დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.04.2026
საქმის ნომერი
ბს-121(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-121(კ-25) 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე; თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - მ.ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ.ზ-ი, ო.ლ-ი, ლ.დ-ი, გ.ფ-ა, რ.ს-ე, ზ.გ-ე, ს.ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ზ-იმა, ს.ბ-იმა, ო.ლ-იმა, ლ.დ-იმა, გ.ფ-ამ, რ.ს-ემ და ზ.გ-ემ 2017 წლის 03 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგ... მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ.ჩ-ის მიმართ და მოითხოვეს მ.ჩ-ის სახელზე არ არსებულ სარდაფზე რეგისტრაციის გაუქმება (ს/კ ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეებს წარდგენილ სარჩელზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ როგორც სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე, მოთხოვნის დაზუსტება თითოეული მოპასუხის მიმართ. 2017 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე რ.ს-ის წარმომადგენლის - ი.მ-ას მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის შესაბამისადაც დაზუსტდა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რაც შეეხება მ.ჩ-ეს, მოითხოვა მისი მესამე პირად ჩაბმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გ.ზ-ის, ს.ბ-ის, ო.ლ-ის, ლ.დ-ის, გ.ფ-ას, რ.ს-ისა და ზ.გ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება მ.ჩ-ე. 2018 წლის 30 იანვარს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: - ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილება. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.

სარჩელის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დადებული 1992 წლის 27 მაისის №1-ნ-2017 პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, მ.ჩ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 17 კვ.მ-ს, საერთო ფართი - 21 კვ.მ-ს, სარდაფი 23 კვ.მ-ს, ჰქონდა მეზობელთან საერთო საპირფარეშო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მ.ჩ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №..., ფართი 43 კვ.მ, საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული უძრავი ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 29 აპრილის №A11007283-011/001 განკარგულების საფუძველზე, განმეორებითი უშედეგო იძულებითი აუქციონის შემდეგ, ნატურით გადაეცა და აღირიცხა ი.დ-ის სახელზე. 2011 წლის 09 ივნისის, 2012 წლის 07 მარტისა და 2012 წლის 11 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ზემოაღნიშნული ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ჯერ ვ.ლ-ის, შემდეგ - დ.გ-ისა და ბოლოს - ო.ლ-ის საკუთრებად.

ო.ლ-მა 2012 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2012 წლის 28 დეკემბრის კრების ოქმისა და წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზების საფუძველზე, მოითხოვა ქალაქი თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან წარდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდებოდა, რომ 1-ელ და მე-2 სართულებზე მდებარე ფართები - 28,95 კვ.მ და 24.55 კვ.მ წარმოადგენდა ორ დამოუკიდებელ უფლების ობიექტს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.ლ-ის მოთხოვნა და ზემოაღნიშნული ფართები დარეგისტრირდა განმცხადებლის საკუთრების უფლებად საკადასტრო კოდებით №... და № ... .

მ.ჩ-ემ 2014 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 23 კვ.მ სარდაფზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ჩ-ის 2014 წლის 12 ივნისის განცხადება, 1992 წლის 27 მაისის №1-ნ-2017 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №..., სარდაფი - 23 კვ.მ დარეგისტრირდა მ.ჩ-ის საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდით №...

მოსარჩელეთა განმარტებით, მ.ჩ-ემ 1992 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის გადაცემული ფართი სრულად დაირეგისტრირა 2007 წელს, რაც გამორიცხავდა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 17 ივნისის რეგისტრაციის განხორციელებას. შესაბამისად, განსახილველი დავის არსი და სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო 1992 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოშობდა თუ არა მ.ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლებით სარდაფის რეგისტრაციის საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ.ზ-ის, ს.ბ-ის, ო.ლ-ის, ლ.დ-ის, გ.ფ-ას, რ.ს-ისა და ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ჩ-ემ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

2022 წლის 29 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა განცხადება, სადაც მიეთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის №011-2455 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა მ.ჩ-ის მიმართ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 მარტის №002-178 და 2015 წლის 21 აპრილის №002-848 ბრძანებები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მ.ჩ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. შესაბამისად, მიმდინარე დავაში სსიპ შემოსავლების სამსახური აღარ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ.ჩ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება მ.ჩ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენც... და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე მესამე პირის - მ.ჩ-ის საკუთრებად უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., სარდაფი - 23 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...) რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დადებული 1992 წლის 27 მაისის №1-ნ-2017 პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, მ.ჩ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 17 კვ.მ-ს, საერთო ფართი - 21 კვ.მ-ს, სარდაფი - 23 კვ.მ-ს, ჰქონდა მეზობელთან საერთო საპირფარეშო.

- მ.ჩ-ემ 2007 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 1992 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება; ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან; შიდა აზომვითი ნახაზი) მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს: თბილისში, ...ის ქ. №...-ში;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, მ.ჩ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, სადაც დაშტრიხვით გამოყოფილი იქნებოდა პრივატიზაციის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ნივთი და მისი ფართი. დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე;

- მ.ჩ-ემ 2007 წლის 16 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზი, რომელზეც, როგორც პრივატიზებული ფართი, დაშტრიხვით მონიშნული იყო პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ფართი 18,21 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი 7.00 კვ.მ (სულ საერთო ფართით 25,21 კვ.მ. ) და სარდაფი 28.04 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ფართი - 43 კვ.მ საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა მ.ჩ-ის საკუთრების უფლება.

- ი.დ-იმა 2011 წლის 29 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავ ნივთზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 29 აპრილის №A11007283 011/001 განკარგულების საფუძველზე. აღნიშნული განკარგულების თანახმად, მ.ჩ-ის (პ/ნ...) კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქალაქი თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, საკადასტრო კოდი №..., განმეორებითი უშედეგო იძულებითი აუქციონის შემდეგ, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ნატურით გადაეცა ი.დ-ის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 05 მაისის №... გადაწყვეტილებით ი.დ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ი.დ-ის საკუთრების უფლება;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 09 ივნისს უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, საკადასტრო კოდი №..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ვ.ლ-ის საკუთრების უფლება;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 07 მარტს უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქი თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, საკადასტრო კოდი №..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა დ.გ-ის საკუთრების უფლება;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 11 სექტემბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი №..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ო.ლ-ის საკუთრების უფლება.

- ო.ლ-იმა 2012 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2012 წლის 28 დეკემბრის კრების ოქმისა და წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზების საფუძველზე, მოითხოვა ქალაქი თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობამ წევრების ხმათა უმრავლესობით დაადასტურა, რომ ო.ლ-ის საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს: ...ის №...-ში, ფართობი - 53,5 კვ.მ, რომელიც განლაგებული იყო შენობის ½-ში პირველ და მეორე სართულზე. აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკადასტრო კოდით №..., ფართი 43 კვ.მ, რომელიც მოიცავდა 53,5 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით ო.ლ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით 1-ელ და მე-2 სართულებზე მდებარე ფართები 28,95 კვ.მ. და 24.55 კვ.მ. წარმოადგენდა ორ დამოუკიდებელ უფლების ობიექტს, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, რომელ ფართზე სურდა რეგისტრაციის განხორციელება ან დამატებით წარედგინა საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ო.ლ-იმა 2013 წლის 11 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილებით ო.ლ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №..., სართული - 1, ფართი - 28,95 კვ.მ, და უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის №..., სართული - 2, ფართი 24,55 კვ.მ დარეგისტრირდა ო.ლ-ის საკუთრების უფლება საკადასტრო კოდებით №... და №... .

- მ.ჩ-ემ 2014 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე - 23 კვ.მ სარდაფზე.

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ჩ-ის 2014 წლის 12 ივნისის განცხადება, 1992 წლის 27 მაისის №1-ნ-2017 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს: ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, სარდაფი - 23 კვ.მ [ზონა: თბილისი, სექტორი: ... ], დარეგისტრირდა მ.ჩ-ის საკუთრების უფლება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდით №...

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მითითებული კანონის 23-ე მუხლის ვ1 ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.

მოცემული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, რაც ნიშნავს იმას, რომ „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა ქმნიდეს რეგისტრაციის განხორციელების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია გადაამოწმოს მასთან დაცული სარეგისტრაციო მონაცემები და ამ გზით გამორიცხოს მე-3 პირთა უფლებების დარღვევის ფაქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ჩ-ის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის განხორციელების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და კასატორს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, სადაც დაშტრიხვით გამოყოფილი იქნებოდა პრივატიზაციის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ნივთი და მისი ფართი. სწორედ აღნიშნული კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაარეგისტრირა მ.ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლება, 1992 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სარდაფს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, 2014 წლის 17 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა იმავე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ახალი რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი წინაპირობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მასთან დაცულ სარეგისტრაციო მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გამოეკვლია მ.ჩ-ის სახელზე 2007 წლის 19 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაცია, მოიცავდა თუ არა 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ 23 კვ.მ სარდაფს, ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სათანადო გამოკვლევის შედეგად უნდა დაედგინა სარეგისტრაციო სარდაფის ადგილმდებარეობა, რაც საქმეში წარმოდგენილი გენ-გეგმებისა და სართულებრივი გეგმებით ვერ დგინდება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ბოლო მესაკუთრის ო.ლ-ის მიერ უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებული უძრავი ნივთი, როგორც ორი დამოუკიდებელი უფლების ობიექტი, დარეგისტრირდა ორ უძრავ ნივთად, რაც ზრდის სასამართლოს ვარაუდს, რომ მ.ჩ-ის ფართზე საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებული ნივთი მოიცავდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულ სარდაფს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრის სამსახურში დაცულ მონაცემებთან; დაედგინა სარეგისტრაციო სარდაფის ადგილმდებარეობა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი გენ-გეგმებისა და სართულებრივი გეგმებით ვერ დგინდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მ.ჩ-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები სრულყოფილად, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. მ.ჩ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - გ.ვ-ის მიერ 2025 წლის 11 თებერვალს №... ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე