დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1378(2კ-25) 6 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – 1. ე.ბ-ე 2. გ.ჭ-ე; 3. მ.კ-ი; 4. ნ.ძ-ი; 5. კ.კ-ე; 6. დ.ვ-ე
მესამე პირები (16.2 მუხ.) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; 2. გ.გ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.ბ-ემ, გ.ჭ-ემ, მ.კ-მა, ნ.ძ-მა, კ.კ-ემ და დ.ვ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეთა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: №..., გაცემული ე.ბ-ის მიმართ; №..., გაცემული დ.ვ-ის მიმართ; №..., გაცემული ნ.ძ-ის მიმართ; №..., გაცემული გ.ჭ-ის მიმართ; №..., გაცემული მ.კ-ის მიმართ; №..., გაცემული კ.კ-ის მიმართ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 2 ივნისის №752 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე.ბ-ის, გ.ჭ-ის, მ.კ-ის, ნ.ძ-ის, კ.კ-ის და დ.ვ-ის 2021 წლის 15 მარტის №19/01210743185-01 ადმინისტრაციული საჩივარი.
ამასთანავე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება: ა) გ.ჭ-ეს (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...), მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 9076 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: №...; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: 1; 2; 3 (ფართი 2529,3 კვ.მ); 4; 5; 6; 7; 8; 9; მესაკუთრეები: გ.გ-ე (პ/ნ...) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა 3-ის პირველ სართულზე არსებული გ.ჭ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 68,03 კვ.მ.; ბ) დ.ვ-ეს (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...); მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 932 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1; 2; 3; მესაკუთრე: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა 1-ის პირველ სართულზე არსებული დ.ვ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 101 კვ.მ.; გ) ე.ბ-ეს (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...); მიწის (უძრავი ნივთის) ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1600 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1 ფართი (1447.92 კვ.მ); 2; 3 4; 5; მესაკუთრე: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა 1-ის და შენობა-ნაგებობა 4-ის პირველ სართულზე არსებული ე.ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 75 კვ.მ.; დ) კ.კ-ეს (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...); მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 9076 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1; 2; 3 (ფართი 2529,3 კვ.მ); 4; 5; 6; 7; 8; 9; მესაკუთრეები: გ.გ-ე (პ/ნ...) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა 3-ის პირველ სართულზე არსებული კ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 89,67 კვ.მ.; ე) მ.კ-ის (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...) მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1600 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი...; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (ფართი 1447.92 კვ.მ); №2; №3; №4; №5; მესაკუთრე: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა №1-ის და შენობა-ნაგებობა №3-ის პირველ სართულზე არსებული მ.კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 80 კვ.მ.; ვ) ნ.ძ-ის (პ/ნ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ას... და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი...); მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი; 9076 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1; 2; 3 (ფართი 2529,3 კვ.მ); 4; 5; 6; 7; 8; 9; მესაკუთრეები: გ.გ-ე (პ/ნ...) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, შენობა-ნაგებობა 2-ის პირველ სართულზე არსებული ნ.ძ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი - საერთო ფართით 50,19 კვ.მ.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტები არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის“ წესით გათვალისწინებულ უკლებლივ ყველა საკანონმდებლო წინაპირობას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელეები ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ გაიცა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები), ამასთანავე, ისინი დარეგისტრირებულნი არიან შესაბამის მისამართზე და ფაქტობრივად ფლობენ სადავო ფართებს, მათ განახორციელეს როგორც მიმდინარე, ისე ზოგიერთ მოსარჩელეთა შემთხვევაში, კაპიტალური რემონტი. თუმცა, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა არა ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, არამედ - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ დადგენილი რეგულაციით, რომლის გამოყენებაც მოსარჩელეთა შემთხვევაში, უკანონო იყო. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ბ-ის, გ.ჭ-ის, მ.კ-ის, ნ.ძ-ის, კ.კ-ისა და დ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: №..., №..., №..., №..., №..., №... და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა ე.ბ-ის, გ.ჭ-ის, მ.კ-ის, ნ.ძ-ის, კ.კ-ისა და დ.ვ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 202131 წლის 2 ივნისის №752 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს სადავო საკითხთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის ბალანსზე რიცხული ფართის მოსარჩელეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის გადაცემის ფაქტები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა ექცევა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ მოქმედების სფეროში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას კი, მოსარჩელეთა განცხადებები უნდა განეხილა ამ ნორმატიული აქტის შესაბამისად. ადმინისტრაციულ ორგანოში კანონიერი უფლების რეალიზების მიზნით წარდგენილი განცხადებების თვალსაზრისით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ფიზიკური პირების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტების მიღების დროს სამართლებრივი მდგომარეობა შეცვლილი იყო. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე №ბს-1159(2კ-24) და აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ფართი, სადღეისოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხებოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებზე - ე.ბ-ეზე, გ.ჭ-ეზე, მ.კ-ეზე, ნ.ძ-ეზე, კ.კ-ესა და დ.ვ-ეზე, განაწილების დროს სადავო ფართები წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას (საცხოვრებელ საბინაო ფონდში რიცხული ქონება), მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა სპეციალური მოწესრიგება, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართების პრივატიზაციის წინაპირობებს. ამასთან, სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი ფართები აღარ იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რომლებიც, თავის მხრივ, რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ამდენად, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს კვლავ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სააპელაციო პალატამ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადავო ფართები არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქონებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას კი, მოცემული განცხადებების განხილვა შეეძლო მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან განმცხადებელთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული - კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოსარჩელეებს კანონიერად ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, კასატორის განმარტებით, სადავო აქტების მიღებისას უკვე მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის N445 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება”. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ გამოყენების თაობაზე განმარტება გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რამდენადაც, უდავოა, რომ გამგეობა არ წარმოადგენს სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ საქმის მასალებზე მითითებით აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“. ამდენად, კასატორმა მიუთითა აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გამოეკვლია ისნის რაიონის გამგეობას და რა არ გამოიკვლია, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მშრალი და ფორმალური განმარტებით და არ მიუთითა კონკრეტულად რომელი ნორმის ან/და წესის დარღვევით მოხდა აქტის გამოცემა და რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული. ამასთან, საქმის მასალებში ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო წერილობითი ცნობა, რაც საპრივატიზებო ფართების კანონიერი ფლობის დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ასეთი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფად (1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, თუმცა, მხარეთა შორის უთანხმოებას იწვევს მათი შეფასება, აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მართებულად განახორციელა მოსარჩელეთა განცხადებების შემოწმების იურიდიული საფუძვლის იდენტიფიცირება, რომელთა შემოწმებაც, თავის მხრივ, უნდა მომხდარიყო სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის“ წესის შესაბამისად.
საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №579 ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული გამოთავისუფლებული შენობები (მათ შორის: ს/ქ №... ...ის ქუჩა №... შენობები გ.გ-ით №5, 15, 19, 25, 34), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს სამსახურებრივ საცხოვრებელ საბინაო ფონდში. ამავე ბრძანებით, შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალა, აღნიშნულ ფართობებზე შეედგინა ტექნიკური დოკუმენტაცია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება თითოეულ მოსარჩელეზე საცხოვრებელი ფართების განაწილების ფაქტები, კერძოდ, დადგენილია: ა) 2009 წლის 16 იანვრის №247 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №9 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჭ-ეს (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - გ.ჭ-ე; 2. მეუღლე - მ.ხ-ა) გადაეცა განაწილებული საცხოვრებელი ფართი - ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა (მისამართი: ქ. თბილისი, ს/ქ №..., ...ის ქ. №..., კორპ. №..., ბინა №...; საერთო ფართი - 68.03 კვ.მ.), რომელშიც საკუთარი სახსრებით გააკეთა ტიხრები, ჩასვა კარ-ფანჯარა, შეაკეთა სახურავი, იატაკი, კედლები. მოაწყო სველი წერტილები, მოაწესრიგა ელ. გაყვანილობა; ბ) №97 მიღება-ჩაბარების აქტით დ.ვ-ეს (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - დ.ვ-ე; 2. მეუღლე - ს.ვ-ე; 3. შვილი - თ.ვ-ე; 4. შვილი - ნ.ვ-ე; 5. შვილი - ნე.ვ-ე) გადაეცა განაწილებული საცხოვრებელი ფართი - ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა (მისამართი: თბილისი, ს/ქ №..., ...ის ქ. №..., კორპ. №..., ბინა №...; საერთო ფართი - 101 კვ.მ.), რომელშიც საკუთარი სახსრებით გააკეთა შიდა ტიხრები, ჩასვა კარ-ფანჯარა, დააგო იატაკი, მოაწყო სველი წერტილები, მოაწესრიგა ელ. გაყვანილობა, შეაკეთა სახურავი; გ) 2008 წლის 19 მაისის №102 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.ბ-ეს (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - ე.ბ-ე; 2. მეუღლე - ი.ბ-ე; 3. შვილი - ზ.ბ-ე; 4. შვილი - ქ.ბ-ე) გადაეცა ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა (მისამართი: ქ. თბილისი, ს/ქ №..., ...ის ქ. №..., კორპ. №..., ბინა №....; საერთო ფართი - 75 კვ.მ.), რომელშიც საკუთარი სახსრებით გააკეთა ტიხრები, მოაწყო სველი წერტილები, შეაკეთა სახურავი, ჩასვა კარ-ფანჯრები, დააგო იატაკის საფარი; დ) 2008 წლის 8 მაისის №85 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, კ.კ-ეს (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - კ.კ-ე, 2. მეუღლე - მ.კ-ა) გაუნაწილდა 89.67 კვ.მ. ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა, მისამართზე: ქ. თბილისი, ს/ქ..., ...ის ქ. ..., კორპუსი №..., ბინა №..., რომელშიც საკუთარი სახსრებით გააკეთა შიდა ტიხრები, მოაწესრიგა ელ. გაყვანილობა, მოაწყო სველი წერტილები, შეაკეთა სახურავი, ჩასვა კარ-ფანჯრები, დააგო იატაკის საფარი; ე) 2008 წლის 13 მაისის №94 მიღება-ჩაბარების აქტით მ.კ-ის (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - მ.კ-ი, 2. მეუღლე - ი.კ-ე, 3. შვილი -ჟ.კ-ი, 4. შვილი - ნ.კ-ი) გაუნაწილდა 80 კვ.მ. ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა, მისამართზე: ქ. თბილისი, ს/ქ ..., ...ის ქ. ..., კორპუსი №..., ბინა №..., რომელშიც საკუთარი სახსრებით გააკეთა შიდა ტიხრები, სველი წერტილები. მოსაწესრიგებელი იყო ელ. გაყვანილობა, დასაგები იყო იატაკის საფარი, გასაკეთებელი იყო სახურავი, არ იყო კარ-ფანჯრები; ვ) 2008 წლის 13 მაისის №92 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ.ძ-ის (ოჯახის შემადგენლობა: 1. თვითონ - ნ.ძ-ი, 2. შვილი - გ.ბ-ე) გაუნაწილდა 50,19 კვ.მ. ერთსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა, მისამართზე: ქ. თბილისი, ს/ქ ..., ...ის ქ. ..., კორპუსი №..., ბინა №..., რომელშიც არ იყო შიდა ტიხრები, სველი წერტილები. შესაკეთებელი იყო სახურავი, მოსაწესრიგებელი იყო ელ-გაყვანილობა, დასაგები იყო იატაკის საფარი, შესაცვლელი იყო კარ-ფანჯარა. დადგენილია, რომ ე.ბ-ემ, გ.ჭ-ემ, მ.კ-მა, ნ.ძ-მა, კ.კ-ემ და დ.ვ-ემ სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის მიზნით, 2019 წლის 27 დეკემბრის და 2020 წლის 06 იანვრის განცხადებებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას, თუმცა, თითოეულ მათგანთან მიმართებით, ისნის რაიონის გამგეობამ მიიღო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. როგორც სადავოდ გამხდარი ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №..., №..., №..., №...,№..., №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2007 წლის 2 თებერვლის შემდგომ გაცემისა და აღნიშნულ თარიღამდე პრივატიზებამოთხოვნილ ფართში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდიდან, მათთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურეებზე განაწილებული საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დასტურდებოდა მათთვის ფართების განაწილების ფაქტი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე (საქმე №ბს-1159(2კ-24)). ამ საქმეში ჩამოყალიბებული იურიდიული შეფასებები კი, პირდაპირ სამართლებრივ ეფექტს ჰპოვებს წინამდებარე საქმეზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებმა უსწოროდ მოახდინეს იმ სამართლებრივი ჩარჩოს იდენტიფიცირება, რომლის გამოყენებითაც უნდა შეფასებულიყო მოსარჩელეთა განცხადებების ფაქტობრივი საფუძვლიანობა, ამდენად, სახეზე იყო სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებით შესაბამისი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის აბსოლუტური წინაპირობები, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზიანად განხორციელების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების ცხად იგნორირებას, რომლებიც უნდა გამოკვლეულიყო მოსარჩელეთა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მართებულად იდენტიფიცირების შემთხვევაში. ამასთანავე, სუბსიდიარობის პრინციპი მოითხოვს, რომ სასამართლო კონტროლის განხორციელებამდე, ჯერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იღებდეს გადაწყვეტილებას საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სასამართლოს ფუნქცია არაა ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება, ცნობილია, რომ სასამართლო კონტროლი დაიშვება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 06.09.2013 №1037) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა მიხედვით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება, თუმცა, მის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს კვლავინდებურ იურიდიულ ძალას ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ №219 ბრძანებულება ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე და სადავო პერიოდში არ ყოფილა რა მიღებული ახალი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოაწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის საკითხს, ზემოხსენებული სამართალურთიერთობები კვლავ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით უნდა დარეგულირებულიყო. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ფიზიკური პირების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტით, სადავო აქტების მიღების დროს სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილების მიუხედავად. მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ფართი, დღეის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. აქედან გამომდინარე კი, საფუძვლიანია დასკვნა მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეებზე, განაწილების მომენტში სადავო ფართები წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას (საცხოვრებელ საბინაო ფონდში რიცხული ქონება), მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობების პრივატიზაციის განხორციელების წინაპირობების მომწესრიგებელი სპეციალური წესით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე