დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-159(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-159(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ზ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლება, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ.ზ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ზ.ზ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012086 ბრძანების ბათილად ცნობა, ზ.ზ-ის ...ის ...ის სამმართველოს უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება, სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2021 წლის 01 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 2454,40 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები) იძულებითი განაცდური ხელფასის ზ.ზ-ის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2022 წლის დროებითი განჩინებით, დავის დასრულებამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აეკრძალა ამავე სამინისტროს ...ის უფროსის მოადგილის და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ზ.ზ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012086 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2024 წლის სხდომაზე მიღებული განჩინებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.07.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ზ.ზ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012086 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ...ის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ზ.ზ-ის აღდგენა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ხელზე მისაღები თანხის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2021 წლის 01 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 2454.40 ლარის ოდენობით, გაუქმდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, ...ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ არის საფუძველი იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.12.2015წ.).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ.ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დასდებია კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის შეფასება, რომელიც წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 18.06.2021 წლის №7 სხდომის ოქმი არაინფორმაციულია და არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები, ასევე წარმოდგენილი არ არის, კონკრეტულად რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა მოსარჩელე სხდომის ოქმში მითითებული ქულით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ...ის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, ფუნქცია-მოვალეობების შეფასებიდან გამომდინარე, არის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობის ტოლფასი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.ზ-ის მოთხოვნა - სააპელაციო პალატაში წარმომადგენლობისთვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქმის სირთულის, მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, სააპელაციო პალატის ინსტანციურობის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობისთვის გაწეული ხარჯის, ჯამში 1000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ ზ.ზ-ი 2016 წლიდან მუშაობდა საჯარო მოსამსახურედ ...ის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო სამუშაოდან დათხოვნისას, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში, მას ეკავა ...ში ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსარჩელე 01.07.2021 წლის №12086 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. რეორგანიზაციამდე სამინისტროს საშტატო ნუსხა შეადგენდა 147-ს. რეორგანიზაციისას ის შემცირდა 136-მდე. რეორგანიზაცია შეეხო ...ას, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. რეორგანიზაციამდე ამ დეპარტამენტში შედიოდა სამი სამმართველო: ...ის სამმართველოები. სულ დასაქმებული იყო 23 თანამშრომელი. ...ის რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ ...ის დეპარტამენტში განისაზღვრა 8 საშტატო ერთეული, ...ისა და ...ის დეპარტამენტში განისაზღვრა 10 საშტატო ერთეული. აღნიშნულმა დეპარტამენტმა რეორგანიზაცია განიცადა შინაარსობრივი და ფუნქციური დატვირთვითაც, კერძოდ, ...ის ბაზაზე შექმნილ ...ისა და ...ის საქმეთა დეპარტამენტს, რომელსაც გადაეცა როგორც ...ის სამმართველოს ფუნქციები, ასევე დაემატა ... სამმართველოს ფუნქციებიც. ...ში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან 2021 წლის 18 და 21 ივნისს ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრებაში მონაწილე ყველა პირი შეფასდა კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად, ქულების მინიჭებით, რომელიც დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. მოსარჩელისთვის მინიჭებულმა ქულამ შეადგინა 2.2 (მაქსიმალური ქულა 5). კომისიის მიერ თანამშრომლები შეფასდნენ ორივე კომპონენტის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგების გათვალისწინებით. მათთვის მინიჭებული ქულა კი გახდა მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა იდენტიფიცირების საფუძველი. მხოლოდ გასაუბრების ჩანაწერის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტი არ უნდა მიეჩნია დაუსაბუთებლად. არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ აწესებს გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩაწერის აუცილებლობას.

კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული პოზიცია (სამმართველო უფროსი) მიეკუთვნება 2.2 თანამდებობრივ რანგს, რომელიც რეორგანიზაციისას გაუქმდა, შესაბამისად, შესაძლებელი იყო მოსარჩელისთვის შეეთავაზებინათ მხოლოდ 2.2-ზე დაბალი თანამდებობრივი რანგი, რომელიც უნდა ყოფილიყო იმ უფლება-მოვალეობების და ფუნქციური დატვირთვის შესაბამისი, რაც მოსარჩელეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე გააჩნდა. დეპარტამენტის უფროსის (1.1 რანგი) და მოადგილის (2.1 რანგი), როგორც უფრო მაღალი რანგი, მოსარჩელეს ვერ შეეთავაზებოდა. ...ის და ...ის საქმეთა დეპარტამეტში სპეციალისტის ვაკანტურად დარჩენილი 8 საშტატო ერთეულიდან, იმ 5 საშტატო ერთეულზე, რომელიც განსაზღვრული იყო ...ის მიმართულებით საქმიანობისთვის, დაინიშნენ უფრო მაღალი ქულების მქონე მოხელეები, ვიდრე მოსარჩელე. დარჩენილი უფრო დაბალი რანგის ვაკანტური სამი შტატი მოსარჩელეს ვერ შეეთავაზა, რადგან იგი განსაზღვრული იყო ...ის საქმეთა მიმართულებით ფუნქციების განსახორციელებლად და არ წარმოადგენდა მოსარჩელის პრაქტიკული გამოცდილების და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამის სფეროს. ...ის დეპარტამენტში (8 ვაკანსია) სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ მაღალი შეფასებებისა და აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის გამოცდილების მქონე თანამშრომლები, ასევე დაინიშნა დეპარტამენტის უფროსი (1.1 რანგი). სულ დაინიშნა 7 თანამშრომელი, ხოლო ვაკანტურად დარჩენილი ერთი შტატი (3.1 რანგი) მოსარჩელეს ვერ შეეთავაზა, რადგან ამ თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიკიფიკაციო მოთხოვნებს (სამართლებრივი-საორგანიზაციო და სტრატეგიული საქმიანობის მიმართულებით გამოცდილება) მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა. ამდენად, სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ხოლო სამინისტრომ კომპეტენტური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელე არ მიიჩნია ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისად და ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2025 წლის განჩინებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს სპორტის სამინისტრო და სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში 01.04.2026 წელს გაიმართა ზეპირი მოსმენა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სხდომაზე ასევე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც არ დაეთანხმა საკასაციო მოთხოვნას და მიუთითა საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არარსებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ზ.ზ-ის გათავისუფლების მართლზომიერება, მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 6.1 მუხლის და ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებას შეადგენს შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/574, II-19). შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102.1 მუხლი, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს რეორგანიზაციის შესაძლებლობას. ამავე კანონის 103.1 მუხლის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდეგში „მინისტრის“) 22.04.2021 წლის №00003206 ბრძანებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება (ტ. 1, ს.ფ. 102-103). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე 2016 წლიდან სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, ხოლო გათავისუფლების დროისათვის (01.07.2021) დასაქმებული იყო სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

საქართველოს მთავრობის 19.05.2021 წლის №229 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება“, რომლითაც სპორტის მიმართულებით განისაზღვრა „...ის დეპარტამენტი“ და „...ის დეპარტამენტი“ („დებულების“ 7.2 მუხ. „გ“-„დ“ ქვ.პ.). მინისტრის 24.05.2021 წლის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომლითაც ...ისა და ... დეპარტამენტში განისაზღვრა 11 საშტატო ერთეული (დეპარტამენტის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1, ... საკითხები - 3, ... - 6) და ...ის დეპარტამენში - 8 საშტატო ერთეული (დეპარტამენტის უფროსი - 1, სპეციალისტი - 7) (ტ. 1, ს.ფ. 93-101). მინისტრის 28.06.2021 წლის №00011346 ბრძანებით ცვლილება შევიდა 24.05.2021 წელს დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში და ...ისა და ... დეპარტამენტში განისაზღვრა 10 საშტატო ერთეული (უფროსი - 1, მოადგილე - 1, ...- 3, ... - 5) (ტ. 1, ს.ფ. 120-128).

რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 18.06.2021 წლის სხდომის №7 ოქმის მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე პირის - ზ.ზ-ის შეფასების ჯამურმა ქულამ შეადგინა 2,2 და იგი დაექვემდებარა გარე მობილობას (ტ. 1, ს.ფ. 204-208). გასაუბრების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა (ტ. 1, ს.ფ. 279), ამასთან გასაუბრების წერილობით ოქმში არ არის დაფიქსირებული კითხვა-პასუხები. გარე მობილობა მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა და იგი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 01.07.2021 წლის №00012086 ბრძანებით, 2021 წლის პირველი ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან (ტ. 1, ს.ფ. 29).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაციას შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელი დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ №ბს-595-595(2კ-18), 17.04.2019წ.). კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით შეფასებას საჭიროებს მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ძირითად უფლებამოსილებათა წრე (ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის), მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად და ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.12.2015წ., №ბს-1447(2კ-22), 20.06.2023წ.).

საქმის მასალებში დაცულია სამინისტროს საშტატო ნუსხა ვაკანსიების მითითებით (პირველი ივლისის მდგომარეობით), რომლის შესაბამისად, ...ისა და ... დეპარტამენტში, დეპარტამენტის უფროსისა (1.1 რანგი) და უფროსის მოადგილის (2.1 რანგი) გარდა, ვაკანტური იყო სამი საშტატო ერთეული (3.1, 3.1 და 3.2 რანგი), ხოლო ...ის დეპარტამენტში - ერთი საშტატო ერთეული (3.1 რანგი) (ტ. 1, ს.ფ. 216-222). კასატორის მითითებით, დეპარტამენტის უფროსისა (1.1 რანგი) და უფროსის მოადგილის (2.1 რანგი) ვაკანსია მოსარჩელეს არ შესთავაზეს, რადგან აღნიშნული თანამდებობები მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე (რანგი 2.2) უფრო მაღალი რანგის მქონე თანამდებობებია, სამ საშტატო ერთეულზე (3.1, 3.1 და 3.2 რანგი) მოსარჩელეს არ გააჩნდა პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოცდილება ... მიმართულებით, ხოლო ...ის დეპარტამენტში ვაკანტური ერთი საშტატო ერთეულისთვის (3.1 რანგი) იგი ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული კონკრეტული შტატის შემცირება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელიდან საუკეთესოს შერჩევის პრინციპის საფუძველზე განახორციელოს დარჩენილ შტატებზე საუკეთესო კანდიდატების დასაქმება. აღნიშნული მნიშვნელოვნად გაართულებდა და შეაფერხებდა საჯარო სამსახურში საკადრო ოპტიმიზაციის პროცესს. მეორე მხრივ, ასეთ დროს გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს რომელიმე მოხელის არაკომპეტენტურობა ან არაკვალიფიციურობა. რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. რეორგანიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით (სუსგ საქმე №ბს-179(2კ-19), 13.02.2020წ.).

საქმეში დაცული მასალებიდან არ გამომდინარეობს კასატორის განმარტება მასზედ, რომ სამინისტროს ...ისა და ... დეპარტამენტში არსებული სამივე ვაკანტური შტატი (2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 1 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) მხოლოდ ...ის საქმეთა მიმართულებას ეხებოდა, რაც გამორიცხავდა ამ ვაკანტური თანამდებობების მოსარჩელისთვის შეთავაზებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მინისტრის 28.06.2021 წლის №00011346 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით აღნიშნულ დეპარტამენტში არსებული 10 საშტატო ერთეულიდან ...ის მიმართულებით განსაზღვრული იყო მხოლოდ 3 საშტატო ერთეული (ტ. 1, ს.ფ. 120-128). მათი კონკრეტული რანგისადმი კუთვნილება ბრძანებაში არ არის აღნიშნული. მინისტრის 02.11.2021 წლის №00030890 ბრძანებით დამტკიცდა ხსენებულ დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობები ... მიმართულებით სამი სხვადასხვა რანგისთვის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3.1 რანგი (ტ. 2, ს.ფ. 79-81), მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3.2 რანგი (ტ. 2, ს.ფ. 86-88) და მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 4.1 რანგი (ტ. 2, ს.ფ. 102-104)). ამდენად, კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, მათ შორის სამუშაო აღწერილობა, რომელიც დაადასტურებდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (3.1 რანგი) ორივე ვაკანტური შტატის მხოლოდ ... მიმართულებისადმი კუთვნილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (3.1 რანგი) სამუშაო აღწერილობა დამტკიცდა აგრეთვე „...ის“ მიმართულებითაც (ტ. 2, ს.ფ. 82-85). გარდა ამისა, „რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის“ სხდომის ოქმი №7, რომლითაც ზ.ზ-ი გარე მობილობას დაექვემდებარა, არ შეიცავს მსჯელობას ვაკანტურად დარჩენილი თანამდებობების მიმართულებებისა და ამ თანამდებობებისთვის მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეუსაბამობის თაობაზე. აღნიშნული ოქმის თანახმად მოსარჩელე გარე მობილობას დაექვემდებარა შეფასების შედეგად მიღებული ქულის გამო, თუმცა ოქმში არ არის ასახული არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასებისას იხელმძღვანელა.

„...ის“ მიმართულებით მინისტრის 02.11.2021 წლის №00030890 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის“ (3.1 რანგი) სამუშაო აღწერილობით განისაზღვრა თანამდებობის მიზანი (...), ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები (უმაღლესი განათლება: ბაკალავრი; სპორტის სფეროში/დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; სასურველია: ინგლისური ენის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სპორტული ხელშეკრულებების და მათი ძირითადი პრინციპების ცოდნა), აუცილებელი საკანონმდებლო აქტები და სხვა (ტ. 2, ს.ფ. 82-85). მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელე ფლობს სპორტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხს (ტ. 1, ს.ფ. 19). რაც შეეხება სპორტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიან გამოცდილებას, თავად კასატორიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ზ.ზ-ი 2016 წლიდან მუშაობდა საჯარო მოსამსახურედ ...ის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე. ამდენად, მოპასუხის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან არ გააჩნდა შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ადასტურებს რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, რაც არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სუსგ №ბს-448-443(კ-12), 13.02.2013წ.; №ბს-823(2კ-19), 23.07.2020წ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106.3 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53.1 მუხ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.). სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისთვის. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ საქმე №ბს-797(კ-18), 07.03.2019წ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს შტატების შემცირების საფუძველზე კონკრეტული მოხელის გათავისუფლების საფუძვლები, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არსებობდა ვაკანტური საშტატო ერთეული და კასატორმა ვერ უზრუნველყო რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილების/არასაკმარისობის მტკიცება.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლების არსებობის თაობაზე (შდრ. იხ. სუსგ №ბს-1381(კ-24), 10.07.2025წ.; №ბს-1067(კ-25), 05.02.2026წ.). ფუნქცია-მოვალეობების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტროში ...ის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (განსახილველი დავის ფარგლებში დროებითი განჩინება გამოყენებული იქნა და მოსარჩელე აღდგენილი იქნა ამ თანამდებობაზე) არის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (სამინისტროს ...ის, ...ის სამმართველოს უფროსი) ტოლფასი. ამ ნაწილში დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება აგრეთვე არ გამოირიცხება მინისტრის 02.11.2021 წლის №00030890 ბრძანებით დამტკიცებული „მესამე კატეგორიის უფროსის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობით“ განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებისა (ტ. 2, ს.ფ. 66, 90-97) და იმ სამმართველოს კომპეტენციათა ურთიერთშედარებით, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობდა (მინისტრის 12.02.2019 წლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ის დებულების“ მე-11 მუხ.).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი დავა განსახვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, კერძოდ, მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.07.2024 წლის (საქმე №ბს-212(კ-23)) და 17.07.2024 წლის (საქმე №ბს-806(კ-23)) გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საკითხების სამინისტროში დასაქმებული პირების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებები, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაევალა ახალი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისთვის მნიშვნელობა. დივერგენციას საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება (სუსგ №ბს-466(კ-22), 18.09.2023წ., №ბს-555(3კ-22), 22.03.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კასატორის მიერ მითითებული საქმეები და წინამდებარე საქმე შეეხება ერთი და იმავე რეორგანიზაციის ფარგლებში შტატების შემცირების საფუძვლით სამინისტროში დასაქმებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას, მითითებული დავებისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები არსებითად მსგავსი არ არის. კასატორის მიერ მითითებული საქმეები შეეხებოდა გათავისუფლებულ პირებთან შედარებით უპირატესობის სხვა კანდიდატებისთვის მინიჭების საკითხის გამორკვევას. აღნიშნულ საქმეებში არ ირკვეოდა გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები, რაც არ იძლეოდა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. განსახილველ საქმეში კი რეორგანიზაციის შედეგად ახლად შექმნილ დეპარტამენტში ვაკანტური პოზიციის მოსარჩელისთვის შეუთავაზებლობა განაპირობა არა გასაუბრების შედეგების საფუძველზე მოსარჩელესთან შედარებით სხვა კანდიდატებისთვის უპირატესობის მინიჭებამ, არამედ ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მისი კომპეტენციის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და გამოცდილების არასათანადო შეფასებამ, ამდენად, კასატორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ადასტურებს დივერგენციას და აღნიშნულ საქმეებში სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტა არ ქმნის წინამდებარე დავაში აღნიშნული პროცესუალური დანაწესის გამოყენების საფუძველს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე