დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-244(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. დ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 12 აპრილს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. დ-მა, მოპასუხე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 19 მარტის N106-10624079153 გადაწყვეტილება გ. დ-ის სახელზე უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქალაქ ბოლნისი ... ქუჩა N58, ბინა N4-ში პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა გ. დ-ის (პ/ნ ...) სახელზე, ქალაქ ბოლნისი, ... ქუჩა N58, ბინა N4-ში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, გ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 19 მარტის N106-10624079153 გადაწყვეტილება გ. დ-ის სახელზე უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქალაქ ბოლნისი ... ქუჩა N58, ბინა N4-ში პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა გ. დ-ის (პ/ნ ...) სახელზე, ქალაქ ბოლნისი, ... ქუჩა N58, ბინა N4-ში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე და განმარტა, რომ იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მითითებული წესი მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემულ საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ბ. დ-ი 1990 წლიდან გარდაცვალებამდე, 2011 წლის 28 იანვრამდე, რეგისტრირებული იყო მისამართზე, ... ქუჩა N58, ბინა N4. გარდაცვალების დროისათვის ამავე მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტის თაობაზე ასევე მითითებულია 2020 წლის 05 აგვისტოს N... სამკვიდრო მოწმობაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის N... წერილზე, რომლის მიხედვით, რეესტრი, ქალაქ ბოლნისში, ... ქუჩა N58, ბინა N4-ის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს ბ. დ-ს. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2025 წლის 01 დეკემბრის საინფორმაციო ბარათით კი დადგენილად მიიჩნია, რომ გ. დ-ი 2009 წლის 16 თებერვლიდან ასევე რეგისტრირებულია მისამართზე - ... ქუჩა N58, ბინა N4. ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მითითებული უძრავი ქონების მოსარჩელის და მისი ოჯახის მიერ დღემდე სარგებლობის ფაქტი სადავო არ გამხდარა. ამდენად, გაიზიარა ის მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები განეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც გ. დ-ს შეეძლო მოეთხოვა სადავო ბინის პრივატიზება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-2 მუხლზე და მიიჩნევს, რომ გ. დ-ის მიერ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილი საარქივო ცნობა, ვერ ქმნის აღნიშნულ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს, რამეთუ ბოლნისის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი N9) მარნეულის სახლმშენს გადაეცა ორი სამოთახიანი ბინა, რომლებიც მოქალაქეებს გადაეცემოდათ მენარდე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით. თვლის, რომ ბ. დ-ი ვერ იქნებოდა მითითებულ სიაში ვინაიდან, გ. დ-ის მიერ წარდგენილი საარქივო ცნობის მიხედვით, მენარდე ორგანიზაციაში ბ. დ-ის 1989 - 1990 წლებში მუშაობის ფაქტი არ დასტურდება. მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. დ-ი ბინების გადანაწილების დროს აღარ მუშაობდა აღნიშნულ ორგანიზაციაში, საბჭოთა საბინაო სამართლის ნორმების შესაბამისად ვერ მიიღებდა ბინას.
კასატორი აპელირებს გ. დ-ის მიერ წარდგენილ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის საინფორმაციო ბარათზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნულით არ დასტურდება ბ. დ-ის საბჭოთა პერიოდში აღნიშნულ მისამართზე ჩაწერის ფაქტი. საინფორმაციო ბარათით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ. დ-ზე 1977 წელს გაიცა სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი ... რეგისტრაციის ადგილად მიეთითა - ქ. ბოლნისი, ... ქ.N (სახლის ნომერი უცნობია), ხოლო რეგისტრაციის თარიღად 09.11.1990 წელი. 2007 წლის 13 სექტემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბოლნისის სამსახურის მიერ გაიცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა Nა ... რეგისტრაციის ადგილად მიეთითა - ქ. ბოლნისი, ... ქ.N58, ბინა N4. ბ. დ-ი 2011 წელს აღნიშნული მისამართიდან (რეგისტრაციიდან მოიხსნა) გარდაცვალების გამო. წარმომადგენლის მსჯელობით, ვინაიდან საინფორმაციო ბარათში კონკრეტულად არ არის მითითებული ... რა ნომერში იყო ჩაწერილი ბ. დ-ი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს, რაც კასატორის მსჯელობით არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. ამდენად, თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 24 თებერვლის NAA2011004417-03 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ მარნეულის არქივში დაცული მარნეულის რაიონის სახლმშენებელთა კომბინატში მუშად მუშაობდა ბ. დ-ი (გ. დ-ის მამა) 1988 წელს.
2020 წლის 5 აგვისტოს N... სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თანახმად, გარდაცვლილი ბ. დ-ის პ/ნ ... მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი გ. დ-ი პ/ნ .... შესაბამისად, მასზედ გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
2011 წლის 24 თებერვლის N... წერილის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე - ქალაქ ბოლნისი, ... ქუჩა N58, ბინა N4, რომლის მართლზომიერ მფლობელს/მესაკუთრეს წარმოადგენს ბ. დ-ი, ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 თებერვლის ცნობით, უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი ბოლნისი, ... ქუჩა N58, ბინა N4 ბ. დ-ის სახელზე არ არის აღრიცხული.
დადგენილია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე. გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი, კერძოდ, ბინის ორდერი, საბინაო წიგნაკი და სხვა.
დადგენილია, რომ გ. დ-ის ოჯახს ქალაქ ბოლნისში, ... ქუჩა N58, ბინა N4-ში საცხოვრებელი ფართი მფლობელობაში გააჩნია 1990 წლიდან.
დადგენილია, რომ 2024 წლის 19 მარტის N106-10624079153 წერილით, გ. დ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე.
პირველყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 19 მარტის N106-10624079153 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლითაც გ. დ-ს უარი ეთქვა ქალაქ ბოლნისში, ... ქუჩა N58, ბინა N4-ის პრივატიზებაზე.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს რელევანტურ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე”, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი განმარტავს კანონიერი მოსარგებლის ცნებას, ამავე წესის მე-3 მუხლით, კანონმდებლის მიერ განიმარტა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. რაც შეეხება წესის მე-4 მუხლს, აღნიშნულით დარეგულირდა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველი, კერძოდ, კანონიერმა მოსარგებლემ წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განცხადებას უნდა დაერთოს: ა)არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
განსახილველ შემთხვევაში სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემულ საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ბ. დ-ი 1990 წლიდან გარდაცვალებამდე, 2011 წლის 28 იანვრამდე, რეგისტრირებული იყო მისამართზე, ... ქუჩა N58, ბინა N4. გარდაცვალების დროისათვის ამავე მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტის თაობაზე ასევე მითითებულია 2020 წლის 05 აგვისტოს N... სამკვიდრო მოწმობაში. გასათვალისწინებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის N... წერილის შინაარსი, რომლითაც მარეგისტრირებელი ორგანო ქალაქ ბოლნისში, ... ქუჩა N58, ბინა N4-ის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს ბ. დ-ს (ს.ფ. 16). სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2025 წლის 01 დეკემბრის საინფორმაციო ბარათით კი დასტურდება, რომ გ. დ-ი 2009 წლის 16 თებერვლიდან ასევე რეგისტრირებულია მისამართზე - ... ქუჩა N58, ბინა N4. აქვე, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღემდე მოსარჩელის და მისი ოჯახის მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები განეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“ რომელთა საშუალებითაც გ. დ-ს შეეძლო მოეთხოვა სადავო ბინის პრივატიზება. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული გ. დ-ის მეზობლები - ნ. ზ-ი, ა. გ-ე და თ. დ-ი ადასტურებენ, რომ გ. დ-ის ოჯახი 1990 წლიდან ცხოვრობს, ქალაქ ბოლნისში, ... ქუჩა N58, ბინა N4-ში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული რეგულაციის - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალი არ არის სრულყოფილად მითითებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მითითებული წესი მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას, კერძოდ, პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ასევე ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და შეფასებული მტკიცებულებების, ასევე მოწმის სახით გამოკითხულ პირთა პოზიციების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია კასატორის ის შედავება, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფართით სარგებლობის სამართლებრივ საფუძვლად. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მოპასუხემ ისე უთხრა უარი მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ არის გამოკვლეული და შეფასებული წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).
მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე