დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.06.2026
საქმის ნომერი
ბს-129(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-129(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „...“

დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 28.02.2024 წელს (დარეგისტრირების თარიღი) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2012 წლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე 180423.64 ლარის გადახდის მოპასუხისთვის დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2025 წლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, 2021 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კოდით ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 25484.62 ლარის ოდენობით, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 764.53 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2025 წლის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, 2021 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კოდით ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 26437,53 ლარის ოდენობით, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 793,12 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ამდენად, პალატის შეფასების საგანია საქალაქო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენებასა და დასაკისრებელი საფასურის ოდენობის გამოთვლასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარესთან არ დაუდია ხელშეკრულება, აღნიშნულის გამო უსაფუძვლო იყო 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. პალატამ უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (სუსგ 06.02.2025 წლის საქმე №ბს-1274(კ-24); 06.02.2025 წლის საქმე №ბს-1119(კ-24)) მითითებით აღნიშნა, რომ მოცემული კატეგორიის დავებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან გადახდა ანგარიშდება ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ამდენად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება განსახილველ ურთიერთობაზე ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გავრცელების შესახებ.

რაც შეეხება მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის გაანგარიშების საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი წარდგენილია 26.02.2024 წელს. შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის მოცულობა მართებულად დაანგარიშდა 2021 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, სახელდობრ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.10.2021 წლის №5006955021 დასკვნის თანახმად, 2021 წლის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 23 500 ლარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 13 აპრილის ჩათვლით - 6 723.64 ლარს. დასაკისრებელი თანხის ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 26 თებერვლიდან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაანგარიშებული იქნა 2021 წლის 10 თვის და 2 დღის საიჯარო ქირის ოდენობა, რამაც შეადგინა 19713.89 ლარი, აღნიშნულს დაემატა 2022 წლის 3 თვისა და 13 დღის თანხა, რაც ექსპერტიზის დასკვნით 6 723,64 ლარია და არა - 5770,73 ლარი, საბოლოო ჯამში კი მოპასუხისათვის დასაკისრებელმა თანხამ შეადგინა - 26437,53 ლარი და არა - 25 484.62 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა არა 2012 წლიდან, არამედ 2021 წლის 26 თებერვლიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრება დარეგისტრირდა 26.04.2010 წელს და 2022 წლის 13 აპრილამდე წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. წინამდებარე უძრავი ქონებით 2012 წლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა „შპს ...“. კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტოსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, ხოლო ვინაიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, შესაბამისად, განსახილველ ურთიერთობაზე არა სამწლიანი, არამედ ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მოპასუხისათვის არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრებას 2012 წლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე პერიოდისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, უძრავ ნივთზე ს/კოდით ..., დაზუსტებული ფართობი: 3769 კვ.მ., რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება 26.04.2010 წლიდან, ხოლო 13.04.2022 წლიდან რეგისტრირებულია ლ. გ-ის საკუთრების უფლება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.03.2021 წლის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა ..., №100ა (ს/კოდით: №... და №...), არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) საწყობად იყენებდა შპს „..." 2019 წლიდან, კერძოდ დასაწყობებული ჰქონდა ქვა-ღორღი და განთავსებული ჰქონდა მძიმე სამშენებლო ტექნიკა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 02.03.2023 წლის №13/12207 და 04.12.2023 წლის №13/66367 წერილებით მიმართა შპს „...-ს“ და განმარტა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც შპს „..." სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. ამდენად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, შპს „...-ს“ დაევალა სარგებლობის საფასურის გადახდა 2012 წლიდან 2022 წლის 13 აპრილამდე პერიოდისათვის, რაც მას არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს შპს „...-ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და შეაფასოს უნდა დაკისრებოდა თუ არა შპს „...-ს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდა 2012 წლიდან 2021 წლის 26 თებერვლამდე პერიოდზეც.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.03.2021 წლის ადგილზე დათვალიერების აქტზე, რომელშიც მითითებულია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შპს „...“ არამართლზომიერად ფლობდა 2019 წლიდან. აღნიშნული პერიოდიდან მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს არ უარყოფს თავად მოპასუხეც. ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფო ქონებით, სამეწარმეო მიზნით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს 2012 წლიდან 2019 წლამდე პერიოდისათვის. რაც შეეხება 2019 წლიდან 2021 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის საფასურის დაკისრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესაკუთრის მიერ შელახული უფლების სასამართლო წესით დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ 25.03.2021 წლის საქმე №ბს-1322(კ-19)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. დასახელებული კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა უნდა შეფასდეს როგორც პერიოდულად გადასახდელი თანხების ერთობლიობა, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 26.02.2024 წელს (დარეგისტრირებულია 28.02.2024 წელს). შესაბამისად, მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა უნდა დაანგარიშდეს 2021 წლის 26 თებერვლიდან, ხოლო მითითებულ პერიოდამდე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის მოცულობის გაანგარიშების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.10.2021 წლის №5006955021 დასკვნის თანახმად, 2021 წლის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 23 500 ლარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 13 აპრილის ჩათვლით - 6 723.64 ლარს. ვინაიდან დასაკისრებელი თანხის ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 26 თებერვლიდან, უნდა დაანგარიშდეს 2021 წლის 10 თვის და 2 დღის საიჯარო ქირის ოდენობა, რაც შეადგენს 19713.89 ლარს, რომელსაც დაემატა 2022 წლის 3 თვისა და 13 დღის თანხა, რაც ექსპერტიზის დასკვნით 6 723,64 ლარია, ხოლო საბოლოო ჯამში კი მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის მოცულობა შეადგენს 26437,53 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე