დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.05.2026
საქმის ნომერი
ბს-1191(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1191(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბმა „ ...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირები - შპს „მ...“, ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ფუნქციური ზონის ცვლილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...-ს” სარჩელი მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2016 წლის №33-100 დადგენილება ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ... მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ზონის სატრანსპორტო ზონად შეცვლის ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოითხოვა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული აქტი ძალადაკარგულია „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილებით, შესაბამისად ძალადაკარგული ნორმის ბათილად ცნობა სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.02.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ამხანაგობა „...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014 წლის №20-105 დადგენილება. მიუხედავად სადავო ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა, მოსარჩელე ასაბუთებს იურიდიულ ინტერესს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ. ახალი „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მოქმედების პირობებში ვერ აღდგება სადავო აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა და აწ უკვე არსებული სატრანსპორტო ზონა ვერ შეიცვლება საცხოვრებელი ზონით, თუმცა განსახილველი დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მას ენიჭება უფლება შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იდავოს ზიანის ანაზღაურებაზე, ამდენად, პალატამ დასაშვებად მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ძალადაკარგული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის არსებითად განხილვა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველ მუხლზე, 16.2 მუხლის „ე“ პუნქტზე, სადავო დადგენილების მიღების დროს მოქმედ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 25-ე მუხლის მე-31 პუნქტზე, 27-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედ ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009 წლის №4-13 გადაწყვეტილებით (ძალადაკარგულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით) დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ პირველ, მე-6, მე-18 მუხლებზე და მე-19 მუხლის მე-15 პუნქტზე. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც განხორციელდა კიდეც 30.12.2014 წლის ქ. თბილისის საკრებულოს №20-105 დადგენილების სახით (ხოლო მანამდე კი 05.06.2009წ. ქ. თბილისის საკრებულოს №6–17 გადაწყვეტილების სახით). სადავო ნორმატიული აქტით კი ცვლილება შევიდა 30.12.2014 წლის ქალაქ თბილისის საკრებულოს №20-105 დადგენილებაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცულია 1984-85 წლების ტოპო და 2005-2006 წლების ორთო, რომელიც ასახავს სადავო ნაკვეთის მდგომარეობას ხსენებული წლების პერიოდში, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადად მიუთითებს დღეის მდგომარეობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გზის დანიშნულებით არსებობაზე, ამდენად, დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც დავობს მოსარჩელე, 1984 წლიდან წარმოადგენდა ამ ტერიტორიაზე განლაგებული ...ის ტურისტული ბაზის კუთვნილ შენობათა დამაკავშირებელ შიდა გზას. ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე უძრავი ქონებების საკადასტრო ისტორია ასევე ადასტურებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვამდე დღევანდელი მოცემულობით არსებულ სატრანსპორტო ზონის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთს ჰქონდა გზის მნიშვნელობა და ამგვარი სახით აისახა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.09.2012 წლის №338619 ბრძანებით შეთანხმებულ „ქ. თბილისში, ...-...ს რაიონში, ...ის გამზ. №...-ში, ს/ს „ ... ...ის შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ...ის ტურისტული ბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და განვითარების კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში“. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანებაში მითითებული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს იმჟამად წარმოადგენდა სს „პ...“, რომელსაც როგორც ბმა „...-სა“ და შპს „მ...-...ის“ მიწის ნაკვეთების წინამორბედ მესაკუთრეს, იმთავითვე ჰქონდა განცხადებული თანხმობა განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა პირობაზე, მათ შორის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ამჟამად კი ბმა „...ის“ მიწის ნაკვეთზე გამავალ შიდა გზაზე, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით წარმოადგენს შპს „მ....-...ის“ კუთვნილ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიან საცხოვრებელი სახლში მისასვლელ ერთადერთ გზას.

სააპელაციო პალატის მითითებით მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილს „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009 წლის №6-17 გადაწყვეტილებით განესაზღვრა სატრანსპორტო ზონა 1-ის სტატუსი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია 2009 წლის ფუნქციური ზონირების რუკა. 2009 წლის შემდგომ ქ. თბილისის საკრებულოს 30.12.2014 წლის №20-105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა. 2014 წლის გენერალური გეგმის ზონირების ზოგად რუკაზე არ მომხდარა 2009 წლის მოცემულობის გადმოტანა სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, თუმცა არც ფუნქციური სტატუსის გაუქმებაზე გამოცემულა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მიღებით სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციური სტატუსი ფაქტობრივი თვალსაზრისით არა თუ შეიცვალა, არამედ მხოლოდ შესაბამისობაში მოვიდა მანამდე (2009 წლამდე) არსებულ ფაქტობრივ მოცემულობასთან, რომელიც ამ მიწის ნაკვეთს გააჩნდა ათეული წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ... საკადასტრო კოდით მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეთა მიერ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებულია 2006 წლისა და 2009 წლის მონაკვეთებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთს „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009 წლის №6-17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჰქონდა სატრანსპორტო ზონა ..., ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს გზის დატვირთვის მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში ყოფნის პერიოდში, რომლის დროსაც 2007 წლის მდგომარეობით სერვიტუტით იყო დატვირთული, ხოლო 2009 წელს სატრანსპორტო ზონა ...-ს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება მხედველობის მიღმა დარჩა 30.12.2014 წელს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის შედგენისას. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტით უკვე არსებული მდგომარეობის აღდგენა/განსაზღვრით მოსარჩელის კერძო საკუთრება დაუსაბუთებლად და უკანონოდ არ შეზღუდულა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან იგი მიღებული იქნა არსებითი პროცედურული დარღვევით, მესაკუთრის ჩართულობისა და მისი თანხმობის გარეშე. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა უძრავი ქონებების მესაკუთრეთა თანხმობის არსებობის შესახებ, რაც სასამართლოს მითითებით წინარე ნასყიდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებით გამოიხატა. აღნიშნული დოკუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა საპატიო მიზეზის გარეშე. სადავო აქტით შეიზღუდა კასატორის საკუთრების უფლება, კერძოდ, საცხოვრებელი ზონა მისი ჩართულობის გარეშე გადაკვალიფიცირდა სატრანსპორტო ზონად, რამაც საკუთრებას დაუკარგა კერძო საკუთრების შინაარსი, ამასთან აღნიშნული შეზღუდვის საპირწონედ კასატორს არავითარი კომპენსაცია არ მიუღია, ამრიგად, სასამართლოს მიერ არასათანდოდ იქნა გამოყენებული და განმარტებული საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და უგულებელყო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს გასაჩივრებული აქტის შემუშავებისა და მიღების პროცედურულ დარღვევებს, ასევე არ დაუსაბუთებია თვითმმართველი ორგანოების მიერ დაცული იქნა თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების ფუნდამენტური პრინციპი. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გასაჩივრებული აქტი წინამორბედ აქტში დაშვებული ხარვეზის გამოსასწორებლად გამოიცა. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული აქტის მანამდე მოქმედ აქტთან მიმართებით რაიმე შემთხვევითობის (მხედველობის მიღმა დარჩენის) არსებობას დაადასტურებდა. განაშენიანების რეგულირების გეგმა არა ერთხელ შეიცვალა და არც ერთ შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება სადავო ნაკვეთთან კავშირში არ ყოფილა. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას საბჭოთა პერიოდის მონაცემებზე, საბჭოთა პერიოდის შემდგომ არსებითად შეიცვალა ქალაქგეგმარების სტრუქტურა და საყოველთაო პრივატიზაციის ფარგლებში არსებითად შეიცვალა ხსენებული ტერიტორიების სტატუსი, შესაბამისად გაურკვეველია აღნიშნული ისტორიული მონაცემის (მით უმეტეს „შენობათა დამაკავშირებელი შიდა გზის“) კავშირი 2016 წელს სადავო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი ზონის სატრანსპორტო ზონად შეცვლასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2016 წლის №33-100 დადგენილების კანონიერება, რომლითაც ცვლილება შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014 წლის №20-105 დადგენილებაში, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე (ს/კ...) მიწის ნაკვეთის ნაწილზე საცხოვრებელი ზონის სატრანსპორტო ზონად შეცვლის ნაწილში. მოცემული სამართალწარმოების მიმდინარეობისას სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ახალი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით სადავო ნაკვეთთან მიმართებაში ფუნქციური ზონა არ შეცვლილა. მართალია, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილების ახალი რედაქციის კანონიერებაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგული რედაქციის კანონიერებაზე მსჯელობა მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეფასებას ექვემდებარება ძალადაკარგული ადმინისტრაციული ნორმატიული აქტის სადავო ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში ჩარევის კანონიერების, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2016 წლის №33-100 დადგენილების სადავო ნაწილის ბათილად ცნობის საკითხი. სასამართლოწარმოების დამთავრება და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია დროის ისეთ მონაკვეთთან, რომლის განმავლობაშიც ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან მიმართებით შესაძლოა ფორმალურ-პროცედურულად მიიღოს არა ერთი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა მატერიალური (შინაარსობრივი) მოწესრიგება უცვლელი დარჩეს, რამაც არ უნდა დააბრკოლოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერებაზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლი (იხ. სუსგ საქმე №ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ., საქმე №ბს-1164(კ-20), 16.12.2022წ.), ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი მოწესრიგების შინაარსის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.12.2014წ. №20-105 დადგენილების თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენდა ქალაქმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ზემოაღნიშნული დადგენილება მიღებული იქნა სადავო პერიოდში მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან) საფუძველზე, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარების და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით, არეგულირებდა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგენდა ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგენდნენ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახეობებს (მე-10 მუხ.). ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016 წლის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, რომლის მიხედვით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად), ამასთან, ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილია სხვადასხვა ზოგადი ფუნქციური ზონები, მათ შორის საცხოვრებელი ზონა (სზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს და სატრანსპორტო ზონა (ტზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს (15.2 მუხ. „ე“-„ვ“ ქვ.პ.).

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეთა (მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა) თანასაკუთრებაშია ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე 10 651 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ტ. 5, ს.ფ. 216), რომლის ნაწილზეც საცხოვრებელი ზონა შეიცვალა სატრანსპორტო ზონით (მოსარჩელის მითითებით სადავო აქტის შედეგად ფუნქციური ზონის ცვლილებას დაექვემდებარა 470,29კვ.მ. ნაკვეთი - იხ. ტ. 3, ს.ფ. 239). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების შინაარსისა და მესაკუთრის უფლებამოსილების დადგენის ერთ-ერთ სამართლებრივ საშუალებას (სუსგ საქმე №ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ.). საკუთრების უფლებას არ აქვს აბსოლუტური ძირითადი უფლების ხასიათი, იგი ექვემდებარება შეზღუდვას, რომელიც პროპორციული უნდა იყოს. საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების სახელმწიფოსთვის მინიჭება გამომდინარეობს გარკვეული სამართლებრივი სიკეთეების დაცვის მომეტებული ინტერესის გამო საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციით, ვალდებულებით დატვირთვის შესაძლებლობიდან, შესაბამისად ნივთის სოციალური ტვირთის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული უძრავი ქონებით მხოლოდ საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად სარგებლობაზე მესაკუთრის კერძო ავტონომიის შეზღუდვის შესაძლებლობა, ამასთანავე, კერძო პირის მოლოდინი ნორმატიული მოწესრიგების უცვლელობაზე, მუდმივად შენარჩუნებაზე, არსებულ მოწესრიგებაში ნოვაციების შეტანის დაუშვებლობაზე არ არის კანონით დაცული. ორგანოს, რომელიც გეგმას ამტკიცებს, შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს ცალკეულ ინტერესებს ან დაუქვემდებაროს ისინი სხვა ინტერესებს. გეგმის დამტკიცებისას გამოიყენება ნორმები, რომლებიც უმეტესად კომპეტენციით და არა კერძო პირთა უფლებებით არის დეტერმინირებული (სუსგ საქმე №ბს-1164(კ-20), 16.12.2022წ.). საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო-სამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 25.02.2022წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/1/1434,1466, II-15).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაგეგმვითი საქმიანობით საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს ფართო დისკრეცია და ამ თვალსაზრისით მიხედულების ფართო ფარგლები აქვს, ამასთანავე, დისკრეციული უფლებამოსილებისა და შეფასების თავისუფლების მიუხედავად, დასახლების დაგეგმვა მოითხოვს მრავალფეროვანი ცენტრალიზებული წესების დაცვას, ამ მხრივ მოქმედებს მატერიალური კანონიერების კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისობას ადამიანის ძირითად უფლებებთან, დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპებთან, დარგობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, თავსებადობის პრინციპთან და სხვ.. სასამართლო შემოწმებას ექვემდებარება საჯარო და კერძო ინტერესებს შორის პროპორციული ბალანსის დაცულობის საკითხი („Lay Lay Company Limited v. Malta“, №30633/11, 23.07.2013წ. §83) და არა სივრცით-ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკა, პრიორიტეტი (მიზანშეწონილობა), არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (სუსგ საქმე №ბს-1164(კ-20), 16.12.2022წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი, თუმცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა არაპროპორციული იქნება, თუ შესაბამის ქონების მესაკუთრეს მოუწია „ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთის“ ტარება, აღნიშნულის გამო „საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინტერესების მოთხოვნებს შორის უნდა დამყარდეს სამართლიანი ბალანსი“, რომლის დაცვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული („Paulet v. the United Kingdom“, 6219/08, §65). პროპორციულობის ტესტის მიზანია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო ჩარევით როგორ და რა ხარისხით შეეზღუდა პირს თავისი უფლების განხორციელება და რა უარყოფითი გავლენა იქონია ამ შეზღუდვამ მის უფლებაზე. ამის შემდგომ კი ეს გავლენა უნდა შეფასდეს ჩარევით დაცული საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელობასთან მიმართებით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს გზის დატვირთვის მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში ყოფნის პერიოდში. ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე უძრავი ქონებების საკადასტრო ისტორიის თანახმად მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვამდე დღევანდელი მოცემულობით არსებულ სატრანსპორტო ზონის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთს ჰქონდა გზის მნიშვნელობა და ამგვარი სახით აისახა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.09.2012 წლის №338619 ბრძანებით შეთანხმებულ „ქ. თბილისში, ...-...ს რაიონში, ...ის გამზ. №...-ში, ს/ს „... ...ისׅ“ შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ...ის ტურისტული ბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და განვითარების კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში“. ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანებაში მითითებული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს იმჟამად წარმოადგენდა სს „პ...“, რომელსაც როგორც ბმა „...-სა“ და შპს „მ...-...ის“ მიწის ნაკვეთების წინამორბედ მესაკუთრეს, იმთავითვე ჰქონდა განცხადებული თანხმობა განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა პირობაზე, მათ შორის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ამჟამად კი ბმა „...-ს“ მიწის ნაკვეთზე გამავალ შიდა გზაზე, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით წარმოადგენს მესამე პირის კუთვნილ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლში მისასვლელ ერთადერთ გზას, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მიღებით სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციური სტატუსი შესაბამისობაში მოვიდა მანამდე არსებულ ფაქტობრივ მოცემულობასთან, რომელიც ამ მიწის ნაკვეთს გააჩნდა ათეული წლის განმავლობაში. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სადავო ფუნქციური ზონის ცვლილება ეფუძნებოდა ხანგრძლივად არსებულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც თავის მხრივ ემსახურებოდა უკვე არსებული რეალური გამოყენების სამართლებრივად ასახვას, სამართლებრივი სიცხადის, ურბანული წესრიგის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან შეუფერხებელი მისვლის უზრუნველყოფას. რაც შეეხება სადავო აქტის გაუქმების ძირითად საფუძვლად კასატორის მითითებას კომპენსაციის გარეშე კერძო საკუთრების შეზღუდვის დაუშვებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ანაზღაურება არ არის განსახილველი დავის საგანი და ამ საკითხზე პალატა მსჯელობას ვერ იქონიებს, ამასთანავე, არ გამოირიცხება სადავო ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დავისგან დამოუკიდებლად კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. მოსარჩელის წარმომადგენლების მითითებით, ასეთი მოთხოვნით ამხანაგობამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, თუმცა სასამართლოწარმოება ჯერ არ არის დასრულებული (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 24.03.2025წ. 15:39-15:40სთ).

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს (სუსგ №ბს-1133(4კ-20), 07.11.2022წ.), შესაბამისად კასატორის პრეტენზია საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე საქმეზე მტკიცებულებების დართვისა და სასამართლოს მიერ მათი შეფასების თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. ბმა „...-ს“ უკან დაუბრუნდეს ლ.კ-ას (პირადი ნომერი ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №..., გადახდის თარიღი 01.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გენადი მაკარიძე