დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1297(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1297(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, ზ.ლ-ე, მ.ფ-ე, ე.ფ-ე, ა.ლ-ე, ლ.ვ-ე

დავის საგანი - ლიცენზიის ფარგლებში გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „..-.მა“ 14.06.2023 წელს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.10.2017 წლის №... და 28.01.2021 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.04.2020 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 10.10.2017 წლის №01820 ოქმის ბათილად ცნობა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 23.06.2023 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №... (მესაკუთრე: ზ.ლ-ე) და №... (მესაკუთრეები: ე.ფ-ე, მ.ფ-ე) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 19.06.2023 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ზ.ლ-ე, ე.ფ-ე, მ.ფ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.2023 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 09.10.2024 წლის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში განისაზღვრა საჩხერის რაიონული სასამართლოს 23.06.2023 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №... (მესაკუთრე: ზ.ლ-ე) და №... (მესაკუთრეები: ე.ფ-ე, მ.ფ-ე) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „...-ს“ კანონიერ ინტერესს წარმოადგენს კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რის შემდეგაც სადავო უძრავი ნივთები სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხება. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს სამთო - მოპოვებითი სამუშაოები, რომლის განხორციელების ვალდებულებაც დაკისრებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის წესი №01820 ოქმთან მიმართებაში. სადავო რეგისტრაცია (24.10.2017 წლის №...) განხორციელებული იყო "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონით დადგენილი წესით და პირობებით. სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაპირველად ლ.ვ-ემ და ა.ლ-ემ კანონიერად, უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირეს სადავო ქონება, ხოლო შემდეგ, ასევე კანონიერი გზით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (28.01.2021 წლის №... გადაწყვეტილება) მიყიდეს იგი ზ.ლ-ეს.

მ.ფ-ის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999 წლის №327 ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. "მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის (28.05.1999 წლის რედაქცია) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის არქივის მიერ 24.10.2017 წელს გაცემული საარქივო ცნობით საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ ირკვეოდა, რომ ხსენებული კომლის აქტიურ წევრებს წარმოადგენდნენ ე.ფ-ე და მ.ფ-ე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდებოდა უფლებამოსილი პირის ბეჭედი და ხელმოწერა. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ნივთი ითვლებოდა რეგისტრირებულად და შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რადგან მითითებული იყო შესაბამისი მონაცემები (კვარტლის №, ნაკვეთის № და სხვა).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესამე პირებს მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული ჰქონდათ უფლებრივი დოკუმენტების საფუძველზე და საქმეში არ იყო დაცული რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების მდებარეობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „...-ის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 11.08.2005 წლის №136 დადგენილების 7.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები: ...ის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლიცენზიის მფლობელის კანონიერი ინტერესი სალიცენზიო ობიექტით მოცემულ მიწის ნაკვეთისადმი მდგომარეობს ზემოთ დასახელებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების (სალიცენზიო პირობის) შესრულებაში - სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მესაკუთრესთან შეთანხმებით. სალიცენზიო პირობები კი ლიცენზიის გამცემს (სახელმწიფოს) და მის მფლობელს (კერძო კომპანიას) შორის წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობაში შესასრულებელი მათივე უფლება-მოვალეობებია, რაც მესამე პირების (მათ შორის, წიაღით დაკავებული მიწის კერძო მესაკუთრის) უფლებებზე მხოლოდ კანონით განსაზღვრული იმ მოცულობით ზემოქმედებს, რაც წიაღის შესახებ კანონმდებლობით არის დადგენილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დასრულებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, რეგისტრაციის განმახორციელებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო, როგორც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნები. სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოკვლევა-შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით არ მდებარეობდა იმ ადგილზე, სადაც მათი რეგისტრაცია განხორციელდა, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთები იმავდროულად შპს „...-ს“ სალიცენზიო არეალშია მოქცეული და ...ის მოპოვებისთვის გამოყოფილი ტერიტორიაა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა, თანაც უკანონოდ, კასატორის მოსაზრებით, კომპანიას შეუფერხებს წიაღის მოპოვებით საქმიანობას, რადგან მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თვითნებურად ვერ განახორციელებს მიწის ნაკვეთით სარგებლობას და შესაბამისად, წიაღის მოპოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 19.12.2006 წლის №1378 ბრძანებით შპს „...-ზე“ გაიცა ჭიათურის რაიონში, ...ზე ...ის მოპოვების ლიცენზია 40 წლის ვადით. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა ლიცენზიაში აღნიშნულ წერტილებზე გამავალი კონტურით შემოსაზღვრული მიწისა და სამთო მინაკუთვნი, საერთო ფართობით - 16 430 ჰა.

მოცემული დავის ფარგლებში კასატორი სადავოდ ხდის მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერებას და მიუთითებს, რომ ლიცენზიის ფარგლებში გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის არეალშია მოქცეული მესამე პირთა სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. კასატორი სადავო აქტების უკანონობის დასადასტურებლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტებით განსაზღვრული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. კასატორის მოსაზრებით, მიწის ნაკვეთების უკანონოდ კერძო საკუთრებად დარეგისტრირება შეაფერხებს კომპანიის მიერ წიაღის მოპოვებით საქმიანობას, რადგან მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თვითნებურად ვერ განახორციელებს მიწის ნაკვეთით სარგებლობას და შესაბამისად, წიაღის მოპოვებას.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მიმართ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციების კანონიერებას, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, ლ.ვ-ემ 25.09.2017 წელს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე ს/კ №.... განმცხადებელმა საჯარო რეესტრში წარადგინა დ.ლ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №546 (31.12.97წ.), №... საკადასტრო კოდზე გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.

მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რისთვისაც დოკუმენტაცია, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი გადაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას.

18.10.2017 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან იმერეთის რეგიონულ ოფისს გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №01820, რომლის მიხედვით საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაში იყო მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. ოქმი შედგენილია 10.10.2017 წელს და მასში მითითებულია, რომ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია მიღება- ჩაბარების აქტი №546.

24.10.2017 წელს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაზუსტდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, უძრავ ნივთს (3600 კვ.მ.) მიენიჭა №... საკადასტრო კოდი, მესაკუთრეებად კი დარეგისტრირდნენ ა.ლ-ე და ლ.ვ-ე.

საჯარო რეესტრის მიერ 28.01.2021 წელს მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით №... დარეგისტრირდა ზ.ლ-ის საკუთრებაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.ვ-ეს საკუთრების უფლება დაუზუსტებელი სახით ჰქონდა რეგისტრირებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი რეგისტრაციით განხორციელდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993 წლის №503 დადგენილებაზე, რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითად საფუძველს. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999 წლის №327 ბრძანებულების მიხედვით კი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, თუმცა რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული უძრავი ნივთის 10.10.2017 წლის ადგილზე დათვალიერების №01820 ოქმით დადასტურდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტი №546) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერება განხორციელდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ, დათვალიერების ოქმში მითითებულია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების და დათვალიერებაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია. კასატორი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა დათვალიერების ოქმის შედგენის წესის დარღვევას. ამდენად, სადავო რეგისტრაციას საფუძვლად დაედო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, შესაბამისად, კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მის ფაქტობრივ მდებარეობას არ შეესაბამება, ვერ გახდება ლ.ვ-ის და ა.ლ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო, კასატორი ვერ უთითებს ზემოაღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებებზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე ზ.ლ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, რამეთუ აღნიშნული უძრავი ნივთი ზ.ლ-ის საკუთრებაში აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა.

რაც შეეხება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.04.2020 წლის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, 05.06.2019 წელს საჯარო რეესტრს წარედგინა მ.ფ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ №... (მდებარე: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...).

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ 18.05.2000 წლის №... სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დაუზუსტებელი მონაცემებით, გ.ფ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო (სისტემური რეგისტრაცია) 947.42 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...). აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დაცულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რომელზეც დატანილია რეგისტრატორის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭედი.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის არქივის მიერ 24.10.2017 წელს გაცემული №67/164918 საარქივო ცნობით საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ ირკვევა, რომ ხსენებული კომლის აქტიურ წევრებს წარმოადგენდნენ ე.ფ-ე და მ.ფ-ე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 11.09.2019 წელს გამოითხოვა ინფორმაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.04.2020 წლის №521 ბრძანების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში დაცული უძრავი ქონების (მიწის) სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე. 22.04.2020 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, 947 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ე.ფ-ის (1/2 ნაწილი) და მ.ფ-ის (1/2 ნაწილი) თანასაკუთრების უფლებით. უძრავ ნივთს დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების შედეგად მიენიჭა საკადასტრო კოდი №... .

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (28.05.1999 წლის რედაქცია) მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999 წლის №327 ბრძანებულების საფუძველზე, უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდებოდა უფლებამოსილი პირის ბეჭედი და ხელმოწერა. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ნივთი ითვლებოდა რეგისტრირებულად და შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მასში მითითებული მონაცემების (კვარტლის №, ნაკვეთის № და სხვა) საფუძველზე. აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა აგრეთვე "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999 წლის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.06.2012 წლის №231 დადგენილების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.

ამასთან, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ამ ნორმაში ხსენებული პროცედურა სავალდებულო არაა თუ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტიური მდებარეობა. ამდენად, სადავო რეგისტრაციასთან მიმართებაში, მიწის ნაკვეთის დაზუსტების დროს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა პირველადი რეგისტრაციის დროს დაცული მონაცემები, ხოლო კასატორი ვერ უთითებს რეგისტრაციის კანონშეუსაბამობის დამადასტურებელ რაიმე არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო მიწის ნაკვეთების სალიცენზიო არეალში განთავსებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ წიაღის ფონდში მოქცეულ მიწებზე კერძო პირები მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის საფუძვლით ირეგისტრირებენ საკუთრების უფლებას, ვერ გახდება ამ პირთათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მათთვის ხდება არა საკუთრების უფლების გადაცემა, არამედ არსებული უფლების ერთგვარი აღიარება. მაშინ, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ხდება მხოლოდ პირზე უკვე არსებული უფლების რეგისტრაცია და არა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, უფლების რეგისტრაციის მიზნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში არ არსებობს მოპასუხის ვალდებულება ლიცენზიის გამცემისა და ლიცენზიის მფლობელის თანხმობის მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვერ გახდება უფლების მფლობელი პირისთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდგომში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ 09.10.2023 წლის №ბს-509(კ-22)).

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება;

3. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 13.01.2026 წლის №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70 პროცენტი - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე