დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-202(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-202(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ს. ს-ა

დავის საგანი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს. ს-ამ 24.03.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2024 წლის №1000890116/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის გადაწყვეტილებით ს. ს. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ს. ს-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის გადაწყვეტილებით ს. ს. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ს. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2024 წლის №1000890116/5 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით განსაზღვრულ ვადაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2024 წლის №1000890116/5 გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. აღნიშნული აქტით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.07.2023 წლის №1000890116 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ს. ს-ას საქართველოში სასწავლო ბინადრობის გაგრძელების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული, სსიპ ... უნივერსიტეტის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 21.11.2023 წლის №01-08/991 ბრძანებით, ...-ს ,,...ის‘’ ერთსაფეხურიანი (...) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ს. ს. ს-ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, რაც გახდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ, ...ს უნივერსიტეტის 05.03.2025 წლის ცნობაზე, რომლის მიხედვით ს. ს. ს-ას რექტორის 15.11.2023 წლის №01-06/497 ბრძანებით მიენიჭა სტუდენტის სტატუსი. ცნობაში სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია მოსარჩელეს სსიპ ... უნივერსიტეტში შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, თუმცა მან სხვა უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, რაც არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მხოლოდ სსიპ ... უნივერსიტეტის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 წერილზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე და არ გამოუკვლევია ის გარემოება, სადავო აქტის გამოცემის დროს ჰქონდა თუ არა მას სტუდენტის სტატუსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე, არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა – იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა თუ მისთვის ცნობილი გახდა კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 წერილის მიხედვით, ამავე უნივერსიტეტის რექტორის 21.11.2023 წლის №01-08/991 ბრძანებით, ს. ს. ს-ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენდა ს. ს. ს-ასთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. კასატორმა მიუთითა, რომ სააგენტოში დაფიქსირებულ, რეგისტრირებულ მისამართებზე მოსარჩელეს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახური განიხილავდა სსიპ ... უნივერსიტეტის რექტორის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 მომართვას და როგორც დაინტერესებულ მხარეს ეთხოვა ჩართულიყო საქმისწარმოების პროცესში, თუმცა მოსარჩელეს წარმოების ეტაპზე არ დაუფიქსირებია არც თავისი პოზიცია და არც ახალი ცნობა წარმოუდგენია სასწავლებლიდან.

კასატორი თვლის, რომ სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ადმინისტრაციული რესურსი მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩასართავად. კასატორის მოსაზრებით, თავად მხარე იყო ვალდებული სწავლის მიტოვების ან/და სასწავლებლის ცვლილების შემთხვევაში ეცნობებინა სააგენტოსათვის. ბინადრობა ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მისთვის გაუგებარია რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სააგენტომ, მაშინ როდესაც მხარე იმ სასწავლებელში აღარ სწავლობს, რის საფუძველზეც მას მიეცა ბინადრობის ნებართვა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.03.2019 წლის №1000654102 გადაწყვეტილებით, ს. ს. ს-ას მიეცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 11 მარტიდან 2020 წლის 11 მარტამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.02.2020 წლის №1000699967 გადაწყვეტილებით, ს. ს. ს-ას გაუგრძელდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 10 აგვისტომდე. ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.07.2023 წლის №1000890116 გადაწყვეტილებით, ს. ს. ს-ას გაუგრძელდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 01 ოქტომბრამდე. სსიპ ... უნივერსიტეტის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 21.11.2023 წლის №01-08/991 ბრძანებით ...-ს ,,...ის‘’ ერთსაფეხურიანი (...) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ს. ს. ს-ას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2024 წლის №1000890116/5 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე სააგენტოს 03.07.2023 წლის №1000890116 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მოსარჩელის წარმომადგენელმა 11.04.2025 წელს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ...ს უნივერსიტეტის 05.03.2025 წლის ცნობა, რომლის მიხედვით, ს. ს. ს-ას რექტორის 15.11.2023 წლის №01-06/497 ბრძანებით მიენიჭა სტუდენტის სტატუსი. ცნობაში სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წელი.

საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2024 წლის №1000890116/5 გადაწყვეტილების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ სსიპ ... უნივერსიტეტის 22.11.2023 წლის № MES 6 23 0001595088 წერილს, რომლის თანახმად ს. ს. ს-ას პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა ...-ს სტუდენტის სტატუსი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, ...ს უნივერსიტეტის 05.03.2025 წლის ცნობაზე, რომლის მიხედვით, ს. ს. ს-ას რექტორის 15.11.2023 წლის № 01-06/497 ბრძანებით მიენიჭა სტუდენტის სტატუსი. ცნობაში სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მართალია მოსარჩელეს სსიპ ... უნივერსიტეტში შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, თუმცა მან სხვა უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, რაც არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ცნობით დგინდება, რომ ს. ს. ს-ას 15.11.2023 წელს მიენიჭა სტუდენტის სტატუსი, ხოლო სადავო აქტი, მისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მიღებულია 08.01.2024 წელს. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია მისი გამოცემის დროს ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სტუდენტის სტატუსი. ცალსახაა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მან ყველა რესურსი გამოიყენა მხარის ადმინისტრაციულ პროცესში ჩასართავად და საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება მას შეეძლო კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებიდანაც, რას მას არ განუხორციელებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 16.01.2026 წლის №00660 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე