დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-1254(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1254(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჯ.ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - ი.შ-ა

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ.ლ-ემ 09.08.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2023 წლის №1826 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ჯ.ლ-ის მიერ მოთხოვნილ 42,76 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2024 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.შ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2024 წლის გადაწყვეტილებით ჯ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ.ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2025 წლის განჩინებით ჯ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2024 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2023 წლის №1826 განკარგულებით ჯ.ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 42.76 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ჯ.ლ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საქმის მასალების, ორთოფოტოებისა (აეროფოტოგადაღებების) და ფოტოსურათების საფუძველზე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 28.07.2016 წლის №376 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ დადგენილ იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ ფაქტობრივი მოცემულობით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გზის ნაწილს (გასწვრივი ზოლი გამოყენებული იყო საპარკინგე სივრცედ), შესაბამისად, მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯ.ლ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის საკომუნიკაციო ნაგებობა, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხი და ჭები (ს.კ. №...), რომლის მესაკუთრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2022 წლის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს სს „...“ (უფლების რეგისტრაციის თარიღი 16.05.2020წ.). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, მოპასუხე მხარეს სადავო განკარგულებაში არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტები, მტკიცებულებები და დაეყრდნოს მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, არ მოდიოდა წინააღმდეგობაში მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ.ლ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ჯ.ლ-ემ 2003-2004 წლებში ააშენა 42.76 კვ.მ. ფართის კაპიტალური შენობა-ნაგებობა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ. 24.03.2007 წელს წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო...ის“ პარტნიორი გახდა ი.შ-ა. აღნიშნულმა პირმა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობა დაიწყო 2009 წლიდან (ჯ.ლ-ის დაპატიმრების შემდეგ), რაც ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის უმთავრეს მიზანს, რაც გულისხმობდა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის დაწყებას კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე). კასატორის მოსაზრებით, ი.შ-ა არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელ სუბიექტს, რადგან მის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა 2007 წლამდე არ დაწყებულა. კასატორმა მიუთითა, რომ 2009 წლის 13 აგვისტოდან 2013 წლის 13 იანვრამდე ჯ.ლ-ე იმყოფებოდა პატიმრობაში და შესაბამისად, მისი ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით იგი ამ პერიოდში ვერ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით.

კასატორი თვლის, რომ სადავო განკარგულება არ შეიცავს დასაბუთებას, იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს ზოგადად დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა და რა ნაწილშია მიწის ნაკვეთი ზემოაღნიშნულ პირობებთან შეუსაბამო. სასამართლო მიუთითებს, რომ ნაკვეთი მდებარეობს სატრანსპორტო ზონის მიმდებარედ და ფაქტობრივი მოცემულობით წარმოადგენს გზის სავალ ნაწილს, ხოლო გასწვრივი ზოლი გამოყენებულია საპარკინგე სივრცედ, თუმცა კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სატრანსპორტო ზონის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის არსებობა რატომ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის წინაპირობას. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მიჩნეულია გზის ნაწილად და მასზე განთავსებულია საპარკინგე სივრცე. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოქმედება, რაც გამორიცხავდა მთლიან ზოლზე მანქანის გაჩერების შესაძლებლობას. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ 42.76 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად) ჯ.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ლ-ემ 26.08.2015 წელს №14/15591 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ 42.76 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად) საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2017 წლის №284 განკარგულებით, ჯ.ლ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული განკარგულება ჯ.ლ-ემ სასამართლოში გაასაჩივრა.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2018 წლის გადაწყვეტილებით, ჯ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.206.017 წლის №284 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 42,76 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჯ.ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა შეფასებული ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნავთობბაზა, ასევე სასაწყობო ფართი იყო შპს „ო...ის“ საკუთრებაში 1997 წლიდან, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ჯ.ლ-ე (12%) და მ.შ-ა (5%). ი.შ-ა შპს „ო...ის“ პარტნიორი გახდა 22.03.2007 წელს მ.შ-ასთან დადებული წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, შპს „ო...სა’’ და ი.შ-ას შორის 26.03.2009 წელს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს „ო...ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების 1/20 ნაწილი (5%). სასამართლოს მოსაზრებით, ჯ.ლ-ის მიერ სადავო ქონებით 2009 წლამდე სარგებლობის ფაქტი დასტურდებოდა საქმეში დაცული ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით და მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საგანს ასევე წარმოადგენდა ი.შ-ასათვის ქონების გადაცემის შემდგომ, შესაბამისი მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით ჯ.ლ-ის მიერ სარგებლობის შეუძლებლობის გამომწვევი მიზეზების გამორკვევა.

კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჯ.ლ-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საქმის მასალების, ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) და ფოტოსურათების საფუძველზე დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2023 წლის №1826 განკარგულებით, ჯ.ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართი 42.76 კვ.მ. ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მე-2 მუხლის "გ" ქვ.პ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებებს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჩამოთვლის ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ დაიშვება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა კანონმდებლობა მუნიციპალიტეტს არ ზღუდავს მხოლოდ ამ ჩამონათვალით და ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მოახდინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ისეთ შემთხვევაში, როდესაც უფლების აღიარება თანხვედრაშია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საკუთრების უფლების აღიარების კომისია ფართო დისკრეციით სარგებლობს, თუმცა საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში აღიარების კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ჯ.ლ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ14 პუნქტზე, რომლის თანახმად სივრცის დაგეგმარება არის საზოგადოების ეკონომიკური (მათ შორის, აგრარული, სამრეწველო, სატრანსპორტო და ა. შ.), სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პოლიტიკის გეოგრაფიული ასახვა, რომელიც ვითარდება მრავალმხრივი და მრავალდისციპლინური მიდგომის ფარგლებში და უზრუნველყოფს საერთო სტრატეგიის შესაბამისად, დაბალანსებულ განვითარებას და სივრცის ფიზიკურ ორგანიზებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სატრანსპორტო ზონის მიმდებარედ და ფაქტობრივი მოცემულობით წარმოადგენს გზის ნაწილს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადის საკომუნიკაციო ნაგებობა, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხი და ჭები (ს.კ....), რომლის მესაკუთრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2022 წლის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს სს „...“ (უფლების რეგისტრაციის თარიღი 16.05.2020წ., იხ. ...), რაც ასევე გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, სადავო აქტი მიღებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2018 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და არ ეწინააღმდეგება მას. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიას უძრავი ქონების ფლობის საკითხის გამოკვლევა დაევალა, თუმცა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთა უძრავი ქონების აღიარებაზე უარის თქმის სხვა გარემოება, რაც ქმნიდა გასაჩივრებული განკარგულების მიღების სამართლებრივ საფუძველს. აღიარების კომისიამ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად მიიჩნია მიზანშეუწონლად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. მოსარჩელემ თავის მხრივ ვერ დაადასტურა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობა. კასატორის მიერ აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოქმედება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სადავო ტერიტორია იყო გზის შემადგენელი ნაწილი, რამეთუ საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის შესახებ („საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 64-ე პუნქტი).

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2025 წლის განჩინება;

3. ჯ.ლ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.11.2025 წლის №... საგადასახადო დავალებით გ.ა-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე