დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-164(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა. ყ-ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 14 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ა. ყ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ჯარიმის თანხის 28 000 ლარისა და პირგასამტხელოს ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 30 პროცენტის - 8400 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება;
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 6 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა ა. ყ-ს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.02.2006წ. №53 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების“ შესახებ კონტრაქტი №696.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კოტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსურ პასუხისმგებლობას, მას უპირობოდ ევალებოდა სამინისტროსთვის აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.4 პუნქტზე მითითებით კი მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ მოპასუხის ნამსახურობამ შეადგინა 7 წელი, 6 თვე და 0 დღე.
ამდენად, მოსარჩელემ ა. ყ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 28 000 ლარისა და პირგასამტეხლოს 8 400 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ყ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 28 000 ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ა. ყ-ს შორის 2015 წლის 6 იანვარს 8 წლის ვადით გაფორმდა კონტრაქტი №696 თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებულ იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. ხოლო, ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 6 იანვრის №696 კონტრაქტში ცვლილებები შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის შეთანხმების ოქმით. მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტის (შეთანხმების ოქმის) გათვალისწინებით კონტრაქტის მე-5 მუხლს დაემატა ,,5.1.10“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,5.1.10. კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე (გარდა ოფიცერთა შემადგენლობის) ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 8 წლის ვადით“. ა. ყ-მა 22.06.2022 წლის პირადი პატაკით მიმართა ზემდგომ ხელმძღვანელობას და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 06.07.2022 წლის №2785 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით). ა. ყ-მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 7 წელი 6 თვე და 00 დღე, შესაბამისად დათხოვნილ იქნა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხა ა. ყ-ის მიერ დღემდე არ არის გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა. ყ-ი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 7.4. პუნქტზე, რომლის მიხედვით, ,,სამხედრო სამსახურის“ მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააპელაციო პალატამ, განსახილველ შემთხვევაში, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ვინაიდან მოპასუხესთან 06.01.2015 წელს დადებული №696 კონტრაქტი შეწყდა ამ უკანასკნელის პირადი პატაკის გამო და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას, ჯარიმის თანხასთან ერთად (28 000) პირგასამტეხლოს (ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 30 პროცენტი) - 8400 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში ჩააყენებს მოპასუხეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ა. ყ-ი ვალდებულია თავდაცვის სამინისტროს აუნაზღაუროს პირგასამტეხლო 8400 ლარის ოდენობით (28000 ლარის 30%). კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა, ვინადან სახეზეა კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხესთან დადებული კონტრაქტის 7.4 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურის“ მიერ 7.3 პუნქტში მითითებულ თანხას ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულებების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხა დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. შესაბამისად, კასატორის მითითებით, ა. ყ-ი ვალდებულია თავდაცვის სამინისტროს აუნაზღაუროს პირგასამტეხლო 8400 ლარის ოდენობით (28000 ლარის 30%). კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ყ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ფიზიკური პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ა. ყ-ისათვის ჯარიმის სახით დაკისრებული 28 000 ლარის კანონიერების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ყ-ს შორის 2015 წლის 6 იანვარს 8 წლის ვადით გაფორმდა კონტრაქტი №696 თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2015 წლის 6 იანვრის №696 კონტრაქტში ცვლილებები შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის შეთანხმების ოქმით. მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტის (შეთანხმების ოქმის) გათვალისწინებით კონტრაქტის მე-5 მუხლს დაემატა ,,5.1.10“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,5.1.10. კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე (გარდა ოფიცერთა შემადგენლობის) ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 8 წლის ვადით“.
დადგენილია, რომ ა. ყ-მა 22.06.2022 წლის პირადი პატაკით მიმართა ზემდგომ ხელმძღვანელობას და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 6.07.2022 წლის №2785 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით). ა. ყ-მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 7 წელი 6 თვე და 0 დღე, შესაბამისად დათხოვნილ იქნა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხა ა. ყ-ის მიერ დღემდე არ არის გადახდილი;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხესთან 2015 წლის 6 იანვარს დადებული №696 კონტრაქტი შეწყდა ა. ყ-ის პირადი პატაკის გამო და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას, ჯარიმის თანხასთან ერთად (28 000 ლარი) პირგასამტეხლოს (ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 30 პროცენტი) - 8400 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ჩააყენებს მოპასუხეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა