ოქმი და ვიდეო ფაილი.

დადგენილია, რომ 2021 წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა ე.მ-ის და მ.ტ-ის №210543/17 განცხადება სადაც მიუთითებენ, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი წარმოადგენს სადავოს და უახლოეს მომავალში აპირებენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების წარდგენას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით, ა.ხ-ის ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილია 4951 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დადგინდა, რომ დაინტერესებულ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული აქვს 4 400 კვ.მ მიწის ფართობი. რეესტრმა მიუთითა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ (რეგისტრირებულ) მიწის ნაკვეთის ფართობს, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით, დგინდება მეზობლებს შორის დავის არსებობა. ამდენად, განმცხადებელს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (რეგისტრირებულის) შესაბამისად ან მომიჯნავე დარეგისტრირებული მესაკუთრის პოზიცია მიმდინარე წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი სახით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.

დადგენილია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის (დაინტერესებული პირი ე.მ-ი) ადგილზე დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მცდარი საკადასტრო მონაცემების შესწორება.

დადგენილია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2021 წლის 05 აგვისტოს ჩატარდა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული და №... (დაინტერესებული პირი ე.მ-ი) განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების საფუძველზე მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი სრულად არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით.

2021 წლის 10 აგვისტოს მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, №... და №... (დაინტერესებული პირი ე.მ-ი) განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, ამასთან, მიწის ნაკვეთი 1/3-ზე ნაკლებად იცვლიდა ადგილმდებარეობას.

2021 წლის 11 აგვისტოს ე.მ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა №... განცხადება, რომლითაც უკმაყოფილებას გამოთქვამს ზედდებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებასთან დაკავშირებით.

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2021 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს აცნობა, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 16 აგვისტოს №... სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია, ამავე სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურიდან. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებულ იქნა №393155/17 (18.08.2021) სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ზედდება დადგინდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ადგილზე დათვალიერების შედეგად განსაზღვრულ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის. ამასთან, ზედდების ფართობმა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა (4948 კვ.მ) და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს შორის შეადგინა 184 კვ.მ. ასევე, ზედდების ფართობმა 2340 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის შეადგინა - 38 კვ.მ, ხოლო 2340 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა და №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს შორის ზედდება არ აღემატება დასაშვებ ნორმას.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით ა.ხ-ის ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1 პროცენტზე მეტად აღემატება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს, ამასთან, წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზითა და ადგილზე დათვალიერების შედეგად, უძრავ ნივთზე ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა არ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად, ან ზედმეტად დაკავებულ ფართობზე სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, განმცხადებელს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში, საკითხის განსახილველად სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არა საცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა.

დადგენილია, რომ 2021 წლის 15 ოქტომბერს მ.ტ-იმა საჯარო რეესტრში წარადგინა №... განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ა.ხ-იმა მიისაკუთრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა და მას არ ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის 1 აგვისტომდე მყარი მიჯნით შემოსაზღვრული.

დადგენილია, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს ე.მ-იმა საჯარო რეესტრში წარადგინა №... განცხადება და მოითხოვა სადავო ტერიტორია დარჩენილიყო სახელმწიფოს საკუთრებაში. №... და №... განცხადებებს თან ერთოდა უძრავი ნივთის ფოტომასალა.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2021 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2021 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ა.ხ-ის უარი ეთქვა 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმებას და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. დადგენილია, რომ №459618/17 (29.09.2021წ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმული იყო ე.მ-ი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების თანახმად, ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი სრულად იყო შემოსაზღვრული მყარი მიჯნით. მიეთითა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მიმართ ვერ გავრცელდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსაკუთრებული პირობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი შემთხვევაში მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) №... გადაწყვეტილების და ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის (2021 წლის 31 მაისის №... განცხადების შესაბამისად) დავალების მოთხოვნის საფუძვლიანობა.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულსამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე განისაზღვრა თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს არაუმეტეს 15 პროცენტით აღემატება, მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან ამ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ეს წესი არ ვრცელდება იმ უძრავ ნივთზე, რომელიც შესყიდულია სახელმწიფოსაგან ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოსაგან ან რომელზედაც საკუთრების უფლება აღიარებულია კომისიის მიერ. თავის მხრივ დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მყარი სასაზღვრო მიჯნა შემდეგნაირად არის განმარტებული: ღობე, შენობა - ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ - გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული ფართი სრულად არის დარეგისტრირებული კასატორის (მოსარჩელე) საკუთრებად. ა.ხ-ი მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებას ითხოვდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე აპელირებით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით, რომელიც არსებობდა 2016 წლის პირველ აგვისტომდე მდგომარეობით.

საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, დასახელებული ინსტრუქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს არაუმეტეს 15 პროცენტით აღემატება, მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ეს წესი არ ვრცელდება იმ უძრავ ნივთებზე, რომლებიც შესყიდულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისაგან ან, რომლებზეც საკუთრების უფლება აღიარებულია კომისიის მიერ. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებულია მყარ სასაზღვრო მიჯნის განმარტება. სპორადული რეგისტრაციის დროს მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით ან/და სხვა დოკუმენტით. განსახილველ შემთხვევაში ცალსახად გასათვალისწინებელია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ №... (24.06.2021წ.) ოქმი და ვიდეო ფაილი, რომელიც დეტალურად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მყარი სასაზღვრო მიჯნის უწყვეტობა (მთლიანობა) ვერ დადგინდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2021 წლის 05 აგვისტოს ჩატარდა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული და №... (დაინტერესებული პირი ე.მ-ი) განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება და მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთი სრულად არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. დასახელებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე დოკუმენტი მხარეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია და შედავების კუთხით არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია აღნიშნულზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მითითებულ სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ასევე მოთხოვნილი იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ე.მ-ის მიერ. №... განცხადებაზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების დროს, მესამე პირებმა (ე.მ-ი და მ.ტ-ი) არაერთგზის მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს და განმარტეს, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი იყო სადავო და უახლოეს მომავალში აპირებდნენ ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების წარდგენას. მიუთითეს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მისაკუთრებულია ა.ხ-ის მიერ და არ ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის 1 აგვისტომდე მყარი მიჯნით შემოსაზღვრული. ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მესამე პირმა (ე.მ-ი) განმარტა, რომ სადავო ტერიტორიის მფლობელობას ისიც ახორციელებდა, ტერიტორიაზე მის მიერ დარგული არის ვაზი, ამასთან როგორც მისი, ასევე მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე გაყვანილი კომუნიკაციები სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის. ტერიტორიას იყენებს მის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელ ბილიკად და ტერიტორიის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებით ადგება ზიანი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების შინაარსისა და სააპელაციო პალატის მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორის (ა.ხ-ის) მიერ ვერ იქნა დადასტურებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთზე ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის ფაქტი და ამასთან, სადავო ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს მესამე პირი, არ არსებობდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, სახელმწიფოს მიერ მოხდა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების რეგისტრაციის წახალისება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, დასახელებული კანონის მე-11 მუხლიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა დასახელებული კანონი არ უნდა იქნეს იმგვარად გამოყენებული, რომ ქონების რეგისტრაცია განხორციელდეს ერთი პირის კერძო საკუთრებად და ამით უგულებელყოფილი იქნეს სხვა პირის უფლება. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას და მიიჩნევს, რომ ა.ხ-ის მართებულად ეთქვა უარი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე, რაც ცალსახად კანონიერად აქცევს სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ).

საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა ასევე შეაფასებს გასაჩივრებულ განჩინებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ნაწილში რომლითაც, განმცხადებელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილება, შესაბამისად კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ხ-ის უარი ეთქვა მითითებულ აქტთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა.ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა.ხ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 15 სექტემბერს გ.კ-ის (...) მიერ გადახდილია (სს...; საგადახდო დავალება N...) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ა.ხ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. ა.ხ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 15 სექტემბერს გ.კ-ის (...) მიერ გადახდილი (სს...; საგადახდო დავალება N...)) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე