დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-284(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-284 (კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ო. ხ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 22.06.2023 წლის IDP 8 23 00000992 ბრძანება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 22.06.2023 წლის IDP 8 23 00000992 ბრძანება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის თაობაზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

4.2. მოსარჩელემ 04.10.2021 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. დევნილის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია თბილისი, ნაძალადევი, ...ს დასახლება, ქართლი, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად - საქართველო, იმერეთი, ქუთაისი, ...მე-... შესახვევი, №....

4.3. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 15.11.2021 წლის ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 4.00 ქულა. აქედან: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნათხოვარი - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ერთი სული. განაცხადს აკეთებს მარტო. განმცხადებელს გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მის. ქ. ქუთაისი, ქუჩა ..., №...; ქუჩა ... №18 ს/კ ... რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ვინმე მ. ხ-ეს 06.08.2020 წელს (ს.ფ. 52).

4.4. 13.03.2022 წელს მისამართზე, ქ. ქუთაისი, ...მე-... შესახვევი, სახლი №6, განხორციელდა მონიტორინგი. მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1996 წლიდან. მანამდე 1 წელი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ქართლში. 3 წელი ...ს ქუჩაზე ქუთაისში. ამჟამინდელი სამყოფელის მესაკუთრეა მისი და მ. ხ-ე. შვილი მ. კ-ე ცხოვრობს მამასთან ერთად ...ს №...-ში ქირით. განმცხადებლის განმარტებით, მეუღლეს 2010 წელს გაშორდა.

4.5. 28.10.2022 წელს სსე შემოწმების აქტის თანახმად, მოსარჩელეს დაუდგინდა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა უვადოდ. 02.11.2022 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და განმარტა, რომ მონიტორინგის შემდგომ, მას მიენიჭა შშმ პირის სტატუსი. ითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და ქულების მინიჭება.

4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის №30 ოქმის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ქ. ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. განხილვისას მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 4.00 ქულით და ოჯახს უარი ეთქვა განსახლებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა თავისივე გასხვისებულ თანასაკუთრებაში ცხოვრების გამო.

4.7. სააგენტოს 22.06.2023 წლის IDP 8 23 00000992 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის ოჯახს (გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განაცხადით განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო მიხედულების ფარგლებით, რაც მაღალი ხარისხით წარმოუშობს მას აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას.

4.9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.

4.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ მოსარჩელის განსახლება არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას, ვინაიდან მას აქვს შესაძლებლობა იცხოვროს მისსავე გასხვისებულ ბინაში. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დევნილ პირს მოძებნილი აქვს თავშესაფარი და დროებით ცხოვრობს სხვის საკუთრებაში, არ ქმნის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

4.11. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ საკითხი გადაწყვიტა დევნილი პირის ამჟამინდელი საჭიროების გათვალისწინების გარეშე, არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება განსახლება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, განაცხადი შევსებული აქვს ქალაქ ქუთაისში განსახლებისათვის. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტამდე პირს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მხარემ წარადგინა სააგენტოში და ქულების გადაანგარიშება მოითხოვა. მოსარჩელის განაცხადის განხილვისას კომისიამ იხელმძღვანელა პირველადად მინიჭებული 4 ქულის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადი და დამატებითი მტკიცებულებები საჭიროებდა მინიჭებული ქულის გადახედვას. იმ პირობებში, თუ მოსარჩელის განაცხადისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა სწორი გადაანგარიშების შედეგად შეადგენს 6,5-სა და მეტ ქულას, შესაბამისად, პირს ჰქონდა უფლება მისი განაცხადი განხილულიყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად აქტი და მოპასუხეს სწორად დაევალა მოსარჩელის განაცხადის შეფასებისას მინიჭებული ქულების სათანადო გადაანგარიშებისა და დადგენის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია დევნილისთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად, განიმარტება როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

14. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა.

15. ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა (სუსგ №ბს-1175(კ-22), 01.05.2023წ; №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).

16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის №30 ოქმის შესაბამისად, მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 4.00 ქულით და მოსარჩელეს უარი ეთქვა განსახლებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა თავისივე გასხვისებულ თანასაკუთრებაში ცხოვრების გამო (ს.ფ. 91-102). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული იქნა 22.06.2023 წლის IDP 8 23 00000992 ბრძანება და მოსარჩელის ოჯახს ამ ეტაპზე, განაცხადით განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 103).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით…. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (სუსგ Nბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.). დადასტურებული არ არის უძრავი ქონების გასხვისებისას ნების ნამდვილობის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა (შდრ. სუსგ №ბს-749 (კ-25), 29.09.2025წ.). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკითხის გადაწყვეტამდე მოსარჩელეს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარემ წარადგინა კიდეც სააგენტოში და ქულების გადაანგარიშება მოითხოვა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსარჩელის განაცხადის განხილვისას დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იხელმძღვანელა მოსაჩელისთვის პირველადად მინიჭებული ქულით - 4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად აქტი და მოპასუხეს სწორად დაევალა მოსარჩელის განაცხადის შეფასებისას მინიჭებული ქულების სათანადო გადაანგარიშებისა და დადგენის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81). კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე