დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-155(2კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-155(2კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 25.02.2026 წლის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2026 წლის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება

დავის საგანი – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი წარადგინა ი. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1 500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 10.12.2018 წელს დაიდო №144/19 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

2.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურე, უპირობოდ და წინასწარ კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

2.3. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (მ/შ) 12.12.2018 წლის N MOD 3 18 00007463 ბრძანებით მოსარჩელე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი) და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 10.12.2018 წლიდან.

2.5. 29.10.2019 წელს მოსარჩელემ პატაკით მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის 01.11.2019 წლის ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

2.6. კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 10 თვე და 20 დღე.

2.7. მოსარჩელეს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც მას ამ დრომდე არ გადაუხდია.

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3000 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

2.9. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ 10 თვისა და 20 დღის განმავლობაში იმსახურა შეიარაღებულ ძალებში და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემცირება 1 500 ლარამდე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლისა და 25.02.2026 წლის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. განჩინებები, ს.ფ. 181-200; 259-271). სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ. მოსარჩელე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო მოპასუხის მოთხოვნაა ამავე სასამართლოს 25.02.2026 წლის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაბუთებულად შედავებული არ არის შემდეგი გარემოებები: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 10.12.2018 წელს დაიდო №144/19 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 14-21). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (მ/შ) 12.12.2018 წლის N MOD 3 18 00007463 ბრძანებით მოსარჩელე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი) და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 10.12.2018 წლიდან (ს.ფ. 22). 29.10.2019 წელს მოსარჩელემ პატაკით მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა (ს.ფ. 23). სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის 01.11.2019 წლის ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 24). კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 10 თვე და 20 დღე.

9. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კანონიერება. მოპასუხე ითხოვს მისთვის დაკისრებული 1 500 ლარის 1 000 ლარამდე შემცირებას, მოსარჩელე კი - დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდას 3 000 ლარამდე.

10. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

11. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა) წარმოშვა სსკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

12. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (სუსგ №ბს-515(2კ-25), 14.07.2025წ; №ბს-268(კ-22), 06.04.2022წ.). ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად მართებულად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ და თანაზომიერ ოდენობამდე. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, წარმოშობის საფუძვლით, სახელშეკრულებო ხასიათისაა. საკასაციო სასამართლო, უთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-515(2კ-25), 14.07.2025წ; №ბს-268(კ-22), 06.04.2022წ; №ბს-808(კ-24), 26.11.2024წ; №ბს-318(კ-24), 25.07.2024წ.).

14. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და მას გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება და ამავე სასამართლოს 25.02.2026 წლის განჩინება.

4. ი. კ-ეს (პ/ნ ...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #2088, გადახდის თარიღი 01.04.2026წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე