დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-12(კ-26) 22 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-იმა 2023 წლის 11 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №229 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების (უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 13 კვ.მ ნ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარება) მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №229 განკარგულება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. ა-ისთვის მისი საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 13 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-51 მუხლები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2, მე-3 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები და სადავო განკარგულებაში მითითებულ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში, გასათვალისწინებლად მიიჩნია ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და ოქმი, რომლითაც მოქალაქე ა. ა-ის წარდგენილ ნახაზში ნაჩვენები ადგილის მიხედვით, ნება დაერთო თავისი საკუთარი სახლის ეზოში მდებარე ავტოსადგომის მოწყობაზე მიწის მასივში შეჭრით. სასამართლოს მსჯელობით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ა-ის ოჯახი კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა სადავო, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. ამასთან, სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება რამდენიმე საკადასტრო ერთეულს, მათ შორის, იმ საკადასტრო ერთეულს, რომლის მესაკუთრეცაა მოსარჩელე ნ. ა-ი. გათვალისწინებული იქნა, რომ ნაკვეთს აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა და სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუკის მონაცემებით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთამდე სრულდება საავტომობილო გზა, რის შემდგომაც არის ჩიხი, არ არის რაიმე გზა, გარდა მოსარჩელის კერძო საკუთრებაში შესასვლელისა.
ადმინისტრაციული ორგანოს იმ მსჯელობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მდებარეობაზე და მიუთითა, რომ ნ. ა-ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ ...) მდებარეობს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ში, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ. რაც შეეხება ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მასში მოქ. ა. ა-იის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ...ს ქ. №..., ხოლო ავტოსადგომის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია ...ს ქ. №...-ში. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად ...ის ქუჩა არის ყოფილი ...ს ქუჩა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენი შეუძლებლობაზე არ იქნა გაზიარებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ერთგვარად შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება და შეიჭრა მის ფუნქციებში. მისივე მსჯელობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს მიეკუთვნება. თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსორტო ზონა 1 (ტზ-1) და ისტორიული დაცვის ზონა საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, რასაც ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს, რასაც ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს. წარმომადგენლისთვის გაუგებარია სასამართლო როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1997 წლის 4 მაისის №958 გადაწყვეტილებაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობით შეესაბამება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ გადაწყვეტილებას არ ერთვის ნახაზები და სასამართლოს არ დაუდგენია მიწის ნაკვეთების (მისამართების) იდენტურობა. დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლო მსჯელობას უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნულის დასადგენად საქმეში არ მოიპოვება არცერთი სახის მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა - განმარტებისა. კასატორი აპელირებს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის №... წერილზე, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, ვრცელდება სატრანსპორტო (ტზ - 1) ზონა. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა სატრანსპორტო ზონის გავრცელების კანონიერების შეფასება და შესაბამისად, არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გზის არარსებობასთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც მასზე დატანილია სატრანსპორტო ზონა.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ №1.1 დანართში მოცემული თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რუკის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების აღიარებას. მისივე მსჯელობით, სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე დააკმაყოფილა სარჩელი და არ გაიზიარა შემზღუდავი ზონა იმ პირობებში, როდესაც თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები განსაზღვრულია ნორმატიულად №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ №1.1 დანართში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისიგადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №229 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე ნ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 27 ივლისს ნ. ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს №...-ს მიმდებარედ, 13 კვ.მ.). განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თანხმობა განცხადებისა და დოკუმენტაციის აღიარების კომისიისათვის გადაგზავნის შესახებ; თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის თაობაზე, ელ. ვერსია, გადაწყვეტილება.
ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოქალაქე ა. ა-ის ნება დაერთო თავისი საკუთარი სახლის ეზოში ავტოსადგომის მოწყობაზე მიწის მასივში შეჭრით, წარდგენილ ნახაზში ნაჩვენები ადგილის მიხედვით.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №... წერილობითი მიმართვით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა ნ. ა-ის განცხადება თანდართული და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ დოკუმენტებთან ერთად.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №... ინფორმაციით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ...ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ 13 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიეთითა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სატრანსპორტო (ტზ-1) ზონა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2022 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №86 საკითხი №19) განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 აგვისტოს №... წერილობითი მიმართვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილი ნ. ა-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ქუჩა ... №..., დაზუსტებული ფართობი: 248.00 კვ.მ, ს.კ: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მიწის ნაკვეთის მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ს მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის ფართობი: 13.00 კვ.მ, დროებითი საკადასტრო კოდი: ....
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №229 განკარგულებით უარი ეთქვა ნ. ა-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი: 13.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი: 13.00 კვ.მ) მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა თუ რა არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. მუხლის "გ" ქვეპუნქტით ცალსახად განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის მნიშვნელობა, ხოლო ამავე მუხლის "ე" ქვეპუნქტით დაინტერესებული პირის განმარტება, სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას კასატორის იმ არგუმენტაციაზე, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში მოქცევა გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს სადავო გარემოების მარეგულირებელ საკანონმდებლო რეგულაციაზე და განმარტავს, რომ კომისიის მიერ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (27.07.2007წ), თვითნებურად დაკავებული ჰქონდა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელითაც დაადასტურებს მითითებულ გარემოებებს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; სანიტარიული და დაცვითი ზონები. მსგავსი შინაარსის ჩანაწერს ასევე ითვალისწინებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურუდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №1601223541344 ინფორმაციით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ...ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ 13 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიეთითა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სატრანსპორტო (ტზ-1) ზონა. აღსანიშნავია, რომ ტერმინი - სატრანსპორტო ზონა (ტზ) განმარტებულია ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სატრანსპორტო ზონა (ტზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) არის სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს/შენობა-ნაგებობებს (მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომებს), ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს; ასევე, შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) ჯიხურებს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამხვილა ყურადღება საქმეში წარდგენილ ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებასა და ოქმზე, რომლითაც წარდგენილ ნახაზში ნაჩვენები ადგილის მიხედვით მოქალაქე ა. ა-ის ნება დაერთო თავისი საკუთარი სახლის ეზოში მდებარე ავტოსადგომის მოწყობაზე მიწის მასივში შეჭრით, შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ა-ის ოჯახი კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა სადავო, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება რამდენიმე საკადასტრო ერთეულს, მათ შორის, იმ საკადასტრო ერთეულს, რომლის მესაკუთრეცაა მოსარჩელე ნ. ა-ი. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკვეთს აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა (იხ. ფოტომასალა; მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის ფიქსირებული საზღვარი). სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუკის მონაცემები, რომლითაც საქმის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთამდე სრულდება საავტომობილო გზა, რის შემდგომაც არის ჩიხი, არ არის რაიმე გზა, გარდა მოსარჩელის კერძო საკუთრებაში შესასვლელისა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს იმ განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, აღნიშნულის გასაბათილებლად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ნ. ა-ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ ...) მდებარეობს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ში, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ (იხ. საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი). რაც შეეხება ქ. თბილისის კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებას, მასში მოქ. ა. ა-იის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ...ს ქ. №..., ხოლო ავტოსადგომის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია ...ს ქ. №...-ში. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოკვლეული იქნა, რომ ამჟამად ...ის ქუჩა არის ყოფილი ...ს ქუჩა (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.08.2021წ. №2102-1/102172 წერილი). შესაბამისად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება მიწის ნაკვეთების არაიდენტურობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაიზიარებული.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე