დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-250(კ-26) 23 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. წ-ი
მესამე პირები - შპს „ჯ...“; ნ. ზ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 15 თებერვალს ნ. წ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 1 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და იგი ეყრდნობა სამართლის ნორმის არასწორ განმარტებას, რის გამოც მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. წ-ისათვის N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. თბილისში, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჯ...“, ხოლო ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, ნ. ზ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ნ. წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ნ. წ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და ამასთან, მან ეს ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და მის ფლობა-სარგებლობას უწყვეტად აგრძელებს. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი ნამდვილად ნ. წ-ის აშენებულია და მის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნაწილი ზედდებაშია ნ. ზ-ეის დაინტერესებაში მყოფ უძრავი ქონების ნაწილზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება, კერძოდ, უნდა გამოიკვლიოს მესამე პირის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთის ნაწილზე აშენებულ სახლს ნ. წ-ი 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა თუ - არა. აღნიშნული საკითხი გამოკვლეული უნდა იქნეს დაინტერესებული პირის - ნ. წ-ისა და მესამე პირის - ნ. ზ-ეის მონაწილეობით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონისა და სისტემური რეგისტრაციის საკითხიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა საქმეზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მითითებით, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე მესამე პირის, ნ. ზ-ეის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა კოლექტიური მებაღეობის სია და მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ N23 მიწის ნაკვეთი განაწილებულია ნ. ი.-ს ასული ზ-ეზე და ამავე გეგმაში N23 ციფრის გასწვრივ მითითებულია მიწის ნაკვეთი N45, რომელიც განაწილებულია პ. წ-იზე. საქმეში არსებული 1998 წლის 20 თებერვლის N... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N45 (მდებარე: თბილისი, ...ს ...ს ტერიტორია) გადაეცა პ. წ-ის. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2011 წელს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე (ს/კ ...; მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ...ს ტერიტორია (ნაკვ. N45)) დარეგისტრირდა პ. წ-იის საკუთრების უფლება. განაწილების გეგმის მიხედვით, N44 მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; მდებარე: თბილისი, სოფელი ...ს ტერიტორია) განაწილებულია ო. ჩ-ეზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთები (ს/კ ...; ს/კ ...) ემიჯნება სწორედ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ წარმოადგენს სწორედ იმ ტერიტორიას, რომელიც განაწილების გეგმის მიხედვით გამოეყო ნ. ზ-ეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, რამდენადაც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, სწორედ მის კომპეტენციაში შედის ზემოაღნიშნული დოკუმენტების შეფასების საკითხი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავ ნივთზე აგრეთვე ფიქსირდება სისტემური რეგისტრაცია, დიდი ალბათობით აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის უშუალოდ ნ. წ-ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტი. დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და განცხადების წარდგენის მომენტისთვისაც სარგებლობს მიწის ნაკვეთით. საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი კი, სწორედ ფაქტობრივი მფლობელობის საფუძველზე ჩნდება, რასაც მხარე, უმეტეს შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებით ადასტურებს. იმ პირობებში, როდესაც ერთ უძრავ ნივთზე ორი პირი ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას წერილობითი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაზე მითითებით, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა ნ. ზ-ე და ამასთან მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა სისტემური რეგისტრაცია, კომისია ვერ დააკმაყოფილებდა ნ. წ-ის განცხადებას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საცხოვრებელი სახლი ნამდვილად ნ. წ-ის აშენებულია. ამასთან, გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მესამე პირის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთის ნაწილზე აშენებულ სახლს ნ. წ-ი 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა თუ არა. მაშინ როდესაც 2005 წლის აეროგადაღების მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე საერთოდ არ ფიქსირდება ის შენობა-ნაგებობა, რომლის საფუძველზეც დღეის მდგომარეობით ნ. წ-ი ადასტურებს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება კომისიის მიერ დამატებით ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ნ. წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ნ. წ-იმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 განკარგულების ბათილად ცნობისა და კომისიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 თებერვალს ნ. წ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ. განცხადებას თან ერთოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია, მინდობილობა.
2021 წლის 9 თებერვლის N... სამსახურებრივ ბარათით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, N... განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი თანხვედრაში იყო სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფი უძრავი ნივთის საზღვრებთან. ამავე ბარათით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენენ: 1. ს/კ N..., მესაკუთრე - თ. ჩ-ი; 2. ს/კ N ..., მესაკუთრე - ნ. წ-ი, პ/ნ N...; 3. ს/კ N..., მესაკუთრე - პ. წ-იი; 4. ს/კ N..., მესაკუთრე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 თებერვლის №... წერილით, ნ. წ-ის განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაციასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის N3281 განკარგულებით ნ. წ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის უშუალოდ განმცხადებლის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, იგივე კონფიგურაციით და წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი შენობის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა სხვა დაინტერესებულმა პირმაც, რომლის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა საკმარის საფუძველს, რომ ნ. წ-ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატის მითითებით, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შესაძლოა, არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოება, კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწათა კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მითითებული პუნქტის „ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები კი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. ამავე შინაარსის დათქმაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. ამრიგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშეც, თავის მხრივ, წარმოადგენს საკმარის საფუძველს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არ დასტურდება, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის უშუალოდ განმცხადებლის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტი დასახელებული კანონის ამოქმედებამდე. ასევე ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, იმავე კონფიგურაციით და წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი შენობის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა სხვა დაინტერესებულმა პირმაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული კოლექტიური მებაღეობის სიისა და მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმის მიხედვით, ნ. ზ-ეის ოჯახს, როგორც ფაბრიკის თანამშრომელს (მოლარე) გადაეცა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ განაწილების გეგმაში 23-ე ნომრად მითითებულია ნ. ი.-ს ასული ზ-ე და ამავე გეგმაში, N23 ციფრის გასწვრივ მითითებულია მიწის ნაკვეთი N44. საქმეში წარმოდგენილი 1998 წლის 20 თებერვლის N... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N45 (მდებარე: თბილისი, ...ს ...ს ტერიტორია) გადაეცა პ. წ-ის. 2021 წლის 9 თებერვლის N... სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ ნ. წ-ის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ნივთი თანხვედრაშია სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფი დაინტერესებული პირის ნ. ზ-ეის უძრავი ნივთის საზღვართან და ასევე, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების ერთ-ერთ მესაკუთრეს წარმოადგენს პ. წ-იი, ს/კ N..., რომლისგანაც შეიძინა მიწის ნაკვეთი ნ. წ-იმა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქალაქი თბილისი, ..., ... ქუჩა N...-ის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი ნამდვილად ნ. წ-ის აშენებულია და მის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნაწილი ზედდებაშია ნ. ზ-ეის დაინტერესებაში მყოფ უძრავი ქონების ნაწილზე.
საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 03 ნოემბრის N... წერილი, რომლის მიხედვით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-1), სატრანსპორტო (ტზ-1) და სარეკრეაციო (რზ-2) ზონა. მასზე ვრცელდება ... სისტემური რეგისტრაცია (არ იძებნება ვისზეა აღრიცხული).
მოცემული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ. წ-ის მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული სადავო განკარგულება. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას შესაძლებლობა ჰქონდა გამოერკვია მიწის ნაკვეთის ნაწილზე აშენებული სახლი ნ. წ-ის მფლობელობაში იმყოფებოდა თუ არა 2007 წლამდე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე, ვრცელდება სატრანსპორტო (ტზ-1), სარეკრეაციო (რზ-2) და საცხოვრებელი ზონა (სზ-1) აღიარების კომისიას სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მითითებულ გარემოებაზე არ უმსჯელია, რის გამოც უცნობია რა ნაწილში კვეთს სადავო ტერიტორია ზემოხსენებულ ზონებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ხელახალი განხილვისას მოპასუხემ უნდა იმსჯელოს ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ ყველა გარემოებაზე და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
მართალია, ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, მოქმედებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. წ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, სადავო აქტებში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში იმსჯელა აქტების კანონიერებაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე