დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1341(კ-25) 6 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ნ...“
მესამე პირი (ასკ 16.2) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; 2. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; 3. ნ. ბ-ა; 4. ა. გ-ა; 5. ჯ. ბ-ი; 6. დ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ნ...მა“ 2020 წლის 09 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები განისაზღვრა შემდეგი სახით: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის №ბ01.012033015 ბრძანება და ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 დეკემბრის №1700 ბრძანება.
მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტებით ბათილად იქნა ცნობილი მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის საფუძველზე განახორციელა არაერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, რომელიც უკავშირდებოდა მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს. ამასთანავე, სადავო აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას და არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს. უსწოროდ შეპირისპირდა კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს. პირველი სადავო აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის №ბ01.012033015 ბრძანების - თვალსაზრისით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 7 აგვისტოს №3383 ბრძანება, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებდა თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მოთხოვნებს. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების გადამეტებას არ გამოუწვევია ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შელახვა, გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედება. ასეთი გადამეტება კი, არ ეწინააღმდეგება სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს, არ აუარესებს არსებულ მდგომარეობას და არ უპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს. თავად სადავო აქტები მხოლოდ ჩამოთვლის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შენარჩუნებისთვის ხელშემშლელ გარემოებებს, თუმცა, იგი არ ასაბუთებს საპროექტო ტერიტორიის რთული რელიეფის ან/და საპროექტო ტერიტორიის ახლოს, რეკრეაციული ზონების (კუს ტბა, გამწვანებული ფერდი) მდებარეობის ზეგავლენას სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანებაზე და მის კავშირს ტერიტორიის მიმდებარედ ქუჩების ქსელზე, მათ გამტანუნარიანობასა და მოძრაობის უსაფრთხოებაზე. მეორე სადავო აქტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 დეკემბრის №1700 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანება და 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანება, გამოცემის მომენტში იყო კანონიერი, აკმაყოფილებდა სპეციალური კანონმდებლობის, კერძოდ კი, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ მოთხოვნებს. აღნიშნული აქტების ბათილობა განპირობებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის №ბ01.012033015 ბრძანებით, რომლითაც უკანონოდ იქნა მიჩნეული საპროექტო მიწის ნაკვეთისთვის გაზრდილი კოეფიციენტების (კ1 - 0.6, კ2 – 2.7) მინიჭება. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით კი, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ბათილობა სამართლებრივ საფუძველს აცლიდა მიწის ნაკვეთისთვის ნორმატიულად დადგენილი კოეფიციენტებით განსაზღვრული მაღალი განაშენიანების ინტენსივობის მინიჭებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ნ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ნ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე, ასევე სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონმდებლობაზე მითითებით, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის, შპს „ნ...ს“, კერძო ინტერესი ვერ გადაწონიდა სხვა პირთა კერძო და თანმხვედრ, საჯარო ინტერესებს, არ დასტურდება ზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას გადაწონის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, უსაფრთხო გარემოს, ჯანსაღი და ცხოვრებისათვის ღირსეული პირობების შენარჩუნების სახით. გაზრდილი პარამეტრებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განაპირობებდა აშენებულ კორპუსში მაცხოვრებელთა გადასვლის გაზრდას, გამოიწვევდა მოძრაობის ინტენსივობას და შედეგად, ქუჩის პარალიზებას, სადაც ისედაც გართულებული იყო მოძრაობა. აღნიშნული ზიანს მიაყენებდა ამ ქუჩის მაცხოვრებელთა უსაფრთხოებას, ვინაიდან შეუძლებელი იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში სახანძრო ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების გადაადგილება. სადავო აქტების ბათილობას არ განაპირობებდა არც სავარაუდო კომერციული ზიანის მიყენებაზე მოსარჩელის მითითება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საქმეში დაცული მასალების გამაქარწყლებელი ცნობები. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულ იქნა კანონის, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის დაცვით, ხოლო, საქმის მასალებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე დასტურდება ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ უფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, შეზღუდვის ინტენსივობა კი, მისაღწევი საჯარო და საპირისპირო კერძო ინტერესების დაცვის თანაზომიერი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ნ...ს“ მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს „კანონიერი ნდობისა“ და „კანონიერების“ პრინციპის არგუმენტირებულ შეპირისპირებას (სუსგ., Nბს-1440 (2კ-18), 21.02.2019წ.; ბს-77(კ–20), 31.05.2023წ.). შეფასების გარეშეა დატოვებული სადავო აქტების კანონიერება, კანონიერი ნდობის არსებობა აღმჭურველი აქტის მიმართ, იურიდიული მოქმედებები, რომელიც ამ აქტის საფუძველზე განხორციელდა, აგრეთვე ის ზიანიც, რაც მოსარჩელეს სადავო აქტების ბათილად ცნობით მიადგა. უმართებულოა ასევე შეფასებაც, რომ მოსარჩელეს სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია, აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით. ამასთან, მათი განუხორციელებლობაც კი, არ ითვლება იურიდიული მოქმედებების შეუსრულებლობად, კასატორმა იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა უამრავი მოქმედება განახორციელა. აღმჭურველი აქტები გამოცემის მომენტში კანონიერი იყო, ამ თვალსაზრისით, საფუძველს მოკლებულია ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება, ვინაიდან იგი დროში წინ უსწრებდა სადავო აქტებს. ამასთანავე, დასკვნა არ ასახავს აღმჭურველი აქტის გამოცემისას არსებულ ვითარებას, უსწოროა აგრეთვე ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებიც, ხოლო, ექსპერტიზა კი, უმართებულო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამასთან, გასაჩივრებული სასამართლო აქტები ეწინააღმდეგება იდენტურ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში მოყვანილ განმარტებებს (15.11.2022წ. საქმე N3/6820-20), სადაც ყურადღება გამახვილდა ექსპერტიზის დასკვნის ირელევანტურობაზე მისი სადავო შემთხვევისაგან დროითი დაშორების თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება შეუსაბამოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ., ბს-1407(2კ-22), 06.08.2024წ.). სააპელაციო პალატას არ შეუფასებია დარღვევის არსებითობა (ზაკ-ის 601.1 მუხ.) და არ გამოუკვლევია მოსარჩელის უფლებებში ჩარევის ნაკლებად ინტენსიური ზომების ხელმისაწვდომობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროსასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროსასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). საკასაციო სასამართლო არ უპასუხებს კასატორის ყოველ არგუმენტს, მის ყოველ შეფასებასა თუ მოსაზრებას, რამეთუ ამ უკანასკნელს არ შესწევს არგუმენტაციული ძალა, ზეგავლენა იქონიოს საკასაციო მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ამ არგუმენტებზე პასუხის პირდაპირ გაუცემლობა განიმარტება მათ ნაგულისხმევ უარყოფად (1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრეზე, რომელიც მართებულად განისაზღვრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ. საქმის მასალებით დგინდება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა შპს „ო...“ (ს/ნ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წელს 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, შპს ,,ო...ს’’ შეეცვალა იურიდიული პირის სახელწოდება და განისაზღვრა, როგორც შპს ,,ნ...’’ (ს/ნ ...). უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ნ...ს“ სახელზე. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 23 აპრილის №17 სხდომის ოქმით (დღის წესრიგის 79-ე საკითხი) დგინდება, რომ თანხმობა მიეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხს. კომისიის №17 საოქმო გადაწყვეტილებით გაიცა რეკომენდაცია აღნიშნული ტერიტორიის ფუნქციური ზონის სახეობა საცხოვრებელი ზონა 2-ის, საცხოვრებელი ზონა 3-ით შეცვლის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 23 აპრილის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-52 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ზონა 2 შეიცვალა საცხოვრებელი ზონა 3-ით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 9 ივლისს, მ. ძ-ემ №... განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩისა და ...ს ...კენ მიმავალი გზის კუთხეში, ...ს ქ. №... და ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მოთხოვნით. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 16 ივლისის N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზემოაღნიშნული ნაკვეთისთვის განაშენიანების კ-1 კოეფიციენტის 0.6-მდე და განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის 2.7-მდე გაზრდას და მიეცა რეკომენდაცია განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის მაქსიმუმ 2.2 მდე გაზრდის საკითხს. კომისიის წევრებმა მიუთითეს, რომ ზოგადად ამ ქუჩაზე (ამ უბანში) სიმჭიდროვის მკვეთრი ზრდა მიუღებელია; ქუჩათა ქსელი არ იძლევა ამ მოცულობის გაჩენის საშუალებას. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №1992450 ბრძანებით, დაკმაყოფილდა მ. ჩ-ეის 2015 წლის 12 ივნისის №... განცხადება და დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამშენებლო განვითარების მიზანში მიეთითა დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი სახლის ახალი მშენებლობა. განაშენიანების რეგულირების მაქსიმალურ კოეფიციენტად მიეთითა - (კ-1):0.5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2):1.5; მიწის ნაკვეთის გამწვანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-3): 0.2. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 23 ივლისის №32 სხდომის ოქმით (დღის წესრიგის მე-19 საკითხი) დგინდება, რომ თანხმობა მიეცა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხს. არსებული ტერიტორიის განაშენიანების კოეფიციენტი და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ1=0.6, კ2=2.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 07 აგვისტოს №3383 ბრძანებით, განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ1=0.6, კ2=2.7.
დადგენილია, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანებით შეთანხმდა შპს „ნ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი (მე-4 კლასის ახალი მშენებლობა). თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3374974 ბრძანებით, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 06 ივლისიდან 2019 წლის 06 ივლისამდე პერიოდი. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანებით ცვლილება შევიდა არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საზაფხულო ფართობი: 2052.69 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 460.31 კვ.მ, საერთო ფართობი: 9124.65 კვ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ივლისის №4590855 ბრძანებით ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3374974 ბრძანებაში: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 06 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით. მიეთითა, რომ წინამდებარე ბრძანება განხილულ უნდა იქნას თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3374974 ბრძანებასთან ერთად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს ნ. ბ-ამ, ა. გ-ამ, ჯ. ბ-იმა და დ. ს-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 07 აგვისტოს №3383 ბრძანების, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 ბრძანების და თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ივლისის №3374974 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3/7711-18), ნ. ბ-ას, ა. გ-ას, ჯ. ბ-ის და დ. ს-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ნ...“.
2019 წლის 31 ოქტომბერს, ნ. ყ-იმა, გ. ქ-ამ, ბ. ჭ-ამ, ნ. ბ-ამ და მ. ჭ-ემ განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი -...) მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ივლისის №4576744 ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. 2019 წლის 22 ნოემბერს და 10 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომები. სხდომებზე საჩივრის ავტორმა დააზუსტა განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი) და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 დან 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანებების ბათილად ცნობა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის №ბ01.012033015 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 07 აგვისტოს №3383 ბრძანება თბილისში, ...ს ქ. №... -ის მიმდებარედ, ...ს ქ. №..., ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, ...ს ქუჩის და ...ს ...კენ მიმავალი გზის მიმდებარედ, ...ს ქუჩის და ...ს ...კენ მიმავალი გზის კუთხეში არსებული მიწის ნაკვეთებისთვის (საკადასტრო კოდები №..., №..., №..., №..., №...) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ. ბრძანების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება, რომ განაშენიანების თვალსაზრისით, ისედაც დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში უკვე გადაჭარბებული კოეფიციენტის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიზარდა ქალაქგეგმარებითი პარამეტრები, ისე რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ჯანსაღი გარემოსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობები. ასევე, ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მიმდებარე ტერიტორიის რელიეფი იძლეოდა თუ არა განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაქსიმალურ გადამეტების შესაძლებლობას, მით უფრო იმ ფარგლებში რომ, საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არის რეკრეაციული სივრცეები, კერძოდ რეკრეაცია - ...ს მიმდებარედ, რეკრეაცია - აქტიური გამწვანებითა და მცირედ გამწვანებული ფერდი. ასევე საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, თავად ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული კოეფიციენტის გადამეტება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა ქუჩათა ქსელი და ასევე მიუღებელია წარმოდგენილი სიმჭიდროვე. ადგილი აქვს მოძრაობის უსაფრთხოების გაუარესებას, ასევე გზის გამტარუნარიანობა დასაშვები დონის ზღვარზეა, ქუჩას არ გააჩნია რეზერვი და შესაბამისად ახალი სატრანსპორტო ნაკადების გაზრდა გამოიწვევს ქუჩის გადატვირთვას, გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციაში სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეუძლებელი იქნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება თავისი არსით წარმოადგენს გამონაკლისს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ნორმატიულად დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა. განსახილველ შემთხვევაში, საპროექტო ტერიტორიისთვის დამახასიათებელია დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, რომლის ფარგლებშიც გაზრდილი კოეფიციენტი შეადგენდა კ2-2.7, მაშინ, როდესაც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში, საცხოვრებელი ზონა 6-ის კოეფიციენტი კ2-2.5-ია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტისთვის საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გვხვდება საცხოვრებელი ზონა 6-ის ფუნქციური ზონა და არც დღეს მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას.
ასევე, დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 დეკემბრის №1700 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ყ-იის, ნ. ბ-ას და სხვათა 2019 წლის 31 ოქტომბრის №19/01193042324–01 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3284465 და 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანებები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანების თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №...) მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 3-ში, რომლისთვისაც ნორმატიულად დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტებია: კ1-0.5, კ2 – 1.5, კ3 – 0.2. ამ კოეფიციენტების გადაჭარბების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა 2015 წლის 07 აგვისტოს №3383 ბრძანება, რომლითაც საპროექტო მიწის ნაკვეთისთვის დადგინდა გაზრდილი კოეფიციენტები - კ1-0.6, კ2 – 2.7.; რადგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 ნოემბრის №ბ01.012033015 ბრძანებით გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 07 აგვისტოს №3383 ბრძანება, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ბათილად ცნობის ფაქტი სამართლებრივ საფუძველს აცლის არქიტექტურის სამსახურის 30.05.2017 წლის №3284465 ბრძანებით მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდით ...) ნორმატიულად დადგენილი კოეფიციენტებით განსაზღვრული მაღალი განაშენიანების ინტენსივობის გათვალისწინებას და განაშენიანების რეგულირების ნორმებთან წინააღმდეგობას განაპირობებს. ასევე ვინაიდან დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 მაისის ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30.05.2017 წლის №3284465 ბრძანებისა და 2018 წლის 16 ოქტომბრის №4219648 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ნ...ს’’ საპროექტო ტერიტორიაზე არ განუხორციელებია სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად მიჩნეულ იქნა, რომ მხარის მიერ არ განხორციელებულა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, რომლებიც შპს ,,ნ...ს’’ წარმოუშობდა კანონიერ ნდობას.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ტ...ს“ ექსპერტის მიერ მომზადებული 2018 წლის 2 ნოემბრის №34/018 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ...ს ქუჩაზე არსებული პირობებიდან გამომდინარე, ქუჩის გამტარუნარიანობა კრიტიკულ ზღვარზეა. აღნიშნული გზის მიმდებარედ მშენებარე კორპუსის №...-ის აშენებისას და მისი სატრანსპორტო მონაცემებით მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გაზრდა, მომატებული საფრთხის მატარებელია. გართულებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის და უსაფრთხოების მოთხოვნებს, გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების (სახანძრო, სასწრაფო, სანიტარული და სხვა) მოძრაობა შეუძლებელი იქნება. აღნიშნული გზის მონაკვეთზე, ...ს ქუჩის მიმდებარედ საგზაო ქსელზე, ...ს ქუჩის - ...ს ქუჩასთან, ...ს ქ. ...ს მე-2 შესახვევსა და ...ს გზაჯვარედინზე, განშტოებაზე დღეს არსებული პირობებიდან გამომდინარე ადგილი აქვს მოძრაობის უსაფრთხოების გაუარესებას, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გაზრდისას გამოიწვევს მის გადატვირთვას და მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას. მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) 2020 წლის მდგომარეობით არსებული ორთოფოტოთი ირკვევა, რომ ტერიტორიაზე არ არის განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ...., ...ს ქ....-ის მიმდებარედ, ...ს ქ. №..., ...ს ქ. №..., ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, ...ს ქ. №..., ...ს ქ. №... (ს/კ ...). მითითებულ იქნა, რომ წარმოდგენილი სიმჭიდროვის ზრდა არ არის მისაღები; მიუღებელია ზონის პარამეტრების გადაჭარბება, ქუჩათა ქსელი არ იძლევა ამის საშუალებას.
კასატორის ცენტრალური საკასაციო პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს საქმეში დაცული მასალები, მართებულად მოახდინეს საჯარო და კერძო ინტერესების იდენტიფიცირება/შეპირისპირება, „კანონიერ ნდობასა“ და „კანონიერების“ პრინციპებს შორის ბალანსის ძიებისას, კანონიერების პრინციპის პრიმატი, განსახილველი შემთხვევის ჭრილში, დადასტურებულად მიიჩნევა. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი საკუთრების უფლების მნიშვნელობით, ურბანული და რეგიონული დაგეგმვის პოლიტიკა წარმოადგენს იმ სფეროებს, რომლებშიც სახელმწიფო ყველაზე აქტიურად ერევა, განსაკუთრებით საკუთრების უფლების კონტროლის გზით ზოგადი ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით (ევროპული სასამართლოს 27.04.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Gorraiz Lizarraga and Others v. Spain, App. No. 62543/00, §70.). ამასთანავე, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, არ ანიჭებს მას უფლებას სურვილისამებრ განახორციელოს მშენებლობა ამ მიწაზე ან/და განახორციელოს მშენებლობა იმ სამშენებლო კონფიგურაციით, რომელიც მას ხელსაყრელად მიაჩნია, საკუთრების უფლების არსთან ჰარმონიაშია პრევენციული მოწესრიგების სამშენებლო შეზღუდვების დადგენა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში დაცულია: ა) შპს „ტ...ს“ ექსპერტის მიერ მომზადებული 2018 წლის 2 ნოემბრის №34/018 ექსპერტიზის დასკვნა; ბ) სახალხო დამცველის 2020 წლის 24 აპრილის №04-11/4405 რეკომენდაცია გ) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება და დ) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 16 ივლისის №... გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შეფასებებს, რომ საფრთხეთა რეალიზება ერთმნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, მათ შორის ურბანული განვითარების კონცეფციაზე. საკასაციო საჩივარში კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კრიტიკით, თუმცა, ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას იმას, რომ რაოდენ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თავად განმარტება ან/და ასეთი განმარტების ავტორი, აღნიშნული ვერ ჩაანაცვლებს სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას (სსკ-ის 102.3 მუხ.), სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისაგან (იხ., სუსგ., ბს-1042(კ-24), 27.12.2024წ.). საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ წარმოაჩენს საკუთარი იურიდიული პოზიციის მართებულობას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ განმარტებებზე (15.11.2022წ. საქმე N3/6820-20) მითითებით. კასატორი გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას უპირატესად იშველიებს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიგნებათა გასაქარწყლებლად, იმ კონტექსტში, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, დროითი ჩარჩოს ჭრილში, არსებითად დისტანცირებულია აღმჭურველი აქტების გამოცემისას არსებული სინამდვილისაგან. ამ შემთხვევაში, არც თავად კასატორს არ წარმოუდგენია იმ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებითი ცნობები, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ ასახავდა აღმჭურველი აქტების გამოცემის მომენტში არსებულ ვითარებას ან რომელიც მიუთითებდა ამგვარი ვითარების კასატორის მდგომარეობის სასარგებლოდ ცვლილებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სხვა მტკიცებულებითი ცნობები, რომლებიც აღმჭურველ აქტებს დროში ემთხვევა, ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, ამდენად, არც საქმეთა იდენტურობა დასტურდება. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.08.2024წ. გადაწყვეტილებაზე მითითებას საქმეში ბს-1407(2კ-22), აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადად დიფერენცირდება მოცემული საქმისაგან, თუმცაღა, ესეც რომ არა, აღნიშნულ საქმეში ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გაზრდასთან, გზის გადატვირთვასთან დაკავშირებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე, რამაც საქმის ხელახლა შესწავლის აუცილებლობა განაპირობა, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული აბსოლუტურად ყველა სათანადო მტკიცებულებითი ცნობა ეწინააღმდეგება კასატორის საპირისპირო ზეპირსიტყვიერ შეფასებებს. კასატორის უფლებების ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის გამოკვლევა რელევანტურია უკეთუ ასეთი საშუალება იმავე მედეგობით აღწევს შეზღუდვით დეტერმინირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, ასეთი შესაძლებლობის არსებობა კი, საქმის მასალებით არ დასტურდება. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 25.04.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vaskrsić v. Slovenia, App. No. 31371/12, §83; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.09.2011წ. გადაწყვეტილება საქმეზე OAO Neftyanaya Kompaniya Yukos v. Russia, App. No. 14902/04, §652.). ნიშანდობლივია ისიც, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც ადგენს განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის სამშენებლო კოეფიციენტების მაჩვენებლების ცვლილების შესაძლებლობას, საკუთარი იურიდიული არსით, საგამონაკლისო ბუნების შემცველია. ამდენად, ზოგადი ნორმებისაგან გადახვევა კი, ყოველთვის საგამონაკლისო ვითარების დასაბუთების მომეტებულ ტვირთს გულისხმობს. ხოლო, რაც შეეხება კასატორის მითითებებს კანონიერი ნდობის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მოქმედებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა შეფასებებს მასზედ, რომ სავარაუდო კომერციული ზიანის მიყენების არგუმენტები გასაჩივრებული აქტების ბათილად გამოცხადების საფუძველს არ ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, შპს „ნ...ს“ (ს/ნ ...) 25.11.2025წ. №821 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ნ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება;
3. შპს „ნ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.11.2025წ. №821 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე