დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2026
საქმის ნომერი
ბს-236(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-236(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „...-ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება - 47 696 ლარის ოდენობით.

სარჩელის მიხედვით, შპს „...“ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის წინ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას 2017 წლის 15 მარტიდან სამეწარმეო მიზნით იყენებდა არამართლზომიერად, რაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის გადახდის საფუძველია, თუმცა სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, სააგენტომ ვერ დაადასტურა, რომ შპს „...“ რეალურად იყენებდა აღნიშნულ ტერიტორიას კომერციული მიზნით. წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და დათვალიერების ოქმით ვერ დადგინდა, ვის ეკუთვნოდა ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები და სამშენებლო მასალები. ასევე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურზე მითითებული იყო შპს „...-ს“ მონაცემები, არ ადასტურებდა, რომ კომპანია მთლიან ტერიტორიას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ სხვა კომპანია - შპს „დ...“ ფიქსირდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო ცალსახად დადგენილიყო, კონკრეტულად ვინ სარგებლობდა ქონებით, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მიმდებარედ შპს „ი...-ს“ აქვს 478 კვ.მ მიწა და შენობა (ს/კ...), რომელიც მის და „დ...-“-ის თანასაკუთრებაა, ამიტომ ფოტომასალით ნაჩვენები საქმიანობა არ უკავშირდებოდა სახელმწიფოს მიწას. შესაბამისად, ვერ დადასტურდა კომერციული მიზნით სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ადგილზე დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობას და შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, მაშინ როდესაც მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (ას-1579-2019, 17.12.2019წ.), რომლის მიხედვითაც მხოლოდ ზეპირი უარყოფა ვერ გადაწონის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

კასატორის განმარტებით, ფოტოსურათებზე ასახული ჯიხური და მასზე განთავსებული შპს „...-ს“ სარეგისტრაციო მონაცემები ადასტურებდა, რომ კომპანია სახელმწიფოს მიწას კომერციული მიზნით იყენებდა. ასევე აღნიშნულია, რომ სპეციალური GPS მოწყობილობით ზუსტად დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობა სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა.

კასატორის მოსაზრებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში დაცულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1³ პუნქტით გათვალისწინებული ორი აუცილებელი პირობის არსებობა - ქონებით უსაფუძვლო სარგებლობა და მისი კომერციული დანიშნულებით გამოყენება, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მითითებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (1.6 მუხ.).

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის დანაწესი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო ქონების მართვა უკავშირდება მესაკუთრის ნების საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. ქონების მართვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონებით სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას, მათ შორის, ქონების განმკარგველის უფლებამოსილებას დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლისა და ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები. რამდენადაც კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას მართოს ქონება, ამავდროულად სახელმწიფო ქონებით უნებართვო სარგებლობას უკავშირებს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს. სახელმწიფო საკუთრების უნებართვო სარგებლობით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონებით უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის 29.09.2016წ. გადაწყვეტილება №3/4/641).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების უნებართვოდ სარგებლობისა და მისგან მომდინარე შედეგების მოწესრიგებას ემსახურება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ადგენს იმ პირის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს არამართლზომიერად და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). აღნიშნული ნორმის მიზანს შეადგენს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნეს ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ., №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის საფუძველზე პირისათვის თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობა რამდენიმე კუმულაციურ წინაპირობას დაუკავშირა. კერძოდ, იმისათვის, რომ დადგეს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ამ პირის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს არამართლზომიერად, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და ამავდროულად სახელმწიფო ქონების გამოყენება უნდა უკავშირდებოდეს კომერციულ მიზანს - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამ ორი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ქონების მმართველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოეშობა უფლება სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერ მოსარგებლეს მოსთხოვოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მომენტიდან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი მოსარგებლისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოსადმი მიმართვის დღიდან უკუსვლით (იხ. სუსგ №ბს-1112(კ-23), 15.02.2024წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებების მიმოხილვას. კონკრეტულ შემთხვევაში, კომერციული მიზნით სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტის დადასტურება მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს. შესაბამისად, კასატორს, ასკ-ის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული ძალით, ევალებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსთვის განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტში შემავალი ელემენტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მცდარია კასატორის ჰიპოთეზა, ერთგვარი პრეზუმირება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და მასზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, პირდაპირ მოიაზრებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაუფლებას მასზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ერთის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით არამართლზომიერი სარგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობა, არის დამოუკიდებელი იურიდიული კატეგორიის ფაქტები, მათ შორის აუცილებელი კაუზალობა არ არსებობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობა უნდა დასაბუთდეს ავტონომიური ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ უშუალოდ მის მიერ შექმნილი, 2018 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, რომლებზეც აღბეჭდილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კუთვნილებაზე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ასევე გაურკვეველია ფოტოსურათებზე აღბეჭდილი სამშენებლო მასალების მფლობელი იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე არ ადასტურებს მათ კუთვნილებას და მისი მითითებით, აღნიშნულ ტეროტორიაზე არაერთი სამეწარმეო სუბიექტი საქმიანობს. შესაბამისად სარწმუნოდ არ დასტურდება შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა სამეწარმეო მიზნებისთვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შპს „...-ს“ უძრავი ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს სხვა კომპანიაც, კერძოდ, შპს „დ...-“, რომლის საკუთრების უფლება ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში შპს „...-ს“ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №… შენობაზე.

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, ვერ დაადასტურა შპს „...-ს“ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ...) არსებული უძრავი ქონებით, კერძოდ, 2833 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა