დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1244(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - შპს „ი...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 1 თებერვალს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „ი...ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობისათვის - 14224 ლარის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 აპრილამდე პერიოდში ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილით სარგებლობისათვის - 6572 ლარის, ჯამში - 20 796 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, შპს „ი...“ სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას 2020 წლის იანვრიდან სამეწარმეო მიზნით იყენებდა არამართლზომიერად, რაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის გადახდის საფუძველია, თუმცა სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი თანხა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ი...ს’’ (ს/ნ ...) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (ს/კ ...; ს/კ ...) სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14766 ლარის გადახდა, საიდანაც 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 9814 ლარს, ხოლო 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილით სარგებლობისათვის - 4952 ლარს.
რაიონული სასამართლოს შეფასებით, შპს „ი...ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობა დაიწყო არა 2020 წლის 1 იანვრიდან, არამედ 2020 წლის ოქტომბრიდან, რაც დადასტურდა მოპასუხის წერილობითი განმარტებებითა და ადგილზე დათვალიერების აქტით. შესაბამისად, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 14 766 ლარის გადახდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს ,,ი...“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებით სარგებლობას სამეწარმეო მიზნებისათვის ახორციელებდა სარჩელში მითითებული თარიღიდან - 2020 წლის 1 იანვრიდან, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რასაც მის მიერ უზრუნველყოფილი არ ყოფილა. მეტიც, 2021 წლის 19 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ადგილზე შემოწმების აქტის მიხედვით, შპს ,,ი...“ სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთებით არამართლზომიერად სარგებლობდა და ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა 2021 წლის იანვრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებები (ს/კ ... და ს/კ ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2019 წლის 25 (ს/კ ...) და 24 დეკემბრიდან (ს/კ ...). წინამდებარე უძრავი ქონებებით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „ი...“, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 2 ივნისამდე, ხოლო №... საკადასტრო კოდით - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 აპრილამდე. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც ადგილზე დათვალიერების აქტით, ისე ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მოწინააღმდეგე მხარის განცხადებით.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი სასამართლომ განმარტა არასწორად შემდეგი საფუძვლით: პირველ რიგში, გამოსაყოფია, რომ კანონმდებლის ინტერესი მიმართულია მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია, პირიქით, საქმის თანდართულ მასალებში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. მეორე რიგში, დასადგენია სამეწარმეო საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც, მოწინააღმდეგე მხარემ თავისივე განცხადებაში აღნიშნა, რომ მან „იჯარის ხელშეკრულება“ გააფორმა 2020 წლის 1 იანვარს, რაც ცხადყოფს, რომ იგი ამ პერიოდიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო საკუთრებაზე, რა გარემოებები მხედველობაში არ მიიღო სასამართლომ. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მოპასუხისთვის უნდა დაეკისრებინა თანხის გადახდა არა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, არამედ 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მითითებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (1.6 მუხ.).
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის დანაწესი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო ქონების მართვა უკავშირდება მესაკუთრის ნების საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. ქონების მართვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონებით სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას, მათ შორის, ქონების განმკარგველის უფლებამოსილებას დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლისა და ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები. რამდენადაც კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას მართოს ქონება, ამავდროულად სახელმწიფო ქონებით უნებართვო სარგებლობას უკავშირებს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს. სახელმწიფო საკუთრების უნებართვო სარგებლობით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონებით უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის 29.09.2016წ. გადაწყვეტილება №3/4/641).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების უნებართვოდ სარგებლობისა და მისგან მომდინარე შედეგების მოწესრიგებას ემსახურება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ადგენს იმ პირის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს არამართლზომიერად და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). აღნიშნული ნორმის მიზანს შეადგენს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნეს ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ., №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის საფუძველზე პირისათვის თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობა რამდენიმე კუმულაციურ წინაპირობას დაუკავშირა. კერძოდ, იმისათვის, რომ დადგეს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ამ პირის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს არამართლზომიერად, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და ამავდროულად სახელმწიფო ქონების გამოყენება უნდა უკავშირდებოდეს კომერციულ მიზანს - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამ ორი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ქონების მმართველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოეშობა უფლება სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერ მოსარგებლეს მოსთხოვოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მომენტიდან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი მოსარგებლისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოსადმი მიმართვის დღიდან უკუსვლით (იხ. სუსგ №ბს-1112(კ-23), 15.02.2024წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებების მიმოხილვას. კონკრეტულ შემთხვევაში, კომერციული მიზნით სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტის დადასტურება მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს ,,ი...“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარგებლობას სამეწარმეო მიზნებისათვის ახორციელებდა სარჩელში მითითებული თარიღიდან - 2020 წლის 1 იანვრიდან, ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული; პირიქით, 2021 წლის 19 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმში შპს ,,ი...ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის დაწყების თარიღად მითითებულია 2021 წლის იანვარი.
შპს ,,ი...ს“ წარმომადგენელ ნ. გ-ეის მიერ 2022 წლის 07 ნოემბერს მოსარჩელის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, კომპანიის წარმომადგენელი მართალია ადასტურებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ შპს ,,ი...“ საქართველოში რეგისტრირებულია 2019 წლის 10 დეკემბრიდან, ხოლო ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის თვიდან (მაშინ, როდესაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმდა ქარხნის მშენებლობის პროქტი) და სწორედ ამ დროიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (ს/კ ... და ...) შპს ,,ი...ს“ მიერ ხდებოდა გადამუშავებული მასალის (ქვა, ღორღი, ქვიშა) დასაწყობება და აღნიშნულის შესაბამისად მოითხოვა უძრავი ქონებით სარგებლობის ვადებისა და საფასურის დაკორექტირება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტში მითითებულ ნორმატიულ ტერმინში - „სარგებლობის მთელი პერიოდისათვის“ - მოიაზრება არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის რეალურად არსებობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც მოითხოვება საფასურის გადახდა, ამავდროულად, ასეთი ფაქტის დაუდასტურებლობას გადამწყვეტი ზეგავლენა აქვს სასარჩელო მოთხოვნის წარმატების ბედზე. შესაბამისად, კასატორს, ასკ-ის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული ძალით, ევალებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსთვის განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტში შემავალი ელემენტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოსარჩელის მიერ სრულყოფილად რეალიზებული არ ყოფილა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და სარჩელში მითითებული ყველა გარემოების დამტკიცება ვერ განახორციელა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა