დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1263(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (16.2) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც.ხ-ე, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - ბმა „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც.ხ-ემ 2020 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 17 დეკემბრის N... გადაწყვეტილების, სააგენტოს 2020 წლის 07 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე დამხმარე ფართზე (ფართობით 15.37 კვ.მ.) ც.ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-‘‘.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ც.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 07 თებერვლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილსში, ...ის ქ. N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე დამხმარე ფართზე (ფართობით 15.37 კვ.მ.) ც.ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8 მუხლები და ყურადღება გაამახვილა მარეგისტრირებელი ორგანოს იმ გადაწყვეტილებაზე რომლითაც განმცხადებელს დაევალა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც უშუალოდ დადასტურდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. ამასთან მიუთითა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-’’-ის №102 კრების ოქმზე, რომლის თანახმად, ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული გაუქმებული ნაგვის ბუნკერი (15.37 კვ.მ. დამხმარე ფართი), ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ც.ხ-ეს და მიეცა უფლება აღნიშნულ ფართზე, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება.
სასამართლომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე აპელირებით მიუთითა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ (სუსგ №ბს-451-446 (კ-12), 28.02.2013 წ.). ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2023 წლის 19 ივნისის სამსახურებრივ ბარათზე (რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... ...ის ქუჩა N...-ში, №... მიწის საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის) და მიუთითა, რომ როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს წარმომადგენლებმა ვერ მიუთითეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის სასაწყობე ფართად იდენტიფიცირების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც, თავის მხრივ, დაადასტურებდა აღნიშნული ფართის სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევის საფუძვლიანობას. მითითებული არგუმენტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ასკ 16.2) მიერ.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს თანასაკუთრების სახლს და აღრიცხულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. მიუთითებს, რომ არასაცხოვრებელ ფართზე - 170 კვ.მ-ზე (1 სართული) და 40 კვ.მ. სარდაფზე წარდგენილია უფლების დამდგენი დოკუმენტი ( ...ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე). ლიტ. "ა' "-ის 1 სართულის საერთო ფართია - 237,50 კვ.მ, ხოლო, ფორმა N56-ის მიხედვით, მთლიანად 1 სართული ლიტ "ა" წარმოადგენს საწყობის ფართს. კასატორის მსჯელობით, იმ პირობებში როდესაც N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ც.ხ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოთხოვნილ ფართზე დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტი, გამოირიცხა ქ.თბილისში, ...ის ქ. N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე დამხმარე ფართზე (ფართობით 15.37 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი ვერ წარმოშობს მოთხოვნილ ქონებაზე ც.ხ-ის საკუთრების უფლებას. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 08 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 17 დეკემბრის N... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და სააგენტოს 2020 წლის 07 თებერვლის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება. სადავო აქტების კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე დამხმარე ფართზე (ფართობით 15.37 კვ.მ.) ც.ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ც.ხ-ემ 2019 წლის 11 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა N... (დამხმარე ფართი), ფართობი 15.37 კვ.მ., საკადასტრო კოდი ... .
დადგენილია, რომ ც.ხ-ემ სარეგისტრაციოდ წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №7/59192 წერილი და ასევე, მიუთითა №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტებზე, მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-’’-ის 2012 წლის 17 მაისის ნოტარიულად დამოწმებულ №102 კრების ოქმზე და სართულებრივ გეგმაზე, სადაც მონიშნული იყო 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-’’-ის 2012 წლის 17 მაისის №102 კრების ოქმის თანახმად, 2012 წლის 17 მაისს ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული გაუქმებული ნაგვის ბუნკერი - 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ც.ხ-ეს და მიეცა უფლება აღნიშნულ ფართზე, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება.
სარეგისტრაციოდ წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №7/59192 წერილის თანახმად, სააგენტოში არსებულ საპრივატიზებო დოკუმენტებში დაცული არ იყო ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში განკარგული ფართების ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სიტუაციური ნახაზები, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ფიზიკური პირის დაინტერესებაში არსებული დაურეგისტრირებელი 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართის ადგილმდებარეობა შეედარებინა განკარგული ქონების ადგილმდებარეობისათვის. წერილის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ქონება წარმოადგენდა პირველ სართულზე არსებულ სათავსოს, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური პირის დაინტერესებაში არსებული ფართის შესახებ გაცემული უფლებისდამდგენი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული. წერილში ასევე მითითებულია, რომ უძრავი ქონება, რომელზეც არ იყო გაცემული ან არ არსებობდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენდა ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ც.ხ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც უშუალოდ დადასტურდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ც.ხ-ის საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ ც.ხ-ემ 2020 წლის 16 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 07 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ც.ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2023 წლის 19 ივნისის სამსახურებრივი ბარათის შინაარსის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ... ...ის ქუჩა N...-ში, №... მიწის საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება არ გასაჩივრებულა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების მართებულობას საკასაციო პალატა შეაფასებს მესამე პირის (ასკ 16.2) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კასაციის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. საჯარო რეესტრი არის საჯარო - სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო - სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. პალატა განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა გასაზიარებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით. ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციო წარდგენილი სხვა დოკუმენტაცია, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის გამორიცხვის საფუძვლით.
დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ბინათმესკაუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და საერთო ქონებას. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა - დანადგარების, შენობა - ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით დგინდება, მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და განმცხადებელს დაავალა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც უშუალოდ დადასტურდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, მხედველობის მიღმა იქნა დატოვებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-’’-ის 2012 წლის 17 მაისის №102 კრების ოქმი, რომლის თანახმად, ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული გაუქმებული ნაგვის ბუნკერი - 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ც.ხ-ეს და მიეცა უფლება აღნიშნულ ფართზე, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება. აქვე, გასათვალისწინებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2023 წლის 19 ივნისის სამსახურებრივი ბარათი, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ქალაქ თბილისში, ... ...ის ქუჩა N...-ში, №... მიწის საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს საკასაციო საჩივარშიც არ მიუთითებია განსხვავებული ინფორმაცია რაც დაადასტურებდა აღნიშნული ფართის სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევის საფუძვლიანობას. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სახეზეა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ამასთან, წარდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-’’-ის 2012 წლის 17 მაისის ნოტარიულად დამოწმებული №102 კრების ოქმი და სართულებრივი გეგმა, სადაც მონიშნული იყო 15.37 კვ.მ. დამხმარე ფართი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №7/59192 წერილი, რომელიც გამორიცხავდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობას სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს ასევე არ მიუთითებს ფიზიკური პირის დაინტერესებაში არსებულ ფართზე სახელმწიფო საკუთრების უფლების გავრცელების სამართლებრივ საფუძველზე, რაც დააბრკოლებდა გაუქმებული ნაგვის ბუნკერის ბინათმესაკურეთა ამხანაგობის წევრთა მიერ განკარგვის შესაძლებლობას. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ" (სუსგ №ბს-451-446 (კ-12) განჩინება, 28.02.2013 წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).
საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა ასევე შეაფასებს გასაჩივრებულ განჩინებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 07 თებერვლის N... გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) მსჯელობის ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა სადავოდ ქცეული აქტის კანონშეუსაბამობა (რაც გაზიარებული იქნა ზემდგომი სასამართლოს მიერ) და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, აღნიშნული ცხადჰყოფს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილების უკანონობას. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ც.ხ-ის მოთხოვნის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე