დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1393(კ-25) 6 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.შ-ი;
კასატორი (მოპასუხე) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (ასკ 16.2 მუხ.) – 1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; 2. ზ.მ-ი (თ.მ-ის უფლებამონაცვლე); 3. თ.ს-ი; 4. ლ.წ-ი; 5. დ.ტ-ი; 6. კ.თ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.შ-იმა 2023 წლის 28 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 2 მაისის № 1331 მიმართვის ბათილად ცნობა მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის - 366 კვ.მ ფართის ნაწილში; ბ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის - 366 კვ.მ ფართის ნაწილში; გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწისა და სხვა უძრავი ქონების თ.მ-ის მიერ შეძენის დამადასტურებელი სპ/ა №... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 31 ივლისის №5394 მიმართვის ბათილად ცნობა მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის - 366 კვ.მ ფართის ნაწილში; დ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 43 იანვრის №...- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ვ) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ზ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2023 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ) მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 1 802 კვ.მ ფართის ნაწილში მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში აღრიცხული და შემდგომ მესამე პირზე განკერძოებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილს - 366 კვ.მ ფართობს. მოცემული მიწის ნაკვეთი არაერთგზის დაიყო, მესაკუთრე არაერთხელ შეიცვალა, გადაფარვაში მყოფი ნაწილი - სადღეისოდ, სერვიტუტით არის დატვირთული. მოსარჩელემ 2022 წლის 05 ოქტომბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის მეშვეობით ცვლილების რეგისტრაცია, წარადგინა მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი 2 067 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (რომელიც მოსარჩელემ სასარჩელო წარმოების ფარგლებში 1 802 კვ.მ-დე შეამცირა), რომლითაც სადავო ფართი ზედდებაში აღმოჩნდა მესამე პირის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ნივთთან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა ცვლილების რეგისტრაციაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 04 იანვრის და 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ აზომილი მიწის ნაკვეთი ექცეოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გადაფარვის არეალში. ამასთანავე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა მოსარჩელის მიერ 2020-2021 წლებში წარდგენილ აზომვით ნახაზებსა და ფოტოებზე, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, დგინდებოდა მიწის ნაკვეთის განსხვავებული ფორმით შემოღობვა. მარეგისტრირებელმა ორგანომ აღნიშნა, რომ ზედდების ნაწილში მცდარი საკადასტრო მონაცემების დაფიქსირების ფაქტი არ დასტურდებოდა და მყარი მიჯნის საფუძველზე კორექტირება ვერ განხორციელდებოდა. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტები არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 2 მაისის №1331 მიმართვა მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილება მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, მ.შ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 28 ნოემბრის №... მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე, რომლის გათვალისწინებით, მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობს 2 067 კვ.მ მიწის ნაკვეთს, აღნიშნული კი, შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ, აგრეთვე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ამავე ოქმის შესაბამისად, სახეზეა ს/კ... რეგისტრირებული ნაკვეთის ადგილმდებარეობის ცვლილება, რომელიც იწვევს ს/კ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებას 366 კვ.მ ფართობის ნაწილში. ნაკვეთი, გადაფარვის მხარეს მყარ მიჯნაში იმყოფება. ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახული მიწის ნაკვეთის და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა, თავის მხრივ, დაადასტურეს, მ.კ-მა, რ.შ-მა და თ.პ-მა. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხულმა პირებმა, მ.კ-მა, რ.შ-მა და თ.პ-მა განმარტეს, რომ ისინი დაბადებიდან ცხოვრობენ სოფელ ...ში, სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მ.შ-ის მამა-პაპას, სადაც ისინი ცხოვრობდნენ კიდეც. ნაკვეთში ახლაც შეიმჩნევა ნასახლარი, ამ ნაკვეთის ღობე ოდითგანვე ზუსტად იმ ადგილზე გადიოდა, სადაც ამჟამადაა და მის ნაკვეთში გზას არასდროს გაუვლია. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მ.შ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აზომვითი ნახაზები და მათი დანართი ფოტომასალა არ ადასტურებდა მიწის ნაკვეთის განსხვავებულად შემოღობვას, დღევანდელი მდგომარეობით შემოღობვის საზღვრების ცვლილებას. ასევე უსაფუძვლოა აპელანტების მითითება ორთოფოტოებზე, საქმეში წარმოდგენილ 2006, 2016 და 2023 წლის ორთოფოტოებზე შესაბამისი მონაცემი (ღობე) არ არის დატანილი (ასახული). ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, საქმის მასალებში არ იყო დაცული საწინააღმდეგო დასკვნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი პრივატიზების ბათილად ცნობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მართებულად დაეფუძნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებზე, სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონმდებლობაზე და შენიშნა, რომ პრივატიზების პროცედურის საჯაროობა უზრუნველყოფდა მოსარჩელის კონსტრუქციულ ცოდნას. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია პრივატიზების პროცედურის მართებულად განხორციელება. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის ბს-1040(კ-21) განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა მასზედ, რომ პრივატიზების პროცედურის საჯაროობიდან გამომდინარე, 2009 წელს ჩატარებული სადავო აუქციონთან დაკავშირებით მოსარჩელე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო 2010 - 2012 წლებში. ამასთან, პრივატიზების პროცედურის საჯაროობაც რომ არა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელისათვის 2013 წელს გახდა ცნობილი 2009 წლის მდგომარეობით ჩატარებული აუქციონის თაობაზე. კერძოდ კი, სარჩელში ცხადად მიეთითა, რომ მოსარჩელემ 2012 წელს გადაწყვიტა საკუთარი მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილის რეგისტრაცია. მოსარჩელის განმარტებით, მან ყველა წესის დაცვით მიიყვანა ამზომველი შესაბამის ადგილზე, შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები და სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთის ნაწილი უკვე გაფორმებული იყო მესამე პირის - თ.ს-ის სახელზე. შექმნილ ვითარებაში გარკვევის მცდელობისას, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ 2008 წელს განახორციელა 14 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის აზომვა და საკუთრებაში აღრიცხვა, რაც მოიცავდა კოლმეურნეობის მიწის ნაკვეთს, ერთადერთ გზას და მისი ნაკვეთის გარკვეულ ფართობს. ამასთანავე, 2009 წლის 12 აგვისტოს, სახელმწიფომ აღნიშნული ფართობი პრივატიზების გზით საკუთრებაში გადასცა თ.მ-ის, რომელმაც დაახლოებით ერთ კვირაში ეს ნაკვეთი მიჰყიდა თ.ს-ის. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ წარმოდგენილ სარჩელს თავადვე დაურთო სახელმწიფოზე მიწის აღრიცხვის, აგრეთვე, მესამე პირებზე, თ.მ-იზე პრივატიზების, თ.ს-იზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის აღრიცხვის, აგრეთვე, მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების დამდგენი დოკუმენტაცია, ხოლო, ეს უკანასკნელი, აგრეთვე ერთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელსაც. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მითითება საკუთრების უფლებაზე ხანდაზმულობის ვადების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება არ იყო აბსოლუტური, ხოლო, მისი ხანდაზმულობის ვადებით ბოჭვა, საჯარო ინტერესს შეესაბამებოდა. ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავდა პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიან ვადას, რომელიც საფუძველს აცლიდა მოსარჩელის შეფასებების იურიდიულ დასაბუთებულობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.შ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მ.შ-მა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფოს ბაჟის, ადვოკატის მომსახურების გასამრჯელოს (ჰონორარის) და სასამართლოსგარეშე ხარჯების მოწინააღმდეგე მხარეთათვის დაკისრების თაობაზე.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მასალებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებზე და აღნიშნა, რომ შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაზუსტების ფონზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, ცხადია, რომ 1 802 კვ.მ ფართობზე დადგინდებოდა ზედდების ნაკლები მოცულობა ან მთლიანად გამოირიცხებოდა, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა 2067 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2022 წლის 28 ნოემბრის №... მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმით. საფუძველს მოკლებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითება სახელმწიფოსა და მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთებს შორის ზუსტი საზღვრების არარსებობასთან დაკავშირებით. აღნიშნულს გამორიცხავს ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რომელშიც ფიქსირდებოდა მყარი მიჯნა, რომელსაც ერთოდა შესაბამისი ფოტომასალა. ამასთან, თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მყარი მიჯნა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მოსარჩელეს მომატებულ ფართობზე (366 კვ.მ) არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, ზედდების მოცულობა კი, სწორედ 366 კვ.მ-ს შეადგენს. სადღეისოდ, მიწის ნაკვეთი ზედდების ნაწილში გასხვისებულია, რაც ხელს უშლის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. საფუძველს მოკლებულია სასამართლოთა შეფასება ორთოფოტოებთან (2000წ. 2005წ. 2006წ. და 2016წ.) დაკავშირებითაც, საველე დათვალიერების ჩაუტარებლად, კამერალურ პირობებში სასაზღვრო მიჯნის იდენტიფიცირება სირთულეებს უკავშირდება, ხოლო, წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სისწორეზე კი, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს. იგი ეყრდნობოდა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შეიცავდა მყარი სასაზღვრო მიჯნის შესახებ მონაცემებს. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითება, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნა წარმოდგენილი სახით იყო ოდითგანვე ფიქსირებული, საქმეში დაცული სათანადო ცნობებით არ დგინდება. სასამართლოთა შეფასებები წინააღმდეგობრივია, არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მოსაზრებებისათვის უპირატესობის მინიჭება, მით უფრო იმ ფონზე, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ელექტრონულ ვერსიებზე არსებული ფოტოებით დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა, რაც პირდაპირ გამორიცხავს მოსარჩელის ვერსიის მართებულობას.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის კანონიერების გამომრიცხავ გარემოებაზე მითითებას. კასატორის მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გასაჩივრებული მიმართვა შეადგენდა სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის საფუძველს, დაურეგისტრირებელი უძრავ ქონებაზე კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდებოდა. ამასთან, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. უფლებადამდგენ დოკუმენტებში (საარქივო ცნობა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა), რომლის საფუძველზეც აღირიცხა სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაში, არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები, კონფიგურაცია, მოსაზღვრე სუბიექტები და კოორდინატები. ამ თვალსაზრისით კი, სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება 2020-2021 წლებში, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვით ნახაზებსა და მათ დანართ ფოტომასალებზე, რომლითაც დგინდება მიწის ნაკვეთის განსხვავებულად შემოღობვა და დღევანდელი მდგომარეობით შემოღობვის საზღვრების ცვლილება. სასამართლო კი, დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებას, რომელიც ცალკე აღებული არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას (სსკ-ის 102.3 მუხ.). ნიშანდობლივია ისიც, რომ მოწმეები არ არიან სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და მათი განმარტებები ძირითადად ემთხვევა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. საბოლოოდ, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტების ბათილობით ვერ მიიღწევა ზედდების ნაწილში საზღვრების კორექტირებით განპირობებული მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.
კასატორი - მ.შ-ი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში ან/და 2013 წლის მდგომარეობით უნდა ყოფილიყო ცნობილი პრივატიზების (აუქციონის) შედეგები, კასატორისათვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ სახელმწიფომ განკარგა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მესამე პირზე, თ.მ-იზე, თუმცა, დოკუმენტაციას იგი უშუალოდ არ გასცნობია. აუქციონის შეძენის ოქმი მოსარჩელემ გამოითხოვა და ჩაიბარა უშუალოდ სარჩელის შეტანის წინა დღეებში, კერძოდ, 2023 წელს. კასატორი მოიხმობს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებას საქმეზე ბს-359-349(4კ-13) და აღნიშნავს, რომ საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული. ამავდროულად, უსაფუძვლოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის ბს-1040(კ-21) განჩინებაში მოყვანილ მსჯელობაზე მითითება, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე, - დავის საგანი უკავშირდება არა საკუთრების უფლებას, არამედ სასარგებლო წიაღისეულით მოპოვების ლიცენზიას, ხოლო საერთო სასამართლოების სტაბილური, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავებზე ხანდაზმულობაზე მითითება გამოირიცხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.შ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.შ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევების შესახებ, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; შეადარე: 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (mutatis mutandis, 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ასეთი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფად (1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ (2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; იხ. აგრეთვე., 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 2 მაისის № 1331 მიმართვის საფუძველზე, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით, რაზეც შედგა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. გორის არქივის 2012 წლის 23 მარტის №... საარქივო ცნობის თანახმად, ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ.ჩ-ას ასული შ-ი (გარდაიცვალა 1989 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხება ი.შ-ი (ოჯახის უფროსი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აგებული 25 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,26 ჰა მიწის ფართობი. 1996-2008 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.შ-ი (გარდაიცვალა 2003 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ი.ქ-ი (მეუღლე) და მ.შ-ი (ვაჟიშვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აგებული 25 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,44 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ვ.შ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 291 კვ.მ მიწის ნაკვეთი № 159, კვარტ. №04. ი.შ-ი და ი.ქ-ი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულები არ არიან, ხოლო 1937 წლის 2 აპრილს დაბადებული ი.ქ-ის დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. გორის არქივის 2012 წლის 23 მარტის № ... საარქივო ცნობის საფუძველზე, მ.შ-ის სახელზე 2012 წლის 23 მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 639 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... იმავე საარქივო ცნობის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრა საკადასტრო მონაცემების ზედდება თ.ს-ის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მონაცემებთან, მ.შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 281 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... იმავე საარქივო ცნობის საფუძველზე, მ.შ-ის სახელზე 2013 წლის 8 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 140 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... . გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 4 აგვისტოს № 01/12442 მიმართვის საფუძველზე, როგორც 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთი, მ.შ-ის სახელზე 2020 წლის 8 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 625 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .... გორის არქივის 2012 წლის 23 მარტის № ... საარქივო ცნობისა და 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 4 აგვისტოს № 01/12417 მიმართვის საფუძველზე, მ.შ-ის სახელზე 2020 წლის 7 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 117 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... მ.შ-ის განცხადების საფუძველზე, მის სახელზე ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რიცხული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა ერთ უძრავ ქონებად და მიენიჭა ... საკადასტრო კოდი (მიწის ფართი 1 802 კვ.მ).
მ.შ-მა 2022 წლის 5 ოქტომბერს №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა მისი საკუთრების (საკადასტრო კოდი ...) კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 2 072 კვ.მ ფართზე იმდაგვარად, რომ ზედდება დაფიქსირდა კ.თ-ის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რაზეც რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება დ.ტ-ისა და ლ.წ-ის სასარგებლოდ) 366 კვ.მ ფართზე, და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციით ცვლილების რეგისტრაცია. 2022 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა №... ოქმი, რომლის თანახმად, ნაკვეთის ფართი 2 067 კვ.მ-ია, მ.შ-ი ფაქტობრივად ფლობს ამ ნაკვეთს, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის ადგილმდებარეობის ცვლილება იწვევს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებას 366 კვ.მ ფართის ნაწილში. ნაკვეთი, გადაფარვის მხარეს, მყარ მიჯნაშია. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან (კ.თ-სთან) შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და იგი საკუთარი ნაკვეთის კორექტირების წინააღმდეგია. იმის გამო, რომ მ.შ-ის მიერ 2020-2021 წლებში წარდგენილი აზომვითი ნახაზებით და მათი დანართი ფოტომასალით დგინდება, რომ ნაკვეთი იყო განსხვავებულად შემოღობილი და, დღევანდელი მდგომარეობით, შეცვლილია შემოღობვის საზღვრები, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში მყარი მიჯნის საფუძველზე კორექტირება ვერ განხორციელდება. მ.შ-ის მიერ ამ ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფლობა დაადასტურა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორმა მესაკუთრემ. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2022 წლის 28 ნოემბრის №... ოქმსა და მ.შ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებებით დაადასტურეს მ.კ-მა, რ.შ-მა და თ.პ-მა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის № ... და 2023 წლის 24 იანვრის № ... გადაწყვეტილებებით შეჩერდა მ.შ-ის სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ 2 067 კვ.მ აზომილი მიწის ნაკვეთიდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გადაფარვაშია 366 კვ.მ ფართობი. 2020-2021 წლებში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზებითა და მათი დანართი ფოტომასალით დგინდება, რომ ნაკვეთი იყო განსხვავებულად შემოღობილი და დღევანდელი მდგომარეობით შეცვლილია შემოღობვის საზღვრები. ... კოდის ზედდების ნაწილში მცდარი საკადასტრო მონაცემების დაფიქსირების ფაქტი არ დასტურდება და მყარი მიჯნის საფუძველზე კორექტირება ვერ განხორციელდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 თებერვლის № ... გადაწყვეტილებით მ.შ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2023 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ.შ-მა ხელახლა დააკორექტირა 2022 წლის 5 ოქტომბერს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულება 1 802 კვ.მ ფართზე. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 28 ნოემბრის №... მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახული მიწის ნაკვეთის და მ.შ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებებით დაადასტურეს მ.კ-მა, რ.შ-მა და თ.პ-მა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ.კ-მა, რ.შ-მა და თ.პ-მა განმარტეს, რომ ისინი დაბადებიდან ცხოვრობენ სოფელ ...ში. სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მ.შ-ის მამა-პაპას, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც. ნაკვეთში ახლაც შეიმჩნევა ნასახლარი. ამ ნაკვეთის ღობე ოდითგან ზუსტად იმ ადგილზე გადიოდა, სადაც ამჟამადაა და მიწის ნაკვეთში გზას არასდროს გაუვლია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12)), რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა მნიშვნელოვან იურიდიულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა ... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.“ ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს იმას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს საკუთრების უფლების ერთი და იგივე ობიექტის მიმართ ორი ჩანაწერის კონკურენცია, პარალელიზმის არსებობა, ხოლო, ვინაიდან საქმის მასალები იძლეოდა „უპირატესი უფლების“ განსაზღვრის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს, სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტეს სასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ კასატორების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძირითადი მოტივაცია სადავო აქტების (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 2 მაისის №1331 მიმართვა და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილება მ.შ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის - 366 კვ.მ ფართის ნაწილში) მართლზომიერების თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ 2020-2021 წლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზებისა და მათი დანართი ფოტომასალით დგინდება, რომ ნაკვეთი იყო განსხვავებულად შემოღობილი და დღევანდელი მდგომარეობით შეცვლილია შემოღობვის საზღვრები. ... საკადასტრო კოდის ზედდების ნაწილში კი, მცდარი საკადასტრო მონაცემების დაფიქსირების ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატის მიერ 2022 წლის 28 ნოემბრის №... მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, აგრეთვე, შესაბამის მოწმეთა ჩვენებები მართებულად შეფასდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.19წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 373 მუხლის მე-12 პუნქტის ჭრილში. საქმის მასალების ანალიზი არ იძლევა კასატორთა არგუმენტის გაზიარების ჯეროვან შესაძლებლობას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთი იყო განსხვავებულად შემოღობილი და დღევანდელი მდგომარეობით შეცვლილია შემოღობვის საზღვრები, აღნიშნულს არ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აზომვითი ნახაზები და მათი დანართი ფოტომასალა. ხოლო, 2006წ., 2016წ., და 2023წ., ორთოფოტოებზე შესაბამისი მონაცემი (ღობე) არ არის დატანილი (ასახული). შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლით არ დგინდება კასატორების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
კასატორის - მ.შ-ის ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება ორ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებას, ერთი მხრივ, საპრივატიზებო უძრავ ნივთთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან მიმართებით ხანდაზმულობის კანონისმიერი ვადებით ბოჭვის გამორიცხვას, მეორე მხრივ კი, ხანდაზმულობის ვადის დენის მომენტის სწორად განსაზღვრას, კასატორის მხრიდან უფლების დარღვევის ობიექტური და სუბიექტური ცოდნის არარსებობის საფუძვლით ხანდაზმულობის ვადების დაცულობას (სკ-ის 130.1 მუხ.). აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. სახელდობრ კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 2 მაისის №1331 მიმართვის საფუძველზე სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 14 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ... საკადასტრო კოდით, რაზეც შედგა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2009 წლის ივლისში ჩატარებული აუქციონის შედეგად, პრივატიზების წესით, მითითებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა თ.მ-ი, რაზეც შედგა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2009 წლის 31 ივლისის სპ/ა № ... ოქმი. აღნიშნული უძრავი ქონება ... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) 2009 წლის 12 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა თ.მ-ის სახელზე, ხოლო შემდგომ ეს ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 20 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა თ.ს-ის სახელზე. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად დაეყრდნო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საჯაროობის პრინციპს. ამასთანავე, სკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ასეთად კი, მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სახელდობრ კი, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით, პირს უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო (სუსგ №ას-42-2024, 18.04.2024წ. §98.). ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე, თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სუსგ №ას-1609-2023, 12.04.2024წ. §38.). ხანდაზმულობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრად მიიჩნევა, სუბიექტური და ობიექტური მომენტების დივერგენციის, ხანდაზმულობის ვადის დენის საწყისი წერტილის სუბიექტურ მომენტთან კავშირის მტკიცების ტვირთი კი, მოსარჩელეს ეკისრება (სუსგ №ას-42-2024, 18.04.2024წ. §100.). აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ საჯაროობის პრინციპზე დაყრდნობით განვითარებულ მსჯელობას, აგრეთვე, თავად იმ ფაქტების ყოველმხრივ ანალიზს, რომელიც საფუძვლად დაედო „უფლების დარღვევის“ მომენტთან დაკავშირებით მოსარჩელის ცოდნის პრეზუმირებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოხმობილ ზემოაღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს თავად კასატორის - მ.შ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი ახსნა-განმარტება მასზედ, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მესამე პირზე განკერძოების ფაქტი, თუმცა იგი არ გასცნობია დოკუმენტაციას. ამდენად, ხანდაზმულობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, პრეზუმირებულია კასატორის მიერ უფლების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტის ცოდნა. საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებებს პრივატიზებულ ქონებასთან მიმართებით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, კერძოდ კი, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ქმნის მოსარჩელის უფლებების დაცვის ეფექტიან საშუალებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით 1-ელი და მე-2 პუნქტებით დეტალურად არის განსაზღვრული რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების ან/და ბათილად ცნობის საკანონმდებლო წინაპირობები, რამეთუ უდავოა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მ.შ-ის შედავება საპრივატიზებო ნივთთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის კანონისმიერი ვადებით ბოჭვის გამორიცხვის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა მხარის სასარგებლოდ მიღებული, არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) 07.10.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ, ვინაიდან დ.ა-ის (პ/ნ...) მ.შ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 06.10.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ა-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მ.შ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ.შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. მ.შ-ის შუამდგომლობა საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.10.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. დ.ა-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.შ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე