დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1218(კ-25) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - დ. კ-ე, ნ. კ-ე, ნ. რ-ი, მ. კ-ე, ლ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. კ-ემ 2022 წლის 28 ოქტომბერს სარჩელით, ხოლო 2022 წლის 10 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2022 წლის 04 ოქტომბრის №IDP 7 22 00379687 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დ. კ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დ. კ-ეის ოჯახისთვის 11.03.2022 წლიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიურად ბინის ქირის თანხის გადახდის, თვეში 350 ლარის ოდენობით, დავალება.
სარჩელის თანახმად, დ. კ-ე იძულებული გახდა 1993 წლის სექტემბრის თვეში აფხაზეთის დაცემის დროს დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლი აფხაზეთში, რის შემდეგ გახდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი. მოსარჩელეს მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, ვეტერანის სტატუსი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდეგ მცირე დროით ნათესავებმა უზრუნველყვეს საცხოვრებლით, თუმცა ნათესავის საკუთრების გასხვისების შემდეგ მოუწია საცხოვრებელი ბინის დაქირავება. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. სარჩელის მიმართვის დღისთვის მისი ოჯახით, რომელიც შედგება 5 წევრისგან, დედა - ნ. კ-ე, მეუღლე - ნ. რ-ი და მისი მცირეწლოვანი შვილები - მ. კ-ე და ლ. კ-ე ცხოვრობდნენ დაქირავებულ, 18 კვ.მ ფართის მქონე ბინაში, რომელიც მართალია დაბალ ფასად აქვს ნაქირავები, თუმცა ფართის სიმცირიდან გამომდინარე ხუთი სულის ცხოვრება გაუსაძლისად მიაჩნია.
მოსარჩელეს არასდროს უსარგებლია სახელმწიფოს მიერ დევნილთათვის განსაზღვრული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით, არაერთხელ შეავსო აპლიკაცია ბინის მიღების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, მის ოჯახს მინიჭებული აქვს 7 ქულა, მაშინ, როდესაც მის ოჯახზე უფრო დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახები (4 ქულა, 5 ქულა), რომელთა წევრები არ მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში, დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართებით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.
დ. კ-ემ 2022 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიუთითა - დ. კ-ე, ნ. კ-ე, ნ. რ-ი, მ. კ-ე და ლ. კ-ე.
დ. კ-ემ 2024 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ბინის ქირის გადახდის დაკისრების ნაწილში და მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ. კ-ეის ოჯახისთვის 11.03.2022 წლიდან 29.03.2024 წლამდე ყოველთვიურად ბინის ქირის თანხის გადახდის თაობაზე, თვეში 350 ლარის ოდენობით, ხოლო 29.03.2024 წლიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიურად ბინის ქირის თანხის გადახდის თაობაზე, თვეში 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ეის, ნ. კ-ეის, ნ. რ-ის, მ. კ-ეისა (არასრუწლოვანი) და ლ. კ-ეის (არასრულწლოვანი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით დ. კ-ეის, ნ. კ-ეის, ნ. რ-ის, მ. კ-ეისა და ლ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ-ეის, ნ. კ-ეის, ნ. რ-ის, მ. კ-ეისა და ლ. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის №IDP 7 22 00379687 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა დ. კ-ეის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი: დედა - ნ. კ-ე, არასრულწლოვანი შვილები - მ. კ-ე და ლ. კ-ე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას, ამავდროულად დ. კ-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ომის ვეტერანი, რომლის დევნილი ოჯახი შეფასებულია 7 ქულით, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები_ - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით) – 1.00 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) – 1.00 ქულა, 1994 წლის 01 იანვრამდე და 2009 წლის 01 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2.00 ქულა, ომში მონაწილეობა - 1.50 ქულა. მოსარჩელეები არ ყოფილან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.10.2022წ. №IDP 7 22 00379687 წერილით მოსარჩელის დევნილ ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა ქულების არასაკმარისობის გამო.
პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება დ. კ-ეის ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროების არ არსებობაზე, მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 24.02.2023წ. №IDP 9 23 00 202980 წერილზე, რომლითაც დ. კ-ეს ეცნობა, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 1 და მეტი ქულა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსი მიდგომა შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაუმართლებელია და წარმოადგენს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების მცდარ გაგებას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია მტკიცებულება დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის მინიჭებული 7 ქულის არასაკმარისობის შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. აღნიშნული კი ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის დ. კ-ეის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მხარემ სადავოდ გახადა სააგენტოს მიერ 04.10.2022წ. №IDP 7 22 00379687 წერილი, რომელიც არ წარმოადგენს იმ სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გასაჩივრებაც მხარეს შეუძლია. წერილს აქვს მხოლოდ გაცნობითი ხასიათი, რომლითაც დ. კ-ეს ეცნობა, რომ სააგენტომ მისი 30.09.2022წ. განცხადება განიხილა და წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, მასვე ეცნობა, რომ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, იმ ეტაპზე, რომელზეც საკმარისი იქნებოდა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ დ. კ-ეის საკითხი არ იქნა გატანილი კომისიაზე, რადგან მას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული აქვს ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე, ხოლო იმ ეტაპზე არ განიხილებოდა თბილისში მდებარე ობიექტზე შემოსული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე განაცხადები. მხარეს ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და ასევე დამატებით ისიც, რომ არსებული საკითხის დღის წესრიგში დადგომისთანავე, მინიჭებული ქულებისა და სულადობის მიხედვით, მისი განაცხადიც გავიდოდა კომისიაზე. შესაბამისად, დ. კ-ეის მიმართ არ არსებობდა ბრძანება საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტომ წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ ოჯახს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ ეტაპზე დ. კ-ეის ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი გააჩნია და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდა საერთო წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის №IDP 7 22 00379687 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება წარმოადგენს, რომლითაც დ. კ-ეის დევნილ ოჯახს განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, იმ ეტაპზე, რომელზეც საკმარისი იქნებოდა მისი ოჯახისთვის მინიჭებული ქულა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ქულათა არასაკმარისობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი (1 პუნ.).
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. კ-ე, მისი დედა - ნ. კ-ე და არასრულწლოვანი შვილები: მ. კ-ე და ლ. კ-ე არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დევნილობამდე წარმოადგენდა - აფხაზეთი, ოჩამჩირე, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილია - ქ. თბილისი, ..., .... დ. კ-ემ 2009 წლის 08 ივლისს იქორწინა ნ. რ-იზე. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, დ. კ-ე, ნ. კ-ე, ნ. რ-ი, მ. კ-ე და ლ. კ-ე, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას. დ. კ-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ომის ვეტერანი.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, დ. კ-ეის ოჯახი შეფასდა 7.00 ქულით: C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) -1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით) -1.00 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) – 1.00 ქულა, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2.00 ქულა, ომში მონაწილეობა - 1.50 ქულა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 ოქტომბრის №IDP 7 22 00379687 წერილით კი მოსარჩელეებს განემარტათ, რომ დ. კ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, იმ ეტაპზე, რომელზეც საკმარისი იქნებოდა მისი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 24 თებერვლის №IDP 9 23 00 202980 წერილზე, რომლითაც დ. კ-ეს ეცნობა, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 1 და მეტი ქულა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითება ქულათა არასაკმარისობის გამო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ, დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს „წესის“ საფუძველზე მინიჭებული კრიტერიუმები განსაზღვრავს პრიორიტეტულობის საკითხს. საქმის გარემოებებით კი დადგენილია, რომ დ. კ-ეის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 7 ქულა, შესაბამისად, როგორც დევნილი, ექვემდებარებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 1 და მეტი ქულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა დ. კ-ეის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა