დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-277(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ემ 2022 წლის 15 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აგვისტოს № IDP 4 22 00000700 ბრძანების ბათილად ცნობა, სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 3 აგვისტოს № IDP 92200173939 წერილის ბათილად ცნობა, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელე ა. კ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აგვისტოს № IDP 4 22 00000700 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. კ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ის ოჯახის განსახლების საკითხი უკვე ორჯერ განიხილა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ. პირველ ჯერზე, ოჯახს უარი ეთქვა იმ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი უკვე იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით მისი შვილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საცხოვრებელი ბინის გადაცემის გამო. საკითხის ხელმეორედ განხილვის შემდეგ, კომისიამ მომდევნო ეტაპზეც არ მიიჩნია მიზანშეწონილად ა. კ-ის ოჯახის დაკმაყოფილება, ალტერნატიული საკუთრების არსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე „პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტები და ფაქტები, რაც მას უქმნიდა განსახლების გადაუდებელ აუცილებლობას.
პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ „კონკრეტული ოჯახებისათვის, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გადაცემა ფორმალურად ფორმდებოდა ოჯახის რომელიმე ერთ სრულწლოვან წევრზე, რაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახების ყველა წევრს ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად გადასცემდა ბინებს და რომ თითქოს სახელმწიფო საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახის წევრების ინდივიდუალური დაკმაყოფილება ევალება (ოჯახის ყველა წევრს ცალ-ცალკე ბინა)“. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრების სიმცდარე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა 2025 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, სადაც მან განმარტა, რომ უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი ფლობს პირად საკუთრებაში საცხოვრებელ სახლს, მათი განაცხადი განხილულ უნდა იქნეს ბოლო ეტაპზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, ... უძრავი ქონება ირიცხება კ. კ-ის სახელზე (ა. კ-ის შვილი). დადგენილია ისიც, რომ ა. კ-ის შვილს უძრავი ქონება არ გადასცემია დაზარალების საფუძვლით, ხოლო ის გარემოება აქვს თუ არა ამ საცხოვრებელ ფართში შეუზღუდავი ცხოვრების უფლება ა. კ-ეს და მის ოჯახს, არ წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ნათესავის სახლში დროებითი ცხოვრების შესაძლებლობის გამო, არ შეიძლება ეკომიგრანტს განუსაზღვრელად გაუჭიანურდეს სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. კ-ის ოჯახის გადასახლება მოხდა 1989 წლის სტიქიის შედეგად. დადგენილია, რომ ა. კ-ის ოჯახს აქვს ეკომიგრანტის სტატუსი და ამ დრომდე ელოდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფას (36 წელი საქმის განხილვის დროისთვის). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მრავალგზის განიმარტა, რომ „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, აღნიშნული განმარტება გაკეთდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირების გადაუდებელ განსახლებაზე მსჯელობის საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ალტერნატიული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის თვალსაზრისით, მოცემული განმარტება რელევანტურია ამ ტიპის საქმის მიმართაც. რაც შეეხება მეორე უძრავ ქონებას - ს/კ:..., საქმის მასალების მიხედვით დასახელებული ბინა ნამდვილად ირიცხება ა. კ-ის სახელზე, თუმცა ამ შემთხვევაში სათანადო შეფასებას საჭიროებს რიგი გარემოებები, რომელიც ასევე სათანადოდ უნდა შეეფასებინა ადმინისტრაციულ ორგანოს და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ 2021 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით ა. კ-ის ოჯახი შედგებოდა 7 წევრისაგან: მ. ხ-ე (მეუღლე), კ. კ-ე (შვილი), თ. კ-ე (შვილი), ნ. ბ-ი (რძალი), თო. კ-ე (შვილიშვილი), გ. კ-ე (შვილიშვილი) და გუ. კ-ე (შვილიშვილი). დადგენილია ისიც, რომ უძრავი ქონება არის 43.66 კვ.მ. პალატამ მიუთითა „პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამრიგად, იმ პირობებშიც კი, თუკი აღნიშნული ალტერნატიული ფართი განხილულ იქნება ოჯახის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახის სულადობა, საცხოვრებელი ფართი და ასევე ის გარემოება, რომ ეკომიგრანტი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებას ელოდება 36 წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციებითა და სხვა მტკიცებულებების შესაბამისად, ა. კ-ეს მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში სოფელ ...ში არ გააჩნია და 1989 წლიდან იგი ჩასახლებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, არსებობს პირდაპირი საკანონმდებლო ჩანაწერი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. კასატორი აღნიშნავს, რომ „პროცედურის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (კრიტერიუმების გარეშე პრიორიტეტულად საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პირობები) მოცემულ საქმეში სახეზე არ არის. სააგენტოს მითითებით, ის გარემოება, რომ კონკრეტული ოჯახებისათვის, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გადაცემა ფორმალურად ფორმდებოდა ოჯახის რომელიმე ერთ სრულწლოვან წევრზე, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახების ყველა წევრს ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად გადასცემდა ბინებს და სახელმწიფო საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახის წევრების ინდივიდუალური დაკმაყოფილება ევალება (ოჯახის ყველა წევრს ცალ-ცალკე ბინა). კასატორი მიუთითებს 2022 წლის 24 მაისს განხორციელებულ მონიტორინგზე, რა დროსაც, მოსარჩელის მეუღლემ განმარტა, რომ სახლში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით ცხოვრობდნენ შვილის სახლში. სააგენტოს მოსაზრებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, დაცულია ყველა მოთხოვნა და შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ დადგინდა ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება - მოსარჩელის სიცოცხლეს სადავო მისამართზე ცხოვრებით საფრთხე არ ექმნება, ამასთან, იგი შეუზღუდავად ცხოვრობს მისივე აშენებულ ალტერნატიულ საცხოვრებელში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ა. კ-ის ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი.
ა. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის მისი ოჯახის სასარგებლოდ გაცემის მოთხოვნით.
2022 წლის 24 მაისს სააგენტოს მიერ შედგა გადამოწმების აქტი, რომლის თანახმად, ა. კ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ხულოს რაიონის სოფელ ...ში. ოჯახს 1989 წელს სტიქიის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და გადმოასახლეს გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში, დროებით მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ...ი, ...ის ქ.N6, კორპ. 18, ბინა 35. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ბინის მესაკუთრემ მოითხოვა საკუთრების დაცლა, რის გამოც ა. კ-ემ აღნიშნული ბინა შეისყიდა 2500 აშშ დოლარად. ოქმის შედგენის დროს ა. კ-ე ცხოვრობდა შვილის ბინაში (იმავე კორპუსში) მის ბინაში მიმდინარე რემონტის გამო.
...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის 2022 წლის 20 ივნისის მოხსენებითი ბარათით ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ა. კ-ის ოჯახს, არც მიმდინარე პერიოდში და არც გასულ წლებში რეგისტრირებულ ან/და ფაქტიურ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ გააჩნდა.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 25 ივლისის N4 სხდომის ოქმით, ა. კ-ეს მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საკუთრების გამო. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აგვისტოს N IDP 4 22 00000700 ბრძანებით ა. კ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპენსაციის მისი ოჯახის სასარგებლოდ გაცემაზე, ალტერნატიული საკუთრების გამო (ა. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი ...ი, მე-6 ქუჩა N18, ბინა N35 (ს.კ. ...)), კ. კ-ის (ა. კ-ის შვილი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი ...ი, მე-6 ქუჩა N18, ბინა N64 (ს.კ. ...)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა პირის ბუნებითი უფლებაა, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 14.1 მუხ.), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პირი იძულებულია შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი მაღალი ალბათობით მოსალოდნელი თუ უკვე რეალიზებული საფრთხის გათვალისწინებით. იძულებით გადაადგილების საფუძვლების მიხედვით განსხვავებულია იძულებით გადაადგილებული პირისათვის მისანიჭებელი სტატუსი და მათი უფლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი ნორმატიული მოწესრიგება. იძულებითი გადაადგილების საფუძვლის მხედველობაში მიღებით პირს შესაძლოა მიენიჭოს ეკომიგრანტის ან დევნილის სტატუსი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“ (დანართი 1), რომელიც არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს (1.1). სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა (1.2). ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში (1.3). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით (2.1). საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში (3.1).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. სოციალური სახელმწიფო არის მმართველობის ფორმა, რომელშიც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე (საქართველოს კონსტიტუციის 5.4 მუხ.), კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში (29.1 მუხ.). ამდენად, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა ეკომიგრანტების, ანუ იმ პირთა უფლებების დაცვა, რომელთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას არსებული სტიქიური მოვლენების გამო რეალური და მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება, რადგან ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება გულისხმობს, მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში მსგავსი საფრთხეების გამორიცხვას, სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებას და საფრთხის რეალიზების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახების დამდგარი შედეგებისაგან განრიდებას. ამასთანავე, სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების წინაპირობების არსებობა და ფარგლები ყოველ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებით უნდა შეფასდეს (სუსგ 2022 წლის 21 ივლისის საქმე Nბს-616(კ-21)).
საქმეში დაცული სადავო აქტით დასტურდება, რომ ა. კ-ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი 1) მე-2 მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტების საფუძველზე - დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას (2.12). იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (2.17).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელისა და მისი შვილის - კ. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე და მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საკუთრების ქონა გამორიცხავს ა. კ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას განსახილველ ეტაპზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიმდინარე საქმეზე დადგენილი, ასევე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მაისის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დგინდება, რომ საცხოვრებელი ფართი მოსარჩელე ა. კ-ის შვილს არ გადასცემია სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის გამო და ამ ზარალის კომპენსაციის მიზნით. რაც შეეხება ა. კ-ის საკუთრებაში არსებული ფართის გამო, განსახილველ ეტაპზე, მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერებას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 19 მაისის N98-9822139115 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ა. კ-ის 5-სულიანი ოჯახი განეკუთვნებოდა პირველ რიგში განსასახლებელ კატეგორიათა რიგს და ის ექვემდებარებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში ჩასახლებულთა კატეგორიას, რომელიც 1989 წლის ოქტომბრის თვეში ჩასახლებულ იქნა აღნიშნულ მისამართზე და არ გააჩნდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი და სახლი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული იმგვარი განსაკუთრებული გარემოებების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა 1989 წლიდან მომლოდინე ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ბოლო ეტაპზე გადატანას. სრულიად ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, თუ კიდევ რა ფაქტობრივი გარემოება ან კრიტერიუმი უნდა იყოს სახეზე იმისათვის, რომ 1989 წლიდან ლოდინი არ იქნეს მიჩნეული საკმარის საფუძვლად პირის დაუყოვნებლივი განსახლებისათვის, რა სახის სამართლებრივი სიკეთე ან სახელმწიფოებრივი ინტერესი შეიძლება იდგეს ამდენი წლის განმავლობაში გაურკვევლობაში მყოფი მოსარჩელის ინტერესებზე წინ, რაც გაამართლებდა მისი მოლოდინის რეჟიმის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სიკეთით სარგებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის დროულობასთან.
ამასთან, მართალია, ზოგადი წესის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახის განცხადება, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, თუმცა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას („პროცედურის“ 2.12 მუხ.). მოცემულ საქმეზე გასათვალისწინებელია საცხოვრებელი ფართის ფართობი და მიმართება ოჯახის სულადობასთან (43.66 კვ.მ. ბინაში ცხოვრობს 7-წევრიანი ოჯახი).
ამდენად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ განსახილველ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს ალტერნატიული საკუთრების არსებობის გამო - უსაფუძვლოა. აღნიშნული მითითება არ ქმნის ეკომიგრანტის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე