დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1280(კ-25) 30 აპრილი, 2026 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ჰ. ა. ჰ. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჰ. ა. ჰ. ე-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სარფის განყოფილების მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 2 22 02537899 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჰ. ა. ჰ. ე-იმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სადავო განჩინებას საფუძვლად დაუდო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, კასატორისათვის საქართველოს სახელმწიფო ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სახელზე უკვე არსებობდა საქართველოს საკონსულოს მიერ გაცემული სახელმწიფო ვიზა და სადავო იყო არა ვიზის გაუცემლობა, არამედ კასატორისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით ეთქვა უარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ი. ჰ. ა. ჰ. ე-ი არის ეგვიპტის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 12 სექტემბრის MIA 2 22 02537899 ბრძანებით, ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის სახელზე უკვე არსებობდა საქართველოს საკონსულოს მიერ გაცემული სახელმწიფო ვიზა და სადავო იყო მხოლოდ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხება სწორედ აღნიშნულ საკითხს.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი).
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოში შემოსვლაზე/ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; ბ1) თუ მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ის განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დამატებით იქნა გამოთხოვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით. სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველ ეგვიპტის მოქალაქე ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), დაინტერესებულს პირს უნდა შეეძლოს სათანადო საჩივრის წარდგენა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს რეაგირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები თვითნებური და დაუსაბუთებელია („Al-Nashif v. Bulgaria“ §124). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი შეძლებს აღნიშნული ქმედების გასაჩივრებას და საჩივრის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, ი. ჰ. ა. ჰ. ე-ითან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია. მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას არსებული ფაქტორებისა და გარემოებების ერთობლიობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ასევე ჩატარებული ინტერვიუირებისა და სხვა ღონისძიებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. ამასთანავე, ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის მიეცა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის განმარტების მიხედვით, სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ. სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ აისახა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ასევე დამატებით იქნა გამოთხოვილი ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ი. ჰ. ა. ჰ. ე-ისათვის 2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას და თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სამმართველოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე მითითებით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სამინსტანციურ, სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ - კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება). მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო კონტროლი სრულყოფილად განხორციელდა. მართალია, უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა ის შესწავლილ და შეფასებულ იქნა სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. ი. ჰ. ა. ჰ. ე-ის (პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს რ. კ-ეის მიერ 2025 წლის 28 ნოემბერს №30601176570 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე