დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1185(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს კულტურის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2025 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლება, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012138 ბრძანების ბათილად ცნობა და გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2021 წლის პირველი ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელფასო სარგოს ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან ნ. ა-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012138 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ასა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2025 წლის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საქართველოს კულტურის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2025 წლის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს კულტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან ნ. ა-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012138 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქართველოს კულტურის დეპარტამენტის ...ის ტოლფას თანამდებობაზე ნ. ა-ას აღდგენა, საქართველოს კულტურის სამინისტროს ნ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ხელზე მისაღები თანხის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან 2021 წლის 01 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად - 1600 ლარის ოდენობით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. ვინაიდან უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე, ცხადია საფუძველსაა მოკლებული მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 103-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 110-ე მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ არის საფუძველი იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ..
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, გარე მობილობას დაექვემდებარა კულტურის დეპარტამენტის ...ი ნ. ა-ა. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებული შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში გაიგზავნა გარე მობილობას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემები, თუმცა ყველა უწყებიდან სამინისტრომ მიიღო უარი მათი დასაქმების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელე სადავო აქტით გათავისუფლდა სამსახურიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ მოსარჩელესთან გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო სადავო აქტსა და გასაუბრების სხდომის ოქმში არ არის ასახული გარემოებები (მათ შორის კითხვა-პასუხი), რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა ნ. ა-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მითითებული არ არის გასაუბრების შინაარსი და არ არის დასაბუთებული, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს. საქმეში დაცული გასაუბრების ოქმი არაინფორმაციული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. სამინისტროს წარმომადგენელი ვერც იმ საფუძვლებზე მიუთითებს, რამაც განაპირობა 76 შეფასებული მოხელიდან 63-ის დანიშვნა, ამასთან, ბუნდოვანია მინიმალურ ზღვრად 2.5 ქულის დაწესების სტანდარტი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, გაუქმებულია კულტურის დეპარტამენტის ...ის შტატი, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის ვაკანტური იყო მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, კერძოდ, ...ის დეპარტამენტში ვაკანტური დარჩა 3.2. პოზიცია, რომელიც არ შეეთავაზა მოსარჩელეს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს ნ. ა-ას მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არამართებულად მიიჩნია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012138 ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას ზემოაღნიშნული კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც იწვევს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება. არ დასტურდება ასევე ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მოხელის გათავისუფლებისა თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მართებულობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის პირობებში, ნ. ა-ა უფლებამოსილია, მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ რეორგანიზაციამდე არსებული 147 თანამშრომელი შემცირდა 136-მდე. რეორგანიზაციის შედეგად რეალური სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, შეიცვალა დეპარტამენტების ფუნქციური დანიშნულება, გაუქმდა დეპარტამენტები და მათ ნაცვლად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები. ნ. ა-ა 2008 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში (უფლებამონაცვლე საქართველოს კულტურის სამინისტრო) სხვადასხვა პოზიციებზე. რეორგანიზაციამდე კი იგი დასაქმებული იყო კულტურის დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე (3.2 პოზიცია). კულტურის დეპარტამენტში შედიოდა 4 სამმართველო და დასაქმებული იყო 30 თანამშრომელი, რეორგანიზაციის შემდგომ იმავე და დამატებითი ფუნქციებით შეიქმნა ორი დეპარტამენტი: შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტი (12 თანამშრომელი) და ...ის დეპარტამენტი (12 თანამშრომელი). ...ს სამმართველოს ფუნქციები, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, გადაეცა ...ის დეპარტამენტს, შესაბამისად ნ. ა-ა მისი სამუშაო გამოცდილების და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, სხვა კანდიდატებთან ერთად, წარმოადგენდა შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტსა და ...ის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების შესათავაზებელ კანდიდატს 3.2 პოზიციაზე. კომისიამ ტესტირების შედეგების და გასაუბრებისას მიღებული პასუხების, ასევე მოხელეთა პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მოახდინა თითოეული კანდიდატის შეფასება შესაბამისი ქულების მინიჭებით და ქულების საშუალო არითმეტიკული დაჯამების შემდეგ ვაკანტური თანამდებობები შესთავაზა იმ კანდიდატებს, რომელთათვისაც მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 2.6 და მეტი. ვინაიდან მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 2.4, მას ვაკანტური პოზიცია არ შეეთავაზა. შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტში შეივსო ყველა ვაკანტური თანამდებობა, გარდა 3.1 პოზიციისა. ეს თანამდებობა მოსარჩელეს ვერ შეეთავაზებოდა, რადგან უფრო მაღალი რანგისაა, ვიდრე მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული პოზიცია. იმავე საფუძვლით ნ. ა-ას ვერ შეეთავაზა კულტურის ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური პოზიცია. ვაკანტური დარჩა აგრეთვე 3.2 პოზიცია, რომელიც არ შეეთავაზა მოსარჩელეს, რადგან მისთვის კომისიის მიერ მინიჭებული ქულა (2,4) არ იქნა მიჩნეული საკმარისად ამ თანამდებობის დასაკავებლად. კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინა მობილობას დაქვემდებარებულ თანამშრომელთა იდენტიფიცირება და თითოეულ მათგანთან, მათ შორის მოსარჩელესთან მიმართებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობდა გასაუბრების ჩანაწერი, სადავო აქტი სასამართლოს არ უნდა მიეჩნია დაუსაბუთებლად. კომისიამ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა რეორგანიზაციის გამო გარე მობილობას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემები. აღნიშნულ პირთა, მათ შორის მოსარჩელის, მონაცემები დაუყონებლივ იქნა გადაგზავნილი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებულ შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში, თუმცა მიღებული უარის გამო ნ. ა-ასთან მიმართებით მობილობა ვერ განხორციელდა. ამდენად, სამინისტროში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ შტატების შემცირებით შექმნა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში 01.04.2026 წელს გაიმართა ზეპირი მოსმენა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც არ დაეთანხმა საკასაციო მოთხოვნას და მიუთითა საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არარსებობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და ამ საფუძვლით მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბასამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან ნ. ა-ას გათავისუფლების მართლზომიერება, მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 6.1 მუხლის და ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებას შეადგენს შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/574, II-19). შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102.1 მუხლი, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს რეორგანიზაციის შესაძლებლობას. ამავე კანონის 103.1 მუხლის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდეგში „მინისტრის“) 22.04.2021 წლის №00003206 ბრძანებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება (ტ. 1, ს.ფ. 101-102). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე 2008 წლიდან სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, ხოლო გათავისუფლების დროისათვის (01.07.2021) დასაქმებული იყო სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე (რანგი 3.2).
საქართველოს მთავრობის 19.05.2021 წლის №229 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება“, რომლითაც კულტურის მიმართულებით განისაზღვრა „შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი“ და „კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტი“, ასევე შეიქმნა „კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)“ („დებულების“ 7.2 მუხ. „ა“-„ბ“, „ე“ ქვ.პ.). მინისტრის 24.05.2021 წლის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომლითაც კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტში განისაზღვრა 12 საშტატო ერთეული (დეპარტამენტის უფროსი - 1, სპეციალისტი - 11) და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტში - 12 საშტატო ერთეული (დეპარტამენტის უფროსი - 1, სპეციალისტი - 11) (ტ. 1, ს.ფ. 92-100).
რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 05.06.2021 წლის სხდომის №2 ოქმის მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე პირის - ნ. ა-ას შეფასების ჯამურმა ქულამ შეადგინა 2,4 და იგი დაექვემდებარა გარე მობილობას (ტ. 1, ს.ფ. 202-206). გასაუბრების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა (ტ. 1, ს.ფ. 296), ამასთან გასაუბრების წერილობით ოქმში არ არის დაფიქსირებული კითხვა-პასუხები. გარე მობილობა მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა და იგი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012138 ბრძანებით, 2021 წლის პირველი ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან (ტ. 1, ს.ფ. 22-23).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაციას შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელი დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ №ბს-595-595(2კ-18), 17.04.2019წ.). კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით შეფასებას საჭიროებს მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ძირითად უფლებამოსილებათა წრე (ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის), მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად და ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.12.2015წ., №ბს-1447(2კ-22), 20.06.2023წ.).
კასატორის მითითებით, ...ს სამმართველოს ფუნქციები, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, გადაეცა ...ის დეპარტამენტს. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის ...ის დეპარტამენტში ვაკანტური იყო მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი (3.2 თანამდებობრივი რანგის მქონე) თანამდებობა. საქმის მასალებში დაცული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის“ სხდომის №2 ოქმი, რომლითაც ნ. ა-ა დაექვემდებარა გარე მობილობას, არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობებისა ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ვაკანტურად დარჩენილ თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე. კასატორის განმარტებით, ამ დეპარტამენტში არსებული ვაკანტური პოზიციის (რანგი 3.2) მოსარჩელისთვის შეუთავაზებლობა განაპირობა კომისიის მიერ მისთვის მინიჭებულმა ქულამ, რომელმაც შეადგინა 2,6 ქულაზე ნაკლები - 2,4 ქულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. რეორგანიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით. ასეთ დროს გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს რომელიმე მოხელის არაკომპეტენტურობა ან არაკვალიფიციურობა (სუსგ საქმე №ბს-179(2კ-19), 13.02.2020წ.), ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაუბრების შედეგად მიღებული ქულა, თავისთავად, არ ქმნიდა მის მიმართ გარე მობილობის განხორციელებისა და შემდეგში სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, რაც არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სუსგ №ბს-448-443(კ-12), 13.02.2013წ.; №ბს-823(2კ-19), 23.07.2020წ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106.3 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53.1 მუხ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.). სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისთვის. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ საქმე №ბს-797(კ-18), 07.03.2019წ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძველზე კონკრეტული მოხელის გათავისუფლების საფუძვლები, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი მიუთითებს ...ს სამმართველოს (მოსარჩელე დასაქმებული იყო აღნიშნულ სამმართველოში) ფუნქციების ...ის დეპარტამენტისთვის გადაცემასა და მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ამ დეპარტამენტში შესაბამისი თანამდებობრივი რანგის მქონე ვაკანტური საშტატო ერთეულის არსებობაზე, ამასთან, კასატორმა ვერ შეძლო რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების არასაკმარისობის დასაბუთება.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლების არსებობის თაობაზე (შდრ. იხ. სუსგ №ბს-1381(კ-24), 10.07.2025წ.; №ბს-1067(კ-25), 05.02.2026წ.).
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი დავა განსახვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, კერძოდ, მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.07.2024 წლის (საქმე №ბს-212(კ-23)) და 17.07.2024 წლის (საქმე №ბს-806(კ-23)) გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დასაქმებული პირების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებები, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაევალა ახალი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისთვის მნიშვნელობა. დივერგენციის საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება (სუსგ №ბს-466(კ-22), 18.09.2023წ., №ბს-555(3კ-22), 22.03.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კასატორის მიერ მითითებული საქმეები და წინამდებარე საქმე შეეხება ერთი და იმავე რეორგანიზაციის ფარგლებში შტატების შემცირების საფუძვლით სამინისტროში დასაქმებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას, ამ საქმეთა ფაქტობრივი გარემოებები არსებითად მსგავსი არ არის. კასატორის მიერ მითითებული საქმეები შეეხებოდა გათავისუფლებულ პირებთან შედარებით უპირატესობის სხვა კანდიდატებისთვის მინიჭების საკითხის გამორკვევას. აღნიშნულ საქმეებში არ ირკვეოდა გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები, რაც არ იძლეოდა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. განსახილველ საქმეში კი გასაუბრების შედეგად მოსარჩელის მიერ მიღებული ქულის მიუხედავად, არსებობდა შესაბამისი ვაკანტური პოზიციის მოსარჩელისთვის შეთავაზების საფუძველი, ამდენად, კასატორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ადასტურებს დივერგენციას და აღნიშნულ საქმეებში სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტა არ ქმნის წინამდებარე დავაში აღნიშნული პროცესუალური დანაწესის გამოყენების საფუძველს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2025 წლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე