დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-259(კ-25) 19 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (16.2) - მ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 ნოემბერს მ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მ. ჩ-ის ¼ ნაწილის რეგისტრაციის აღდგენის დავალება საფასურის გარეშე.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. №1-ში მდებარე №95 ბინის ¼ ნაწილი მის რეალიზაციამდე აღრიცხული იყო მ. ჩ-ის საკუთრებად, ხოლო ¾ ნაწილი - მ. ხ-ის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ის განკარგულება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა თ. ჩ-ის საკუთრებად. თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების ბათილად ცნობის პირობებში კი, მოსარჩელე, ბინის ნაწილის ისევ მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის მიზნით, არაა ვალდებული გადაიხადოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი რეგისტრაციის საფასური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350-18/001 განკარგულება წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს. განმცხადებლის მოთხოვნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეუქმებინა თ. ჩ-ის საკუთრების უფლების შესახებ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა ჩანაწერი „რეგისტრაცია გაუქმებულია“. მითითებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17.2 მუხლი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღდგენა - რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემა, შესაძლებელი იყო მხოლოდ განმცხადებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდით, რადგან თ. ჩ-ის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის ძალადაკარგულობის საფუძველი არ ყოფილა ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ გაუქმება/ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, აპელანტმა წარადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ მესამე პირმა - მ. ხ-მა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური 300 ლარის ოდენობით და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350-18/001 განკარგულების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის, ე.ი. მისი და მ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა; სააგენტომ მ. ხ-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აპელანტმა მიიჩნია უკანონოდ და დამატებით სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გადაწყვეტილების მიღებისას, არ უნდა გამოეყენებინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი, არამედ უნდა ეხელმძღვანელა ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, რა შემთხვევაშიც, სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენის მოთხოვნისას, იგი გათავისუფლდებოდა სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი. მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე ბიძინა სტურუაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №1, ბინა №95 (ს/კ ...) 2013 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ჩ-ის (¼ ნაწილი) და მ. ხ-ის (¾ ნაწილი) სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილების შესაბამისად, კერძოდ, მ. ხ-ზე ¾ წილი. მ. ჩ-ეს მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. 2014 წლის 25 სექტემბერს მ. ხ-მა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350-018/001 განკარგულების თანახმად, მ. ხ-ისა და მ. ჩ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. №1, ბინა №95 (ს/კ ...)), უძრავი ქონების შემძენი გახდა თ. ჩ-ე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... ქ. №1-ში არსებულ უძრავ ქონებაზე - ბინა №95 (ს/კ ...) დარეგისტრირდა თ. ჩ-ის საკუთრების უფლება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350-018/001 განკარგულება მ. ჩ-ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2488-15) მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350- 18/001 განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 თებერვლის №16853 წერილი 2015 წლის 26 იანვრის საჩივართან დაკავშირებით და აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა საჩივარში დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2019 წლის 25 მარტს მ. ჩ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ... ქუჩის №1-ში მდებარე №95 ბინაზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სააგენტოს 2019 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №... გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. 2019 წლის 18 აპრილს და 2019 წლის 19 აპრილს, მ. ჩ-ემ №... და №... ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 2012 წლის 12 დეკემბრის ... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სააგენტოს 2019 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების გაუქმების, ასევე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა №... და №... ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 დეკემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ამავე სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ის მოთხოვნა: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს 2019 წლის 5 აპრილის №... გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მაისს მ. ჩ-ემ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის №... გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღსადგენად (დასარეგისტრირებლად) წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად მხარეს განესაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღე. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის ამავე განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე პუნქტის 23 ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მხარეს განესაზღვრა ვადა - 3 სამუშაო დღე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №... გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/2488-15) საფუძველზე, დარეგისტრირდა ჩანაწერი - „რეგისტრაცია გაუქმებულია“. 2019 წლის 22 ივლისს კი გაიცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც მესაკუთრის გრაფაში მიეთითა - რეგისტრაცია ძალადაკარგულია.
2019 წლის 20 აგვისტოს, მ. ჩ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და მისი წილის რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს, მ. ჩ-ემ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ... ქუჩის №1-ში მდებარე №95 ბინაზე (ს/კ ...) უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე პუნქტის 23 ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მხარეს განესაზღვრა ვადა - 3 სამუშაო დღე.
2019 წლის 19 სექტემბერს მ. ჩ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ხოლო სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/2488-15) წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, ხოლო რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მუხ. 8.1). განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (მუხ. 8.2).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი ასევე განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიციას, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (მე-2 მუხ. „კ“ ქვ.პ.). სარეგისტრაციო დოკუმენტაციას ასევე განმარტავს ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების სახეობად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას. მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ მ. ჩ-ის ორი მოთხოვნიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ერთ-ერთი, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქუჩა №1-ში მდებარე №95 ბინაზე (ს/კ ...) გაუქმდა თ. ჩ-ის უფლების რეგისტრაცია, ხოლო განმცხადებლის მეორე მოთხოვნა - მომსახურების საფასურის გარეშე აღდგენილიყო მ. ჩ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაცია), არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში აღნიშნულ საკითხს არეგულირებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487 კანონით), რომლის მე-17 მუხლი აწესრიგებდა რეგისტრაციის გაუქმებას და გაუქმებული მონაცემის აღდგენის საკითხს, კონკრეტულად, თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება (მუხ. 17.1). თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით, საფასური არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განხორციელდა (მუხ. 17.2). თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის გაუქმებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება (მუხ. 17.3). რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდით (მუხ. 17.4).
კასატორი მხარე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის განხილვისას, უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით და არა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის, გასაანალიზებელია სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენის მოთხოვნის პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების რა ობიექტურ შესაძლებლობას იძლეოდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების საგანი შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, რომლითაც გაუქმდა უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტი. ანუ საფასური არ მოეთხოვება დაინტერესებულ პირს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმებიდან გამომდინარე, არსებული უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმატიული დანაწესი არ შეეხება გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის საკითხს. ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი კი ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ხდება გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და ამ შემთხვევაში კანონმდებელი იმპერატიულად აწესებს დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების საფასურის გადახდას.
ნიშანდობლივია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14071350-18/001 განკარგულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილება თ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად არ დააკმაყოფილა მ. ჩ-ის მოთხოვნა, საფასურის გადახდის გარეშე, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით, ხოლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააგენტომ მართებულად გამოიყენა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც ასევე კანონიერია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე