დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.05.2026
საქმის ნომერი
ბს-29(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-29(კ-26) 14 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ ...’’).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 16 დეკემბერს სს „...-მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №04/7165 და ,,სს „...-ს’’ 2020 წლის 25 მარტის (სააგენტოში რეგისტრირებული - 26.03.2020, N32842) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2886 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, ჯამში - 5 625 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „...-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №04/7165 გადაწყვეტილება, №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,სს „...-ს’’ 2020 წლის 25 მარტის (სააგენტოში რეგისტრირებული - 26.03.2020, N32842) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2886 გადაწყვეტილება, №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევების ნაწილში; დაევალა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, სს „...-ს’’ სასარგებლოდ №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, ჯამში - 2 975 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას სასამართლო ამოწმებს და იხილავს მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში დაცული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა ცნობებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და განხორციელებული ჩარევების შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან შესაბამისობა. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევებში დიაგნოზად მითითებული იქნა I20.0 არასტაბილური სტენოკარდია. თავის მხრივ, აღნიშნული კოდი მიეკუთვნება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებათა ნუსხას, რაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ I20.0 არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზი ვერ იქნა დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება შესაბამისი დიაგნოზის არსებობა, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულებებიც მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №04/7165 გადაწყვეტილებით, სს „...-ს’’ უარი ეთქვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მათ შორის პაციენტების - რ.ა-ის, გ.ა-ას, ნ.ბ-ის, რ.პ-ის, მ.ჩ-ის, თ.შ-ისა და ხ.ფ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული პირები სს „...-ში’’ 2019 წლის ივლისის თვეში მკურნალობას გადიოდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. პაციენტების სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია დიაგნოზით - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს №..., №..., №..., №..., №..., №... და №..., ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამედიცინო დოკუმენტაცია არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №04/7165 გადაწყვეტილება სს „...-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2886 გადაწყვეტილებით, სს „...-ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №04/7165 და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2886 გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სს „...ს’’ პაციენტების - რ.ა-ის, გ.ა-ას, ნ.ბ-ის, რ.პ-ის, მ.ჩ-ის, თ.შ-ისა და ხ.ფ-სთვის (სამედიცინო შემთხვევები №..., №..., №..., №..., №..., №..., №...) გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული პაციენტების სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია დიაგნოზით - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია, თუმცა ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, ზემოაღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა), რომლებშიც მითითებულია პაციენტების დიაგნოზი - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია, ასევე ცნობებში ასახულია მათი მოკლე ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა, ჩატარებული მკურნალობა, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. კერძოდ, პაციენტ რ.ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ირადიაციით მარცხენა ბეჭში, სუნთქვის გაძნელებას, მოხრჩობის შეგრძნებას. კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მწვავე. გადაყვანილი იქნა კარდიომონიტორინგზე, დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტური თერაპია, ნიტროს პრეპარატებით მოხდა ტკივილის სრული კუპირება, მოთავსდა კარდიოლოგიურ პალატაში. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტს ჰქონდა პერიოდულად ტკივილი და სიმძიმე გულმკერდის არეში. პაციენტ ხ.ფ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ძლიერ, მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის ძვლის უკან ირადიაციით ეპიგასტრიუმის არეში, მკლავში, მარცხენა ბეჭში, ადვილად დაღლას, ძლიერ საერთო სისუსტეს. კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მწვავე, საშუალოდ მძიმე. მოთავსდა კლინიკური კარდიოლოგიის პალატაში, აყვანილი იქნა კარდიომონიტორულ მეთვალყურეობაზე, მიეწოდა ჟანგბადი სველი წესით - ნიღბით. დაენიშნა სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. კლინიკაში ყოფნის შემდგომ დღეებში პაციენტს აღენიშნებოდა სტენოკარდიული ხასიათის შეტევები, რომელიც იხსნებოდა ნიტრომინტის ფონზე. პაციენტ გ.ა-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს რეტროსტერნალურად ირადიაციით მარცხენა ბეჭში, ჰაერის უკმარისობას, ძლიერ საერთო სისუსტეს. კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მწვავე. მოთავსდა კარდიოლოგიურ პალატაში. აყვანილი იქნა კარდიომონიტორინგზე, მიეცა ჟანგბადი სველი წესით, დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტური თერაპია. ნიტროს პრეპარატებით მოხდა ტკივილის სრული კუპირება. კლინიკაში ყოფნის პერიოდში ავადმყოფს აღენიშნებოდა პერიოდულად ტკივილი და სიმძიმე გულმკერდის არეში. პაციენტ რ.პ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს რეტროსტერნალურად ირადიაციით მარცხენა ბეჭში, პერიოდულად სუნთქვის გაძნელებას, ,,მოხრჩობის“ შეგრძნებას. მოთავსდა მულტიპროფილური დეპარტამენტის კარდიოლოგიურ პალატაში, აყვანილი იქნა მონიტორზე, დაეწყო ოქსიგენაცია. გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება. კლინიკური მიმდინარეობის, ექოკარდიოგრაფიული და ეკგ მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე, მიეცა რეკომენდაცია მედიკამენტურ თერაპიაზე. პაციენტ თ.შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს რეტროსტერნალურად. ტკივილი კუპირებული იქნა ნიტროგლიცერინით, დაწყებული იქნა საწყისი ანტითრომბული მკურნალობა და ავადმყოფმა მკურნალობა გააგრძელა პოლიპროფილური დეპარტამენტის კარდიოლოგიურ პალატაში. ავადმყოფს უგრძელდებოდა ეკგ მონიტორული მეთვალყურეობა, უტარდებოდა სტანდარტული ანტიანგინალური მკურნალობა. კორონარული ანგიოგრაფია რეკომენდებულად არ ჩაითვალა. პაციენტ მ.ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლისას უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდში, ირადიაციით მარცხენა ბეჭში. ავადმყოფი მოთავსდა პოლიპროფილური დეპარტამენტის კარდიოლოგიურ პალატაში. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. პაციენტი მიეკუთვნებოდა მწვავე კორონარული დაზიანების განვითარების დაბალი რისკის ჯგუფს. კორონალური ანგიოგრაფიის ჩატარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ამდენად, მითითებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დგინდება, რომ პაციენტები კლინიკაში შეყვანილ იქნენ გულმკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილებით, ირადიაციით მარცხენა ბეჭში, მოხრჩობის შეგრძნებით, რის გამოც მოთავსდნენ კარდიოლოგიურ პალატებში, სადაც მიმდინარეობდა მათი მონიტორინგი. ამასთან, ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის ფონზე პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი კლინიკიდან გაეწერნენ სტაბილიზაციით, კარდიოლოგიური თვალსაზრისით სხვა სურათი არ დაფიქსირებულა და მდგომარეობა არ გამწვავებულა. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსის, კერძოდ, პაციენტების ჩივილების, ავადმყოფობის მიმდინარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასტურდება მათ მიმართ დაფიქსირებული დიაგნოზი - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს სხვა დიაგნოზის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მისი პოზიციით, უნდა დაეფიქსირებინა კლინიკას. ამდენად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, შესაბამისი დასაბუთებისა და საფუძვლების მითითების გარეშე, ვერ გახდება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გაზიარების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (სუსგ №ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)). ამასთან, მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთის ამავე ორგანოსათვის დაკისრება არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან, თუმცა აქტის კანონიერების შეფასებისას ორგანომ სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს გამოცემული აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (სადავო ნაწილში) კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება პაციენტებისთვის დაფიქსირებული დიაგნოზი I20.0 არასტაბილური სტენოკარდია, რაც ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.2-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეკუთვნება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, იგი ექვემდებარება ანაზღაურებას კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 6 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 6 თებერვლის N02589 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე