დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-116(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-116(კ-26) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ-ი, მესამე პირები - ნ.ტ-ი, ი.გ-ი, გ.ს-ე, მოპასუხე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.გ-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 აპრილის №05/1962, 2020 წლის 9 დეკემბრის №05/6250, №05/6293 წერილები, რომელთა თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 1164 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმის შესახებ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის 2020 წლის 12 ოქტომბერს მომზადებულ №... სიტუაციურ ნახაზზე მონიშნულია №... საკადასტრო კოდით, წარმოადგენს ი.გ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ფლობს ი.გ-ის ოჯახი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით...) ს.ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2010 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №....

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ.ტ-ი და გ.ს-ე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.გ-ი.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 აპრილის №05/1962, 2020 წლის 9 დეკემბრის №05/6250, №05/6293 წერილები. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით...) ს.ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2010 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ი.გ-ის სარჩელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას ი.გ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანასაზღაურებლად დაეკისრათ 100 ლარის, ხოლო წარმომადგენლობის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ნაწილის - 500 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ.ტ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ.ტ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, №... (20.01.2020) სარეგისტრაციო განცხადებით ი.გ-ის წარმომადგენელმა - მ.ა-იმა მოითხოვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1164 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და №... საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული წარმოების დროს დადგინდა ზედდება №... საკადასტრო კოდით ნ.ტ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან; №... (18.10.2019) საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ში ი.გ-ის კომლი არ ირიცხება; 04.02.2020 წელს განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი იყო საკარმიდამო. ამდენად, საჯარო რეესტრმა მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას, ხომ არ იყო გაცემული მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. მერიის №05/1962 (29.04.2020) და №05/6293 (09.12.2020) წერილების თანახმად, სოფელ ...ში მდებარე 1164 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი.გ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს; საჯარო რეესტრმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.12.2020) გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ი.გ-ი იყო უცხოელი, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოხდებოდა; №... წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები მხარეს სადავოდ არ გაუხდია; ვ) საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ...-ლი ქუჩის №...-ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკომლო წიგნიდან ამონაწერისა და ...ის ტერიტორიული ორგანოს №178 (10.09.2010) ცნობის საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო ს.ს-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის შესახებ №... (24.10.2010) გადაწყვეტილება); №178 ცნობის თანახმად, ს.ს-ეს ქარელის რაიონის სოფელ ...ში ერიცხება 24 800 კვ.მ მიწის ფართობი და 56.80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1993 წელს (საკომლო წიგნის ამონაწერში ასეა მითითებული); №21 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს.ს-ეს ქარელის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 0.25 ჰა მიწის ფართობი 2 ნაკვეთად. მიღება-ჩაბარების აქტის პირველი და მეორე გვერდების მიხედვით, 0,1118 ჰა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება: ჩრდილოეთით - ქ-ი, სამხრეთით - გ-ი, აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - გ-ი. ამასთან, ე.წ. „ყვითელ ფენაში“ მითითებულია „ი.გ-ი“. №21 მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო რეესტრში №... წარმოებაზე იყო წარდგენილი და ეს გარემოება სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო; მოგვიანებით რეგისტრაციის შესახებ №... (29.03.2011) გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების (24.03.2011) საფუძველზე, დარეგისტრირდა ნ.ტ-ის საკუთრების უფლება.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო რეგისტრაცია განახორციელა უფლების დამდგენი დოკუმენტების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე. დადგენილია, რომ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, ცნობები, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო ნახაზზე ადგილმდებარეობა დადასტურებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში, ამასთან, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი. საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის კვლევა და ვიდრე ძალაშია რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული სამართლებრივი აქტი, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის საკითხი, საყურადღებოა, რომ ადგილმდებარეობა დადასტურებულია თავად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული ხელმოწერით. ასევე, ს.ს-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების №21 აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი კონფიგურაციით და ფართობით, ასევე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების თაობაზე ინფორმაციით შეესაბამება №... საკადასტრო კოდზე განხორციელებულ რეგისტრაციას. ხაშურის რაიონული სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის, ერთ-ერთი მოწმე იყო ვ.ც-ი, რომელმაც განმარტა, რომ 2010 წელს ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის „ვ.ც-ის“ ხელმოწერით შედგენილი ცნობები მისი გაცემულია, ხელმოწერაც თავისია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზიც მის მიერვეა დამოწმებული ბეჭდით და დადასტურებულია ხელმოწერით. მოწმემ მიუთითა, რომ ცნობების გაცემისას და საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა, შესაბამისად, არც ქონება დაუთვალიერებია და „როგორც ჩანს შეცდომაში შევიდა“. საჯარო რეესტრი სადავო უძრავ ნივთზე ს.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტარციისას დაეყრდნო სწორედ ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას და დადასტურებულად მიიჩნია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ხოლო ის გარემოება, რომ თავის დროზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არასრულად შეასრულა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილება, ვერ გახდება რეგისტრაციის ბათილობის საფუძველი, მით უფრო, როდესაც რეგისტრაციიდან გასულია 14 წელი. ამასთან, აღნიშნული წარმოადგენს ახალ გარემოებას, რაც მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება იყოს აქტის ძალადაკარგულობის და არა ბათილობის საუძველი.

კასატორის მოსაზრებით, ხაშურის რაიონული სასამართლო ძირითადად თავის არგუმენტაციას ამყარებს სასამართლო განხილვის ეტაპზე სასამართლოს მიერ გამოთხოვილ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 12 იანვრის №69/2236 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, 1996-2000 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ი.გ-ი და ირ.გ-ი (ორივე პირის მიმართ გაკეთებულია ჩანაწერი „..."). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1980 წელს, ხოლო მიწის ფართი მითითებული არ არის. აღნიშნული დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საჯარო რეესტრს მასზე არ უმსჯელია კანონით დადგენილი წესით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, საკომლო წიგნიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. ამასთან, საგულისხმოა, რომ ი.გ-ის კომლს მიწის ფართობი საერთოდ არ ერიცხება, შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდება ი.გ-ის საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულის წესით, ვინაიდან მოსარჩელე არის უცხოელი არ აკმაყოფილებს „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ ორგანული კანონით დადგენილ პირობებს.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ი.გ-ის უფლება (საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის) სადავო უძრავ ქონებაზე, ხოლო რაც შეეხება ე.წ. „ყვითელ ფენას“, სადაც მითითებულია ი.გ-ი, იგი წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემს, რომელიც შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დამოუკიდებლად არ წარმოშობს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაშია და წარმოდგენილი არ არის მათი გაუქმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამასთან, ისინი მოსარჩელეს სადავოდ არ მიუჩნევია. სადავო უძრავი ქონება კი (საკადასტრო კოდი...), ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 24/03/2011) საფუძველზე რეგისტრირებულია ნ.ტ-ის საკუთრებაში.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს არ შეუფასებიათ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა, კერძოდ, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. ამასთან, თუ სასამართლო თვლიდა, რომ საჯარო რეესტრი არასწორ ინტერპრეტაციას ან შეფასებას აკეთებდა ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე, თავად უნდა მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ერთი გარემოება - რამდენად კანონიერი იყო სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ მოცემულობით, რაც არსებობდა რეგისტრაციის დროს, მაგრამ სასამართლომ თავისი მსჯელობა დააფუძნა იმ სამართლებრივ ნორმებსა და გარემოებებს, რომელთა გამოყენება მოცემულ შემთხვევაში სრულიად არარელევანტურია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ი.გ-იმა 2020 წლის 20 იანვარს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1164 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რეგისტრაცია მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 29, 30-31); ბ) №... განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული და მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 თებერვლის №... წერილით და 2020 წლის 12 ოქტომბრის №... წერილით გადაეგზავნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას. ამ უკანასკნელს კომპეტენციის ფარგლებში უნდა განეხილა და საჯარო რეესტრისათვის ეცნობებინა, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებდა თუ არა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1, ს.ფ 223, 237); გ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 აპრილის №05/1962 წერილით, ასევე, 2020 წლის 9 დეკემბრის №05/6250 და №05/6293 წერილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1164 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი.გ-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1, ს.ფ 25, 35, 36); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ი.გ-ის უარი ეთქვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1164 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ დაინტერესებული პირი - ი.გ-ი არის უცხოელი, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ პირობებს (ტ.1, ს.ფ 38); ე) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 12 იანვრის №69/2236 ცნობის თანახმად, ქარელის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1973-1975 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია პ. გ-ი, ირიცხება ი.გ-ი. 1996-2000 წლებში კომლის შემადგელობაში ირიცხებიან: ი.გ-ი - ოჯახის უფროსი (მითითებულია: „...“), ირ.გ-ი - ვაჟიშვილი (მითითებულია: „...“). კომლს, 1996-2000 წლების საკომლო ჩანაწერებით, პირად საკუთრებაში ერიცხება 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (ჩანაწერის წელი მითითებული არ არის), აშენებული 1980 წელს, მონაცემები მიწის ფართობის შესახებ მითითებული არ არის. სოფელ ...ის მიწის განაწილების სიები, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები, 2001-2007 წლების ძირითადი და 2007 წლის კავშირგაწყვეტილთა საკომლო წიგნები ხაშურის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება (ტ.1, ს.ფ 218, ტ.2, ს.ფ 23-24); ვ) №... სარეგისტრაციო განცხადებაზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან საკადასტრო კოდით... (ტ.1, ს.ფ 242); ზ) 2010 წლის 21 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს №... განცხადებით მიმართა ს.ს-ემ, რომლითაც ითხოვა ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად წარდგენილი იყო ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა №178, ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს საკომლო წიგნიდან ამონაწერი. ასევე, განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზები. ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო ქონებას მხოლოდ გზა ესაზღვრებოდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ს.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მიენიჭა საკადასტრო კოდი... (ტ.1, ს.ფ 169, 170, 172, 173-174, 175, 176-178, 48, 54-55); თ) ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვ.ც-ის ხელმოწერით, 2010 წლის 15 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ს.ს-ე სოფელ ...ში საკუთრების უფლებით ფლობს საცხოვრებელ ბინას, რომლის საცხოვრებელი ფართია 40,80 მ2, დამხმარე ფართი - 16 მ2, საერთო ფართი - 56,80 მ2. სახლი აშენებულია 1993 წელს. ცნობის თანახმად, ს.ს-ე სოფელ ...ში ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 24 800 მ2 მიწის ფართობს. ცნობის გაცემის საფუძველია საკომლო წიგნი ფონდი №77, არქივი №15, აღწერა №1 გვერდი №11. ...ის სასოფლო საბჭოს 1980-1982 საკომლო ჩანაწერის თანახმად, ს.ს-ეს ქარელის რაიონის სოფელ ...ში ერიცხება 24 800 მ2 მიწის ფართობი და 56,80 მ2 სახლი, რომლის აგების თარიღად მითითებულია1993 წელი (ტ.1, ს.ფ 172, 176-178); ი) 1992 წლის 22 დეკემბრის №21 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს.ს-ეს გამოეყო 0,1118 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და 0,1362 ჰა სახნავი, სულ - 0,25 ჰა. მიღება-ჩაბარების აქტის მეორე გვერდზე მოცემულია მიწის ნაკვეთის ნახაზები. მიღება-ჩაბარების აქტის პირველი და მეორე გვერდების მიხედვით, 0,1118 ჰა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება: ჩრდილოეთით - ქ-ი, სამხრეთით - გ-ი, აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - გ-ი (ტ.1, ს.ფ. 184-187). სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 12 იანვრის №69/2236 ცნობის თანახმად, სოფელ ...ას 1973-1975, 1986-1995, 1996-2000 წლებით დათარიღებულ ძირითად და ზღუდერის სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1980-1982, 1983-1985, 1986-1995, 1996-2006 წლებით დათარიღებულ კავშირგაწყვეტილთა საკომლო წიგნებში ს.ს-ე არ ირიცხება (ტ.2, ს.ფ 23-24); კ) 2011 წლის 24 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 56,80 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 40,80 კვ.მ, დამხმარე ფართი 16 კვ.მ) ნ.ტ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა (საკადასტრო კოდი...) (ტ.1, ს.ფ 198-199, ტ.2, ს.ფ 110-111). 2019 წლის 29 აგვისტოს ნ.ტ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კუთვნილ უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებლის მიერ წარდგენილია ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია. ნ.ტ-ის მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, იმავე თარიღით (2019 წლის 29 აგვისტო) ფიქსირდება განმცხადებლის შემდეგი განმარტება: „კოორდინატები არასწორად იყო მითითებული და გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილება წარმოდგენილი ელ.ვერსიისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით“ (ტ.2, ს.ფ 33, 35, 36-37). სააგენტოს 2020 წლის 15 იანვრის №... გადაწყვეტილებით, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონება არ არის იდენტური უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონებისა, ნ.ტ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (ტ.2, ს.ფ 67); ლ) 2020 წლის 29 დეკემბრის აქტების თანახმად, ხელმომწერი პირები ადასტურებენ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ 2020 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული №... სიტუაციურ ნახაზზე მონოშნულია №... საკადასტრო კოდით, წარმოადგენს საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილ მიწის ნაკვეთს, რომელსაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან უწყვეტად ფლობს (სარგებლობს) ი.გ-ის ოჯახი (ტ.1, ს.ფ 101-102, 103-104).

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ი.გ-ის სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფაგლებში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ინსტრუქციაზე საჯარო რეესტრის შესახებ“ (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487), რომელიც განსაზღვრავდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის მიხედვით, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონა-ცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 21 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ს.ს-ემ, რომლითაც ითხოვა ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად წარდგენილ იქნა ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა №178, ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს საკომლო წიგნიდან ამონაწერი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ს.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი №....

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება ს.ს-ის უფლების დამდგენი დოკუმენტების - ქარელის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №178 ცნობისა და 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერის შინაარსზე და მართებულად იქნა მიჩნეული, რომ საკომლო ჩანაწერი და მის საფუძველზე გაცემული ცნობა შეიცავს უზუსტობას, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერში მითითებულია ინფორმაცია 1993 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის შესახებ, რასაც შეფასება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ მისცემია. მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელების ეტაპზე სათანადოდ არ გამოუკვლევია საკარმიდამო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე სხვა პირის უფლების არსებობა, მასზე დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კასატორი თავად ამახვილებს ყურადღებას ე.წ „ყვითელ ფენაზე“, სადაც მითითებულია ი.გ-ი. საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ.ც-ი, რომლის განმარტებით, ი.გ-ის იცნობს, რომელსაც სოფელ ...ში სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ...ის ტერიტორიულ ორგანოში, დაახლოებით, 2005 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა. საქმეში დაცული, 2010 წელს ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის „ვ.ც-ის“ ხელმოწერით შედგენილი ცნობები მისი გაცემულია, ხელმოწერაც თავისია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1118 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზიც მის მიერვეა დამოწმებული ბეჭდით და დადასტურებულია ხელმოწერით. მოწმემ მიუთითა, რომ ცნობების გაცემისას და საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა, შესაბამისად, არც ქონება დაუთვალიერებია და „როგორც ჩანს შეცდომაში შევიდა“. მოწმეს უჭირს ახსნას, რამ გამოიწვია 2010 წლის 15 სექტემბერს გაცემულ ცნობაში, რომელიც 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერებს ეყრდნობა, ს.ს-ის საკუთრებად იმ საცხოვრებელი სახლის მითითება, რომელიც 1993 წელს არის აგებული (იხ. 2024 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმის 16:37:29-16:38:16). ასევე საყურადღებოა, 2010 წლის 21 სექტემბერს ს.ს-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზები, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო ქონებას მხოლოდ გზა ესაზღვრებოდა, ხოლო 1992 წლის 22 დეკემბრის №21 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს.ს-ისათვის გამოყოფილ 0,1118 ჰა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება: ჩრდილოეთით - ქ-ი, სამხრეთით - გ-ი, აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - გ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.11.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა